fbpx
tskali

ხან მოდის, ხან არა. რა იქნება? – წყალი

ავტორი: ეთერ მიდელაშვილი და მარიამ კაჭკაჭაშვილი 

48 წლის დავით ხიზანიშვილი სოფელს ნიჩბისში მცხეთის მერის წარმომადგენელია. 2 მარტს მას საკუთარ კაბინეტში შევხვდით. ვუყვებოდით, მის სოფელში ხალხს უწყლობის გამო რა პრობლემები ექმნება. არამგონია, მე არ გამიგია. ყოველ შემთხვევაში არავის შევუწუხებივართ. რამდენიმე დღე ხაზის დაზიანების გამო არ ჰქონდათ, მაგრამ აღვადგინეთ.“ დავუზუსტეთ, რომ ადგილობრივებს რამდენიმე დღე კი არა, მთელი ზამთარი წყალი არ ჰქონიათ. ჩვენში რომ ვთქვათ, ადამიანურად, მთელი ზამთარი თუ არ ჰქონიათ, რას სვამდნენ და რითი ბანაობდნენ, საინტერესო არ არის?“ – კითხვითვე გვპასუხობს ხიზანიშვილი.  

ხიზანიშვილის ამ კითხვაზე ადგილობრივებს ეღიმებათ. ,,14 წელია, რაც ამ სოფელში ვარ და სულ ეს პრობლემაა. მე პირადად, 14 წელია დასალევ წყალს ვეზიდები. ახალ ნიჩბისში დგას რეზერვუარი, მაგრამ წყალი არ მოდის. შუა ნიჩბისში ისეა, რომ დღეს ერთმა მეზობელმა უნდა აავსოს, ხვალ მეორემ და ასე. სამყოფი წყალი არ არის. ყველამ რომ ერთ დღეს გააღოს, არავისთან აღარ მიდის,“ – გვიყვება მათ ყოფაზე ახალი ნიჩბისის მკვიდრი მარიამ ელბაქიძე.

ნიჩბისი მცხეთის რაიონში მდებარეობს, თბილისიდან 50 კმ-ში. სოფელი სამ ნაწილად იყოფა: ზემო, ქვემო და ახალ ნიჩბისად. ჯამში, აქ 1,400-მდე ადამიანი ცხოვრობს. წყალი ამ ეტაპზე ზემო ნიჩბისში მოდის, შუა ნიჩბისში ნაწილთან, ხოლო ახალ ნიჩბისის მოსახლეობას წყლის პრობლემა ყველაზე მეტად აწუხებს.

არადა, ბოლო სამ წელში ამ სოფლის წყალმომარაგებაზე 124,000 ლარამდე დაიხარჯა. წყლის პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.

ადგილობრივების ნაწილს წყალი ინდივიდუალურად, საკუთარი სახსრებით აქვთ შეყვანილი. ნაწილი კი წყაროდან ან სხვა სოფლებიდან ეზიდება. ვისაც მანქანა არ ჰყავს, იძულებულია, წყლის მოტანა სხვას სთხოვოს.

მივაკითხეთ გამგებელს. გამგებელმა ეს ჩემი პრობლემა არ არის და ვიღაც სხვას მიმართეთო. რაღაც რეზერვუარი დადგეს, ვითომ გამოგვიყვანეს, თუმცა მთელი ზამთარი წყალი მაინც არ გვქონია. ზაფხულში ცოტა მოდის, მაგრამ მაგაზეც წეწვაგლეჯაა,“ – ამბობს ახალნიჩბისელი ხათუნა გოგილაშვილი.

მუნიციპალიტეტმა ნიჩბისში წყლის პრობლემის გადაჭრა სამი წლის წინ დაიწყო და ახლაც არ ნებდება. აქამდე მერიამ ექვსი ტენდერი გამოაცხადა. ამ ექვსიდან სამი შესრულდა, ორი არ შესრულებულა და ერთი ახლაც მიმდინარეობს.

პირველად ტენდერი 2018 წლის 25 იანვარს გამოცხადდა. იგი ახალ ნიჩბისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ითვალისწინებდა. მოსახლეობას სასმელთან ერთად საყოფაცხოვრებო-სამეურნეო წყალიც უნდა მიწოდებოდა. სამუშაოების შესრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს ,,ჯორჯია 2014“-ს დაევალა. სამუშაოები მათ 2018 წლის ივნისში უნდა დაესრულებინათ. ამის შემდეგ ხელშეკრულებაში ცვლილება ოთხჯერ შევიდა. კომპანია ხან ვადის, ხან კი თანხის გაზრდას ითხოვდა. ამ სამუშაოში მცხეთის მერიამ 51,000 ლარამდე გადაიხადა.

მეორე ტენდერი სოფელ ნიჩბისში წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად მცხეთის მერიამ 2018 წლის 23 აპრილს გამოაცხადა. შპს ,,ემ ემ მშენმა“ გაიმარჯვა. კომპანიას სათავე ნაგებობების მოწყობა დაევალა. წყალმომარაგების სისტემისთვის მერიამ 41,000 ლარამდე გადაიხადა. 

თუ რაღაც წამოვა გამოყვანილ მილებში, ისიც არაა ვარგისი დასალევად. ერთიორი დღე რომ დადგა, სულ იხავსება, მწვანე ფერს იღებს და ყარს. წყალი ყარს. მხოლოდ სარეცხის დასარეცხად თუ გამოიყენებ, მაგრამ სარეცხადაც აღარ გვაქვს წყალი უკვე წლებია,“ – გვიყვებიან ადგილობრივები.

ამ ფონზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, დავით ხიზანიშვილი ამბობს, რომ გამარჯვებული კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია. პროექტები თავადაც შეამოწმა და ისე ჩაიბარა. მისი თქმით, წყლის პრობლემა სოფელში, ძირითადად, მოგვარებულია. 

,,დაახლოებით სამი წლის წინ გამოიყვანეს წყლები, მაგრამ სასმელად უვარგისი იყო. თვითონ გამგებელმა ხიზანიშვილმაც დაიარა კარდაკარ და გვითხრა, რომ წყალი შევამოწმეთ და სასმელად არ გამოიყენოთო. მერე ახალ ნიჩბისში რეზერვუარიც გააკეთეს, თუმცა, მილებში წყალი მუდმივად არ მოდის,“ – გვეუბნება მარიამ ელბაქიძე.

მთელი კვირის განმავლობაში ვცდილობდით, მცხეთის მერთან, გიორგი კაპანაძესთან დაკავშირებას, მაგრამ შეხვედრის თარიღი არ დაგვითქვეს. კვირის ბოლოს მერიაში მივედით, თუმცა კაპანაძემ ჩვენთან შეხვედრას თავი აარიდა და კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოისურვა.

ტენდერების სერია ახლაც გრძელდება. მცხეთის მერიამ თებერვალში შპს ,,ჯ-არქი“ დაიქირავა ნიჩბისში წყლის სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. ადგილობრივმა მთავრობამ ამაში 6,500-მდე ლარი უნდა გადაიხადოს. საპროექტო დოკუმენტაცია 2 აპრილს უნდა ყოფილიყო მზად. შემდეგ მერია სისტემის რეაბილიტაციისთვის ახალ ტენდერს გამოაცხადებს. მანამდე კი ადგილობრივების ნაწილი კვლავ ზაფხულში წვიმის, ზამთარში კი საწრეტი მილიდან ჩამოსული დამდნარი თოვლის იმედად იქნება.

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
საჩხერის უფუნქციო სარიტუალო დარბაზები

საჩხერის უფუნქციო სარიტუალო დარბაზები

საჩხერის 10 სოფელში სარიტუალო დარბაზები 2016 წლიდან შენდება

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share