fbpx
kutaisi sastumro

ხარვეზებიანი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ქუთაისის მერიამ მშენებლობის ნებართვა გასცა

ავტორი: იზაბელ მოდებაძე

ქუთაისის მერიამ ქალაქის ისტორიულ ზონაში მშენებლობის ნებართვა მცდარი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გასცა. სასამართლომაც მერიას დაუჭირა მხარი და არა ამ პროექტის გამო დაზარალებულ მოქალაქეს. სხვათაშორის, შეიძლება, ერთ დღეს მსგავსი ბედი თქვენც გაიზიაროთ.

იულია ლანჩავას სახლი ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, 62 ნომერში მდებარეობს. 2017 წლის ბოლოს მის ეზოში სასტუმროს მშენებლობა მერიის მიერ გაცემული ნებართვით დაიწყეს.

მშენებლობა მცდარი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე დაიწყო. დოკუმენტი დამოუკიდებელმა ექსპერტმა, თემურ ციხელაშვილმა მოამზადა.

გეოლოგიას რომ თავი დავანებოთ, სასტუმრო უკვე არსებული შენობებიდან ორ მეტრში ააშენეს. მაშინ როცა მათ შორის მანძილი, სულ მცირე, სამი მეტრი უნდა ყოფილიყო. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაშიც წერია, რომ მშენებლობისას არ შეისწავლეს მომიჯნავე ტერიტორიები, არ გამოაკრეს საინფორმაციო ბანერი, თვითნებურად მოანგრიეს სამიჯნავე ღობე.

მშენებლობას არ ჰქონია დამცავი ჯებირები, რაც საფრთხის წინაშე აყენებდა როგორც მუშებს, ისე იქ მცხოვრებ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს.
ლანჩავამ ამ მშენებლობის გამო ქუთაისის მერიას სასამართლოშიც უჩივლა. მისი თქმით, მცდარი გეოლოგიური დასკვნით დაწყებული მშენებლობის გამო სახლს, თითქმის, ყველა საყრდენი კედელი დაებზარა და დანგრევა ემუქრება. ის სასამართლოსგან მშენებლობის გაცემის ნებართვის გაბათილებას ითხოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასტუმრო უნდა დანგრეულიყო იმ შემთხვევაში, თუ ლანჩავა დაამტკიცებდა, რომ მის სახლს ბზარები სწორედ სასტუმროს მშენებლობის გამო გაუჩნდა.

“ინფორმაცია არ მქონია, რომ მიწა გაიყიდა. შესაბამისად, როცა მშენებლობის პროცესი დაიწყო, დავინტერესდი, რადგან ვიზუალურადაც ეტყობოდა, რომ ახლოს აშენებდნენ. ასეთ შემთხვევაში ფანჯარა ჩემი სახლის მხარეს არ უნდა ყოფილიყო. ეს კანონდარღვევაა. გადავწყვიტე, მერიიდან პროექტი გამომეთხოვა,” – იხსენებს ლანჩავა.

მის მიერ გამოთხოვილ პროექტს გეოლოგიური დასკვნა თან არ ახლდა. დოკუმენტი მერიამ დაგვიანებით, მშენებლობის დაწყების შემდეგ გადასცა. ლანჩავას ეჭვი გაუჩნდა, რომ დასკვნა ყალბი იყო. მის ეჭვს ისიც ამყარებდა, რომ დოკუმენტს არ ჰქონდა ბეჭედი და თარიღი, თუ როდის ეწვია გეოლოგი სამშენებლო ტერიტორიას შესასწავლად.

“არასწორი და გულგრილი დამოკიდებულების გამო, ჩემს სახლს კედლები, თითქმის, ყველა ოთახში დაებზარა. აბაზანაში კი იმდენად შესამჩნევია, რომ მზის სხივიც შემოდის. სახლის პირველ სართულს ოთახები არ აქვს, იატაკის ფუნქციას კი მიწა ასრულებს, რომელიც ყოველი წვიმის დროს სველდება. ადრე ასე არ ხდებოდა,” – გვიყვება ლანჩავა.

ექსპერტი თემურ ციხელშივილი გვეუბნება, რომ კანონის საწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებია და პირიქით, იულია ლანჩავას ადანაშაულებს სიცრუეში.
მას შემდეგ, რაც მშენებლობა დაიწყო და სახლს ბზარები გაუჩნდა, ლანჩავამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ვითარების შესწავლისთვის მოიწვია. ხოლო სამხარაულმა თავის მხრივ, უკვე არსებული გეოლოგიურ დასკვნაც თავიდან გამოიკვლია და აღმოჩნდა, რომ ციხელაშვილის მიერ მომზადებული ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც მშენებლობა დაიწყო, ხარვეზებს შეიცავდა.

სამხარაულის მიერ გამოვლენილ ხარვეზებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს სამი პუნქტია:

1. საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას დართული არ აქვს ტექნიკური დავალება კვლევის ჩასატარებლად. ტექნიკური დავალების გარეშე საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარება არ შეიძლება;
2. აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეული არაა გრუნტი წყლის სინჯები;
3. საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის ტექსტურ ნაწილში მითითებული ნორმატიული დოკუმენტები ხმარებიდან ამოღებულია.

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ მშენებლობამდე აუცილებლად უნდა შეისწავლონ რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები გავლენას მოახდენს მომიჯნავე შენობის მდგრადობაზე, მაშინ უნდა მოხდეს არსებული შენობა-ნაგებობის გამოკვლევაც.

იულია ლანჩავას საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა არავის შეუსწავლია. მერიაში კი გვითხრეს, რომ ლანჩავას სახლს ბზარები სიძველის გამო გაუჩნდა.

“ის არგუმენტი, რომ სახლს სიძველის გამო გაუჩნდა ბზარები, იმთავითვე სუსტია, რადგან 2009 წელს, როცა სველი წერტილი სახლის გვერდით ავაშენე, ისიც ისეა დაბზარული, რომ მზის სხივიც შემოდის. სამხარაულის დასკვნაში წერია, რომ სახლი ძველია. ეს ხომ მშეენბლობის დაწყებამდე უნდა გაერკვიათ. და თუ ძველია, როგორ დაიბზარა 2009 წელს აშენებული კედლებიც?” – აინტერესებს ლანჩავას.

ქუთაისის მერიაში, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ეკა გრიგალაშვილმა გვითხრა, რომ მათ ციხელაშვილის მიერ მომზადებული გეოლოგიური დასკვნის შემოწმება არც შეეძლოთ და არც ევალებოდათ. გრიგალაშვილი აღიარებს, რომ თავდაპირველ დასკვნას ხარვეზები კი აქვს, მაგრამ მისმა ავტორმა ეს პრობლემები გამოასწორა. ვკითხეთ, როგორაა შესაძლებელი უკვე მშენებარე პროექტისთვის გეოლოგიური დასკვნის გადაკეთება, მაშინც როცა გეოლოგიური კვლევა მშენებლობის დაწყებამდე უნდა მომზადდეს? ნათელი პასუხი, ცხადია, ვერ მივიღეთ.

ლანჩავა კი ამბობს, რომ მისი ქონება მშენებლობის გამო ზიანდება. თუ ლანჩავა ამას სასამართლოს დაუმტკიცებს, ზიანის ანაზღაურება ვარლამ მეტრეველს, სასტუმროს მეპატრონეს მოუწევს.

მშენებლობა რომ კარგად დაგეგმილი არ იყო, ამას პროექტის ცვლილებებიც ადასტურებს. მაგალითად, პირვანდელი პროექტის მიხედვით, მესამე სართულზე ტერასა უნდა ყოფილიყო, სადაც რესტორანს მოაწყობდნენ. სასამართლო დავების შემდეგ, სასტუმროს მფლობელმა პროექტი შეცვალა და მასში ტერასა გათვალისწინებული აღარაა.

თავდაპირველი პროექტით, რომელიც მერიამ დაამტკიცა, სასტუმროს ლანჩავას სახლის მხარეს ფანჯრები უნდა ჰქონოდა. ლანჩავას პროტესტის შემდეგ პროექტი შეიცვალა და რახან ამ შენობებს შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლები იყო, ფანჯრები გაუქმდა. მშენებელმა ერთი ფანჯარა მაინც ამოაშენა და ამის გამო მერიამ ათასი ლარით დააჯარიმა. არადა, რა მშენებლის ბრალი იყო, მერიამ თავიდან ასეთი პროექტი დაუმტკიცა.

სასტუმროს მეპატრონე, ვარლამ მეტრეველმა გვითხრა, რომ არ აინტერესებს, ვინ უჩივლებს. “მხოლოდ ნორმალურ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, გიჟებს არ ვიცნობ,” – ეს არის ვარლამ მეტრეველის სატელეფონო კომენტარი, რომლის მოპოვებასაც “აი, ფაქტი” ორი დღე ცდილობდა.

ლანჩავამ სასამრთლოს 2018 წლის თებერვალში მიმართა. რამდენიმე მოსმენას 1.5 წელი დასჭირდა. საქალაქო სასამართლომ საქმე სასტუმროს სასარგებლოდ გადაწყვიტა. ლანჩავა ეჭვობს, რომ პროცესს შეგნებულად აჭიანურებდნენ და მერია ვარლამ მეტრეველს მფარველობს.

ლანჩავა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზი
infrastruqturuli

ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share