ქვემო ქართლის რეგიონში სულ 250 სკოლაა, აქედან 19-ს დირექტორები, წლებია, აღარ ჰყავთ. განათლების სამინისტროს კი კონკრეტული გეგმა ამ სკოლების პრობლემების გადასაჭრელად არ აქვს და პროცესს ბუნებრივს უწოდებს.
ამ 19-დან 12 სკოლაში თითქმის ყველა საგანი აზერბაიჯანულად ისწავლება. ეთნიკურად აზერბაიჯანული სკოლის დირექტორობის კანდიდატები, ხშირ შემთხვევაში არიან პედაგოგები, რომლებმაც არ იციან ქართული. არადა, 2017 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო ენის ცოდნა დირექტორებისთვის სავალდებულო გახდა.
ყველა სკოლას ჰყავს მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული სამეურვო საბჭო. მას შემდეგ რაც კანდიდატი კონკურსში გაიმარჯვებს, სამინისტრო მას სამეურვეო საბჭოს წარუდგენს. სკოლის დირექტორი საბოლოოდ სწორედ საბჭომ უნდა აირჩიოს. ამ 12 აზერბაიჯანულ სკოლაში კი სამეურვეო საბჭოები ქართულენოვან კანდიდატს ნაკლებად ენდობიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ “აი, ფაქტთან” განაცხადა, რომ ჯერ მზად არ არიან სკოლის დირექტორთა მომდევნო კონკურსის გამოცხადებისთვის.
სონა ისმაილოვა 25 წელია ქართულ ენას სოფელ ქესალოს სკოლაში ასწავლის. აქ 1,100 ბავშვი სწავლობს. სკოლას კი დირექტორის თანაშემწე უკვე ერთი წელია მართავს.
ისმაილოვას სჯერა, რომ დირექტორი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ ენას. „როცა სამინისტროში სკოლის დირექტორებს ხვდებიან, ყველაფერს არ თარგმნიან. შემდეგ აზერბაიჯანულენოვან დირექტორებს უჭირთ სკოლის პერსონალისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება,“ – გვეუბნება ისმაილოვა.
42 წლის გიორგი ჭაუჭიძე 2015 წელს ქესალოს სკოლის დირექტორობის კანდიდატი იყო, მაგრამ სამეურვეო საბჭომ არ დაამტკიცა. „საბჭომ სხვა კანდიდატი აირჩია, რომელიც არ იყო ქართველი და მეზობელ სკოლაში ასწავლიდა. როდესაც ქესალოს სკოლაში გამგზავნეს, ვიცოდი რომ მცირედი შანსი მქონდა,“ – გვეუბნება ჭაუჭიძე. ის ახლა მარნეულის რუსულენოვან სკოლაში ასწავლის.
გიუნელ ალიევას შვილი სოფელ ქესალოს სკოლაში სწავლობს. ალიევა ამბობს, რომ სკოლა ცუდ დღეშია და დირექტორის არარსებობის გამო არეულობაც ხშირია. “იმ დღეს რაღაც ინციდენტი მომხდარა სკოლაში და არ ვიცით ვის ვუჩივლოთ. კარგი იქნება, თუ დროულად აირჩევენ დირექტორს. რაიმე პრობლემა თუ იქნება, გვეცოდინება ვის მივმართოთ.”
სოფელი ნაზარლო ქესალოს მეზობლად მდებარეობს. 68 წლის ელხან აბდულაევმა სოფლის სკოლის დირექტორის პოზიცია 3 თვის წინ საკუთარი სურვილით დატოვა. ამჟამად გეოგრაფიას ასწავლის ამავე სკოლაში. დირექტორის თანამდებობა კი დღემდე ვაკანტურია. სკოლას 580 მოსწავლე და 55 მასწავლებელი ყავს.
„დირექტორი როდესაც ვიყავი, დირექტორის თანაშემწე აგვარებდა გაკვეთილებთან დაკავშირებულ საკითხებს. სხვა დანარჩენზე კი მე ვზრუნავდი,“ – ამბობს აბდულაევი. „როდესაც დირექტორი არ არის, ყველა გულგრილად ექცევა სამუშაოს და ვერავინ აკონტროლებს მასწავლებლებს თუ მოსწავლეებს.”
აბდულაევი არ მიიჩნევს რომ ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა განსაკუთრებულად საჭიროა. „მეც არ ვიცი ქართული ძალიან კარგად. მცირედის გაგება შემიძლია. მაგრამ ეს უმეტესად აზერბაიჯანულენოვანი სკოლაა. თუ დირექტორმა არ იცის აზერბაიჯანული ენა როგორ იურთიერთებს ბავშვებთან ან მასწავლებლებთან?“
“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” წარმომადგენელი, განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი თვლის, რომ სკოლის დირექტორმა ქართული აუცილებლად უნდა იცოდეს. „მე ვიცი ზოგიერთი სკოლა, სადაც ეთნიკურ უმცირესობებს სურთ ქართველი დირექტორი. რეალურად, მსგავსი სკოლები უკეთ ვითარდებიან.”