ავტორები: შორენა ლაღაძე და თამუნა ქიმაძე
ქუთაისში მე-17 საუკუნის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, “ოქროს ჩარდახს” არემონტებენ. სამუშაოებს შპს “მანე ლუქსი” 1.8 მილიონ ლარად ასრულებს. კომპანია ვალდებული იყო სამუშაოების შესრულებისთვის ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორი და ინჟინერი დაექირავებინა. კომპანიამ შესაბამისი ხელშეკრულებებიც გააფორმა, მაგრამ ამ დრომდე ჩარდახში არც არქტიტექტორი მისულა და არც ინჟინერი.
ახლა მუშები “ოქროს ჩარდახის” სახურავს აკეთებენ. კომპანიის დირექტორი ვარაუდობს, რომ საქმეს იანვრის ბოლოსთვის მორჩებიან. გამოდის, რომ სამუშაოები თითქმის დასრულებულია, თუმცა, კომპანიის მიერ დაქირავებულ ინჟინერსა და არქიტექტორს ის ჯერ არ უნახავთ.
ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიამ სპეციალისტებთან ხელშეკრულებები მხოლოდ იმიტომ გააფორმა, რომ ამას ქუთაისის მერიის მიერ დადგენილი მოთხოვნები ავალდებულებდა, რეალურად კი ინჟინერი და არქიტექტორი პროექტის დოკუმენტებსაც კი არ იცნობენ.
21 დეკემბერს დავურეკეთ არქიტექტორ გიორგი ღუდუშაურს, რომელიც “მანე ლუქსმა’’ ჩარდახის პროექტისთვის 22 სექტემბერს დაიქირავა. მასთან გაფორმებული ხელშეკრულება ტენდერების სისტემაში ვიპოვეთ.
“ვინ არიან, ვისი კომპანიაა? მანე ლუქსი? ვერ ვიხსენებ,” – გვკითხა ღუდუშაურმა. ვუთხარით, რომ კომპანიას მასთან ხელშეკრულება აქვს დადებული და არქიტექტორად ჰყავს დაქირავებული. ჩვენი ნათქვამის მერე გვითხრა, მე მათთან კი ვთანამშრომლობ, მაგრამ ჯერ არ დამკავშირებიანო. დამირეკავენ, თუ რაიმე კითხვა გაუჩნდათო.
იგივეს გვეუბნება პროფესიით ინჟინერი, ქუთაისელი სერგო რუხაძე. კომპანიამ მასაც გაუფორმა ხელშეკრულება საკონსულტაციოდ. სატელეფონო საუბრისას რუხაძემ თქვა, რომ ჩარდახზე ბევრი არაფერი იცის და საქმეში კარგად ჩახედული არაა.
“ხელშეკრულება გვაქვს კი, ჩვენი ხალხია იქ, მაგრამ პრარაბი სხვაა. პროექტს იმდენად არ ვიცნობ, სახურავს კი. ქუთაისელი ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ვყოფილვარ ჯერ იქ. მთლად ჩახედული არ ვარ, მაგრამ თუ რამე იქნება, დამიძახებენ და მეტყვიან,” – გვითხრა რუხაძემ სატელეფონო საუბრისას.
როგორც ჩანს, კომპანიამ სპეციალისტებთან ხელშეკრულებები კი გააფორმა, მაგრამ მათი “დახმარება” არ დასჭირვებია. საქმე იმაშია, რომ “მანე ლუქსს” შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებთან ხელშეკრულებების გაფორმებას სატენდერო მოთხოვნები ავალდებულებდა.
“პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს არქიტექტორ-რესტავრატორის, არქიტექტორის, ხელოვნებათმცოდნის და ინჟინერ-მშენებლის განათლების მქონე მინიმუმ 1 სპეციალისტი. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ასლი, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს,” – წერია ქუთაისის მერიის მიერ დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებში.
21 დეკემბერს “ოქროს ჩარდახში” მივედით. გვინდოდა მუშებისგან გაგვეგო, ვინ და როდის აკითხავდა ჩარდახს, თუ აკვირდებოდა ვინმე მათ მუშაობას. სამშენებლო ტერიტორიაზე არ შეგვიშვეს. ადგილზე არც სამუშაოების უშუალო ზედამხედველი დაგვხვდა. კომპანიის დირექტორი კი ახალი წასული იყო.
ჩარდახის ეზოში არ შეგვიშვეს და ერთ-ერთმა მუშამ ღობის მეორე მხრიდან გვითხრა, 5 ქალი იყო მოსული და სახელები და გვარები არ ვიციო.
“[ხელოვნებათმცოდნეები] ჩამოდიან, მე მაგათ არ ვიცნობ. ვიღაცები დადიან, ხუთი ქალი იყო ჩამოსული, მაგრამ შიგნით არ შემოვუშით. არ შეიძლება შიგნით შემოსვლა, აკრძალული ზონაა ეს. აქ ერთადერთი შემოდის, თბილისიდან მოდის ვიღაცა მინისტრის მოადგილე, ის შემოდის მარტო, სხვა არავინ.”
ზვიად ბერეკაშვილი პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. “მანე ლუქსს” ხელშეკრულება მასთანაც აქვს გაფორმებული. ჩვენ მასთან გასაუბრება ვცადეთ – მობილურის ნომერზე 21 დეკემბერს 14:48 საათზე ვურეკავდით. ტელეფონი გათიშული იყო. მოგვიანებით, 17:03 საათზე თავად დაგვიკავშირდა. ამ შუალედში ჩვენ მოვასწარით კომპანიის დირექტორთან და ჩარდახში მყოფ მუშებთან ინტერვიუს ჩაწერა. ანუ კომპანიის დირექტორმა უკვე იცოდა, რომ ჩვენ არქიტექტორსა და ინჟინერს ვესაუბრეთ და არც მათი პასუხები დაგვიმალავს.
ხელოვნებათმცოდნე ზვიად ბერეკაშვილისთვის კითხვა დასმული არ გვქონდა, თავის ინიციატივით გვითხრა, რომ ჩარდახს სტუმრობდა და კომპანიას საკონსულტაციო მომსახურებასაც უწევდა. ჩვენ რამდენჯერმე ვკითხეთ, რა სახის რეკომენდაციებს გასცემდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რას აკეთებდა. გვითხრა, ახალი წლებია და არ მცალია, მერე შეგხვდებით და პირისპირ ვისაუბროთ დეტალებზეო.
ტენდერების სისტემაში ამ ადამიანებთან გაფორმებული ხელშეკრულებები შპს “მანე ლუქსმა” კი ატვირთა, მაგრამ საინტერესოა, რა ადასტურებს ამ სპეციალისტების მუშაობის ფაქტს. კომპანიის დირექტორს ეს კითხვაც დავუსვით.
“სპეციალისტები მე მჭირდება საკონსულტაციოდ, ჩამოდიან, ჩემთან აქვთ კონსულტაცია, თქვენ ხომ არ ჩაგაბარებენ ანგარიშებს? რომელიმე [კვლევა] მოიკითხეთ?” – გვკითხა დიმიტრი მხეიძემ.
ვკითხეთ, საჯაროა ეს კვლევები და თუ საჯაროა, სად მოვიკითხოთ-თქო
“საჯარო რატომ უნდა იყოს კვლევები? სად უნდა გამოვაქვეყნო? მერიისთვის მე ერთი ანგარიშიც არ ჩამიბარებია, არ ვარ ანგარიშვალდებული მაგ კუთხით, ’’ – გვითხრა დიმიტრი მხეიძემ.
ვუთხარით, რომ, მაგალითად, მისმა დაქირავებულმა სპეციალისტმა, გიორგი ღუდუშაურმა გვითხრა, ჩარდახთან ნამყოფი არ ვარო და თავიდან ვერც “მანე ლუქსი’’ გაიხსენა.
“ეშლება მას, თქვენ გაბარებდათ ახლა ანგარიშებს? მისი გადასაწყვეტია როგორ გეტყოდათ, მისი აზრია, ეს რომ ეთქვა. დაანებეთ მაგ ადამიანს თავი.”
სპეციალისტების ადგილზე ყოფნა და სამუშაოების მათი ჩართულობით გაკეთება მნიშვნელოვანია. ამას კომპანიის დირექტორიც ხაზს უსვამდა 6 ოქტომბერს, სამუშაოების დაწყებისას “ქუთაისიპოსტთან” მიცემულ ინტერვიუში:
„ისე მიმდინარეობდა ამ ძეგლის მშენებლობის პროცესი, ასე გაკეთება წარმოუდგენელი იყო, მთლიანად კარგავდა ავთენტურობას, მაგრამ ახლა ჩვენ ჩავერთეთ. პროექტი ამ წუთას ისეთივეა, როგორიც ძველი იყო, მაგრამ ახლაც კონსტრუქტორები და არქიტექტორები ვართ ადგილზე, გვყავს ჩვენი სპეციალისტებიც მოყვანილი, ჩვენც ვთავაზობთ ჩვენს აზრს.“
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
როგორ წარიმართა ჩარდახის რეაბილიტაციის პროცესი ?
ქუთაისის მერიამ მეფეთა დარბაზის, ე.წ. ოქროს ჩარდახის განახლება შესაბამისი ტენდერის საფუძველზე ორი წლის წინ გადაწყვიტა და რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი შპს “მნ პროექტს” 49 ათას ლარად მოამზადებინა. კომპანიამ ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილს დაუკვეთა.
პროექტს ხელოვნებათმცოდნეების, კულტურის მკვლევარებისა და არქიტექტორების კრიტიკა მოჰყვა. შეიქმნა “ოქროს ჩარდახის” გადარჩენის საინიციატივო ჯგუფიც. სპეციალისტები თვლიდნენ, რომ “ოქროს ჩარდახის” რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით რეაბილიტაციის ჩატარება ძეგლს რადიკალურად შეუცვლიდა სახეს. მათი თქმით, სახურავის დიზაინი ისტორიული ნაგებობისთვის შეუსაბამოა და პროექტის ავტორებს დასაბუთებულიც არ აქვთ, რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ეს სტილი – კრამიტის სახურავის გარშემო ქვის პარაპეტების მოწყობა.
“მნ პროექტის” პროექტის მიხედვით “ოქროს ჩარდახის” რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები სს “სამშენებლო კომპანია ივერთმშენმა” 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ქუთაისის მერიამ მასთან 955,000-ლარიანი ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გააფორმა და საქმის დასრულება დეკემბრამდე დაავალა. კომპანია სამუშაოებს შეფერხებით ასრულებდა, ამიტომ მერიამ მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და ახალი შესყიდვა გამოაცხადა.
კომპანიის პოვნის მეორე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მესამე ჯერზე, 2023 წლის სექტემბერში კი მერიას ჩარდახის რეაბილიტაცია შპს “მანე ლუქსმა” შესთავაზა. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ ამ ტენდერს ორი პრეტენდენტი ჰყავდა. ჩარდახის რეაბილიტაციისთვის პირველი პრეტენდენტი 3.7 მილიონ ლარს ითხოვდა, ხოლო “მანე ლუქსმა” საქმის შესრულება 1.8 მილიონ ლარად გადაწყვიტა. მერიამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის 13 ოქტომბერს გააფორმა.
ოქროს ჩარდახამდე “მანე ლუქსს’’ ორ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჰქონდა მუშაობის გამოცდილება – ის იყო შპს “დაგის’’ ქვეკონტრაქტორი ზესტაფონის n1 საჯარო სკოლაზე და ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობისას.
საბოლოოდ, პარაპეტს, რომელსაც სპეციალისტები და რიგითი ქუთაისელები აპროტესტებენ, ჩარდახს მაინც დაადგამენ.
9 ოქტომბერს შპს “მანე ლუქსის” დირექტორმა, დიმიტრი ჩხაიძემ “აი, ფაქტს” უთხრა:
“წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, როცა გაიხსნება ძეგლი, სახურავს ავხდით, ვნახავთ სად არის ავთენტური, სად არის დაშენება და ასე შემდეგ, ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება ვთქვათ ის პარაპეტი უნდა გაკეთდეს თუ არა. თუ არ არის საჭირო ეს პარაპეტი, არ იქნება. ჩვენ ვერაფერს გადავწყვიტავთ, ჩვენ მშენებლები ვართ.’’
ახლა კი ამ საკითხზე ასე გვიპასუხა:“სჭირდებოდა, იმიტომ რომ შენობას შეკრავდა, თორემ თავზე დაგვეშლებოდა. ახლაც ხელს რომ მიადებ ნებისმიერ ქვას, ირყევა. იმდენი ხანი იყო უპატრონოდ, დაზიანებულია ქვები და ყველაფერი. სარტყელი ამ შენობას სჭირდებოდა, რომ გამაგრებულიყო და შეკრულიყო ეს შენობა და ვიზუალურ მხარეს მე არ ვწყვეტ, სიმართლე გითხრა, რასაც გვეტყვიან ჩვენ, პროექტს მოგვცემენ, იმას ვაკეთებ,’’ – გვითხრა ‘’მანე ლუქსის’’ დირექტორმა დიმიტრი ჩხაიძემ.
“პარაპეტი არის სილამაზის გულისთვის. მაგაზე გვერდიდან ქვა უნდა აეკრას. სარტყელი არის იმისთვის რომ ქვა გაჩერდეს, არის ქვის სამაგრი კედელი, რომ ლამაზი დარჩეს. უჭკუოები რომ არიან, მაგენის გაკეთებულია მაგი [პარაპეტი],‘’ – გვითხრა ჩარდახის ეზოში მისმა დაქირავებულმა მუშამ.
მაისში, ჩვენთან საუბრისას პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ნინა გრიქუროვაც ფიქრობდა, რომ სარტყელი და პარაპეტი შენობას პომპეზურობას და დიდებულ იერს შესძენდა.
ჩარდახის თემაზე უფრო ვრცლად ჩვენი წინა მასალებიდან შეიტყობთ:
მასალა მომზადებულია New Democracy Fund-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მასალაზე პასუხისმგებელია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” და მასალის სათქმელი შეიძლება არ ასახავდეს/ეთანხმებოდეს დონორის ხედვას.