fbpx

“ქვიშით აშენებულები”

savanekarieri 2018 07 16 fWOwrzv4Um 1 1

ფოტო აღებულია www.ambebi.ge-დან.

საჩხერის სოფელ სავანეში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებულ ჯგუფს ქვიშის მოსაპოვებლად ახალი კარიერის გახსნა 2018 წელს უნდოდა. მოსახლეობამ ეს ამბავი გააპროტესტა და დროებით სამუშაოები შეაჩერეს. სავანის მკვიდრი, დავით გიორგაძე ამ დროს თანასოფლელებს უჭერდა მხარს. 2019 წელს კი იმ კომპანიის მფლობელად მოგვევლინა, რომელმაც სავანეში ქვიშის მოპოვება მაინც დაიწყო. სწორედ ისაა დაკავშირებული ივანიშვილის გარემოცვასთან.  

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი სავანე ქალაქიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი ცნობილია კვარციანი ქვიშის კარიერებით. სავანეში ერთი დიდი კარიერია საბჭოთა დროიდან მოყოლებული. 2019 წელს გიორგაძის კომპანიამ გახსნა მეორე კარიერი, რომელიც მოსახლეობასთან ახლოსაა და 33-ზე მეტ ოჯახს საფრთხეს უქმნის. ადგილობრივების თქმით, შესაძლოა, რამდენიმე წელში იძულებულნი გახდნენ საცხოვრებელი სახლები დატოვონ. ისევე როგორც ეს მეზობელი სოფლის, ზედა იცქისის შემთხვევაში მოხდა. 

72 წლის ოთარ აბრამიშვილი ზედა იცქისში ცხოვრობდა. გვეუბნება, რომ 1990 წელს ისინი კარიერის გამო ქვემოთ გადმოსახლდნენ. “კარიერმა დაგვანგრია და გასაძლისი აღარ იყო. 110 ოჯახი იყო მაშინ ზედა იცქისში და იქ არავინ დარჩა. საყრდენს რომ გამოაცლი სოფელს, მერე დაინგრევა, აბა, რას იზამს. სავანლები ჯერ ვერ გრძნობენ, მაგრამ ცოტახანში იგრძნობენ ამას,” – გვეუბნება ახლა უკვე ქვედა იცქისში მცხოვრები ოთარ აბრამიშვილი. 

სავანის მოსახლეობა ახალი კარიერის გახსნის წინააღმდეგი იყო და დღემდე არის. 

სოფელში გვეუბნებიან, რომ დავით გიორგაძე, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენია, მათთან ერთად ეწინააღმდეგებოდა ახალი კარიერის გახსნას. 2019 წელს ადგილობრივებთან ნებართვის სათხოვნელად მივიდა. უარის მიუხედავად, კარიერი მაინც გაიხსნა და ახლა დავით გიორგაძე იმ კომპანიის ერთ-ერთი მეწილეა, რომელიც სოფლის გარემოს ცვლის. 

“როცა გვთხოვდნენ, გავხსნითო და უარი და მთელი ამბები რომ წავიდა, მაინც გახსნეს. ეს მთა ცოტახანში აღარ იქნება, ასეთი  მთა იყო სამი, ორი აღარაა და მესამესაც იღებენ. ანადგურებენ ბუნებას და შეჭამეს ყველაფერი,” გვეუბნება სავანეში მცხოვრები ქეთინო ლაბუჩიძე. 

სავანის ახალ კარიერზე შპს “საჩხერის ქვიშა” მუშაობს. ეს კომპანია საჯარო რეესტრში 2018 წლის 27 აგვისტოს დარეგისტრირდა. ამ დროს კომპანიის წილებს ვალერი ტურძელაძე, ლევან ტურძელაძე, ალექსანდრე წულუკიძე და გელა კობერიძე ფლობდნენ. ვალერი  ტურძილაძეს, ალექსანდრე წულუკიძესა და გელა კობერიძეს “ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილისთვის, ჯამში, 99,000 ლარი აქვთ შეწირული. 

კარიერის გახსნის მოწინააღმდეგე დავით გიორგაძემ კომპანიის 20 პროცენტიანი წილი  2019 წლის იანვარში 200 ლარად იყიდა. 

ჩვენ დავით გიორგაძეს დავურეკეთ. გვინდოდა გვეკითხა, რატომ შეიცვალა აზრი და არამარტო კარიერის მომხრე, არამედ იქ ქვიშის მომპოვებელიც კი გახდა. გვითხრა, რომ ჩვენი ჟურნალისტური კითხვები არ სჭირდებოდა და არც ამ თემაზე საუბრისთვის ეცალა. 

შპს “საჩხერის ქვიშას” ამჟამად ლევან ტურძელაძე, ვალერი ტურძელაძე, ალექსანდრე წულუკიძე და დავით გიორგაძე ფლობენ. 

დავით გიორგაძე სოფელ სავანეში ცხოვრობს. მას ბიზნეს საქმიანობა შპს “საჩხერის ქვიშით” არ დაუწყია. წილებს ფლობს სხვა კომპანიებშიც, მაგალითად, შპს “ინტეგრალი”, შპს “ვოლვო”, შპს “იზვარა 2017”, შპს “მიქს 2015”. წილს ფლობს შპს “კომპანია ტრანსსა”და  შპს “ტრანსჯორჯიაშიც”.

გიორგაძის ერთ-ერთ კომპანიაში, შპს “ვოლვოში” ელ-ფოსტის მისამართად მითითებულია ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავისა და მეზობლის, ბესიკ ივანიშვილის ფოსტის მისამართი. კიდევ ორ კომპანიას, შპს “იზვარა 2017”-სა და შპს “მიქს 2015”-ს ელ.ფოსტად მითითებულია საჩხერის საკრებულოს წევრის, ნოდარ ბუღაძის ფოსტა.  

ნოდარ ბუღაძე 2017 წლიდანაა საკრებულოს წევრი და პარალელურად ბიზნესსაქმიანობასაც ეწევა. ის კომპანია “მშენინვესტის” დირექტორია. ამ კომპანიის  მფლობელი კი ივანიშვილის ნათესავი (დის მულის ქმარი) მურმან ტოგონიძეა. 

ნოდარ ბუღაძემ გვითხრა, რომ საბუღალტრო მომსახურებას უწევს კომპანიებს. დავით გიორგაძის კომპანიებზე მისი ელ-ფოსტის მისამართიც ამიტომაა მითითებული.  

შპს “საჩხერის ქვიშამ” ლიცენზია 2018 წლის 13 სექტემბერს შპს “იცქისის ქვიშისგან” მიიღო. შპს “იცქისის ქვიშის” მფლობელი კი ნოდარ ბუღაძეა. 

ვინ მოიპოვებს საჩხერეში კვარციან ქვიშას?

საჩხერეში ქვიშას მოიპოვებს ეკონომიკისა და მდგრადი განითარების შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, ბეგლარ კაპანაძის ძმაც.  

კაპანაძის ძმის კომპანია, შპს “კარიერი” კვარციან ქვიშას სოფელ იტავაზას ტერიტორიაზე მოიპოვებს. კომპანია საჯარო რეესტრში 2006 წელს დარეგისტრირდა. კვარციანი ქვიშის მოპოვების ლიცენზია 2007 წელს მოიპოვა და მოქმედების ვადა 2026 წლამდე აქვს. შპს “კარიერის” მფლობელი თავად ბეგლარ კაპანაძე იყო. 2010 წელს მან მუშაობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სააგენტოში, გენერალური ინსპექციის უფროსად დაიწყო. შპს “კარიერი” კი ძმას, ბაგრატ კაპანაძეს ამავე წელს გადაუფორმა. 2011 წლიდან დღემდე ბეგლარ კაპანაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსია. 

ბაგრატ კაპანაძე შპს “კარიერის” გარდა წილებს ფლობს შპს “მშენებელი 1”-ში (ლიცენზია აქვს 2028 წლამდე) და შპს “კვარცი საქართველოში” (ლიცენზია აქვს 2038 წლამდე). ამ კომპანიას ლიცენზიის ვადა 2028 წლამდე აქვს. 

საჩხერეში ქვიშის მოპოვებაზე ლიცენზია 15 კომპანიას აქვს. მათგან 8 კომპანიის მფლობელები “ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის აქტიური შემწირველები არიან. 

Screen Shot 2020 12 21 at 18.20.59 1
კომენტარები
Total
0
Shares
Next
“ალტ ინფო” – რუსეთის “ალტერნატივა საქართველოსთვის”
alternativa

“ალტ ინფო” – რუსეთის “ალტერნატივა საქართველოსთვის”

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share