fbpx

“ქვიშით აშენებულები” – ნაწილი II

inga scaled 1

ინგა ჯაჯანიძის სახლი საჩხერეში, მთის ქვეშ დგას. მთა ნელ-ნელა იშლება, რადგან მისგან მანქანებით ქვიშა გააქვთ. ინგა ამბობს, რომ სულ შიშში ცხოვრობს: “მაგ კლდის ჩამოშლის მეშინია. მაგათ არ ეშინიათ, ღამე არ სძინავთ აქ.”

“მაგათში” ინგა ამ ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირებს გულისხმობს, რომლებიც სოფელ ბაჯითის ქვიშის კარიერს ფლობენ და ქვიშას უკვე ცხრა წელია, მოიპოვებენ. 

ingas saxli 1

“ამ გზაზე ვერ გაივლი, ავარიების მხრივ ხომ საერთოდ, სილიანია და ყირავდება მანქანები. მტვერზე აღარაფერს ვამბობთ, საშინელებაა. სარეცხს ვერ გაფენ, სულ სილიანია. ბავშვების ფილტვებზე ხომ ცუდად მოქმედებს, თირკმელებში ილექება. ახლა კი არიან ჯანმრთელები, მაგრამ 10 წლის შემდეგ რა იქნება, ვინ იცის?” – გვეუბნებიან ქალაქ საჩხერეში რაჭის ქუჩის მკვიდრები, ინგას მეზობლები. 

ამ ქუჩაზე 12 ოჯახი ცხოვრობს. ყველა მათგანი კარიერის ზემოქმედების არეალში ექცევა. 

ინგას ამ ადგილზე დასასახლებლად მიწა საჩხერის მერიამ მისცა. ექვსი წლის წინ მან და მისმა ქმარმა იქ სახლი ააშენეს. ახლა სახლი ნელ-ნელა ისევე იშლება, როგორც მის უკან მდგომი ქვიშის კარიერი. 

ინგამ საჩხერის მერს განცახდებითაც მიმართა. ბენიამენ ფალავანდიშვილს მისწერა, რომ მის საცხოვრებელ სახლს საფრთხე ემუქრება. ინგას სახლის წინ მოძრაობს ქვიშით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანები. გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად სთხოვდა, ადგილზე შეესწავლა ეს ფაქტი და შესაბამისად ემოქმედათ. 

იმის ნაცვლად, რომ მერიას სპეციალური ჯგუფი გამოეგზავნა ადგილზე და ინგას პრობლემა დეტალურად შეესწავლათ, მშრალად უპასუხეს. მოსწერეს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიის ხელმძღვანელები გააფრთხილა და განცხადებაში დასმული პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სთხოვა. 

რა უნდა ყოფილიყო ეს ქმედითი ნაბიჯები არავინ იცის. მერიის ან კომპანიის ხელმძღვანელობის “ქმედითობა” არც ინგას უგრძვნია.  

საჩხერის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ჩვენც ვესაუბრეთ. თემურ ნადირაძემ გვითხრა, რომ მერიის მხრიდან რეგულარულ ზედამხედველობას არ აწარმოებენ. ისინი მხოლოდ გზის დაზიანების ან დაბინძურების შემთხვევაში ერევიან. 

ნადირაძის თქმით, მათ კომპანია გააფრთხილეს. ამის შემდეგ გაკეთდა ახალი, შემოვლითი გზა, რომელიც ნაკლებად უქმნის საფრთხეს მოსახლეობას. თუმცა, სატვირთო მანქანები და ტრაქტორიც მაინც ძველი გზით სარგებლობს, რადგან ის უფრო მოკლეა.  

bajiti qvisha

კომპანიის ერთ-ერთ მფლობელს, მამუკა დეკანოიძეს ვკითხეთ, რა გაფრთხილება მიიღეს მერიისგან. გვითხრა, რომ ასეთი არაფერი მომხდარა. დეკანოიძის თქმით, ისინი სტანდარტების დაცვით მოქმედებენ და მათ სამუშაოს გარემოს სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური წელიწადში ორჯერ მაინც ამოწმებს. 

თემური ნადირაძეც გვიმტკიცებს, რომ ქუჩა “გაწკრიალებულია.” “მერიის ტრაქტორი წმენდს. როგორ უნდა გადავრეცხოთ, მაგისი მანქანა არ გვყავს. მანქანა რომ გვყავდეს, მაგაზე საყვედურს არ ვათქმევინებდით.”

ნადირაძე ვერ გვეუბნება, რა სიხშირით ასუფთავებს მერიის ტრაქტორი ამ გზას. არადა, აქ სატვირთოები ყოველდღე, დილის 7 საათიდან შუადღის 3 საათამდე დადიან. 

ჩვენ ბაჯითში 26 მარტს ვიყავით. დაახლოებით, 3 საათი გავატარეთ სოფელში, კარიერის მიმდებარედ. ვნახეთ, რომ ეს გზა სილით, თითქმის, დაფარულია. არც ტრაქტორი გვინახავს იქ და კომპანიის სატვირთოებმაც შეწყვიტეს მუშაობა ჩვენი გამოჩენის გამო. 

“გარეთ ვერ დაჯდები, ახლა კარგადაა კიდე, ხანდახან ისეთი მდგომარეობაა, თვალს ვერ გაახელ. სუნთქვა არ შეიძლება, ნისლივით დგება მტვერი,” – გვეუბნება ადგილობრივი თემური ქამუშაძე, რომელსაც ასთმა და არითმია აწუხებს.

ოჯახური ბიზნესი ქვიშაში

სოფელ ბაჯითის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვიშას შპს “Geo Sand” მოიპოვებს. კომპანია საჯარო რეეესტრში 2013 წელს დარეგისტრირდა. ამ კომპანიას ბაჯითში ქვიშის მოპოვების სამი ლიცენზია აქვს, ერთი კი სოფელ იტავაზას მიმდებარე ტერიტორიაზე. ბაჯითში ქვიშას მინის საწარმოებლად მოიპოვებენ.  

სალიცენზიო პირობებს წიაღის ეროვნული სააგენტოს სპეციალური სამსახური აკონტროლებს. მათგან ინსპექტირების ოქმები გამოვითხოვეთ. გვინდოდა გაგვერკვია, ნამდვილად იცავს თუ არა შპს “geo sand” დადგენილ სტანდარტებს. 2019 წელს კომპანია იტავაზას მიმდებარე ტერიტორიაზე სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 2,000 ლარით დააჯარიმეს. 

“ქვიშის მოპოვებითი სამუშაოები ნაწარმოებია ერთ საფეხურად, დაბალი ჰიფსომეტრიული ნიშნულიდან მაღლისკენ, საფეხურის სიმაღლე აღემატება 20 მეტრს, დახრის კუთხე 80-90 გრადუსია. ამასთან, კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დასამტკიცებლად ათვისების გეგმა,” – ვკითხულობთ  ინსპექტირების ოქმში.

იმავე დარღვევებზე წერენ 2020 წლის ოქმშიც. ბაჯითის მიმდებარე ტერიტორიაზე ინპექტირების ოქმები სააგენტოსგან არ მიგვიღია. შესაბამისად, არ ვიცით კომპანია აქაც არღვევს თუ არა სალიცენზიო პირობებს. 

შპს “Geo Sand”-ს მამუკა დეკანოიძე, ივანე ფარქოსაძე და ალექსანდრე სირაძე ფლობენ. ისინი “ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის შემწირველები არიან. 

მამუკა დეკანოიძემ და ალექსანდრე სირაძემ 2020 წლის ოქტომბერში, ერთსა და იმავე დღეს, “ქართულ ოცნებას,” ჯამში, 70 ათასი ლარი შესწირეს. 

ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის სიძეა (შვილის ქმარი) ნუგზარ დეკანოიძე. მამუკა კი ნუგზარის ბიძაშვილია. ნუგზარ დეკანოიძე საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” პრეზიდენტია. მან “ქართულ ოცნებას” 45 ათასი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 25 ათასი ლარი შესწირა.  

geo sand 1

ივანე ფარქოსაძემ “ქართულ ოცნებას” 60 ათასი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 15 ათასი ლარი შესწირა. მამამისი, ანდრო ფარქოსაძეც მმართველი პარტიის შემწირველთა რიცხვს მიეკუთვნება. მან “ქართულ ოცნებას” 12 ათასი ლარი შესწირა. მამაც და შვილიც ბაგრატ კაპანაძის ბიზნესპარტნიორები არიან. 

ივანე ფარქოსაძეს და ბაგრატ კაპანაძეს 25-25-პროცენტიანი წილი აქვთ  შპს “მშენებელი 1”- სა და 17 პროცენტი შპს “კვარცი საქართველო”-ში.  ეს კომპანიებიც კვარციან ქვიშას მოიპოვებენ საჩხერეში,  სოფელ იტავაზას მიმდებარე ტრეიტორიაზე. 

კაპანაძეზე ჩვენ წინა სტატიაშიც გიყვებოდით. ბაგრატის ძმა, ბეგლარ კაპანაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსია. 

კაპანაძის ბიზნეს პარტნიორია ასევე, ალექსანდრე სირაძის მამა, მიხეილ სირაძეც. ისიც  ქვიშის მოპოვების ბიზნესშია და მმართველ პარტიას ფულსაც სწირავს. მიხეილ სირაძემ “ქართულ ოცნებას,” ჯამში, 55 ათასი ლარი შესწირა, სალომე ზურაბიშვილს კი – 20 ათასი. 

მიხეილ სირაძის და ივანე ფარქოსაძის ბიზნესპარტნიორია თეიმურაზ ჭიხორია. ისინი ერთად ფლობენ შპს “მშენებელი 1”-ს. კომპანია სოფელ იტავაზას ტერიტორიაზე კვარციან ქვიშას მოიპოვებს. 

თეიმურაზ ჭიხორია საჩხერის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის ძმაა. 

შპს “Geo Sand”-ის თანამფლობელს, მამუკა დეკანოიძეს ვკითხეთ, რის სანაცვლოდ სწირავს ფულს მმართველ პარტიას. გვიპასუხა, რომ ეს მისი პირადი ინტერესია. დეკანოიძეს ისიც ვკითხეთ, არის თუ არა სახიფათო კარიერები მოსახლეობისთვის. გვითხრა, რომ პირდაპირ ხალხის ეზოში არ დგანან. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ცემენტის წარმოება საქართველოში – კანონი იმისთვისაა, რომ დაარღვიო
kaspi

ცემენტის წარმოება საქართველოში – კანონი იმისთვისაა, რომ დაარღვიო

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share