fbpx
komble cover FB e1675233567537

იმერეთის სოფლებში “კომბლეს” ბედს იზიარებენ


ქართველებს ასეთი ზღაპარი გვაქვს – “კომბლე”. მთავარი გმირი ცხვრებს ტყეში ბედის ანაბარა, მწყემსის გარეშე უშვებს, მაგრამ სახლში მაინც მშვიდობით ბრუნდებიან. ერთხელაც, უპატრონო ფარა გადაეყრება მგელს, რომელიც კომბლეს არ შეუშინდება და ცხვრებს გადასანსლავს.

ზღაპრის ისტორია მეორდება იმერეთის სოფლებში. გლეხები საქონელს საძოვრად ტყეში უშვებენ, უკან კი ხან ბრუნდებიან, ხან – არა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საქონელს უჭამთ მგელი, რომელიც იმერეთის ტყეებში მომრავლებულია. 

დავინტერესდით, როგორ ზრუნავს სახელმწიფო, რომ მგლებმა დასახლებასთან ახლოს არ ჩამოისეირნონ და მითუმეტეს, შინაური ცხოველი არ შეჭამონ. ირკვევა, რომ გარეული ცხოველების მოგერიების შესახებ გვაქვს ბუნდოვანი კანონი, რომელიც მოსახლეობას პრობლემას ვერ აგვარებს.

ვიცით, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება გარემოს დაცვის სამინისტროს, თუმცა კონკრეტულად რა ნაბიჯებს დგამს დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მტაცებლის შესამცირებლად, უცნობია. სახელმწიფომ არც ის იცის, რომელ რეგიონში რამდენი მგელია. Მათი აღწერა არასდროს ჩაგვიტარებია. 

როგორ შეეჩვია მგელი იმერეთის სოფლებს?

პირველად წყალტუბოში, სოფელ გაღმა ჩუნეშში გავიგეთ, რომ ბოლო დროს მგლები შემოეჩვიათ. 

“მესამე-მეოთხე დღე იქნება, ზემოთ, ტრიალი მინდორია ყუმისთაველ კაცს ოთხი წლის უშობელი [ძროხა] შეუჭამა. დილას ვნახე, ყვავები დასტრიალებდნენ და ვიფიქრე რაღაცა ხდება-მეთქი. ავედი და მგელს შეეჭამა ღამით. მეც შემიჭამა სამი წლის წინ. წყალტუბოს სოფელია ჟონეთი, იქაცაა [მგელი], ყველგან არის,”- გვითხრა გია კუტივაძემ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მგელი გამოჩნდა. ორი წლის წინ სოფელ მაღლაკში მტაცებელი ადამიანებსაც დაესხა თავს.

ეს ამბავი იმერეთის მუნიციპალიტეტების სხვა მაღალმთიან სოფლებშიც მოვიკითხეთ. აღმოჩნდა, რომ მგლების მომრავლება ერთნაირად აწუხებთ ჭიათურაში, საჩხერეში, ტყიბულში, ხარაგაულში, ხონსა და ბაღდათში.

signal 2023 01 27 102646 002
ხარაგაულის ტყე-პარკი

“ძლივს გაზრდი და მგელი ჭამს… სანამ სახლში არ შემოვარდება, მანამ არავინ გაიბერტყავს ყურს,”- გვითხრა მანო კილაძემ, ხონის სოფელ დედალაურიდან.

“ჩემს მეზობლებს დაუჭამა საქონელი მგლებმა. ხროვა არის, როგორც ჩანს, მდინარე კუხას და ყოფილი ჩაის პლანტაციების ტერიტორიაზე,”- გვითხრა ასევე ხონელმა ცირა ჯალაღანიამ. მგლები შეეჩვივნენ ხონის კიდევ ერთი სოფლის, კუხის საძოვრებს. 

უკეთესი სურათი არც ხარაგაულშია. მკვიდრი მოსახლეობა გვეუბნება, რომ მგელი დასახლებასთან ისე ახლოს მოდის, შესაძლოა, ადამიანებსაც გადაეყაროს. მსგავსი პრობლემის წინაშე ხარაგაულელები 2018 წელსაც იყვნენ.

“კვირა არ გავა საბეში საქონელი ან ღორი რომ არ დაკლას მგელმა. ისე ღრმად შემოიჭრნენ მოსახლეობაში, უკვე ადამიანებსაც საფრთხე ექმნებათ,”- ამბობს მანანა ბლუაშვილი ხარაგაულიდან.

“ზოგადად, ბევრია. მაგრამ წელს ბორჯომის ტყე-პარკი რომ დაიწვა, საკმაოდ დიდი ტერიტორია, ბევრი მგელი გადმოვიდა ამ ტყეებისკენ და შედეგიც კოშმარი იყო. ასე გემრიელად შეახრამუნა ამდენი სული. ამ შემოდგომაზე, ერთ დღეს ექვსი სული შეჭამა,”- ამბობს დაჯი იჩქიტიძე ხარაგაულიდან.

მგლების ამბავი მოვიკითხეთ ბაღდათის მთიან სოფლებშიც. აქ მგელი ხუთი წლის წინაც აწუხებდათ. მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მტაცებლის მოსაკლავად მონადირეების ჯგუფი შეკრიბა. წელს კი მგელი ისევ შემოეჩვიათ. განსაკუთრებით ზარალდება სოფელი საკრაულა.

“16 სული ცხვარი დამიკლეს ერთ დღეს [მგლებმა]. მერე პერიოდულად მიჰყვნენ და საბოლოოდ, 27 ცხვარი გამინადგურეს. ცხვარი რომ აღარ იყო, ღორებს მიჰყვნენ. სამი დღის წინ ვიყავი სოფელში, გაგიჟებულია ხალხი. ეტყობა ჩაბუნაგდნენ სოფლის ტყეში და ოჯახი აღარ დარჩა, ვინც არ გააჩანაგეს. რეაქცია – ნული. ან ვის უნდა შესჩივლო,”- ასე აღგვიწერა შორენა აბულაძემ სოფელ საკრაულას მდგომარეობა. 

ამ სოფელში ბაღდათის მერის წარმომადგენელი გია კიკნაველიძეა. სატელეფონო საუბრისას მგლების მომრავლების ამბავი დაგვიდასტურა და ისიც გვითხრა, სოფლის მოსახლეობა დახმარების გარეშე ნადირს ვერ გაუმკლავდებაო.

კიკნაველიძის თქმით, შარშან მერიასაც მიმართეს. მერიას, თავის მხრივ, პრობლემა გარემოს დაცვის სამინისტროსთვის უნდა ეცნობებინა და შემდეგ სპეციალური სამონადირეო ნებართვა გაეცათ. რა რეაგირება მოჰყვა საბოლოოდ ამ ამბავს, უცნობია. Მერიისგან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, მაგრამ პასუხს დღემდე ველით. 

მგლები შინაურ ცხოველს ხშირად ანადგურებენ ჭიათურის და საჩხერის სოფლებშიც. იქაურებთან საუბრით გაირკვა, რომ მტაცებელი მოედო ათზე მეტი სოფლის ტყეს. მაგალითად, ესენია: ეწერი, ქვაციხე, მელუშეეთი, ხრეითი, საკურწე, ჯოყოეთი, მეჩხეთური, სვირი, ითხვისი, ვაკევისა, ზოდი, ზედუბანი, ლიჩი, მოხოროთუბანი, კვახაჯელეთი, ჭალოვანი, ხვაშითი, სპეთი და სალიეთი.

მტაცებელი ცხოვრებას ურთულებთ ტყიბულის სოფლებშიც. საქონლის დაკარგვა და შემდეგ ტყეში დაგლეჯილად პოვნა აქ უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. 

“ცხოველები კი არა, ლამისაა ხალხიც დაგლიჯოს. ჩვენს უბანში, ცენტრალური დასახლების მიმდებარე ტყეები სავსეა მგლებით. ყოველ კვირაში თითო სული საქონელი მგლის ლუკმაა. ხალხი ტყეში ყოველ ნაბიჯზე ნახულობს,”- გვითხრა დარეჯან ხარატიშვილმა ქალაქ ტყიბულიდან.

ტყიბულის სოფელ ცუცხვათის მოსახლეობამ მტაცებლისგან დაცვა მონადირეებსაც სთხოვა, მაგრამ მათ მგელზე ნადირობა ჯერ არ დაუწყიათ.

“ცუცხვათში ჩვეულებრივი მოვლენაა მგლებისგან შინაური პირუტყვის განადგურება. საკმარისია საქონელი ღამე გარეთ დარჩეს…,”- გვითხრა ლილი გვენეტაძემ.

როგორც აღმოვაჩინეთ, მოსახლეობა გამოსავალს მხოლოდ მტაცებლის განადგურებაში ხედავს. მაგრამ სადაც ცხვარი მგლის შიშით არავის გაუწყვეტია, ვერც ყველა მგელს მოკლავ, შინაურ ცხოველზე თავდასხმის შიშით. 

სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობაა მგლის ისე განეიტრალება, რომ  სახეობაც გადარჩეს და საძოვარზე გაშვებული შინაური ცხოველიც. როგორ ართმევენ ამ საქმეს თავს?

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს რეგიონის პრობლემების გაშუქება, გახდით ჩვენი სპონსორი

რას არ\აკეთებს სახელმწიფო სოფლების მგლისგან დასაცავად 

საქართველოში მხოლოდ რუხი მგელის სახეობაა გავრცელებული. მათი რაოდენობის დეტალური აღწერა არასოდეს ჩაგვიტარებია. ამიტომ, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, წელს საქართველოში შარშანდელზე მეტი მტაცებელია თუ არა. 

რა რაოდენობაც უნდა იყოს, ფაქტია, შინაური პირუტყვის შეჭმას ახერხებენ. მაშინ, რა არის გამოსავალი?

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი ზურაბ გურიელიძე გვიხსნის, რომ მგელი საკმაოდ ჭკვიანი ცხოველია, თუ სადმე მასზე ნადირობას დაიწყებენ, სხვაგან გადავა და ამით პრობლემა არ მოგვარდებაო. მისი თქმით, მტაცებლებს ტყის სიღრმეში საკვები აღარ აქვთ. შესაბამისად, იქ გადმოინაცვლეს სადაც უფრო ხელმისაწვდომი სარჩო ეგულებათ.

გამოსავალი კი ტყეში მგლის საკვების, მაგალითად, ჩლიქოსნების მომრავლებაა, რაც სახელმწიფო ორგანოების მოვალეობაა. 

“იმერეთში , შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ არის ჩლიქოსნები. ამიტომაც, მგლები ეძებენ საკვებს, რომელიც მათთვის მისაწვდომია. თუ [საქონელს] ეყოლება მწყემსი, ეს თავდასხმები აღარ იქნება. მგელი არის გარეული მტაცებელი ცხოველი, რომელიც არ სცემს პატივს ჩვენს საკუთრებას. ჩვენ უნდა მოვუაროთ ჩვენს საკუთრებას,”- აგვიხსნა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურიელიძემ.

. ფოტო აო ნაკრესი
მგელი საქართველოს ტყეებში. ფოტო: “ნაკრესი”

როგორ უნდა მოვიგერიოთ მგელი, გაწერილია „გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესში.” და “ცხოველთა სამყაროს შესახებ” კანონში. ამ დოკუმენტების მიხედვით, გარეული ცხოველების რაოდენობა უნდა დაარეგულიროს მუნიციპალიტეტმა, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ამას კანონის ენაზე “გარემოდან ცხოველის ამოღებას” ეძახიან. 

როგორც ვნახეთ, ეს ჩანაწერი პრაქტიკაში ვერ სრულდება. იმერეთში ადგილობრივი მთავრობები მგლის მოგერიებაზე თავს არ იწუხებენ. ეს საქმე მოსახლეობას მიანდეს. 

მაგალითად, სოფელ ცუცხვათში ტყიბულის მერის წარმომადგენელმა ნოდარ ფორჩხიძემ გვითხრა, მგლის განადგურება მოსახლეობამ საკუთარი ძალებითაც უნდა მოახერხოს, ნადირობის ნებართვა ხომ აქვთ, წელს 5 მგლის და 20 ტურის მოკვლა შეუძლიათო.

თუმცა, საქმე ასე მარტივად არაა. “გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი” პროცესს ართულებს და აჭიანურებს. 

ანონით, ადამიანს შეუძლია თავდასხმისას დაუყოვნებლივ მოკლას მტაცებელი ცხოველი თავდაცვის მიზნით და ამისთვის არ დაჯარიმდება. გამოდის, რომ იმერეთში თუ მგელს გადაეყრებით, უფლება გაქვთ იარაღიც ესროლოთ.თუმცა, საკითხავი ისაა, ყველას აქვს თუ არა სამონადირეო უნარ-ჩვევები და აღჭურვილობა.

ასეთ დროს, როცა მოსახლეობა დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება მტაცებელს, დასახმარებლად უნდა მიმართოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. 

მთავრობას უნდა მოუყვნენ თავდამსხმელ ცხოველზე და თავდასხმის კონკრეტულ ადგილზე. მუნიციპალიტეტი ვითარებას გადაამოწმებს ადგილზე, გადაიღებს ფოტოებს, ვიდეოებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ზომებს.

ანუ, მგლებისგან თავდაცვა ორ შემთხვევაში შეიძლება. თუ დავინახავთ,რომ თავს დაგვესხა ჩვენ ან ჩვენს ძროხას, ავიღოთ თოფი და მოვკლათ. მეორე – თუ სადმე ჩვენს შინაურ ცხოველს შეჭმულს ვიპოვით, ვიფიქროთ რომ აუცილებლად მგელმა მოკლა და სამონადირეო ლიცენზია მოვითხოვოთ.

კანონის მიხედვით, ერთ ადამიანს აძლევენ განსაზღვრული რაოდენობის მგლის მოკვლის უფლებას. თუ თავდასხმები გაგრძელდება, სამინისტრო გაზრდის კვოტას. თუმცა, ლოგიკურად გვიჩნდება კითხვა, როგორ წყვეტს სახელმწიფო, რამდენ მგელზე ინადირონ, როცა მათი საერთო რაოდენობა არ ვიცით?

ზურაბ გურიელიძეს რომ ვკითხეთ, თუ იცის, ბოლოს როდის აღვწერეთ მგლის პოპულაცია, გვიპასუხა – “როგორ არ ვიცი, არასოდესო.”

გვსურდა გაგვეგო სტატისტიკური მონაცემები, როდის და რამდენი მგელი მოკლეს იმერეთის სოფლებში, რამდენი სამონადირეო ლიცენზია გაიცა ადგილობრივებზე, რამდენჯერ და რომელი სოფლებიდან შესჩივლეს სამინისტროს მტაცებლის მომრავლების შესახებ და თუ გაუშვეს იმერეთის ტყეებში ჩლიქოსნები. თუმცა, ამ კითხვების მთავარი ადრესატი, გარემოს დაცვის სამინისტრო ჩვენთან არ ურთიერთობს.

ორი თვის წინ, მათგან საჯარო ინფორმაციაც გამოვითხოვეთ, გვაინტერესებდა, როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება. 

პასუხი კანონით დადგენილ ვადებში რომ არ გვაღირსეს, ადმინისტრაციული საჩივარი გავაგზავნეთ, დავრეკეთ ცხელ ხაზზე , კანცელარიაში, შიდა აუდიტთან, მივწერეთ სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. რომ იტყვიან, “მოვკალით ცხრათავიანი გველეშაპი”.

პასუხი ვერც ერთი საკომუნიკაციო არხით მივიღეთ. სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, კი ბატონო, ჩვენი პასუხის გარეშე გამოაქვეყნეთ მასალაო. 

თუ სამინისტრო მედიასთან ასე ურთიერთობს, გასაგებია, როგორი კომუნიკაცია ექნება მტაცებლებით დაზარალებულ იმერელ გლეხებთან.

სანამ მთავრობა დუმს, ხალხი ზარალდება და ვინ იცის, ამ სტატიის მომზადების პროცესში კიდევ რამდენი შინაური ცხოველი შეუჭამათ მგელმა.

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს რეგიონის პრობლემების გაშუქება, გახდით ჩვენი სპონსორი
Next
2022 წლის ანგარიში
Screenshot 2023 02 01 at 12.26.54

2022 წლის ანგარიში

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share