fbpx

თანამდებობით შეძენილი კულტურული მემკვიდრეობა

kutaisi new hotel 2

ავტორები: შორენა ლაღაძე და ანა ჭეიშვილი 

ნიკოლოზ ლატარია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო 2017-2019 წლებში.  მანამდე, 2014-2017 წლებში კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 2019 წლის მიწურულს ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ თანამდებობას ტოვებდა და ბიზნესში გადადიოდა. თუმცა, მას ბიზნესსაქმიანობა არც საკრებულოში ყოფნისას მიუტოვებია. 

საკრებულოში მოსვლამდე მას ოთხი კომპანია ჰქონდა. ორი კომპანია, შპს “გიო” და შპს “ფრეშფუდი” საკვები პროდუქტების დისტრიბუციითა დაკავებული, შპს “ნიკოილი- თერჯოლა” და “ნიკოილი 9” კი ნავთობის ბიზნესით. 

საკრებულოს ხელმძღვანელობისას ლატარია და მისი გარემოცვა მათდა სასარგებლოდ იყენებდა საჯარო სამსახურს. ეს დრო მათ ქალაქის ცენტრში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების ასათვისებლად გამოიყენეს. მათ ხელში აღმოჩნდა ის ადგილები, რომლებზეც ქვემოთ მოგითხრობთ. 

კაფე-ბარი “არგო”  

ქუთაისის მერიამ შპს “ანასტასიას” ქალაქის ცენტრში 300 კვ.მ. მიწა 33 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადასცა. გარიგება 2015 წლის სექტემბერში შედგა. კომპანია ლატარიას დედამ, დალი ლატარიამ 2013 წელს დააფუძნა და მის წილს 2014 წლამდე ფლობდა. ამჟამად კომპანიის მფლობელები ლატარიას ბიზნესპარტნიორები არიან. 

ამ მიწაზე კაფე-ბარ “არგოს” მშენებლობა 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო. 300 კვ.მ. მიწაზე შპს “ანასტასიამ” 241 კვ.მ. ფართის შენობა ააშენა. ყოველწლიური გადასახადის სახით “ანატასიას” ბიუჯეტში ყოველწლიურად 6,600 ლარი შეაქვს, რაც თვეში მხოლოდ 550 ლარია. შენობა რიონს გადაჰყურებს და წყალდაცვით ზონაში მდებარეობს, სადაც, კანონის თანახმად, მშენებლობა აკრძალულია. იმერეთის მეფეების საზაფხულო რეზიდენციის ერთ-ერთი შენობის მახლობლად კაფის მშენებლობას მაშინ საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. “არგოს” მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ბევრი არგუმენტი და პრეტენზია ჰქონდათ ქალაქის ხელისუფლებასთან. ისინი ქუთაისის მერიას ბიუროკრატიზმსა და ადგილობრივი ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნის ინტერესების ლობირებაში სდებდნენ ბრალს.

“იმდენად დაჩქარებულ ვადებში მოხდა ამ საქმის, ასე ვთქვათ, დალაგება, ცხადია, რომ ამ ყველაფერის უკან იყო კონკრეტული ინტერესები. ჩვენ მაშინ გვქონდა აღიარება იურისტის მხრიდან, რომ ადგილზე საკითხის შეუსწავლელად მოხდა ამ ნებართვაზე თანხმობის გაცემა. ეს ყველაფერი გვარწმუნებდა იმაში, რომ ამ ტერიტორიაზე გაკეთებული ბიზნესი არ შეიძლებოდა ყოფილიყო პოლიტიკურად ნეიტრალური,” – გვიყვება თორნიკე ბარათაშვილი, ორგანიზაცია “ევროპა ჩემი სახლიას” წარმომადგენელი. 

საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც “არგოს” მშენებელობა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრების გამო იყო მიუღებელი, მიიჩნევდა, რომ მშენებლობის პროცესში ბრძანება წყალდაცვითი ზონის შესახებ დაირღვა. საქართველოს კანონი წყლის შესახებ ადგენს, რომ 75 კმ-ზე გრძელი მდინარისთვის წყალდაცვითი ზონაა მისი კალაპოტიდან 50 მეტრია. ამ ზონაში, კანონის თანახმად, მშენებლობა აკრძალულია (გარდა სპეციალური შემთხვევებისა). “არგო” კი ზედ რიონის ჯებირთანაა აშენებული. ლოკაცია, რომელიც მშენებლობისათვის შეირჩა, უსაფრთხოც არაა, რადგან რიონის წყალუხვობისას კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიები იტბორება. 

სასტუმრო “ნიუპორტი” 

ნიკოლოზ ლატარიას ცოლი, ხატია სირბილაძე ფლობს შპს „გუდლაინის“ 20 პროცენტს. ამ კომპანიამ შპს “მიკადო ჯორჯიასგან” 2018 წელს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ნიუპორტის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 544,344 ლარად შეიძინა. მიწის ნაკვეთი 468 კვ.მ.-ა, ხოლო მასზე განთავსებული ნაგებობა 1,145 კვ მ.  შენობა 1914 წელსაა აგებული. მაშინ როცა კომპანიამ ეს ტერიტორია შეიძინა, ის  დამწვარი იყო.

მოგვიანებით, 2020 წელს ამ სახლში სასტუმრო ,,ნიუპორტი’’ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოშის“-ს დაფინასებით მოეწყო. სასტუმროს ოფიციალური გახსნის ცერემონიალს, 2020 წლის ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა.  

რესტორანი “მაგნოლია” 


ნიკოლოზ ლატარიას შპს „გოკანში“ 33 პროცენტი ეკუთვნოდა. კომპანიაში  მისი პარტნიორები კახა ბრეგვაძე და გოჩა შარაბიძე იყვნენ. 2015 წლიდან შპს “გოკანს” სახელი შეუცვალეს და „მაგნოლია“ უწოდეს. 2017 წელს კი ნიკოლოზ ლატარიამ თავისი 33 პროცენტი კახა ბრეგვაძეს და გია შარაბიძეს 100,000 დოლარად დაუთმო. 

კომპანიამ 2017 წელს ქუთაისის საკრებულოს ბალანსზე მყოფი შენობა აუქციონის წესით შეისყიდა. ლოტის საწყისი ფასი 158,000 ლარი იყო, საბოლოოდ კი 359,000 ლარად გაიყიდა. ამ გარიგებით შპს “მაგნოლიას” საკუთრება გახდა წითელ ხიდთან მდებარე 490 კვ.მ. მიწა და მასზე მდებარე 412 კვ.მ. ფართობის მქონე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამ შენობაში წელს სასტუმრო და რესტორანი „მაგნოლია“ გაიხსნა. 

ქალაქის ყოფილ მერს, გიორგი ჭიღვარიას უნდოდა, რომ ამ სახლის გასწვრივ, რიონის პირას მდებარე სხვა, ძველი სახლებიც შეკეთებულიყო. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხები მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა გამოეყო, ხოლო ნებართვა კულტურული მემკვიდრების დაცვის სააგენტოს უნდა გაეცა. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაიწყება სამუშაოები. 

შპს “მაგნოლიას” ეკუთვნის ქუთაისში, რუსთაველის ხიდზე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გვერდით მდებარე 84 კვ.მ. მიწა. ამ ტერიტორიაზე კომპანია ახლა ღია რესტორანს აშენებს. 

კომპანიამ ეს მიწა მერიისგან 2017 წლის 30 მაისს, 28,000 ლარად შეიძინა. მალევე მშენებლობის ნებართვაც მიიღო. ადგილზე გამოკრული აბრის თანახმად, მშენებლობა ორ თვეში უნდა დასრულდეს. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი
svimeoni

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share