fbpx

Რა არის და რა არა მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქცია? 

K6 1

ავტორები: თამუნა ქიმაძე და შორენა ლაღაძე

პარლამენტის 30 მაჟორიტარი დეპუტატიდან ოთხი იმერლების არჩეულია. ხმები მოაგროვეს დაპირების იმედად, რომ იმერეთის მხარის წინსვლაზე იზრუნებდნენ, სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გადაჭრიდნენ. არადა, ეს მათი საქმე სულაც არაა. იბრალებენ იმას, რაც კანონით არ ევალებათ და ასე, ტყუილით ცდილობენ ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებას. 

გასულ წელს იმერეთიდან არჩეული მაჟორიტარების და მათ ბიუროებში დასაქმებულთა შენახვა ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაგვიჯდა. ამ ფონზე, მაინც ბუნდოვანია, რა არის მათი ფუნქცია. ხალხს ერთს ეუბნებიან, კანონი კი მეორეს ამბობს.

მაჟორიტარების და სხვა პარლამენტარების ფუნქციები იდენტურია. ევალებათ, დაესწრონ სხდომებს პარლამენტში, გამოვიდნენ სიტყვით, შეიმუშაონ და ხმა მისცენ საკანონმდებლო ცვლილებებს, დაუსვან კითხვები მთავრობის წევრებს. მათი გამოსვლები კი თანაბრად უნდა ეხებოდეს ყველა რეგიონს.

დეპუტატებს მხოლოდ არჩევის წესი განასხვავებთ. 2019 წელს “ქართული ოცნების” მთავრობას რომ არ მოვეტყუებინეთ და 2020 წლის არჩევნები დაპირებისამებრ, სრულად პროპორციული წესით ჩატარებულიყო, მაჟორიტარ დეპუტატებს აღარ ავირჩევდით. არც ამ სტატიის დაწერა მოგვიწევდა, რადგან უბრალოდ არ იარსებებდა ფუნქციებაღრეული, ხალხის ხმების მოსაზიდი სისტემა. 

ბიძინა ივანიშვილის მორიგი “ტრიუკის” წყალობით, 2020 წელს ისევ შემოგვრჩა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. “აი, ფაქტმა” შეისწავლა და გიყვებათ, რატომ არის ეს სისტემა ბიუჯეტის მხვრელი, ხალხისთვის კი სიკეთე არ მოაქვს.

რა იციან იმერლებმა მათ არჩეულ დეპუტატებზე? 

პარლამენტარი ბეჟან წაქაძე ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლის და ტყიბულის მოსახლეობამ აირჩია. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მოსახლეობის უმრავლესობამ მისცა ხმა პაატა კვიჟინაძეს. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძეა, ხოლო ვანის, ხონის, სამტრედიისა  და წყალტუბოსი გივი ჭიჭინაძე.

“აი, ფაქტი” ჩავიდა ოთხივე მაჟორიტარის საარჩევნო ოლქში, ვესაუბრეთ 80-მდე ადამიანს  იმერეთის ოთხ ქალაქსა და ხუთ სოფელში, რომ გაგვერკვია იცნობენ თუ არა არჩეულ პარლამენტარს და რა ჰგონიათ მისი ფუნქციები. 

აღმოჩნდა, რომ მაჟორიტარებს შორის ყველაზე ცუდად ბეჟან წაქაძეს იცნობენ, ყველაზე კარგად – პაატა კვიჟინაძეს. თუმცა, ამომრჩეველს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს მის მოვალეობებზე. უმრავლესობას ჰგონია, რომ კვიჟინაძემ მათ ყოფითი პრობლემები უნდა მოუგვაროს. 

‘’რა შეიძლება ევალებოდეს? წყალი უნდა მოუყვანოს სოფელს, გზები უნდა გააკეთოს და რაც არის სოფლისთვის აუცილებელი, ის უნდა გააკეთოს, ”- გვითხრეს საჩხერის ბაზრობაზე, მაგრამ სახელის და გვარის გასაჯაროვების გარეშე. 

ფუნქციები რომ ერევათ, ამას ხალხს ვერ დავაბრალებთ, ეს წინასაარჩევნოდ გაცემული ფუჭი დაპირებების შედეგია. არჩევნების შემდეგ კი დეპუტატებისთვის სოფლის ქუჩებში და ბაზრობებზე იშვიათად მოუკრავთ თვალი. არც მათ საპარლამენტო საქმიანობაზე სმენიათ რამე.

“არჩევნები რომ არის, ე, მაშინ არის მხოლოდ სახელად და გვარად. მის მერე თვალით არ მინახია ვინ არი, რა არი, რას წარმოადგენს, შემოვხაზე მარტო,” – გვითხრა ხონის სოფელ კუხის მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის დაფარვა გვთხოვა. 

“ცნობით რავა არ ვიცნობთ, თქვენ საქმე მითხარით მე პარლამენტის. რომ სძინავთ იქ და ცარიელ სკამს ვუყურებ, ვის რა შევეკითხო? ფულს ვუხდით რაში? ძილში. გუშინაც იყო, [პაატა კვიჟინაძე],  შემოიარა, მარა გაჭირვება კი არ უკითხია, რა გიჭირსო,” – გვითხრა ადგილობრივმა საჩხერის ბაზარში. ვინაობის გამხელა არც მან ისურვა. კვიჟინაძეზე ანონიმურად გვესაუბრნენ ჭიათურის ბაზარშიც.

“საჩხერისთვის არ ვიცი, მაგრამ ჭიათურისთვის რო არაფერს აკეთებს და საერთოდ ხმაც არ გაუღია იმ პარლამენტში, ეს დანამდვილებით ვიცი და დარწმუნებით. ზოგადად, მე მგონი, ეგ ინსტიტუტი არაფერის გამკეთებელი არ არის. თუ [არაფერი] არ ევალება, მაშინ რატომ უნდა ინახოს სახელმწიფომ და ჩვენ რატომ უნდა შევინახოთ ამდენი უსაქმური ხალხი?’’- გვითხრა ჭიათურელმა მოვაჭრემ. 

ბეჟან წაქაძის ამომრჩეველი ზესტაფონის ბაზარში, კვალითის დასახლებაში და თერჯოლის სოფელ ალისუბანში გამოვკითხეთ. ბაზარში მაჟორიტარის სახელი და გვარიც არ იცოდნენ, დეპუტატს შედარებით უკეთ იცნობენ ალისუბანსა და კვალითიში, სადაც ტაძარი ააშენა. მაგრამ უმრავლესობა ვერ ამბობს, რა ევალება მათ არჩეულ პარლამენტარს. 

გივი ჭიჭინაძის ოლქში ზოგმა ისიც არ იცოდა, რომ ის მათი მაჟორიტარია. “ვინაა ჭიჭინაძე? არ ვიცით ვინ არი. არ ვიცნობთ და სურვილიც არ გვაქვს, რომ გავიცნოთ,”- გვითხრა ვანის სოფელ ბზვანში მცხოვრებმა ვარდენ ტყეშელაშვილმა. 

ამ სოფელში გავიგეთ, რომ ჭიჭინაძეს გზა დაუგია, არჩევნების შემდეგ კი მისი მხარდამჭერი საჯარო სამსახურში დასაქმებულა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მაჟორიტარული სისტემა ხმების გაყალბებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. 

“მგონი, არჩევნების წინ იყო აქ შეკრება, ვანის გამგეობა ახლდათ. როცა მოვიდნენ მეც ვიყავი ხალხთან ერთად. მაშინ [საარჩევნო] კომისიის წევრად ვიყავი და მერე ბაღში დამაწყებინეს მუშაობა,” – გვითხრა ლალი გაბუნიამ. 

ქუთაისში მათ მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს მეტ-ნაკლებად იცნობენ, მაგრამ მის მოვალეობებზე აქაც მცდარი წარმოდგენა აქვთ. 

რას აკეთებენ იმერეთის მაჟორიტარები პარლამენტში?

პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მაჟორიტარი დეპუტატები თავის გამოსვლებში ყურადღებას ამახვილებენ მათი მხარის ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პრობლემებზე, რომლის მოგვარებაც არ ევალებათ.

იმერეთი0 სამცხე ჯავახეთის უმოკლესი გზა რომელიც ბაღდათზე გაივლის.
ბეჟან წაქაძე ათვალიერებს იმერეთი-სამცხე-ჯავახეთის საგზაო სამუშაოებს

კონსტიტუციონალისტები გვეუბნებიან, რომ ამ შინაარსის გამოსვლები შედეგს მაინც ვერ მოიტანს, რადგან პარლამენტი რეგიონის საკითხებს არ წყვეტს. მათი თქმით, აღრეულია მაჟორიტარის და ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები. ამის მიზეზი კი ისევ და ისევ მოქალაქეების გულის მოგება, შემდეგ კი გარანტირებული ხმების მოპოვებაა. 

“მაჟორიტარი დეპუტატი წარმოადგენს მთელ საქართველოს და არა მხოლოდ იმ ადგილს, საიდანაც აირჩიეს, ეს არის უბრალოდ არჩევის ფორმა. ვერაფერს გაგიკეთებთ ხარაგაულში, რისი გაკეთება შეუძლია როგორც დეპუტატს ხარაგაულისთვის? ეს ან აღმასრულებელი ხელისუფლების საქმეა, ან  თვითმმართველობის. პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკას და ადგილობრივ დონეზე პრობლემებს ვერ გადაჭრის. მაგალითად, ჭიათურის საბაგირო არის ჭიათურის თვითმმართველობის საქმე და პარლამენტში რომ ლაპარაკობს დეპუტატი, რა აზრი აქვს?,”- გვითხრა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ.

“მაჟორიტარების იდეა, რომ პოლიტიკური მონაწილეობა ჰქონდეთ, არ სრულდება. უბრალოდ არიან პარტიული დანამატები და გარანტირებული ხმები პარლამენტში. რადგანაც ქვეყანაში გასამართ მომავალ არჩევნებში პარლამენტში მოხვედრა სურთ, ცდილობენ თავიანთ ქალაქს, ტერიტორიას, დაეხმარონ პოლიტიკური კავშირებით, მაგალითად,  გზის დაგებაში. სინამდვილეში, მათი ფუნქციაა მთელი საქართველოს წარმომადგენლობა და არა რომელიმე ერთი რეგიონის,”- გვეუბნება კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია. 

პარლამენტისგან გამოვითხოვეთ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატების სხდომებზე დასწრების მონაცემები.  შარშან პარლამენტში სულ 68 პლენარული სხდომა ჩატარდა. ყველა მათგანს დაესწრო ბეჟან წაქაძე და პაატა კვიჟინაძე. ზაზა ლომინაძე ესწრებოდა 67 სხდომას, გივი ჭიჭინაძე კი 66-ს. 

სხდომაზე სიტყვით 14-ჯერ გამოვიდა ბეჟან წაქაძე. ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ისაუბრა ამ მხარის სოციალურ პრობლემებზე,ტურიზმზე, თეატრის სავალალო მდგომარეობაზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის და საცხენოსნო კომპლექსის მშენებლობის საჭიროებაზე. ერთ-ერთი გამოსვლა ფინანსთა მინისტრის ქება-დიდებასაც მიუძღვნა და დარბაზის ტაში დაიმსახურა.

15 სექტემბერუი ლომინძე ესწრება საცურაოაუზის მშენებლობის პროცესს.
ზაზა ლომინაძე ათვალიერებს ქუთაისში მშენებარე საცურაო აუზს

14 გამოსვლა ჰქონდა ქუთაისის მაჟორიტარ ზაზა ლომინაძესაც. ერთ-ერთ სიტყვაში მადლობა გადაიხადა ქუთაისში წყლის სისტემებისა და გზების რეაბილიტაციისთვის. იაქტიურა პარლამენტში მინისტრების ვიზიტისას. მაგალითად, თეა წულუკიანთან მოიკითხა გელათის მონასტრის ამბავი, ნამახვანჰესთან დაკავშირებით კი კითხვები დაუსვა პარლამენტში მოსულ გარემოს დაცვის და ეკონომიკის მინისტრებს. 

სხდომებზე სიტყვით მხოლოდ ხუთჯერ გამოვიდა ვანის, ხონის, სამტრედიისა  და წყალტუბოს მაჟორიტარი. გივი ჭიჭინაძემ ისაუბრა ხონის სოფლებში გზების და ინფრასტრუქტურის პრობლემაზე, “ლელობურთის” და ქართული ჭიდაობის განვითარებაზე. დაინტერესდა იმითაც, ოკუპირებული აფხაზეთის რომელი რაიონებიდან ჩამოდიან სტუდენტები საქართველოში. 

ხუთი სიტყვა ჰქონდა პაატა კვიჟინაძესაც. საჩხერის, ჭიათურისა და ხარგაულის მაჟორიტარმა ისაუბრა სოფლის სასაფლაოების შემოღობვაზე და ჭიათურის საბაგიროს რეაბილიტაციაზე. დეპუტატმა ხუთიდან სამი გამოსვლა პარლამენტში ვიზიტად მყოფი მინისტრების ქებას დაუთმო.

მაჟორიტარები რომ იმის მოგვარებას იბრალებენ, რაც არ შეუძლიათ, ამას მოწმობს მათი ბიუროების ხელმძღვანელების კომენტარები და ბიუროს მიერ “აი, ფაქტისთვის” გამოგზავნილი საჯარო ინფორმაციაც. 

K3 1

მაგალითად, სამტრედიაში გივი ჭიჭინაძის ბიუროს ხელმძღვანელის, მაკა ჯვარშეიშვილის სიტყვებით, მოქალაქეები დეპუტატს ყველაზე ხშირად დასაქმებას ან ფინანსური პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. როგორც თქვა, ჭიჭინაძე ხალხს საკუთარი ჯიბის ფულითაც ხშირად დახმარებია. ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე ჩივიან საჩხერესა და ხარაგაულშიც. საჩხერეში პაატა კვიჟინაძის ბიუროს ხელმძღვანელმა მირანდა ჩუმაშვილმა გვითხრა, დეპუტატი მსგავს პროექტებს ზედამხედველობს და მერიებს ეკითხება, რა ხდება ამ მიმართულებითო. 

K2 3

ბიუროს მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეები კვიჟინაძეს სთხოვდნენ ბანკებთან შუამდგომლობას, ბუნებრივ აირს, სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას, დასაქმებას, რეკომენდაციის გაწევას და ოჯახის წევრი მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებასაც კი. მაჟორიტარ დეპუტატს ყველაზე ხშირად დასაქმების, ჯანდაცვის და სოციალური პრობლემებით მიმართავენ ქუთაისშიც. ბეჟან წაქაძეს ერთ-ერთ შეხვედრაზე ხალხმა საცხოვრებელი კორპუსის ეზოს მოწყობა და სტადიონის აგებაც მოსთხოვა

შევამოწმეთ, როგორ ასრულებენ მაჟორიტარი დეპუტატები მათ რეალურ მოვალეობას –  საკანონმდებლო საქმიანობას. პარლამენტის საძიებო სისტემის მიხედვით კანონპროექტის ავტორი დამოუკიდებლად იყო მხოლოდ ბეჟან წაქაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლის და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი. მისი იდეა იყო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანა. კანონი პლენარულ სხდომაზე 7 ოქტომბერს უნდა განიხილონ და თუ დამტკიცდება, შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები პენსიაზე სხვა მოქალაქეებზე 5 წლით ადრე გავლენ. კოლეგებთან ერთად, ბეჟან წაქაძემ კიდევ 21 კანონპროექტი მოამზადა. მხოლოდ სამი კანონპროექტის ავტორია პაატა კვიჟინაძე, მაგრამ არც ერთის დამოუკიდებლად. კოლეგებთან ერთად ოთხი კანონპროექტის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა გივი ჭიჭინაძემ და თორმეტისაში ზაზა ლომინაძემ.

იმერეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარებიდან ინტერვიუს ჩაწერა მხოლოდ ზაზა ლომინაძესთან მოვახერხეთ. საპარლამენტო უმრავლესობის პრესსამსახურს ვთხოვეთ მათთან ინტერვიუების დაგეგმვაში დაგვხმარებოდა. გრეტა წიწავამ მხოლოდ ლომინაძის ნომერი მოგვცა. ორკვირიანი ლოდინისა და თხოვნის მიუხედავად, დანარჩენ დეპუტატებთან არ დაგვაკავშირა. გივი ჭიჭინაძის ნომერი ბიუროს თანამშრომლისგან გავიგეთ, მაგრამ მან ჩვენს ზარს არ უპასუხა.

ზაზა ლომინაძემ კი დაგვიდასტურა, რომ მოქალაქეები ყველაზე ხშირად სთხოვენ სოციალური პრობლემების მოგვარებას. ზოგჯერ კი პატიმარი ახლობლების შეწყალებას და მკურნალობის ხარჯების დასაფარად ჯანდაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობასაც. ქუთაისის მაჟორიტარმა გვითხრა, რომ ამ საკითხებს თავად ვერ წყვეტს და მერთან შუამავლის როლს ასრულებს.  

“ [მოქალაქეებს] ჰგონიათ, რადგანაც პარლამენტის წევრია, ჯობს ზაზას ვთხოვოთ, ვიდრე მერსო, რაც არასწორია. ბევრ ადამიანს პირდაპირ ვამისამართებთ – მიბრძანდით, მერთან ჩაეწერეთ შეხვედრაზე და იქ დაასაბუთეთ ეს. მოდის ეს ადრინდელი დროიდან, რომ ჰგონიათ პარლამენტარი ყველაფერს წყვეტს და ასე არაა, რა თქმა უნდა,’’- გვითხრა ზაზა ლომინაძემ.

რას აკეთებენ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროები? 

k4

როგორც გაირკვა, მაჟორიტარის ფუნქციები პროპორციული წესით არჩეული პარლამენტარის ფუნქციებისგან არაფრით განსხვავდება, მაგრამ მაინც გვაქვს მათი ბიუროები ყველა მუნიციპალიტეტში. დავინტერესდით, ვინ არის დასაქმებული ამ ორგანოში, რამდენი გვეხარჯება ყოველწლიურად მათ შენახვაზე და როგორ განკარგავენ ისინი ხალხის ფულს. 

ბიუროს თანამშრომლებს ევალებათ, ორგანიზება გაუწიონ მაჟორიტარის მუშაობას ამომრჩევლებთან, მოქალაქეების მიღებას ან მათთან პირისპირ შეხვედრებს.  ბიურო მაჟორიტარს პოლიტიკურ პარტიებთან და მედიასთან ურთიერთობაშიც ეხმარება.

ბიუროებისგან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დავთვალეთ მაჟორიტარების მოსახლეობასთან შეხვედრების და მათთან მოქალაქეების მიერ გაგზავნილი განცხადებების რაოდენობა, მათი არჩევის დღიდან 2022 წლის ივლისამდე პერიოდში. Ბიუროების მიხედვით, შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობა, მოსახლეობის იდეების და ინიციატივების მოსმენა, დაპირებების შესრულების შესახებ ინფორმირება. შეხვედრებზე განხილული თემების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. არც ის უთქვამთ, წერილობითი მიმართვებისა და შეხვედრების საფუძველზე,  ინიცირდა თუ არა რამე პროექტი პარლამენტში. Მხოლოდ ბეჟან წაქაძის ბიუროდან მოგვწერეს, რომ დეპუტატს ეკუთვნის “სახელმწიფო პენსიის შესახებ”კანონში ცვლილების ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ტყიბულის და ჭიათურის შახტებში დასაქმებულები პენსიაზე ახლანდელზე ადრე გავლენ.

პარლამენტს მოვთხოვეთ ბიუროებში დასაქმებულთა ნუსხა, ცალკეულ თანამშრომელთა მოვალეობები და შრომის ანაზღაურებები, მაგრამ არ გამოგვიგზავნეს, პერსონალურ ინფორმაციას შეიცავსო. მხოლოდ დაჯამებული ხარჯები მოგვაწოდეს. 

K1

მაჟორიტარი დეპუტატი ვალდებულია, პარლამენტის აპარატს სამ თვეში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში ბიუროს ხარჯების შესახებ, ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან და ბიუროს საბანკო ამონაწერებთან  ერთად. პარლამენტმა ხარჯების ამსახველი დოკუმენტაციაც არ მოგვაწოდა, კონფიდენციალურიაო.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, პაატა კვიჟინაძის მაჟორიტარულმა ბიურო თანხას, ძირითადად, ავეჯის, კომპიუტერული მოწყობილობების, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად ხარჯავს. ზაზა ლომინაძის ბიურო გამოყოფილ ბიუჯეტს იყენებს სატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად და ავეჯის შესაძენად. წაქაძის ბიურო ყიდულობს მხოლოდ საკანცელარიო ნივთებს.  გივი ჭიჭინაძის ბიუროს კი სახელმწიფო შესყიდვები არ აქვს. 

რა ვიცით იმერეთის ახლანდელ მაჟორიტარებზე

პარლამენტარობამდე პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნის გამოცდილება იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატებიდან მხოლოდ ერთს, გივი ჭიჭინაძეს აქვს. სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი 2012-2018 წლებში “ქართული ოცნების” რეგიონული სამსახურის უფროსად, ვაკის რაიონის გამგებლად და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულად მუშაობდა. უმაღლეს სასწავლებელში სასოფლო-მექანიზაციის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

იმერეთის ახლანდელი მაჟორიტარი ზაზა ლომინაძეპროფესიით კარდიოლოგია. პარლამენტის დეპუტატობამდე, ის ქუთაისის საკრებულოს წევრი იყო. ლომინაძე ორი სამედიცინო კლინიკის, “ლჯ” და “ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრ “ლჯ-კო”-ს თანამფლობელია. პარლამენტარობის შემდეგ მათ წილებს დეპუტატის მეუღლე, თამარ ლომინაძე მართავს. ლომინაძე ასევე არის იმერეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე, საზოგადოებრივი მოძრაობა ჩემი ქალაქის დამფუძნებელი და შპს ჭადრაკი ტვ-ს მფლობელი. მის წილებს ახლა კახაბერ ვარადაშვილი მართავს

კლინიკა “ლჯ”-ის სახელმწიფო შპს-ებმა 2021-2022 წლებში ჯანდაცვის სფეროს მომსახურებისთვის 6,600 ლარის 6 გამარტივებული შესყიდვა გაუფორმეს. ლომინაძე “ოცნების” შემწირველიცაა. 2014 და 2020 წლებში მან მმართველ პარტიას 61,500 ლარი ჩაურიცხა

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე პროფესიით ვაჭრობის ეკონომისტია. ის საპარლამენტო საქმიანობით 2012-2020 წლებშიც იყო დაკავებული.  მმართველ პარტიას თანხას კვიჟინაძეც სწირავს. დეპუტატმა “ქართულ ოცნებას” 2014 და 2016 წლებში 50 ათასი ლარი ჩაურიცხა. კვიჟინაძეს თავის სახელზე კომპანიები არ აქვს რეგისტრირებული. 

ტყიბულს, თერჯოლას, ზესტაფონსა და ბაღდათს პარლამენტში ბეჟან წაქაძე წარმოადგენს. ისიც ვაჭრობის ეკონომისტია. ფლობს 7 შპს-ს, რომლის წილებსაც დეპუტატის შვილი, ბიძინა წაქაძე მართავს. დეპუტატ წაქაძეს “ოცნებისთვის” თანხა არ შეუწირავს, მაგრამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 60 ათასი ლარი ჩაურიცხა სალომე ზურაბიშვილს.

დეპუტატის  კომპანია “მაგნოლია” სხელმწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობს. 2021 წელს, ანუ წაქაძის მაჟორიტარობის შემდეგ,  ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ მის შპს-ს 470 ათასი ლარის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გაუფორმა. 

შევამოწმეთ იმერეთის მაჟორიტარების უძრავი ქონებაც. საჯარო რეესტრის მიხედვით, გივი ჭიჭინაძე ფლობს 150 კვ.მ მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობით თბილისში, ყაზბეგის გამზირზე. ბეჟან წაქაძე ფლობს 168 კვ.მ ორ ფართს და 17 კვ.მ ავტოფარეხს თბილისში, მის საკუთრებაშია ასევე 11,900 კვ.მ მიწის ნაკვეთები ზესტაფონში.

კვიჟინაძე მეუღლესთან ერთად ფლობს 150 კვ.მ ბინას თბილისში და 4,900 კვ.მ მიწის ნაკვეთებს საჩხერეში. დეპუტატს უძრავი ქონება აქვს რუსეთშიც. მის სახელზეა 107 კვ.მ და 53 კვ.მ ორი ბინა 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 15 კვ.მ ავტოფარეხი მოსკოვში. 

ქუთაისის მაჟორიტარ ზაზა ლომინაძეს აქვს 665 კვ.მ მიწა მასზე განთავსებული სახლით ქუთაისში და ჯამში ერთ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთები ვანში.

იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობას სოციალურ ქსელშიც დავაკვირდით. 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე გამოქვეყნებული მასალებიდანაც ჩანს, რომ თავისი ფუნქციები არ იციან. საკანონმდებლო საქმიანობაზე მეტად, ჭარბობს პოსტები იმერეთის საარჩევნო ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. აზიარებენ მათი და პარლამენტში ვიზიტით მყოფი მინისტრების გამოსვლებს,“ქართული ოცნების” ბრიფინგებს, დებენ რელიგიური დღესასწაულების მილოცვის პოსტებსაც. იშვიათად აქვეყნებენ მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველ მასალებს.

ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია გვიჩნდება კითხვა, საერთოდ რაში გვჭირდება მაჟორიტარული სისტემა? კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე გვეუბნება, რომ ეს სისტემა ხელს უწყობს ხელისუფლებას, იყოს საპარლამენტო უმრავლესობაში.

იქნებ, სწორედ ამიტომ გადაგვაგდო “ქართულმა ოცნებამ” 2019 წელს და ქუჩის საპროტესტო აქციების მონაპოვარი, არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება 2024 წლისთვის გადაგვივადა. კიდევ რა “ტრიუკს” გვიმზადებენ და როდემდე მოგვიწევს მაჟორიტარების რჩენა, არავინ იცის.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Მეგობრობა გზად და ხიდად ჭიათურის მერიაში – ნაწილი III
CH1 1

Მეგობრობა გზად და ხიდად ჭიათურის მერიაში – ნაწილი III

წელს მერიამ ნათესავების და მეგობრების კომპანიებს 720 ათასი ლარის ხელშეკრულებები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share