საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალურმა ქსელმა (GIJN) 2021 წელს უმასპინძლა პოლ მაიერსის ორ ვებინარს. მაიერსი ონლაინგამოძიების სპეციალისტია, რომელიც BBC-სთვის მუშაობს და GIJN-ის კონფერენციებზე პოპულარული მომხსენებელია, გვაცნობს ადამიანების შესახებ ინფორმაციის ონლაინძიებისთვის საჭირო ინსტრუმენტებსა და სტრატეგიებს. გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ რჩევებს.
მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.
პიროვნების ძიება
როგორ გამოვიყენოთ Google უფრო ეფექტურად: საფუძვლები
ძიებისას ზუსტი შედეგის მისაღებად საჭიროა საძიებო სიტყვის ან ფრაზის ბრჭყალებში ჩასმა ან მინუსის ნიშნის დასმა იმ ტერმინის წინ, რომელიც ძიების შედეგში არასასურველი კატეგორიების გამოტანას იწვევს.
- მაგალითად, მოძებნეთ „მაიკლ ჯორდანი“ (“Michael Jordan”) ბრჭყალების („”) გამოყენებით და არა ბრჭყალების გარეშე. თუ ბრჭყალებს არ გამოიყენებთ, Google მოძებნის ნებისმიერ გვერდს, რომელზეც ნახსენებია სახელები მაიკლი ან ჯორდანი.
გამოიყენეთ მინუსის (დეფისის) ნიშანი ნებისმიერი სიტყვის ან ფრაზის წინ, რომლის გამორიცხვაც გსურთ ძიების შედეგებიდან:
- მაგალითად, იმისათვის, რომ მოძებნოთ ვებგვერდი, რომელიც ახსენებს ტრიპოლის, მაგრამ არა ლიბიას, გამოიყენეთ შემდეგი ფორმა: ტრიპოლი -ლიბია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასე მხოლოდ იმ გვერდებს გამოცხრილავთ, რომლებზეც სიტყვა ლიბიაა ნახსენები, მაგრამ არა მათ, რომლებზეც ტრიპოლი ნახსენებია, როგორც ლიბიის დედაქალაქი. თუ გსურთ მოძებნოთ საბერძნეთის ან ლიბანის ქალაქი ტრიპოლი, უმჯობესია, საძიებო ველში დაამატოთ ამ ორ ქალაქთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები. მაგალითად, სცადეთ, მოძებნოთ ასე: ტრიპოლი საბერძნეთი -ლიბია.
ძიების პროცესი უფრო მოქნილი გახდება, თუ დაამატებთ დიდი ასოებით დაწერილ სიტყვა OR-ს (ან) ვარიანტებს შორის.
- მაგალითად, იმისათვის, რომ იპოვოთ ვებგვერდები უკრაინაში დაბომბილი საავადმყოფოების შესახებ, შეგიძლიათ, მოიძიოთ სხვადასხვა ქალაქის შესახებ ინფორმაცია ასეთი ფორმით: bomb hospital Ukraine OR Kramatorsk OR Mariupol OR Donetsk OR Kharkiv (ბომბი საავადმყოფო უკრაინა ან კრამატორსკი ან მარიუპოლი ან დონეცკი ან ხარკივი). თუ გამოგრჩათ OR (დიდი ასოებით), Google მოძებნის მხოლოდ იმ გვერდებს, რომლებზეც ყველა ეს სიტყვაა ნახსენები, და შეიძლება, ასეთი ბევრი არ იყოს ინტერნეტში.
შეგიძლიათ, კონკრეტულ ვებეგვერდებზე ინფორმაციის ძიების პროცესი დაავიწროვოთ სიტყვა site: – ის გამოყენებით. ოღონდ არ გამოტოვოთ ადგილი site: -ის შემდეგ.
- მაგალითად, იმისათვის, რომ ჩინეთის სამთავრობო საიტებზე იპოვოთ ყველა შემთხვევა, სადაც ნახსენებია კოვიდ-19, მოძებნეთ ასე: Covid OR 新冠肺炎 site:gov.cn.
ფრაზა ext:pdf-ის დართვით მხოლოდ pdf-ფორმატის ფაილები იძებნება. თუ რამდენიმე სიტყვა იცით, რაც იმ დოკუმენტშია ნახსენები, ჩასვით ისინი ბრჭყალებში Google-ის საძიებო ველში და ნახეთ, არსებობს თუ არა იმავე დოკუმენტის სხვა წყაროებიც.
მაგალითად, იმისათვის, რომ მოიძიოთ აშშ-ის სამხედრო ძალების ვებგვერდებზე განთავსებული პდფ-დოკუმენტი, რომელიც ახსენებს ბაგრამს, მოძებნეთ ასე Bagram ext:pdf site:mil.
დროში მოგზაურობა
ზოგჯერ, შეიძლება, ისეთი ინფორმაცია დაგჭირდეთ, რომელიც ვებგვერდიდან გააქრეს, როგორებიცაა წაშლილი ტვიტი, ვებგვერდის ან Facebook-ის ანგარიში. ამ ინფორმაციის აღდგენა რამდენიმე მეთოდით შეიძლება.
საძიებო სისტემის ქეში
- თუ ინფორმაცია ახლახანს წაიშალა, მაგრამ ვებგვერდი ისევ იძებნება Google-ის საშუალებით, დააჭირეთ სამ პატარა შავ წერტილს ძიების შედეგის გასწვრივ. ასე შეიძლება მოიპოვოთ წვდომა საძიებო სისტემის ქეშმეხსიერებაში შენახულ ასლზე.
ვადების ძიება
ზოგიერთი პირადი მონაცემი დროთა განმავლობაში შეიძლება ჩაიკარგოს მომდევნო სიახლეების ნაკადში. იმისათვის, რომ დროში იმოგზაუროთ და მიაგნოთ მნიშვნელოვან მოვლენებამდე ხელმისაწვდომ ინფორმაციას, დააჭირეთ „ინსტრუმენტებს“ (Tools) და მონიშნეთ სასურველი ვადა (თარიღები) დროის გრაფაში
არქივები
- Archive.is-ზე იპოვით სოციალურ მედიაში წაშლილ პოსტებსა და ანგარიშებს.
- www.archive.org არის ვებგვერდი, რომელსაც შეუძლია ინტერნეტში განთავსებული კონტენტის აღდგენა.
გამოსახულებით ძიება
ონლაინსივრცეში კონკრეტული ფოტოს (სურათის) განთავსების ადგილის განსაზღვრა სურათზე გამოსახული პიროვნების იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ. იმისათვის, რომ გამოიყენოთ Google-ის სურათის შებრუნებული ძიების ფუნქცია, დააჭირეთ საძიებო ველში მოთავსებულ კამერის ხატულას.
ასევე, არსებობს ინსტრუმენტი სახელწოდებით Google Lens, რომელიც ეძებს თქვენ მიერ ატვირთული სურათის მსგავს გამოსახულებებს.
თუ არაფერი შეესაბამება სასურველ შედეგს, დააჭირეთ ფუნქციას “Find Image Source” („იპოვე გამოსახულების წყარო“), რაც Google-ის მიერ ინდექსირებულ გვერდებზე ზუსტად იდენტური გამოსახულების მოძიების საშუალებას მოგცემთ. ამ ფუნქციის გამოყენება შეგიძლიათ ლოგოების, ადგილებისა და ადამიანების ფოტოების ძიების შემთხვევაში.
პიროვნების სწორად იდენტიფიცირება
რადგან საკუთარი სახელი საკმაოდ გავრცელებული და, ხშირად, არასრულია, უმჯობესია, მაქსიმალურად ბევრი მონაცემი შეაგროვოთ იმ პიროვნების შესახებ, ვისაც ეძებთ. გაითვალისწინეთ შემდეგი დეტალები:
- სახელი: ზუსტი დასახელება, აბრევიატურა, სხვა ენიდან გადმოთარგმნისას არსებული სხვაობები, შეიძლება თუ არა, რომ მეორე მშობლის გვარს იყენებდნენ, ქორწინების შედეგად შეცვლილი გვარი, სპეციფიკური (ინდივიდუალური) მომხმარებლის სახელი.
- ურთიერთობები: ოჯახის წევრები მეგობრების ჩამონათვალში, ერთი და იგივე მეგობარი რამდენიმე სხვადასხვა ქსელში.
- დასაქმება: სამსახური, კომპანია, წინა დასაქმების ადგილი.
- პიროვნებასთან დაკავშირებული ადგილები: სად დაიბადა, სად მუშაობს.
- ელ-ფოსტის მისამართი: ვებგვეერდები, სადაც სამუშაო ელ-ფოსტის მისამართების მოძიებაა შესაძლებელი.
- ასევე, გაითვალისწინეთ ამ ადამიანის გარეგნობა, ასევე, ინტერესები, პრინციპები, შეხედულებები და ჰობი.
ადამიანების კვლევის ინსტრუმენტები
- ზოგიერთი ონლაინრესურსი პერსონალურ მონაცემებს აერთიანებს ერთ საძიებო სისტემაში.
- ისეთი ვებგვერდები, როგორიცაა Skopenow, Spokeo, Pipl და ა.შ. პიროვნების ძიებაზეა ორიენტირებული და თქვენი გამოძიების ობიექტზე მრავალფეროვანი პერსონალური ინფორმაციის შემოთავაზება შეუძლია. შეიძლება, აქ ადამიანი იპოვოთ ტელეფონის ნომრით, ელ-ფოსტის მისამართით და სხვა დეტალებით. Spokeo-ც ასეთივეა გარკვეული თვალსაზრისით, თუმცა აშშ-ის მოქალაქეებზეა ორიენტირებული.
სოციალურ მედიაში ძიება
- ადამიანი, უმეტესად, სხვადასხვა სოციალურ ქსელს იყენებს და თითოუელ მათგანში მიმდევრებისა და მეგობრების სხვადასხვა რაოდენობა ეყოლება.
- სოციალურ ქსელებში ძიება შეგიძლიათ დაიწყოთ Google-ით, სადაც გამოიყენებთ სიტყვა site: -ს. მაგალითად ასე site:facebook.com, თუმცა, როგორც წესი, უმჯობესია, დაიწყოთ სოციალური ქსელების შიდა საძიებო ველებით, რადგან მათ პირდაპირი წვდომა აქვთ საკუთარ მონაცემთა ბაზაზე და უფრო ადვილია უახლესი მონაცემების მოძიება.
- ასევე, YouTube-ში ძიებაც შეიძლება ჯერ Google-ით დაიწყოთ: site:youtube.com ან უშუალოდ YouTube-ის საძიებო ველით.
ძიება Twitter-ში
Twitter-ს ძალიან სასარგებლო, მოქნილი გაფართოებული ძიების სისტემა აქვს. ასევე, ხელმისაწვდომია სხვა რესურსებიც:
- Tweepsect აჩვენებს, ვისი მიმდევარია კონკრეტული პირი (follows), ვინ არიან მისი მიმდევრები (followers) და იმ შემთხვევებსაც, როცა პიროვნება თავისივე მიმდევარის მიმდევარი ხდება (follow-backs).
- Followerwonk ადარებს ორი ან სამი ანგარიშის მიმდევრებს.
- Tweetbeaver-ს აქვს Twitter-ის საძიებო ინსტრუმენტების ფართო სპექტრი.
Facebook-ში ძიება
- ჯგუფებსა და გვერდებს აქვთ საკუთარი საძიებო სისტემა, რომელშიც შეძლებთ კონკრეტული პოსტის პოვნას.
- Facebook-ის პიროვნებების ძიების ველში სახელის მოძებნაც კი არ გჭირდებათ, უბრალოდ შეიყვანეთ რამდენიმე დეტალი იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც ეძებთ. მაგალითად, შეგიძლიათ, უბრალოდ მოძებნოთ პროფესია, კომპანია, ქალაქი ან უნივერსიტეტი. ასევე, შეგიძლიათ გვერდის მარცხენა მხარეს არსებული ფილტრების გამოყენებაც, რომლებიც ძიების ობიექტთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტების საშუალებას გაძლევთ.
- პოსტების თაბი (ჩანართი) საშუალებას გაძლევთ, მოიძიოთ საკვანძო სიტყვები Facebook-ის პოსტებში. ფილტრები წყაროსა და თარიღის დაზუსტების, ასევე, Facebook-ის ჯგუფებში ძიების საშუალებას გაძლევთ.
- თუ ფიქრობთ, რომ ვინმემ Facebook-ზე განთავსებული პოსტი დაარედაქტირა, დააჭირეთ სამ პატარა წერტილს ზედა მარჯვენა კუთხეში, მოძებნეთ „რედაქტირების ისტორია“ („edit history“) და ნახავთ წინა ვერსიებს.
Instagram-ში, Telegram-სა და TikTok-ში ძიება
- შეიძლება გაგიადვილდეთ Instagram-სა და Tiktok-ში ძიება Google-ის საშუალებით, მაგალითად ამგვარად site:tiktok.com.
- Telegram-ის დესკტოპის აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, მოძებნოთ არხები და არხებზე არსებული ინფორმაცია. შეიძლება, ასევე, ღირდეს Telegram-ის კონტენტის ბმულების ძიება სხვა სოციალურ ქსელებში. ამისათვის, დაურთეთ “t.me” საძიებო სიტყვებს.
მეტი ინფორმაციისთვის, მიადევნეთ თვალი პოლ მაიერსს Twitter-ზე: @paulmyersbbc.
პოლ მაიერსი (Paul Myers) BBC-ის საგამოძიებო ინიციატივის წამყვანი კონსულტანტია. იგი 20 წელია ონლაინგამოძიების საკითხებს სწავლობს და 2000-ანი წლებიდან მოყოლებული ტრენინგებს უტარებს კოლეგებს. BBC-სთვის შესრულებული სამუშაოს გარდა, მაიერსი დაეხმარა არაერთ საგამოძიებო გუნდს, გაეროს განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკის, გარდიანისა და CNN-ის გამომძიებელ ჟურნალისტებს. მას ეკუთვნის ვებგვერდი researchclinic.net.