ავტორები: მანანა ღოღობერიძე, ანა ჭეიშვილი, შუქურ ალი
“ძალიან მომთმენები ვართ მოხევეები, არ გვიყვარს ზედმეტად არავის შეწუხება. მოხევეს აქვს მოთმინების ძალიან დიდი ფიალა და რომ ივსება, მერე უკვე ადვილად გადმოდის,“ – გვითხრა შორენა ჩქარეულმა სოფელ სიონიდან.
როგორც ჩანს, ყაზბეგში იმდენი პრობლემაა, რომ მომთმენი მოხევეებიც ვეღარ მალავენ სათქმელს.
ყაზბეგელები გვიყვებიან, რომ წყალი ან გრაფიკით მოდის, ან მოდის, მაგრამ ისეთი დაბინძურებული, რომ დასალევად არ გამოდგება. აფთიაქები არ აქვთ და წამლის საყიდლად რაიონის ცენტრამდე 10 კილომეტრის გავლა უწევთ იმ გზებით, რომელიც ზოგ ადგილას დანგრეული და მოშლილია. სანიაღვრე არხები არ არის, ამიტომ თოვლის ნადნობი წყალი გზებზევე გუბდება. გზები მოუწესრიგებელია სტეფანწმინდაშიც, ცენტრთან ახლოს, სადაც ტურისტები ხშირად რჩებიან.
სოფლის ამბულატორიაში არ არის გაზი და ზამთარში პაციენტები ოჯახის ექიმს სახლში აკითხავენ. რიტუალების სახლებში არც საპირფარეშოებია და არც წყალია შეყვანილი სამზარეულოში. ყაზბეგს არ ჰყავს რეანომობილი და მძიმე პაციენტებს თბილისში გადასაყვანად საათობით უწევთ ლოდინი. მუნიციპალიტეტი არც ხანძრისთვის არის მომზადებული. სახანძრო მანქანები გაუმართავ მდგომარეობაშია და ცეცხლის დროულად ჩაქრობას ვერ ახერხებენ. ამ პრობლემებზე ადგილობრივებმა სტეფანწმინდაში და ყაზბეგის ოთხ სოფელში, ხურთისში, ყანობში, სიონსა და გარბანში გვიამბეს.
როგორც ჩანს, ადგილობრივ მთავრობას მოსახლეობისგან ეს ამბები არ სმენია, ან იციან და მაინც ყურადღების მიღმა ტოვებენ. მიუხედავად პრობლემების ვრცელი სიისა, ყაზბეგის მერია გამოყოფილ ბიუჯეტს მთლიანად ვერ ხარჯავს ხოლმე და წლის ბოლოს მილიონობით ლარი რჩებათ აუთვისებელი. არადა, ადგილობრივებმა მათ თავი ბევრჯერ შეახსენეს. წინასაარჩევნოდ დაპირებებიც მიუღიათ, თუმცა უშედეგოდ.
დავინტერესდით, რა იყო იმის მიზეზი, რომ ამდენი მოსაგვარებელი საკითხის ფონზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მილიონობით ლარი ვერ დახარჯა. გვინდოდა ყაზბეგის მერისთვის გვეკითხა, რამ შეუშალათ ხელი, რომ დარჩენილი თანხებით დაბა სტეფანწმინდის და მიმდებარე სოფლების პრობლემები გადაეჭრათ.
ალექსანდრე ზაგაშვილთან შესახვედრად მერიაში რამდენიმეჯერ მივედით, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი მივიღეთ. მერმა ჯერ გვითხრა, ადგილზე კი ვარ, მაგრამ მთელი დღე ვერ მოვიცლი, ბევრი მოქალაქე მელოდება რომ გავესაუბროო. თუმცა, ჩვენი იქ ყოფნისას, მერთან შეხვედრის მომლოდინე მოქალაქეები არ დაგვინახავს. რამდენიმე საათში მერიაში ხელმეორედ მივედით, ამჯერად ალექსანდრე ზაგაშვილი სამუშაო საათების პერიოდში ადგილზე არ დაგვხვდა. ვერ შევხვდით ვერც მერის მოადგილეებს.
“მოხევე რომ წყალს იყიდის, სირცხვილია”
“ტალახი მოდის, ბაყაყი მასდევს, მაგრამ პატრონი არ გვყავს. არ დაილევა ეგ წყალი, დავდივართ, ხან საით მოგვაქ და ხან საით. გაბანითაც ვერ გაიბანები, უფრო ჭუჭყიანი ტანი გექნება. ნახევარი სოფელი უწყლოდ ვართ,” – გვიყვება ზურაბ ბუჩუკური ქვემო გარბანიდან.
სოფელი გარბანი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო გარბანი. მათ წყალი სხვადასხვა ავზიდან მიეწოდებათ. ქვემო გარბანში გვითხრეს, რომ წყალს ვერ სვამენ, რადგან ქვიშის და ღორღის გარდა, ცოცხალი ორგანიზმებიც მოჰყვება. ამიტომ, წყალს ჭურჭლით სხვა სოფლებიდან ეზიდებიან.
“ვისაც მანქანები ჰყავთ, მიდიან და კალისტრებით მოაქვთ დაბლა სოფლიდან, ჩემი ქმარი სამ დღეში ერთხელ არის სახლში, მაშინ მომაქვს და მიდგას კალისტრი. გემო, ბოდიში და ნაგვის გემო აქვს. იმიტომ, რომ საქონელი დადის მთაში და გადიან-გამოდიან იმ წყალში. მერე ის წყალი მოდის აქ. მითუმეტეს, ზაფხულში საქონელს რეკავენ მთაში და ის საქონელი აბინძურებს,” – გვითხრა მზია გელაძემ ქვემო გარბანიდან.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ზემო გარბანის ავზი ქვემოსას კი სჯობს, მაგრამ მხოლოდ იმით, რომ ჭუჭყი და ნაგავი თვალით არ ჩანს.
“სასმელი წყალი მილიდან რაც გადმოდის, თვალთ შესახედად სუფთად ჩანს. სოფლის ქვემოთა მხარეც ამ წყალს იყენებს. ამოდიან, მიაქვთ სახლში იმიტომ, რომ ის წყალი, ქვედა მხარეს რომ მიეწოდება, თვალით შესამჩნევად დაბინძურებულია, ურევია სხვადახვა შავი რაღაც, ჭიები და ცოცხალი ორგანიზმები,” – ამბობს გუგუა ხეთაგური. ის თბილისში ცხოვრობს, სოფელში დასასვენებლად ჩადის ხოლმე და ყველაზე მეტად ჭუჭყიანი წყალი აწუხებს.
ჩვენ ორივე ავზი ვნახეთ. უკეთესიაო რომ ამბობენ, ის ავზი ძველი და დაჟანგულია, შიგნით რომ ჩავიხედეთ, ჭუჭყი და ობობის ქსელები იყო. ავზს სახურავი კარგად არ ეფარა, ამიტომ წყლის ზედაპირზე ნაგავიც ბლომად ეყარა.
“ეს ავზი კომუნისტების დროს არის გაკეთებული, მაშინ რომ ტრუბები ჩაიყარა, მაშინდელია. იმის მერე არაფერი ჩატარებულა, არ განახლებულა,” – გვითხრა ადგილობრივმა თედო წყლისაშვილმა.
მეორე ავზი, საიდანაც ქვემო გარბანს ტალახიანი წყალი მიეწოდება, სოფელ გაიბოტენში, მთაზე, მდინარის სათავესთანაა. ვნახეთ რომ ისიც ძველი, დაჟანგული და დაბინძურებულია. ამას კი ის ემატება, რომ აქ საქონლის საძოვრებია და პირუტყვი დადის იმ არხებში, საიდანაც წყალი ავზში გროვდება. წყალი მილებში ფილტრის გარეშე მიდის.
წყალმომარაგების სისტემის გამართვა იყო ერთ-ერთი პრიორიტეტი 2017 წელს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმაში. მოუწესრიგებელი წყალმომარაგება რომ ყაზბეგის მნიშვნელოვანი პრობლემაა, გასულ წელს, ყაზბეგის განვითარების ჯგუფის კვლევაშიც წერია. კვლევა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ “People in Need”-მა მოამზადა.
წყლის სისუფთავე ერთი პრობლემაა, მისი საკმარისობა – მეორე. დაბა სტეფანწმინდაში წლების განმავლობაში, სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდებოდათ. თანაც დაბის ცენტრში, სადაც საოჯახო სასტუმროებია და ტურისტების გამასპინძლება უწევთ. ადგილობრივების თქმით, ყაზბეგში დამთვალიერებლების რაოდენობა რომ გაიზარდა, წყლის ერთი ავზი აღარ ჰყოფნიდათ.
“აკეთებენ გაყვანილობას, მაგრამ არ ამატებენ “ბასეინს.” მყინვარიდან მოდის, მაგრამ თვითონ რეზერვუარი არ არის იმდენი, რომ ეყოს. ძალიან ბევრი სასტუმროა. ადრე თუ თითო კრანი ჰქონდათ, დღეს ყველას სახლში უკვე თორმეტი და თოთხმეტია. ახლა, რაც ეს კორონავირუსია და არ არიან ტურისტები, ათასში ერთხელ კეტავენ, მაგრამ როცა ტურისტები მოდიან, კეტავენ დილით და საღამომდე არ არის. ყოველ არჩევნებზე პირველი დაპირებაა, რომ წყალს ეშველება. ნაგებობები, ავზები გაკეთდება, მაგრამ არაფერი, იგივე სიტუაციააა,”- ამბობს თედო წყლისაშვილი.
უამინდობის დროს წყლის რეზერვუარი ზიანდება. მის შესაკეთებლად ჯგუფი დუშეთიდან ჩამოჰყავთ და წყლის აღდგენას რამდენიმე დღეც სჭირდება ხოლმე.
“ბოლოს, რაც მახსოვს მწარედ, სამი დღე არ იყო წყალი, ზაფხულში, აგვისტოში. თან სტუმრები გვყავდა. მერე დაიარეს და არიგებდნენ ცისტერნებით, იმიტომ რომ ლამის აჯანყდა ხალხი. ჩემი ბაკი ზემოთაა და ვერ მიწვდებოდა წყალი აქედან. წვიმა დაემთხვა და ისე გაგვიხარდა, ის წვიმის წყალი ვაგროვეთ,” – იხსენებს ნათია ჩიბაშვილი.
სტეფანწმინდელები ამბობენ, რომ ბოლო ორი თვეა, წყალი უწყვეტად აქვთ. თუმცა, ამ პრობლემისთვის არავის მიუხედავს ბოლო წლებში, როცა მუნიციპალიტეტს ბიუჯეტიდან თანხები აუთვისებელი რჩებოდა.
“არ მინდა ამ გზაზე ავიარ-ჩავიარო, ვცდილობ მოვუარო და ისე მივიდე”
მოხევეებს კარგი გზა არ აქვთ არც სოფლებში და არც დაბის ცენტრში, ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილას. სტეფანწმინდაში ტაბიძის და 9 აპრილის ქუჩები დანგრეულია, ადგილობრივები მანქანით ამ გზის გავლას თავს არიდებენ და გრძელი გზით შემოვლა ურჩევნიათ.
“იუსტიციიდან რომ ადიხარ, ის ქუჩა საერთოდ არ ვარგა, საშინელი ქუჩაა. მე მაგალითად, არ მინდა ხოლმე, რომ ამ გზაზე ავიარო-ჩავიარო. ახლაც დავარტყი წრე, რომ სწორ გზაზე მევლო,” – გვითხრა სტეფანწმინდაში მცხოვრებმა ნინო ბერიკაშვილმა.
“რამდენი ხანია გვპირდებიან, მაგრამ არ გაკეთებულა. ოთხი წლის წინ დაგვპირდნენ, არჩევნების დროს, ქუცნაშვილი რომ იყო მოსული, მახსოვს ვიყავი ჩასული და გზები გაკეთდებაო,” – ამბობს ნათია ჩიბაშვილი, რომელიც 9 აპრილის ქუჩაზე ცხოვრობს.
სოფელ ხურთისს მისასვლელი გზაც დანგრეული აქვს და შიდა ქუჩებიც. აქ არც სანიაღვრე არხებია და თოვლის დნობის შემდეგ, წყალი გზებზე მდინარესავით მოდის. ადგილობრივების თქმით, უგზობის გამო, სოფლის სამარშრუტო ტაქსი მხოლოდ სოფლის შესასვლელამდე მოდის, დანარჩენი გზის გავლა კი ფეხით უწევთ.
“ადგილობრივი “მარშუტკა” დადის, ხურთისი-ყანობი, მაგრამ დაბლა ჩერდება, ზევით არ ამოდის. ზამთარში საერთოდ ტრასასთან ტოვებენ მგზავრებს, ხიდთან ჩამოყრის ხოლმე და აქეთ ფეხით დადიან ბავშვებიც და სხვებიც. ბავშვები ყაზბეგში დადიან, აქ არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი,” – ამბობს რამაზ ჩქარეული ხურთისიდან.
“ვითომ იყო საუბარი, მაგრამ… ორი წელია გვატყუებენ. გზა და სანიაღვრე თუ არ გაკეთდა, ეს წყალი სულ ასე იდენს, ყოველ გზაფხულს ეგრეა, თოვლი რო დადნება, მოსახლეობას სარდაფებში გამოუვარდება და გამოდის გზაზე. გინდაც ასფალტი დააგონ, მაინც ასეთი მდგომარეობა იქნება, ზედ ივლის წყალი, სანიაღვრე თუ არ გაუკეთეს. ერთადერთი, მაშინ კანალიზაციას უნდა დაუერთონ და მერე კანალიზაცია გაგვიფუჭდება,” – გვიყვება ამირან ჩქარეული ხურთისიდან.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან მორჩენილი თანხებით ხურთისში რამდენიმე პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა. აუთვისებელი თანხები გზების და სანიაღვრე არხების მოწესრიგებასაც გაწვდებოდა და რიტუალების სახლში საპირფარეშოს მოწყობასაც.
სოფელში რიტუალების სახლი 2017 წელს გაიხსნა. მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 ათას ლარამდე დაიხარჯა. მიღება-ჩაბარების აქტში კი წერია, რომ სახლს სველი წერტილები აქვს, მაგრამ ჩვენ რომ ვნახეთ, იქ არც საპირფარეშო იყო, არც წყალი და არც კანალიზაცია. სამზარეულოში წყლის ონკანი კი დგას, მაგრამ მასზე წყლის მილი არ არის მიერთებული.
“ერთადერთი – დენია დაერთებული, წყალი მანდ არ მოდის. არ არის საპირფარეშო, ჩემთან შემოდიან სტუმრები და იქ იმასშვებიან. ელემენტარულად, ტუალეტი სჭირდება ხალხს, ხო? კი ვუთხარით გამგეობას, მაგრამ არანაირი ყურადღება არ გვაქვს,” – გვითხრა სოფლის მესაფლავემ, დემურ პატაშვილმა. ის რიტუალების სახლის გვერდით ცხოვრობს. როგორც ამბობს, დაკრძალვებისას სამზარეულოში საჭმელი რომ მოამზადონ, წყალიც თავისი ეზოდან გადაჰყავს რეზინის მილით.
“Ნოემბერია, გათბობის გარეშე ვმუშაობ და თან ვისრეს ხელებსა”
ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტი სრულად რომ გამოეყენებინა, შესაძლოა, სტეფანწმინდას და მიმდებარე სოფლებს უკეთესი სამედიცინო მომსახურება ჰქონოდათ. სოფლებში არ არის აფთიაქი და მთლიან მუნიციპალიტეტს არ ჰყავს რეანომობილი.
“ჩემი ძმა ავარიაში მოყვა ფანშეტში, ტერმინალთან, მანქანები რომ დგანან გზაზე. რეანომობილი თბილისიდან წამოვიდა და აქედან უნდა გადაეყვანა. თან თოვლი იყო და გადავიდა თუ არა რეანომობილი უღელტეხილზე, გზა ჩაიკეტა. ხალხი ამბობდა, ბედი ჰქონიაო. 2.5 საათი ხომ უნდა აქედანაც და ბეწვზე ჰკიდია პაციენტის სიცოცხლე,” – გვიამბობს სტეფანწმინდაში მცხოვრები ნათია ჩიბაშვილი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სულ სამი ოჯახის ექიმი და სამი ამბულატორიაა. ერთ-ერთი სიონში მდებარეობს. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში სწორედ ის არის. ამბულატორია 2019 წელს შეაკეთეს, თუმცა გაზი არ შეუყვანიათ. ზამთარში პაციენტები ოჯახის ექიმს სახლში აკითხავენ, რადგან ექიმის კაბინეტში გაუსაძლისი სიცივეა.
“პირველ რიგში, გაზი მინდოდა რომ შეეყვანათ და არ შეუყვანიათ. ღუმელი მიტანილი აქვთ და გაზი არაა. სიცივეში ვერ გავიდოდი და ახლა გავლაგდები, უკვე გაზაფხულია და… ზამთარში სახლიდან ვმუშაობ, სახლში უფრო მაქვს პირობები. აბა, იქ სიცივეში როგორ ვიქნები? მაისში გავიყვანთო და იქნებ შემოდგომისთვის გვქონდეს. ინტერნეტიც გაიყვანეს, როცა მჭირდება წამლების ელექტრონულად გამოწერა, გავდივარ, სანამ გავძლებ იმ სიცივეში, გამოვწერ და მოვდივარ,” – გვითხრა სიონის ამბულატორიის ოჯახის ექიმმა მერი როსტომაულმა.
ამბულატორიას არ აქვს ცალკე სივრცე, ის სოფლის ბიბლიოთეკასთან იყოფს შენობას. მოუწესრიგებელია ეზოც, შენობის შესასვლელში სამშენებლო ნარჩენები ყრია.
“სივრცე პატარაა, არ მყოფნის, მარა, აბა, ვინ მომცემს ახლა. წესით, ეგ მთლიანი შენობა ჩემი რომ იყოს, ე, მაშინ კარგა ვიქნებოდი, მარა აბა,” – ამბობს მერი როსტომაული.
2016-2019 წლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან ვერ აითვისა 13 მილიონამდე ლარი. ფაქტია, რომ მათ ამის ფუფუნება არ უნდა ჰქონოდათ.
სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.