fbpx

რა ხდება სოფელ ქორეთში?

koreti milebi

საჩხერის ბაზარში ხალხის გამოსაკითხად მისულებს მოვაჭრეებმა შემოგვჩივლეს- სოფელ ქორეთში წყალი გაიყვანეს, მაგრამ ჩვენამდე არაფერი მოსულა, მოდით, გადაიღეთ და  დაგვეხმარეთ, ჩვენს მთავრობას მოჰკითხეთ, სასმელი წყალი როდის გვექნებაო.

ქორეთი საჩხერიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს. თემში ათასი კომლი ცხოვრობს და უწყლობა ყველას აწუხებს.

ქორეთში ჩასულები მოსახლეობას ცენტრში მდებარე სოფლის მაღაზიაში შევხვდით. გვითხრეს, წყალგაყვანილობის სამუშაოები დასრულდა, წყალი მილებში ერთჯერადად გაუშვეს და მორჩაო. რახან მერის წარმომადგენელი შეხვედრაზე ვერ მოვიდა, მას ადმინისტრაციის შენობაში შევხვდით. 

vako parkosadze scaled
მერის წარმომადგენელი სოფელ ქორეთში

სანამ ქორეთში წავიდოდით, აღმოვაჩინეთ რომ სოფელში უწყლობის პრობლემის მოგვარება ჯერ კიდევ 2016 წელს დაწყებულა. ‘’სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’’ ჭაბურღილი გაუთხრიათ, საიდანაც წყალი არ ამოსულა. სამუშაოები საჩხერის ბუჯეტს 9,200 ლარი დაუჯდა. 2019 წელს სოფელში რეზერვუარი ააგეს, 2020 -ში კი საქლორატორო და სატუმბი სადგურები. სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 2.3 მილიონი ლარი დაუჯდა.

მერის წარმომადგენელმა ვაკო ფარქოსაძემ გვითხრა, რომ ჭაბურღილის პრობლემა მოგვარებულია და ზოგადი წყალგაყვანილობის სამუშაოები დაახლოებით წლის ბოლოსთვის დასრულდებაო. ახლა კომპანია, რომელსაც სოფელში წყლის გაყვანა ევალება, ტუმბოებს ელოდება თურქეთიდანო. ფარქოსაძემ გვითხრა, მოსახლეობა რომ ვეღარ ხედავს სამუშაოების მიმდინარეობას, ალბათ ფიქრობს, რომ მუშაობა დასრულდა და წყალი არ მივაწოდეთო.

ქორეთის ადმინისტრაციაში დაგვპირდნენ, თქვენთან აუცილებლად გვექნება კონტაქტი და როდესაც სოფელში წყლის გაყვანის სამუშაოებს დავასრულებთ, ამასაც გაგაგებინებთო. ჩვენ ამბავს თვალს ვადევნებთ და პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მერიას თავს შევახსენებთ. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რა ხდება სოფელ გოდოგანში?
Shekvedra 1

რა ხდება სოფელ გოდოგანში?

როგორც აღმოჩნდა,  თერჯოლის მერიას ყურიც არ შეუბერტყავს ამ სოფლის გასაჭირზე

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share