fbpx
prokuratura 1

პროკურატურა და სასამართლო RMG-ს მიერ გარემოს დაბინძურების შესახებ ინფორმაციას არ გასცემენ

საქართველოს პროკურატურამ და პირველი ინსტანციის სასამართლომ “აი, ფაქტს” გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ მიაწოდა.

ინფორმაცია ეხებოდა იმას, დაიწყო თუ არა და რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება 2014 წლის 27 თებერვალს ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, კომპანია Rich Metals Group [RMG]-ის ინდუსტრიული წყლებით მდინარე მაშავერას დაბინძურების საქმეზე და დადგა თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

დაბინძურების ფაქტობრივი მასალები

2014 წლის 27 თებერვალს სააქციო საზოგადოება Rich Metals Group Copper-ის კუთვნილ სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებული 5,000 კუბური მეტრი მოცულობის ე.წ. შემასქელებელი რეზერვუარიდან 500 კუბური მეტრი მოცულობის მჟავე კარიერული წყლების ავარიული ჩაშვების შედეგად მდინარე კაზრეთულა დაბინძურდა.

დაბინძურების ფაქტი დასტურდება ოქმით, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2014 წლის 27 თებერვალს შეადგინა.

“მდინარე მაშავერას მოწამვლა შეინიშნებოდა მდინარე კაზრეთულას და მდინარე მაშავერას შესართავიდან სოფელ ჭაპალამდე,” – აღნიშნულია აქტში.

აღებული სინჯებიდან ერთ-ერთის მიხედვით, მდინარე კაზრეთულასა და მაშავერას შესართავთან თუთიის კონცენტრაციამ 220.4-ჯერ გადააჭარბა დასაშვებ ნორმას, მანგანუმის კონცენტრაციამ – 474.9-ჯერ, სპილენძის – 157,1-ჯერ და რკინის – 36.4-ჯერ.

აქტიდან, რომლიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეადგინა, ჩანს, რომ წყლის მძიმე მეტალებით დაბინძურებასთან ერთად განადგურდა თევზი. სააგენტოს მიერ შედგენილ აქტს თან ახლავს სამი მოქალაქის ნაამბობი. ადგილობრივები ყვებიან, რა ნახეს დაბინძურების დღეს.

“მოგახსენებთ, რომ 2014 წლის 27 თებერვალს 10 სათზე და 30 წუთზე ვიმყოფებოდი ბოლნისის რაიონის სოფელ ჭაპალაში. მდინარე მაშავერაზე არსებულ ხიდზე გადასვლის დროს შევამჩნიე, რომ მდინარის ნაპირებზე ეყარა დახოცილი და გამორიყული თევზი, რომელიც მოვაგროვე.

ვინაიდან მდინარეს ფერი ჰქონდა შეცვლილი და იგრძნობოდა მკვეთრი სუნი, ეჭვი შემეპარა თევზის ვარგისიანობაში და გადავყარე უკან. ასევე შევამჩნიე მდინარის ნაპირებზე გამოსული ხალხი, რომლიც აგროვებდა დახოცილ თევზს. მე ვურჩიე, რომ არ მიეღოთ თევზი საჭმელად, რადგან თევზი მოწამლული იყო,“ – ამ წერილს ხელს მოქალაქე ზურაბ ლიპარტელიანი აწერს.

აქტს თან ახლავს კიდევ ორი წერილი, რომელიც მსგავსი შენაარსისაა და რომელსაც ხელს ვლადიმერ და ბესო რეხვიაშვილები აწერენ.

სპეციალური ფორმულით, რომლითაც ქართული კანონმდებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანი ითვლება, გარემოს ეროვულმა სააგენტომ დაიანგარიშა, რომ ჯამში, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1,078,187 ლარი.

პროკურატურის უარი

2014 წლის 21 მარტს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, საქმის დეტალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნა.

ამ მიმართვიდან 3 წელი გავიდა. გასული წლის ოქტომბერში “აი, ფაქტმა” მიმართა პროკურატურას კითხვით, დაიწყო თუ არა გამოძიება და რა ეტაპზეა ის ამჟამად.

პროკურატურამ გვიპასუხა, რომ უწყება არაა ვალდებული ასეთი სახის ინფორმაცია გასცეს – უწყების თქმით, მოთხოვნილი ფაქტები საჯარო ინფორმაციის კატეგორიაში არ გადის.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გვითხრა, რომ საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაცია მათ არ ჰქონდათ. სამინისტრომ დააზუსტა, რომ ამ საქმეზე 2014 წელს მათი ერთ-ერთი თანამაშრომელი დაიკითხა.

“აი, ფაქტმა” პროკურატურის ეს პასუხი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია გარემოს ეხება და საჯაროა როგორც ქართული კანონმდებლობით, ასევე ორჰუსის კონვენციით, რომლის მხარე საქართველოცაა.

სასამართლოს უარი

მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა “აი, ფაქტის” მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პროკურატურას ინფორმაციის გაცემა არ დაავალა.

არდაზიშვილის დასაბუთებით, ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე გამოვითხოვეთ, არ განეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციის კატეგორიას.

“ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია დარეგულირებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და წარმოადგენს საქართველოს პროკურატურის მმართველობითი ფუნქციის განხორციელების სფეროს, შესაბამისად, მასზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის გავრცელება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს,” – ვკითხულობთ ხატია არდაზიშვილის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში. “საქართველოს პროკურატურის მიერ მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე, ვინაიდან საქართველოს მთავარ პროკურატურას არ გააჩნდა ამ შინაარსის ინფორმაციის გაცემის კანონისმიერი ვალდებულება, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას და არ უნდა დაკმაყოფილდეს.”

პროკურატურას აქვს დისკრეციის უფლება: გამომძიებელ ორგანოს შეუძლია გამოძიების მიმდინარეობის პროცესში საქმის დეტალები დამალოს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

თუმცა, სულხან სალაძე, რომელიც “აი, ფაქტის” იურისტი იყო ამ საქმეზე, ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც პროკურატურას გაუცია ინფორმაცია ისეთ საქმეებზე, რომელთა გამოძიებაც მიმდინარეობდა.

ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პროკურატურას მიმდინარე და გახმაურებული საქმეების შესახებ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზეც განუცხადებია ჟურნალისტებისთვის.

სულხან სალაძის თქმით, ამ შემთხვევაში პროკურატურის მიერ დისკრეციის უფლებით სარგებლობა და გარემოს დაბინძურების გამოძიების შესახებ ინფორმაციის დამალვა შერჩევითი იყო.

“სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლზე და ამბობს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, თუმცა, ამავდროულად, არაფერს ამბობს სხვა შემთხვევებზე, როდესაც პროკურატურამ გასცა ინფორმაცია,” – ამბობს სალაძე.

სასამართლო სხდომის დროს, პროკურატურის წარმომადგენელმა ანა კაპანაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ თუ პროკურატურა გასცემდა ამ ინფორმაციას, ეს კონკრეტულ პირებს დააზიანებდა.

იურისტ სულხან სალაძის კითხვაზე, თუ კონკრეუტულად ვინ დაზიანდებოდა, ანა კაპანაძეს პასუხი არ ჰქონდა.

“ვერ გეტყვით. ამ საქმის მწარმოებელი მე არ ვარ,” – უპასუხა იურისტს კაპანაძემ სასამართლო სხდომაზე.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
სახიფათო ცვლილებები ფსიქიატრიაში
fsiqiatria

სახიფათო ცვლილებები ფსიქიატრიაში

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share