რა ღირს თქვენი ოქროს ნიშნობის ბეჭედი?

ბევრი ჩვენგანი არ ხედავს პროცესს, რითაც ჩვენი ყოველდღიური მოხმარების ნივთები მზადდება და რომელთა გარეშე, ცივილიზებული არსებობა ძნელი წარმოსადგენია.

ჩვენ ვხედავთ გაზეთს ან ჟურნალს საგაზეთო ჯიხურში, მაგრამ არ ვხედავთ ხის მოჭრილ მორებს, რისგანაც ის დამზადდა.

ყოველდღე ვხედავთ ლითონს: რადგან კოვზები, ჩანგლები, ქვაბები, სათვალეები, ტანსაცმლის სხვადასხვა აქსესუარები სწორედ ლითონისგანაა დამზადებული. მაგრამ არ ვხედავთ კარიერს, საიდანაც ლითონის შემცველ მადანს მიწიდან იღებენ.

ჩვენ ვხედავთ აზუზუნებულ კონდიციონერს, როცა გვცივა ან გვცხელა და ჩვენს სახლებსა თუ ოფისებში, ვრთავთ მას. მაგრამ არ ვხედავთ ფრეონს, რომელსაც, ძველი კონდიციონერი (განსაკუთრებით საქართველოში), დიდი ალბათობით, შეიცავს.

არ ვხედავთ და არა “ვერ ვხედავთ” – დანახვა შესაძლებელია, თუ დავინტერესდებით.

2

ოქროს გამოტუტვის მოედნები. კაზრეთი

როდესაც ნიშნობისას შეყვარებული წყვილი ოქროს ბეჭდებს ცვლის. ბუნებრივია, ისინი იმ წამს არც ფიქრობენ, რომ დაახლოებით ერთი ტონა ნედლი მადანია საჭირო ორი გრამი ოქროს მისაღებად.

გარემოსდაცვითი კვლების ორგანიზაცია World watch–ის მკვლევარმა, ჯონ იანგმა გამოითვალა, რომ ორი ცალი ოქროს ბეჭედი რომ მივიღოთ, დაახლოებით 3 მეტრის სიგრძის, 2 მეტრი სიგანის და ამავე სიღრმის ორმო უნდა ამოითხაროს.

შეყვარებული წყვილი არც ციანიდს ხედავს. დიდი ალბათობით, არაფერი იცის ციანიდით გამოტუტვაზე (ინგლისურად heap leaching), რითაც, მათი ბეჭდების დასამზადებელი ოქრო მადნისგან გამოცალკევდა, ბეჭდების, რომელსაც ურთიერთობის დასასრულემდე მარჯვენა თუ მარცხენა (გააჩნია, რომელ კონტინენტზე დაიბადა და გაიზარდა) ხელის არათითზე სიყვარულის ნისნად წამოიცვამს.

ოქროს დედამიწიდან ამოღების პროცესი ასე გამოიყურება: კომპანია ჯერ ტერიტორიის რამდენიმეწლიან ლიცენზიას ყიდულობს (ლიცენზიის ყიდვამდე, არსებობს სასიამოვნო ეჭვი, რომ მიწის ქვეშ ოქროა დამარხული). ამის შემდეგ, კომპანიას ჯერ დიდი საბურღი დანადგარის მქონე მანქანა მოჰყავს და ირიბად, დაახლოებით 30 გრადუსის დახრილობით, მიწაში უშვებს ამ მანქანის “ხორთუმს” – რკინის დიდ ძელს. ზედაპირული სინჯებისთვის, მთას ზედაპირზევე აფეთქებენ.

ასე იღება მადნის სინჯი. შესაბამისი გეოლოგიური კვლების შემდეგ, თუ დადგინდა, რომ მადანში ოქროს შემცველობა მნიშვნელოვანია (ხოლო ოქროს ფასიც მსოფლიო ბაზარზე მაღალი) და მისი ბუნებიდან ამოღება ღირს, მოდის ექსკავატორი. დიდი სატვირთო ბელაზებით ნედლი მადანი ოქროს გროვული გამოტუტვის მოედანზე მიაქვთ.

მოედანზე, ერთ ტონა ნედლ მადანს დაახლოებით ერთ კილოგრამ ციანიდს აყრიან.   საქართველოში ეს პროცესი თბილისიდან 80 კილომეტრის დაშორებით, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მიმდინარეობს.

ციანიდი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნაერთია. ჯერ კიდევ 2010 წელს ევროპარლამენტმა იმსჯელა ციანიდზე, როგორც ერთ–ერთ ყველაზე მავნე ქიმიურ ნივთიერებაზე.

25 წლის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ციანიდთან დაკავშირებული, 30–მდე დიდი კატასტროფა მოხდა. ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური, 1990 წელს, იუგოსლავიაში დაფიქსირდა. ციანიდის მოედნებიდან, 100 ათასი კუბური მეტრი ციანიდის შემცველი სითხე მდინარე დუნაიში ჩაიღვარა. ცენტრალური ევროპის ერთ–ერთმა უდიდესმა ეკოლოგიურმა კატასტროფამ კიდევ ერთხელ დააფიქრა ევროპელები ციანიდის გამოყენების სავალალო შედეგებზე, განსაკუთრებით, მოწყვლადი ეკოსისტემების, დამეწყრილი ტერიტორიებისა და კლიმატის ცვლილების პირობებში.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ამ კატასტოფებს არ აქვს საზღვარი: დაბინძურებულმა დუნაიმ ის 10 ქვეყანა მოიარა, სადაც მდინარე გადის და ყველა იმ სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთებს ჩაუარა, რითაც ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის წყალს სარწყავად იყენებს.

2010 წლის 5 მაისს, ევროპარლამენტში სწორედ ციანიდის თემას განიხილავდნენ.

რადგან მათ ჩათვალეს, რომ ციადინი საშიში დამაბინძურებელია, რადგან უნგრეთმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ და გერმანიამ თავიანთ ქვეყნებში აკრძალეს ციანიდით ოქროს გამოტუტვა. რადგან ციანიდით ოქროს გამოტუტვის სოციალური შედეგები არ იყო მნიშვნელოვანი: მცირეხნიან , დაახლოებით 16–წლიან, დასაქმებას ჰპირდებოდა ადგილობრივებს; რადგან გაერომ 2010 წელი ბიომრავალფეროვნების წლად გამოაცხადა; რადგან ევროკავშირის ზოგ ქვეყანას ოქროს ციანიდის გამოტუტვით მიღების პროექტები ჰქონდა; რადგან კატასტროფის შემთხვევაში, დაბინძურებას საზღვრები არ ექნებოდა; რადგან კომპანიები სრულ უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდნენ; რადგან ციანიდის გამოყენებას უარყოფითი შედეგი ჰქონდა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე; რადგან Water Framework Directive სწორედ წყლის ხარისხის დაცვას ითხოვდა (მათ შორის, ციანიდით ზედაპირული თუ მიწისქვეშა წყლების დაბინძურებისგან); რადგან ერთი ტონა ნედლი მადანი იყო საჭირო მხოლოდ ორი გრამი ოქროს მისაღებად, ეს პროცესი კი გარშემო უამრავ ნარჩენს ტოვებდა (ხოლო 20–25 პროცენტი ოქრო მაინც რჩებოდა მადნის სანაყაროზე); რადგან ოქროს ციანიდით გამოტუტვის ალტერნატივის მოგონება შესაძლებელი იყო; რადგან სხვადასხვა ქვეყნებში ხალხი უკვე ღიად გამოდიოდა ამის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, რომ პირდაპირ თუ ირიბად, ხელი შეეშალა ციანიდით ოქროს მოპოვებაზე ევროკავშირის ქვეყნებში მანამ, სანამ მისი გამოყენება საბოლოოდ არ აიკრძალებოდა. ასევე, არ წაეხალისებინა და მხარი არ დაეჭირა ციანიდით ოქროს გამოტუტვისთვის ე.წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნებში.

1_o

RMG-ს კარიერის ერთ-ერთი უბანი. კაზრეთი

2 წლის თვის წინ, ნიკოლოზ წიქარიძემ, ჯიმი ჩხვიმიანმა და სხვებმა სტუდენტური მოძრაობა მწვანე მუშტი დააარსეს. მოძრაობაში 100–მდე სტუდენტი შედის.

წევრები თვლიან, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა თანამედროვე გარემოსდაცვით ხედვებთან ახლოს არ მოდის. საჭიროა მნიშვნელოვანი ძვრები და ცვლილებები.

2013 წლის 11 იანვარს, კაზრეთში, ჯიმიმ და ნიკამ, კომპანია RMG Gold-ის ოქროს გამოსატუტი მოდნები მოინახულეს. სტუდენტებს ეგონათ, რომ იქ 4 გამოსატუტი მოედანი იყო.   ადგილზე 7 დახვდათ. ფოტოები გადაიღეს და ფაქტობრივი მასალის მოპოვების შემდეგ, თბილისში, ორ დღეში, პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებს მასალები წარმუდგინეს.

კაზრეთში გადაღებული ფოტოები გარემოს დაცვის სამინისტროს გააცნეს. სამინისტრომ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ „გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა“ არ მომხდარა.

სინამდვილეში, მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის მოწყობა გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გავლენა რომ მკვეთრად უარყოფითია, ეს ევროპარლამენტის 2010 წლის მსჯელობაზეც გამოვლინდა.

შესაბამისად, ქართული კანონმდებლობით, აშენებამდე, გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის მოწყობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტს მოითხოვს, რომელიც წესით, კომპანიას გარემოს დაცვის სამინისტროში უნდა წარედგინა და აშენებამდე, მის დადებით ან უარყოფით პასუხს დალოდებოდა.

თუმცა, პროცედურული ნორმები შებრუნდა: კომპანიამ ჯერ მოედნები ააშენა და მოსახლეობასთან მის გავლენაზე ლაპარაკს მიმიდინარე წლის 6 თებერვალს, 14:00 საათზე გეგმავს,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის შენობის მცირე დარბაზში.

გარემოს დაცვის სამინისტროს ამაზე მნიშვნელოვანი რეაგირება ჯერ არ ჰქონია.

***

ზილკე ნოი გერმანელი გეოგრაფია. ის 6 წლის წინ გავიცანი, როცა კაზრეთის ნიადაგების დაბინძურებაზე სტატიას ვწერდი. ზილკე იმ მეცნიერების ჯგუფში შედიოდა, რომლებიც „მადნეულის“ (ახლა RMG Group)–ის საქმიანობის შედეგად, დაბინძურებულ ნიადაგში მძიმე მეტალების საკვებ ჯაჭვში გადასვლას იკვლევდა.

თავიდანვე მომეწონა ზილკეს ყავისფერი ხისგან დამზადებული, სადა საყურეები და ბეჭედი. უნდა გამოვტყდე, რომ ჩემთვის საკმაოდ უჩვეულო იყო ეს ნივთები.

„ჩემმა ბოიფრენდმა მისახსოვრა. ბერლინში მეორადად გადამუშავებული ხის (ინგლისურად second-hand wood) ნივთების ცალკე მაღაზიებია, სადაც მხოლოდ ისეთი ნივთები იყიდება, რომლებიც გადამუშავებულია… მე და ჩემი მეგობრების უმრავლესობა არასოდეს ვატარებთ ოქროს ან ფუფუნების სხვა საგნებს: ჩვენ ვიცით, რა გავლენა აქვს გარემოზე და იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე ოქროს ციანიდით გამოტუტვას. თან, ხის ნივთები ბევრად ლამაზი და მოხერხებულია ლითონისაზე. “

 

ბლოგი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ “ლიბერალის” ვებ-გვერდზე, 2014 წლის 14 იანვარს

ამავე ავტორის მასალები ამავე თემაზე:

2014 წელს მოწყობილი გამოსატუტი მოედნები სოფელ ბალიჭთან 

“სირცხვილის კორიდორი” კაზრეთში

კაზრეთელი მუშების სამუშაო პირობები

კაზრეთელი მუშების გაფიცვა

Rich Metals Group–ის გათავისუფლებული თანამშრომლები

როგორ გაუგრძელდა RMG Gold–ს ძველი ლიცენზია?

“ტრანს–ჯორჯიან რესურსი”, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი და საყდრისის ლიცენზია 

ფინანასთა სამინისტროს დაუმთავრებელი გამოძიება RMG-ზე

ანგარიშში დაკარგული გარემო

მადნეული – იაფი საგანძური 

ვინ აკონტროლებს ქართულ წიაღისეულ რესურსებს?

მადნეული – დაბინძურების წყარო

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *