fbpx
dilar khabuliani - summaru cover

პარლამენტარის ხმის საფასური – რაში გაუცვალა ოპოზიციონერმა  ხაბულიანმა ხმა “ქართულ ოცნებას” – შეჯამება

2023 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრები შეემატა და “სასამართლო კლანი” გაძლიერდა. “ქართულმა ოცნებამ” სასურველი კანდიდატები ოპოზიციის დახმარებით აირჩია.

მმართველი გუნდის სასიკეთოდ მისცა ხმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დილარ ხაბულიანმაც. ამის შემდეგ კი თბილისის საკრებულომ მისი ბიზნესისთვის სახეირო გადაწყვეტილებები მიიღო. 

თავად ხაბულიანი “კლანის” მხარდაჭერას არ აღიარებს, ამბობს “აღარ მახსოვსო”.  თუმცა, ხმის მიცემისას მისი მოქმედებები კარგად ჩანს “აი, ფაქტის” მიერ მოპოვებულ და გაანალიზებულ ვიდეომასალაში.

კენჭისყრიდან  ორ დღეში მთავრობამ საპრივატიზებო პირობები გააუქმა ხაბულიანისთვის საინტერესო ორ ნაკვეთზე. მის კომპანია “დუჩის” კი წარსულში უპასუხისმგებლობის გამო ჩამორთმეული სახელმწიფო ქონება უკან დაუბრუნეს, სიმბოლურ 1 ლარად. 

საკრებულოს გადაწყვეტილებები ეხება თბილისში ოთხ სხვადასხვა ადგილას მდებარე უძრავ ქონებას.  პარლამენტარს და მის ოჯახის წევრებს იქ სპორტული ობიექტები აქვთ მოწყობილი და ფინანსურ შემოსავალსაც იღებენ. 

დილარ ხაბულიანის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ეს ქონება “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მიიღო – სიმბოლურ ან შეღავათიან ფასად, სპორტული ობიექტების მოწყობის ვალდებულებით. პირობას სრულყოფილად ვერ/არ ასრულებდნენ. თუმცა, ფაქტია, მთავრობა ასეთ არაკეთილსინდისიერ კომპანიებს ხელახლა ენდო. 

ჩნდება არგუმენტირებული ეჭვი, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილებები ერთგვარი ჯილდოა, დილარ ხაბულიანის ხმის სანაცვლოდ. დეპუტატმაც დაგვიდასტურა, თქვენს ადგილას რომ ვიყო, იმავეს ვიეჭვებდი, მაგრამ სინამდვილეში უბრალო დამთხვევააო. 

ეჭვებს აჩენს ისიც, რომ დილარ ხაბულიანი “მდუმარე დეპუტატია”, პარლამენტარობის 12-წლიან ისტორიაში მხოლოდ 109 კენჭისყრას დაესწრო და 3 901 გამოტოვა. თუმცა, არ დააკლდა იმ კენჭისყრას, სადაც  “ქართული ოცნების” წისქვილზე უნდა დაესხა წყალი.

ჟურნალისტურ გამოძიებაზე 4-თვიანი მუშაობისას შევამოწმეთ რეესტრის და თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბაზები,  შევისწავლეთ საკრებულოს ოქმები, ჩავედით ხაბულიანის მშობლიურ ლენტეხში და ვიკვლიეთ მისი ოჯახის სიმდიდრის წყარო.

საბოლოოდ, ჩვენმა კვლევამ აჩვენა, როგორ აფერხებს დახურულ კარს მიღმა გარიგებები სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და გაჯანსაღების პროცესს. Შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. 

მასალა მომზადებულია EU4IM პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. კონტენტზე პასუხისმგებელია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” და მასალის სათქმელი შეიძლება არ ასახავდეს/ეთანხმებოდეს ევროკავშირის ხედვას.

Georgian
კომენტარები
Total
0
Shares
Next
რუსული კანონის ჩაგდებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ვაჩერებთ
NoRussinalaw

რუსული კანონის ჩაგდებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ვაჩერებთ

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share