fbpx

რამდენი ადამიანი მართავს ქუთაისს?

kutaisi new hotel 2

ხატია ბანძელაძემ მერიაში განცხადება 2020 წელს შეიტანა. ხატია ქუთაისის მერიისაგან ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისათვის მარო მაყაშვილის სახელის დარქმევას ითხოვდა. თებერვალში შეტანილი წერილის პასუხს სექტემბრამდე ელოდა. სექტემბერში უთხრეს, რომ მოთხოვნა განიხილება. ხატია პასუხს დღემდე ელის და მერიის მუშაობითაც უკმაყოფილოა.

“მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მსოფლიო შეაჩერა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ქალაქის მუნიციპალიტეტს დიდად არაფერი შეხებია. გზები ისევ დასაგებია, როგორც აქამდე იყო, ინფრასტრუქტურა თავზე გვემხობა, წვიმის დროს ისევ გვეტბორება ქუჩები, კულტურაში ხომ საერთოდ არაფერი ხდება, არც ადრე ხდებოდა. ამ ყველაფრის ფონზე მეეჭვება, ვინმემ მერიის მუშაობა დადებითად შეაფასოს.”

არადა ხატიასა და სხვა მოქალაქეების თხოვნებისა და სურვილების გათვალისწინება თვითმმართველობის მთავარი მიზანი უნდა იყოს.

რა არის თვითმმართველობა?

საქართველოში ხუთი თვითმმართველი ქალაქია. მათ სხვადასხვა საჭიროებების შესასრულებლად საკუთარი ბიუჯეტი აქვთ. საბიუჯეტო თანხის ნაწილს თვითონ გამოიმუშავებენ, ნაწილს კი ქვეყნის ცენტრალური ხაზინიდან იღებენ. ბიუჯეტში ფული ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან შედის. თვითმმართველ ქალაქებს ჰყავთ მერი, აქვთ საკრებულო. ამ ორმა ორგანომ უნდა გათვალოს, როგორ დახარჯოს ჩვენი ფული ქალაქში უკეთესი გარემოს შესაქმნელად.

ხვიჩა დოღონაძე ქუთაისში ცხოვრობს. 2018 წელს მერიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას საკუთარი პროექტი წარუდგინა. ის ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნების პარკის შექმნაზე ოცნებობს. ქუთაისის არქიტექტურის სამსახური მისი იდეით წელს დაინტერესდა.

“ეს იქნება ხელოვნების პარკი, სადაც არ იქნება კორპუსები, არამედ იქნება სასტუმროები, მუზეუმები, გალერეები, ატრაქციონები. საფესტივალო სივრეცეები, სპორტის სახლი, კინოს სახლი,“ – გვიყვება პროექტის ავტორი.

ხვიჩა ამბობს, რომ არქიტექტურის სამსახურში მისი იდეა კი მოეწონათ, მაგრამ განხორციელებამდე ჯერ მაინც შორია, რადგან ამ ტერიტორიას ქუთაისის მთავრობა ვერ განკარგავს. 

”ეს მუდმივი პრობლემაა. მერია თავისი ინიციატივით ვერ იწყებს ვერაფრის გაკეთებას, თბილისს უნდა მიმართოს. ეს მუდამ ასე იყო და ახლაც ასე არის,” – ამბობს დოღონაძე ჩვენთან საუბრისას.

თვითმმართველი ქალაქი იმიტომ არის ამ სტატუსის მატარებელი, გადაწყვეტილებები რომ დამოუკიდებლად მიიღოს. განხორციელებაში კი მერიის სამსახურები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები დაიხმაროს.

ქალაქების მართვის წესს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ადგენს. კოდექსის მიხედვით ქალაქის მმართველი მერია. მერს ამაში მერია ეხმარება. მერია სხვადასხვა სამსახურისგან შედგება და თითოეულს ჰყავს ხელმძღვანელი. სამსახურები განყოფილებებად იყოფა. ქალაქის მართვისას ყველა სამსახურსა და განყოფილებას თავისი დანიშნულება აქვს.

ქუთაისი საქართველოში სიდიდით მესამე ქალაქია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს აქ 134 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. აქედან, ქუთაისის მერიაში და მის მიერ შექმნილ კომერციულ თუ არაკომერციულ ორგანიზაციებში 3,790 ადამიანი მუშაობს. 337 ადამიანი მერიის სხვადასხვა სამსახურებშია დასაქმებული, ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში – 3,453. მერიის მიერ შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობას კანონი არ ზღუდავს.

რა არის ა(ა)იპ და რა არის შპს?

ეს ორი სიტყვა ალბათ ხშირად გსმენიათ. განსაკუთრებით, თვითმმართველობაზე საუბრისას. ა(ა)იპ -ებსა და შპს-ებს მერია ქალაქის საჭიროებებისა და პრობლემების უფრო ეფექტიანად მოსაგვარებლად ქმნის.

სამთავრობო ა(ა)იპ არის ორგანიზაცია, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. ხშირად მას არ აქვს საკუთარი შემოსავალი. ან თუ აქვს, ისევ და ისევ საკუთარი განვითარებისათვის იყენებს.

შპს საწარმოა, რომელსაც ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი შემოსავლის მიღებისთვის აფუძნებს. ამავდროულად, შპს ქალაქს საკუთარი უფლებამოსილებების შესრულებაში ეხმარება. მაგალითად, წელს ქუთაისის მერიის მიზანი მოქალაქეებისთვის კომფორტული და ახალი ტრანსპორტის შეთავაზება იყო. ამისთვის შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია” დააარსა. კომპანია ხალხს ახალი ავტობუსებით ემსახურება. სანაცვლოდ გადასახადს (მგზავრობის ღირებულება) კრეფს და ბიუჯეტში შეაქვს. მერე ეს თანხა ავტობუსების გამართულად მუშაობასა და მძღოლების ხელფასებს უნდა მოახმაროს. შეიძლება, აკრეფილი თანხა კომპანიის არსებობისათვის საკმარისი არ იყოს. ასეთ შემთხვევაში, მერია ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისათვის დამატებით ფულს ქალაქის ბიუჯეტიდან გამოჰყოფს.

kutaisi 1 1 1

რას დააარსებს მუნიციპალიტეტი ააიპ-ს თუ შპს-ს, მისი გადასაწყვეტია. ამაში კანონი ვერ ერევა. შპს ძირითადად მოგების მიღების მიზნით იქმნება. ა(ა)იპ არაკომერციულ საქმიანობას ეწევა.  მუნიციპალიტეტის მიერ შპს-ს დაარსებას, შემოსავლის მიღების მიზნის გარეშე, აზრი არ აქვს.

ჩვენ ვკითხეთ ქუთაისის მერიას, რამდენია მის მიერ დაარსებული შპს-ების შენატანი ქალაქის ბიუჯეტში. პასუხიდან გავიგეთ, რომ ბიუჯეტში თანხა 9 შპს-დან მხოლოდ ორმა  შეიტანა. “ქუთაისის n4 პოლიკლინიკამ” 2020 წელს ქალაქს 30,175 ლარის მოგება მოუტანა. შპს “პარკინგსერვისმა” კი 2018 წლიდან მოყოლებული, ბიუჯეტში თანხა მხოლოდ წელს შეიტანა, ისიც 10,000 ლარი.

თვითმმართველობის სფეროს სპეციალისტი, კოკა კიღურაძე ამბობს, რომ კითხვა ნამდვილად სჭირდება თუ არა მუნიციპალიტეტს ათობით ორგანიზაცია და იქ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, თანამშრომელი, პასუხგაუცემელია.

“ა(ა)იპ-ებზე არ ვრცელდება რაიმე ტიპის ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის მოთხოვნა და, ხშირ შემთხვევაში, ეს ხვრელად იქცევა ხოლმე მუნიციპალიტეტში. პრაქტიკა ასე აჩვენებს ზოგჯერ. მაგალითად, როცა შეზღუდვა არის დასაქმებაზე, რომ მერიაში ვერ დასაქმდება განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი საჯარო მოხელე, ადგებიან და ვთქვათ, ა(ა)იპ-ში შეიყვანენ 200- 250 თანამშრომელს. შესაბამისად, ეს პრობლემა არის, ფაქტობრივად, აუღებელი ციხე-სიმაგრე წლების განმავლობაში,” – გვეუბნება კიღურაძე.

კიღურაძე თვლის, რომ მსგავსი ორგანიზაციების შემქნისას მერია უნდა ითვალისწინებდეს რამდენიმე ფაქტორს: საჭიროა თუ არა ერთი საქმისთვის ასობით თანამშრომელი, კანონი არც ამ ნაწილშია მკაცრი.

“მაგალითად, ცალკე ა(ა)იპ-ს თუ ჰყავს ხელმძღვანელი, ადმინისტრაციული ხარჯები იზრდება. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიზნით, მუნიციპალიტეტს შეუძლია, ა(ა)იპ-ები გააერთიანოს, მაგრამ მერე თქვას, რომ მათი გაერთიანება არ იქნება ეფექტური და ხელს შეუშლის მუშაობას,” – გვიხსნის კიღურაძე. ”მუნიციპალიტეტი იმიტომ არის დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს თვითონ, კონკრეტული დასაბუთების საფუძველზე, ეკონომიურობის და ეფექტიანობის საფუძველზე.”

ქუთაისის მერიას აქვს ორგანიზაციები, რომელთა გაერთიანებაც შეუძლია. მაგალითად, მერიას ცალ-ცალკე აქვს კულტურული, სახელოვნებო გაერთიანება და ცალკე ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. კანონი მათ გაერთიანებას კი არ ითხოვს, მაგრამ, შესაძლოა, ამით ქალაქის ბიუჯეტი დაიზოგოს. ასევე, განცალკევებულად გვაქვს სპორტულ გაერთიანებათა ა(ა)იპ და ხელბურთის კლუბი.

ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიასთან რამდენიმე კითხვა გვქონდა. მერიიდან ინტერვიუზე არავინ დაგვთანხმდა. პრესსამსახურმა კი გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემცირება ან გაერთიანება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

“ფაქტი არის ერთი, რომ უმრავლესობა ამ სამსახურების შექმნილია ერთადერთი მოტივით, ეს არის პარტიული აქტივის შენახვა,” – გვეუბნება ამირან ძოწენიძე, ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი.

ძოწენიძე ამბობს, რომ ეს პრობლემა 21-ე საუკუნის დასაწყისიდან გვაქვს, იმ დროიდან, რაც ქალაქის ბიუჯეტში ფული გაჩნდა.

წლევანდელი მონაცემებით, რომელიც ქუთაისის მერიამ მოგვაწოდა  ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომლების ანაზღაურებაზე თვეში 1.8 მილიონი ლარი იხარჯება.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მეგობრობა გზად და ხიდად ჭიათურის მერიაში
nugzari 1 1

მეგობრობა გზად და ხიდად ჭიათურის მერიაში

ჭიათურის მერიამ მერის მოადგილის მეგობარს უკონკურსოდ 351,000 ლარის ხელშეკრულება 

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share