fbpx

ვინ და როგორ (ვერ) აშენებს როკადას საქართველოში?

ვინ როგორ ვერ აშენებს როკადას საქართველოში

ავტორები: ია ასათიანი და ნანუკა ბრეგაძე

ჩვენი ქვეყნის უახლეს საომარ წარსულს თუ გავითვალისწინებთ, რთული მისახვედრი არ არის, რომ რუსულ ჯარს კვლავ შეუძლია ადვილად გახლიჩოს ძირითადი მაგისტრალი და გზა გადაუკეტოს დასავლეთ და აღმოსავლთ მიმართულებაზე მყოფ სამხედრო დანაყოფებს. შეგახსენებთ, რომ რუსების უახლოესი სამხედრო ბაზა ჩვენი ცენტრალური მაგისტრალიდან ოთხ კილომეტრში, სოფელ ორჭოსანში, ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე  მდებარეობს.

2008 წელს რუსეთთან ომმა ნათლად დაგვანახა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის შემოვლით გზას ქვეყნისთვის სტრატეგიული და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ერთადერთი სრულფასოვანი შემოვლითი გზა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთთან აკავშირებს, ახალციხის გავლით ხულომდე მიდის. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში როკადა სწორედ ეს გზა შეიძლება იყოს.

როკადა სამხედრო ტერმინია და ფრონტის ხაზის პარალელურ გზას ნიშნავს.

ახალციხე ხულო

“ამ გზას, შეიძლება ითქვას, როკადას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ის იქნება ერთადერთი სიცოცხლის გზა, რომელიც დააკავშირებს მთელ საქართველოს. ის გაივლის უსაფრთხო დაშორებით თურქეთის საზღვრიდან, რაზეც ზემოქმედება რუსებს ასე თუ ისე გაუჭირდებათ, ვინაიდან თურქეთის საზღვრის სიახლოვე თავის გავლენას იქონიებს,” – გვიხსნის გენშტაბის ყოფილი უფროსი, ვახტან კაპანაძე, რომელიც იქამდე პოლონეთის დესპანი იყო  და საგარეო დაზვერვაშიც მუშაობდა.

კაპანაძის თქმით, სულაც არ არის აუცილებელი, ცენტრალურ მაგისტრალზე მოწინააღმდეგის ჯარების ფიზიკური ყოფნა. ნებისმიერ შემთხვევაში, მაგისტრალი ხვდება საცეცხლე დაზიანების მანძილზე, შესაბამისად, სამხრეთის მაგისტრალის განვითარება აუცილებელია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.

აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა ახალციხეს გაივლის და სოფელ ზარზმიდან ხულოს უკავშირდება. მისი სიგრძე 47 კმ-ა. გარდა იმისა, რომ ეს გზა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ასევე რეგიონის ეკონომიკური განვითარებაშიც შეუძლია მონაწილეობა. კურორტი გოდერძი ამ გზის არსებობით განვითარდებოდა და მეტ სარგებელს ნახავდა.

“ქართულმა ოცნებამ” ამ პროექტზე საუბარი 2015 წელს დაიწყო, მის განსახორციელებლად  2016-17 წელს სესხიც აიღო, მილიონებიც დახარჯა, თუმცა, 47 კმ-ანი გზის მშენებლობა მეექვსე წელია ვერ დასრულდა. ჯერ მხოლოდ 10 კმ-ზეა დაგებული საფარი.

“მე სოფლის იმამი ვარ და ნათქვამი რომ არის, “წყაროზე რას ლაპარაკობენ ის მითხარიო,” ამ გადასახედიდან გეტყვით ხალხის აზრს… მეც შევამჩნიე და ყველა ამას ამბობს, რომ უხარისხოდ კეთდება, მაგრამ ჩვენ, გლეხ ხალხს, არჩევანის გაკეთება გვიწევს ცუდსა და უარესს შორის. ამიტომ ის ცუდი ვირჩიეთ, ოღონდ გზა იყოს… .” – გვითხრა ამირან პაპიძემ სოფელ დანისპარაულიდან.

ახალციხე-ხულოს დამაკავშირებელი გზა
ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი. ფოტო გადაღებულია 2022 წლის 18 ოქტომბერს

ეს იმიტომ ხდება, რომ მთავრობამ გზის მშენებლობა ყოველ ჯერზე საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებს ანდო.

სიმბოლურია, რომ პროექტზე საუბარი 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა მისი პრემიერობის პირველი ვადის დროს დაიწყო. ახლა ის ისევ პრემიერია, თუმცა ხულო-ზარზმის გზა, დაახლოებით  იგივე მდგომარეობაშია, როგორც 2014 წელს ღარიბაშვილის პრემიერობისას იყო.

კითხვა, რომელიც ლოგიკურად ჩნდება: ადარდებს პრემიერ ღარიბაშვილს ქვეყნის უსაფრთხოება და რეგიონის ეკონომიკური განვითარება? პასუხს ფაქტები გიკარნახებთ.

რა მნიშვნელობა აქვს ახალციხე-ხულოს დამაკავშირებელ გზას?

2007-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია იყო. ახლა ის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო გეოპოლიტიკის საკითხებს სწავლობს. მისი დაკვირვებით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელ  ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას უფრო ავითარებს, ვიდრე აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებას.

ქუთელია ფიქრობს, რომ უნდა ველოდოთ პროვოკაციებს მთავარ მაგისტრალზეც. შესაბამისად,  საჭიროა, გვქონდეს დაცული ალტერნატივა.

“ თუ ვსაუბრობთ, რომ საქართველო არის დამაკავშირებელი რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას, ასევე ცენტრალურ აზიასა და ევროპულ ბაზრებს შორის, რუსეთის სანქციების ფონზე კი ტვირთების ნაკადი იზრდება… თუ საქართველო ხდება ალტერნატიული გზის გამტარი, მაშინ იზრდება იმის ალბათობა, რომ რუსეთი ეცდება ეს გზა ჩაკეტოს ან თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს,” – გვეუბნება ქუთელია.

მისი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ ალტერნატიული გზა იქნებოდა დამოუკიდებელი მაგისტრალი, რომელიც მთავარ მაგისტრალთან სხვადასხვა გვირაბით თუ გადასასვლელით იქნებოდა დაკავშირებული და შექმნიდა ქსელს.

“მარტო სამხედრო კი არა, ბუნებრივი კატასტროფების, ლოკალური ინციდენტების დროს მოქნილობის ხარისხს გაგვიზრდიდა,” – ამბობს ქუთელია.

ახალციხე ხულოს დამაკავშირებელი გზა ჯერ არ დასრულებულა
ხულო-ზარზმის გზა. მონაკვეთზე მუშაობს “სინოჰიდრო”

გარდა უსაფრთხოების გარანტიებისა, ალტერნატიულ გზას შეუძლია ქვეყანას და რეგიონს ეკონომიკური სარგებელიც მოუტანოს. კურორტ გოდერძის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციაში წერია, რომ სამხრეთის მარშრუტის გააქტიურება ხელს შეუწყობს სომხეთიდან ზღვისკენ მიმავალი როგორც ტვირთის, ისე მგზავრთნაკადის გაზრდას. ეს ყველაფერი კი სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მაცხოვრებლებს, განავითარებს მათ ბიზნესს, გააჩენს სამუშაო ადგილებს და წაადგება ერთიან სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

დოკუმენტში ისიც წერია, რომ ალტერნატიული, სამხრეთის მარშრუტი განტვირთავს უკვე არსებულ სატრანსპორტო ქსელს.

ის, რაც დოკუმენტში წერია, თვალსაჩინოა ბათუ ქუთელიასთვისაც. ისიც ხედავს, რომ ახლა საქართველოს აქვს შანსი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, იპოვოს საკუთარი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

“ყველა ლოგიკით, ეს გზა არის მნიშვნელოვანი და რუსეთის სანქცირების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა მისი მნიშვნელობა. მაგრამ აქ ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან აცდენას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესებსა და არსებული ხელისუფლების ვიწრო-პარტიულ, პოლიტიკურ თუ პირად ინტერესებს შორის, რომელიც დიამეტრალურად სხვა მიმართულებით არის,” – გვეუბნება ქუთელია.  

გარდა იმ ზოგადი ეკონომიკური სარგებელისა, რომელსაც სამხრეთის მარშრუტი მთელ რეგიონს მოუტანს, გასათვალისწინებელია მისი მნიშვნელობა კურორტ გოდერძის განვითარების საქმეშიც.

კურორტი გოდერძი ტურისტებს ყველა სეზონზე იღებს. ზამთარში სათხილამურო კურორტია, დანარჩენ სეზონებზე კი სალაშქრო, რომელიც სუფთა ტენიანი ჰაერით, ხედებით და ხელუხლებელი ტყის ბუნებით გამოირჩევა. კურორტმა პირველი ტურისტები 2015 წელს მიიღო, ამჟამად კურორტ გოდერძზე და მის მიმდებარე სოფლებში 20-ზე მეტი სასტუმრო, კოტეჯი და საოჯახო ტიპის სახლია.

2017 წელს მთავრობამ ცენტრალური გზიდან გოდერძიმდე მისასვლელი და შიდა საკურორტო გზის კეთილმოწყობა 4 მილიონი ლარით დააფინანსა. ეს მაშინ, როცა ცენტრალური გზა დღემდე მოუწესრიგებელი და დაუსრულებელია.

goderdzi ski resort kotejebi
კურორტი გოდერძი. ფოტო: Georgian Travel Guide

თბილისიდან გოდერძიმდე ბათუმის გავლით რომ ჩახვიდეთ, მაღალი გამავლობის მანქანით 10 საათი დაგჭირდებათ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარადან ასფალტიანი გზა არ არსებობს.

კურორტ გოდერძის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე, 2016 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ამ ადგილის განვითარება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუჯობესებდა, აჭარაში ტურისტულ სეზონს გაახანგრძლივებდა, ინვესტიციებს მოიზიდავდა და ადგილობრივებს დაასაქმებდა. 

რუსიკო მგელაძემ კურორტ გოდერძიზე საოჯახო სასტუმრო 2022 წელს გააკეთა. ამბობს, რომ ახლა კარგი სეზონი აქვთ, ტურისტები არიან. თუმცა, საგზაო ინფრასტრუქტურა პრობლემაა და იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ეს პრობლემა მოგვარდება და მეტი ტურისტი ეყოლებათ.

“სამუშაოების გამო შეფერხებები არის გზაზე, მაგრამ ცდილობენ, გზები იყოს გაწმენდილი. ზოგს უყვარს ექსტრემალური სიტუაციები და არ აქვთ პრობლემა, მაგრამ არის თითო-ოროლა ტურისტი, რომელიც გამოხატავს უკმაყოფილებას გზაზე,” – გვითხრა მგელაძემ.

ამირან პაპიძემ საოჯახო სასტუმრო “ანრი” 6 წლის წინ, კურორტ გოდერძის განვითარების გეგმის გაჟღერების პარალელურად გახსნა. ამბობს, რომ მოუწესრიგებელი გზის საფარი ზამთარში იმდენად ხელს არ უშლით, რამდენადაც სხვა სეზონზე. ზამთარში, მთავარია, თოვლი გაიწმინდოს. ზაფხულში კი პოლონელ სტუმარს უთქვამს, მიუხედავავ საოცარი ბუნებისა, აქ რომ ყველაფერი უფასო იყოს, გზის გამო მაინც აღარ ამოვალო.

“ყოველდღე, თითქმის, ევაკუატორი დადის, დაბალი გამავლობის მანქანებითაც მოდიან, უჭირთ გადასვლა, რადგან ორმოებია და ხან კარტერი ჩაარტყა, ხან გაუფუჭდა,” – ამბობს პაპიძე “აი, ფაქტთან” ინტერვიუში.

ისიც გვითხრა, რომ გასულ წლებთან შედარებით, 2022 წელს უკეთესად მიმდინარეობდა გზის სამუშაოები, თუმცა 2023 წელს დასრულების იმედი არ აქვს: “ვერ მომთავრდება, დღე და ღამეც რომ მუშაობო.”

კურორტ გოდერძიზე საოჯახო სასტუმროების გარდა დიდი ქსელური სასტუმროებიც არის. მათი  მშენებლობისთვის 2019-2021 წლებში სახელმწიფო პროგრამამ “აწარმოე საქართველოში” 1.6 მილიონი ლარი დახარჯა.

საეჭვო ტენდერი 

ჩვენ გზის სანახავად ოქტომბერში ვიყავით. სამუშაოების დათვალიერება ხულოდან დავიწყეთ. გოდერძის უღელტეხილამდე ისე მივედით, რომ გზად მხოლოდ ერთი მუშა, ერთი მომუშავე და სამი გაჩერებული ტრაქტორი შეგვხვდა. უღელტეხილამდე გზა არც მოშანდაკებული იყო და არც  გასწორებული. სანიაღვრეები ერთმანეთს აცდენილი, გაბიონები დაზიანებული და დაშლილი.

“სინოჰიდროს” მოწყობილი სანიაღვრე არხი დიოკნისთან

ხულო-გოდერძის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ქუვეითის ფონდის მიერ გამოყოფილი სესხით დავიწყეთ. სესხის ხელშეკრულება  2017 წლის 17 იანვარს გავაფორმეთ. 70 მილიონ ლარამდე სესხი 2.5%-ში, ხუთწლიანი საშეღავათო პერიოდით მოგვცეს, 25 წლით. გამოდის, მისი პროცენტის გადახდა უკვე დაწყებული უნდა გვქონდეს. გზა კი რომელიც ახლა სრული დატვირთვით უნდა მუშაობდეს, ჯერ სანახევროდაც არ არის დაგებული.   

2018 წელს ტენდერში გამარჯვებულად იტალიური კომპანიის ფილიალი, Todini Costruzioni Generaly გამოაცხადეს. ტენდერში სულ 4 კომპანია მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი, Sadeem al Kuwait for General Trading & Contracting Company სამუშაოების შესრულებისთვის ტოდინზე 20 მილიონი ლარით იაფს, 90 მილიონს ითხოვდა. “ტოდინი” კი 110 მილიონს.

ამ დროისთვის “ტოდინი” და მისი საქმიანობა საქართველოს გზების დეპარტამენტისთვის უკვე ცნობილია. ისიც მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ ეს კომპანია სამუშაოებს დათქმულ ვადაში არ შეასრულებდა, ისე როგორც არ ასრულებდა 2017 წელს წამოწყებულ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობას.  

ახალციხე ხულოს დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები თითქმის არ მიმდინარეობს
“ტოდინის” გაჩერებული ტექნიკა სოფელ დიოკნისში. ფოტო გადაღებულია 2022 წლის 18 ოქტომბერს

თუმცა საქმე არამხოლოდ საქართველოში ჰქონდა გაფუჭებული, არამედ უკრაინასა და აზერბაიჯანშიც.

მიუხედავად იმისა, რომ გზების დეპარტამენტს შეეძლო “ტოდინი” არ აერჩია, რადგან ტენდერის ფორმატი ამის საშუალებას აძლევდათ, მათ არჩევანი მაინც ამ კომპანიაზე შეაჩერეს. ოფიციალურ წერილში კი გვიპასუხეს, რომ კომპანიის დისკვალიფიკაციას მარტო ვერ გადაწყვეტდნენ.

“საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე პროექტების ფარგლებში შესყიდვის შედეგები თანხმდება დამფინანსებელ ორგანიზაციასთან, რომელმაც შესაძლოა დისკვალიფიკაციისთვის არასაკმარის საფუძვლად მიიჩნიოს ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება და ვერ მოხდეს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია,” – გვიპასუხეს საგზაო დეპარტამენტიდან.

შესაბამისად, რაც მოსალოდნელი იყო, ის მოხდა. ხულო-ზარზმის მონაკვეთზე იტალიურმა კომპანიამ სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო და ვერ დაასრულა. ხელშეკრულების თანახმად, “ტოდინს” ხულო-ზარზმის მთლიანი მონაკვეთი 2020 წლის ოქტომბრისთვის უნდა დაესრულებინა.

როგორც ადგილზე მისულებს ადგილობრივებმა გვითხრეს, “ტოდინმა” სამუშაოები ერთ დღეს უბრალოდ შეწყვიტა. მიატოვა მისი ტექნიკა და მას შემდეგ იქ აღარავინ გამოჩენილა.

ადგილზე მართლაც არის მიტოვებული ტექნიკა, ჩვენ ტოდინის 16 ტრაქტორი დავთვალეთ.

სოფელ დიოკნისში არის ტექნიკური ბაზაც, რომელშიც კომპანიის პერსონალი ცხოვრობდა. აქ ყველაფერი დაზიანებულია, მინები ჩამსხვრეული, ჭერი ჩამოვარდნილი, საწოლები და სხვა ნივთები დანესტილ-გაფუჭებული. როგორც ჩანს, იქ კარგა ხანია დარაჯიც კი არ ყოფილა, არათუ მუშები. 

“ტოდინი” საქართველოში 2009 წელს გამოჩნდა და 2017 წლამდე გააკეთა ქუთაისი-ზესტაფონის გზა, ქუთაისის შემოვლითი გზა, გორის გვირაბები და  თბილისი-სენაკი-ლესელიძის 15 კმ-ანი მონაკვეთი.

საბოლოოდ, 2020 წლის თებერვალში, სამუშაოების ვადის დასრულებამდე შვიდი თვით ადრე, მაშინ როცა პროექტი დასკვნით ფაზაში უნდა ყოფილიყო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა “ტოდინთან” ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მაშინ არცერთი მეტრი გზა არ იყო დაგებული. გზების დეპარტამენტმა მოგვწერა, რომ კომპანიისთვის თანხა არ ჩაურიცხავთ. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება არ შეგვიძლია, რადგან ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის და მხოლოდ სამინისტროს განცხადებას უნდა ვენდოთ. გზების დეპარტამენტის თქმით, კომპანიის გარანტორმა ბანკმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 11 მილიონი ლარი ჩარიცხა.

“ტოდინი” თაღლითურ სქემებში სხვადასხვა ქვეყანაშიცაა მხილებული. მაგალითად, 2018 წელს ყაზახეთში მოისყიდა ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე, რომელსაც ტენდერის მოსაგებად  50,000 აშშ დოლარის ქრთამი გადაუხადა. გამოძიებისას ასევე დააკავეს todini-ის ფილიალის კომერციული დირექტორი ალმათიში აზიმკან ჟუსუბალიევი. ამ ამბავს ტრანსპორტის მინისტრის გადადგომა მოჰყვა.

აზერბაიჯანში, ალათ-ასთარის გზის სამუშაოებში “ტოდინი” გენერალური ქვეკონტრაქტორი იყო. კომპანიამ იქაც ვადები დაარღვია, თანამშრომლებს დაბალ ხელფასს უხდიდა, სამუშაოებიც უხარისხოდ შეასრულა და მთავრობამ ტენდერი შეუწყვიტა. აღნიშნულ პრობლემებზე აზერბაიჯანული მედია 2011 წლიდან წერდა.  საბოლოოდ კონტრაქტიც შეწყდა და 2015 წელს კომპანიამ აზერბაიჯანი დატოვა.

“ტოდინს” პრობლემური ურთიერთობა აქვს უკრაინის საავტომობილი გზების დეპარტამენტთანაც.  კიევი-ოდესის მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის დადებული კონტრაქტი 2016 წელს შეუწყვიტეს.  კომპანიამ “უკრავტოდორს” ინგლისისა და უელსის სასამართლოებში უჩივლა.

2014 წლის აღწერის თანახმად, ხულო-ზარზმის გზის გასწვრივ 20-მდე სოფელია, სადაც 6,500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

მათთვის ამ გზას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძროს მანქანებმა მოსახლეობამდე სწორედ ამ გზით უნდა მიაღწიოს. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ზამთარში ზოგჯერ ეს შეუძლებელია.

IMG 8535
“ტოდინის” გაჩერებული ავტომობილი ტექნიკურ ბაზაზე

მზევინარ ღორჯომელიძე სოფელ დიოკნისში შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ამ გზის გამო მათთვის ცხოვრება ზამთარშიც რთულია, რადგან მანქანა ვერ მოდის და ზაფხულშიც, როცა მოუწესრიგებელი გზის გამო მისი სახლი მტვერში ეხვევა. 

“ამ გზის დასრულება როგორ უნდა დავიჯერო? ეს გზა რომ გაკეთდეს, იმდენი ტურისტი მოვა, გაჩერდება, ღამეს ითევს. ყველა მაგას ამბობს, რომ გზა ცუდია,” – გვითხრა ღორჯომელიძემ. 

ხულოელი დათო (სახელი შეცვლილია, რადგან თავად გვთხოვა) კი გვიყვება, რომ მოუწესრიგებელი გზა ყველაფერთან ერთად მათ ცხოვრებასაც აძვირებს: “ახალციხე აქედან 86 კილომეტრშია, ბათუმი არის 81 კილომეტრი. ერთი და იგივე მანძილია და ახალციხის ბაზარი ბევრად იაფია. მაგრამ გზა რომ არ არის, ძვირი ჯდება იქედან გამოტანა.”

მისი თქმით, ამავე მიზეზით, ამ ადგილზე აღარც ტურისტები ბრუნდებიან. “ახლა რომ გადახვალთ ამ გზაზე მანქანით, მეორედ თუ სურვილი გაგიჩნდებათ მაგის გადავლის? აი, მასე მუშაობს მაი კურორტი. ერთხელ რომ ადამიანი ადის, მეორედ სურვილი აღარ აქვს,” – გვეუბნება დათო.

თუ გსურთ, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წერა, მაშინ დააფინანსეთ “აი, ფაქტი.” გადარიცხვისთვის დააჭირეთ ღილაკს და მიჰყევით ინსტრუქციას.

ჩინურ-ქართული თანამშრომლობა

2020 წლის აპრილში საგზაო დეპარტამენტმა ახალი ტენდერი გამოაცხადა და აგვისტოში, ანუ მაშინ, როდესაც გზა უკვე დასრულების პირას უნდა ყოფილიყო, გზის შემკეთებელი ახალი კომპანია გამოავლინა. ახალ ტენდერში დეპარტამენტმა სატენდერო მოთხოვნები შეცვალა. 47 კმ სამ ნაწილად გაყო. 42 კილომეტრის შეკეთება ჩინურ კომპანია “სინოჰიდროს” 102.7 მილიონ ლარად დაევალა. ხოლო 5 კმ, ხულოდან კურორტ გოდერძის მიმართულებით, ქართულ კომპანია “მამისონს” 18 მილიონ ლარად უნდა გაეკეთებინა.

გზების დეპარტამენტში ამას იმით ამართლებენ, რომ კომპანიას ძირითადი სამუშაოები, მაგალითად, რაც ხელოვნური ნაგებობების მოწყობას გულისხმობდა, მთელ 42 კმ-ზე გაკეთებული აქვსო. თუმცა, ყურადღებას არ ამახვილებენ შესრულებული სამუშაოების ხარისხზე.

“სინოჰიდროს” სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დაესრულებინა. თუმცა, სამუშაოების შესრულების ვადამ 2023 წლის ბოლომდე გადაიწია, რადგან ჯერ კომპანიამ, ახალციხის მხრიდან, მხოლოდ ხუთი კმ დააგო, სოფელ უტყისამდე.

ფოტოები გიჩვენებთ ხარისხს, რომელიც საქმის არმცოდნე ადამინისთვისაც კი ზედმეტად თვალსაჩინოა:

“გაბიონები ხომ აქვთ გაკეთებული, გზა ქვემოთაა და გაბიონი ზემოთ, რანაირად დაიჭერს, უყურე… საყრდენი კედელი საერთოდ გამოცლილი აქვს,“ – გვიჩვენებს ამ ადგილებს დიოკნისეში მცხოვრები ზაზა საგინაძე.

იქ ყოფნისას დიოკნისში მერის წარმომადგენელს, გურამ კახაძეს შევხვდით, დაგვპირდა, რომ ერთი წლის შემდეგ ამავე ადგილას შევხვდეთ და თანამდეროვე სტანდარტების გზა გვექნებაო.

“აქეთ არის ეროზიული მიწა. მიწა რომ ჩამოიღეს გასაფართოებლად, ახლა იმას უნდა დრო, რომ დასტაბილურდეს და ამიტომ სამუშაოების მთავარი აქცენტი გადავიდა აღმოსავლეთისკენ. მერე ზამთარი მოგვისწრებს, რთული პირობებია, ზახულიდან დაიწყება ინტენსიური მუშაობა აქეთაც და ერთ წელიწადში დასრულდება, ჩემი აზრით, ისე კარგად მუშაობს კომპანია” – გვითხრა კახაძემ.

მას შემდეგ რაც ვადებსა და გადაწეულ სამუშაოზე ვკითხეთ, მან გვიპასუხა, რომ პარალელურად ბუნებრივი აირის ქსელსაც აწყობენ და ვიდრე ეს არ მორჩება, ასფალტის საფარს ვერ დააგებდა კომპანია.

მერის წარმომედგენლისგან განსხვავებით, “სინოჰიდროს” მუშაობითა და ტემპით უკმაყოფილოები არიან ადგილობრივები. მათი თქმით, ამ  გზის დასრულებას მინიმუმ ორი წელი კიდევ დასჭირდება.

“ის თუ გააჩერეს, მით უმეტეს ახალი კომპანია უნდა ყოფილიყო კარგი. მარა ახალი კი არა რაც რომ იყო, ისიც აღარაა. ორი წლის განმავლობაში უნდა დეესრულებინათ, მარა მესამე წელია რო არიან და რაის დასრულება. თუ აიღეს ამ ჩინელებმა, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე უნდა გააკეთონ, მარა ძაან პრობლემურია. ასფალტები არის ზარზმის მხრიდან, დაგებულია ერთი კილომეტრი, მერე გამოტოვებული, ადგილ-ადგილ არის დაგებული, სადაც იციან რომ პრობლემა არ შეექმნება ასფალტს,“ – გვიყვება დიოკნისში მცხოვრები ზაზა საგინაძე.

“მე ვარ 39 წლის და რაც თავი მახსოვს, აკეთებენ. ამდენი ხანი ‘ლაფატკით’ გააკეთებდა კაცი. Ყველა შუამთობაზე გვპირდებიან, წელს დამთავრდება, მომავალ წელს დამთავრდება, 39 წლის განმავლობაში მაი მესმის სულ,” – გვითხრა დათომ (სახელი შეცვლილია, თავად გვთხოვა, ასე დამარქვით, არავინ გამინაწყენდეს და რაიმე ხიფათი არ შემემთხვესო).

IMG 8488
“სინოჰიდროს” სამშენებლო მასალები

“სინოჰიდროს” უხეირო საქმიანობაზე ჩვენც ბევრჯერ დაგვიწერია. ჩვენს გარდა, ამ კომპანიის შესახებ არაერთი მედია და საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაცია წლების განმავლობაში წერდა.  “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მალაიზიის ოფისმა “სინოჰიდროს” “კორუფციის ძეგლიც” უწოდა.

მსოფლიო ბანკმა კი ამ კომპანიის წინააღმდეგ ყველაზე მაღალი სანქცია გამოიყენა და 2013 წლის დეკემბრიდან ტენდერებში მონაწილეობის უფლება სამი წლით ჩამოართვა. უფრო მეტიც, მას აეკრძალა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში ქვეკონტრაქტორობა, კონსულტანტობა თუ ნებისმიერი სხვა ტიპის მომსახურების გაწევა. 

უხარისხო მშენებლობისთვის “სინოჰიდრო” 2.2 მილიონი დოლარით დააჯარიმეს ყირგიზეთშიც. სომხეთსა და ბოტსვანაში სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო ტენდერი შეუწყვიტეს. უგანდაში ჰესის მშენებლობით გამოწვეული ზიანის გამო აფრიკის განვითარების ბანკმა 2017 წელს “სინოჰიდრო” შავ სიაში შეიყვანა.

საქართველოში კი კომპანიას ყველაფრის უფლება აქვს. მაგალითად, სამტრედია-გრიგოლეთის გზის ნაწილი დაპირებულ ვადაზე ორი წლით გვიან დაასრულა. პროექტი სათავისოდ შეცვალა, რამაც გზის მდგრადობის პრობლემა შექმნა, დაიტბორა სოფლები, უკანონოდ გაიჩეხა ხე-ტყე, საბოლოოდ კი გარემოს 2.8 მილიონი ლარის ზიანი მიადგა. ამაზე მათთვის პასუხი არავის მოუთხოვია. მეტიც, მთავრობა მათ ახალ-ახალ მილიონიან ტენდერებს აძლევს.

ხულოდან გოდერძის მიმართულებით საწყისი 5 კმ-ანი მონაკვეთის მოწყობა შპს “მამისონს” 2020 წელს დაევალა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც თბილისში გოცირიძის მეტროსადგურის რეაბილიტაცია გადაიბარა 2021 წლის ნოემბერში და 2022 წლის ივნისში უნდა დაესრულებინა, თუმცა მეტრო გოცირიძე დღემდე არ გახსნილა.

გარდა ამისა, “მამისონის” ანგარიშზეა ბათუმში 3.4 მილიონად მოწყობილი უფუნქციო სასაფლაო. Კომპანიამ თანხა აიღო, მაგრამ სამუშაოები სათანადოდ არ შეასრულა. ამ საქმეს ბათუმის პროკურატურა იძიებს. 2020 წელს ამ ამბის შესახებ უკვე ცნობილი იყო და გზების დეპარტამენტს ამის შესახებ ინფორმაციის მოძიება ადვილად შეეძლო.

როგორც აქაც მოსალოდნელი იყო, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერც ხულო-ზარზმის 5 კმ-ანი მონაკვეთის მშენებლობაზე შეასრულა. ტენდერი 2022 წლის 5 აგვისტოს შეწყდა.  ამ დროისთვის კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი უკვე აღებული ჰქონდა და 17 ცლილება განხორციელებული.  2022 წლის იანვარში “მამისონმა”  გზების დეპარტამენტს ვადის გადაწევის თხოვნით მორიგ ჯერზე რომ მიმართა, დამკვეთმა კონტრაქტი ცალმხრივად შეუწყვიტა.

2022 წლის შემოდგომაზე 5 კმ-ანი გზის მშენებლობა ახალ კომპანიას, შპს “ნიუ როუდს” დაუკვეთეს.

“ნიუ როუდმა” და მისმა ქვეკონტრაქტორმა “ბპ ტრანსმა” მუშაობა სექტემბერში დაიწყეს და გზის გაყვანა უკვე დაასრულეს. ამ მონაკვეთის შეკეთება შვიდი მილიონი ლარი დაჯდა.

ადგილობრივები გზის იმ მონაკვეთებს, სადაც ასფალტის საფარია წამიერ ევროპას უწოდებენ. ამ გზაზე კი, 6-წლიანი მუშაობისა და დახარჯული ათობით მილიონი ლარის შემდეგ, ასეთი წამიერი ევროპა მხოლოდ 10 კმ-ზეა. ისე, როგორც მთელი ქვეყნის განვითარება და უსაფრთხოება ტოვებს უკმარისობის განცდას.

Მასალაში გამოყენებული წყაროების სანახავად მიჰყევით ბმულს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ქადაგება რუსეთის საამებლად – ნაწილი 3
ქადაგება რუსეთის საამებლად - მესამე ნაწილი

ქადაგება რუსეთის საამებლად – ნაწილი 3

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share