მოსამართლეები ბრაკონიერების მიმართ სიტყვიერი შენიშვნით და ადმინისტარციული სასჯელისგან გათავისუფლებით შემოიფარგლებიან მაშინაც კი, როცა გარემოსთვის მიყენებული ზიანი ნათელია და სასჯელის უმკაცრეს ზომას მოითხოვს.
უკანონო ნადირობისა და თევზჭერის შემთხვევაში კანონის უმკაცრესი ზომა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ორი წლით პატიმრობას და დამატებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს.
ყოველ წელს საქართველოს დაცული ტერიტორიების შიგნით, ასევე მის გარეთ უკანონო ნადირობისა და თევზჭერის შემთხვევები იმატებს. გარემოსდაცვით დანაშაულებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულების წარმომადგენლები ჯერ პოლიციას აწვდიან, შემდეგ საქმეები განსახილველად სასამართლოში მიდის.
“აი, ფაქტმა” გამოითხოვა დოკუმენტები საქართველოს სასამართლოების მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხილული ნადირობის და თევზჭერის საქმეების შესახებ. გამოთხოვნილი დადგენილებებიდან და განაჩენებიდან ჩანს, რომ მოსამართლეები ბრაკონიერებს კანონის მთელი სიმკაცრით არ სჯიან.
სისხლის სამართლის საქმეები ყოველთვის საპროცესო შეთანხმებით მთავრდება და არც ერთი ბრაკონიერი ციხეში არ მიდის იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქართველოს კანონმდებლობით დაცულ წითელი ნუსხის სახეობის ცხოველს კლავს.
საქართველოს სხვადასხვა სასამართლოს მიერ გამოტანილი 390 განაჩენისა თუ დადგენილების ანალიზის საფუძველზე შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
— გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც საქმეს სასამართლოს გადასცემს, ხშირად პროცესზე არ ცხადდება;
— მონადირეები “აღიარებენ” დანაშაულს და ეს მათთვის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება, რაც მათი ადმინისტრაციული დანაშაულისგან გათავისუფლების მიზეზი ხდება;
— ათეულობით შემთხვევებში, მონადირეებს იარაღს უბრუნებენ მაშინაც კი, როცა უკანონო ნადირობა სახეზეა;
— მონადირეები ხშირად დაურეგისტრირებელი იარაღით ნადირობენ;
— უმეტესად მონადირეებს მოსაკრებლის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ;
— სასამართლოების მიერ ნადირობასთან და თევაზაობასთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილებები ერთმანეთს ჰგავს და ცოტა ინფორმაციას შეიცავს კონკრეტულ სამართალდღარღვევაზე – ძირითადი ნაწილი კანონმდებლობის ზოგად მიმოხილვას ეხება და საქმის შინაარსობრივ ნაწილს ერთი ან ორი მოკლე აბზაცი ეძღვნება;
— ასეულობით შემთხვევაში მონადირეები თუ მეთევზეები თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისგან და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა ეძლევათ.
საქართველოში ნადირობა კანონით დაშვებულია და განსაზღვრული წესებით რეგულირდება. ძუძუმწოვრებზე ნადირობა დასაშვებია მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში, ხოლო მეურნეობის გარეთ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობაა დასაშვები.
ნადირობა აკრძალულია წელიწადის იმ პერიოდებში, როცა ცხოველს მაკეობის და ფრინველს კვერცხის დადების პერიოდი აქვს.
მსუბუქი სასჯელი წითელი ნუსხის ცხოველის მოკვლისთვის
საქართველოს ეროვნულ წითელ ნუსხაში შემავალ ცხოველებზე ნადირობა, როგორც დაცული ტერიტორიების შიგნით, ასევე მის გარეთ აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ ხუთი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს და ამათგან მოსამართლეებს ციხეში არც ერთი ბრაკონიერი არ გაუშვიათ.
ხუთიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დააკისრა მოსამართლემ ბრაკონიერს ფულადი ჯარიმა და დანარჩენ ოთხ შემთხვევაში პირობითი სასჯელით დაკმაყოფილდა.
მურა დათვი საქართველოს წითელ ნუსხაში შედის. წითელი ნუსხის სახეობის მოკვლის დროს აუცილებლად დგება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. გარემოთვის მიყენებული ზიანი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ფორმულით ითვლება და დათვის მოკვლის შემთხვევაში 10,000 ლარს უტოლდება.
წითელ ნუსხაში შემავალი სახეობის მოკვლის სამი შემთხვევა, რომელთა შესახებ ჩვენ საქართველოს სხვადასხვა სასამართლოდან მიღებული დოკუმენტებიდან შევიტყვეთ, საპროცესო გარიგებით დამთავრდა. საქმეებში ჩანს, რომ ბრაკონიერებმა დათვი ნამდვილად მოკლეს. მოსამართლემ კი საქმე ისე წარმართა, რომ არც ერთ ბრაკონიერს 10,000 ლარის გადახდა არ დაეკისრა.
სასამართლოების მიერ განხილული შემთხვევების შესახებ ქვემოთ მოცემული რუკიდან შეიტყობთ:
იარაღის დაბრუნება
საქართველოს ზოგად-ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის მე-13 ნაწილით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გარემოსთვის მიყენებული ზიანი სახეზეა (მაგალითად, უკანონოდ არის მოკლული რომელიმე სახეობის ცხოველი თუ ფრინველი) ან დარღვეულია ნადირობის წესი, მოსამართლეს უფლება აქვს იარაღი მის კანონიერი მფლობელს დაუბრუნოს.თითოეულ სასამართლოზე სტატისტიკა შეგიძლიათ იხილიოთ აქ.
სასამართლოს დადგენილებაში ყოველთვის არ არის მითითებული, თუ რა ბედი ეწია იარაღს სასამართლო პროცესის შემდეგ.
“აი, ფაქტის” მიერ სასამართლოებიდან გამოთხოვნილი ინფორმაციის თანახმად, 58 შემთხვევაში მონადირეებს იარაღი დაუბრუნეს მაშინაც კი, როცა მათ ნადირობის წესები დაარღვიეს და სახეზე იყო გარემოსთვის მიყენებული ზიანიც.
კანონდარღვევების მზარდი სტატისტიკა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით დაცული ტერიტორიების შიგნით სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რიცხვი იზრდება. 2014 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოში 337 ადმინისტრაციული და ერთი სისხლის სამართალდარღვევის ნიშნების შემცველი ფაქტი გამოვლინდა; ხოლო 2015 წელს 404 ადმინისტრაციული და 6 სისხლის სამართალდარღვევის ნიშნების შემცველი ფაქტი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე 2016 წლის 9 თვის (იანვარი-სექტემბერი) სტატისტიკაა გამოქვეყნებული. ამ მონაცემების თანახმად, გასულ წელს 310 ადმინისტრაციული და 7 სისხლს სამართლის დანაშაული აღირიცხა.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ორი რეინჯერი მოკლეს.
ლმობიერი კანონმდებლობა
მოქმედი კანონმდებლობით ნაკრძალსა და დაცულ ტერიტორიაზე იარაღით შესვლა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. ეს ქმედება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით რეგულირდება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მხოლოდ 250-დან 300 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იარაღის ჩამორთმევა ასეთ შემთხვევაში კანონით აუცილებელი არაა.
ნაკრძალში იარაღით შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება ნადირობად, როდესაც რეინჯერები ბრაკონიერებს მოკლულ ცხოველს აღმოუჩენენ. იმის გათვალისწინებით, რომ ერთ რეინჯერს, საშუალოდ, 1,841 ჰექტრის დაცვა უწევს, ნადირობის ფაქტის გამოვლენა მათთვის რთული ამოცანაა.
რეინჯერებს საეჭვო პირ(ებ)ის ჩხრეკის უფლება არ აქვთ. დაცული ტერიტორიების მცველებს მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების და ე.წ. “საველე აქტის” დაწერის უფლებამოსილება გააჩნიათ. თუ რეინჯერი საეჭვო ადამიან(ებ)ს აღმოაჩენს, პოლიციას ან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს იძახებს – უწყებას, რომელსაც აქტის გამოწერის უფლებამოსილება აქვს. რეინჯერის მიერ დაწერილი საველე აქტი მოგვიანებით ამ საქმის ნაწილი ხდება.
სანამ გამოძახებული უწყება მოვა, ხშირად, გვიანია: რეინჯერს არ აქვს საეჭვო პირების დაკავების უფლება. რამდენიმე სააათის ან დღის შემდეგ მოსული პოლიციის ან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლისთვის ნივთმტკიცება, შესაძლოა, გაქრეს ან რთული მოსაპოვებელი გახდეს.
კვალის წაშლის შემდეგ, დანაშაულის ჯეროვანი აღწერა და მტკიცებულებების შეგროვება რთულდება და საქმე სასამართლომდე ვერ აღწევს. მიღწევის შემთხვევაში საკმარისი სამხილების არარსებობის გამო მოსამართლემ, შესაძლოა, ასეთი საქმე წარმოებაში არც მიიღოს.
Comments are closed.