fbpx
გზები ქუთაისში

რატომ ბრალდება წვიმას, ქუთაისის ახალდაგებული გზების დაზიანება

ავტორი – შორენა ლაღაძე

2020-2022 წლებში ქუთაისის მერია ქალაქის გზების განახლებით და ისტორიული უბნების გალამაზებით ამაყობდა. თუმცა, ახალდაგებული გზები საამაყო ნამდვილად ვერ გამოდგა. აკაკი შანიძის აღმართი, მანდარიას და გრიშაშვილის ქუჩები რეაბილიტაციიდან ერთ, ორ ან სამ წელში გაფუჭდა.

არადა, ამ პროექტებს ქუთაისის ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ლარი მოხმარდა, ახლა კი დამატებითი თანხების ხარჯვაა საჭირო. როგორც გურულები იტყვიან, საქმე “საორხელო” გახდა. მერია პრობლემის სათავეს კომპანიებში ეძებს, ისინი კი, თავის მხრივ, დაზიანებას ქალაქის უხვ ნალექს აბრალებენ.

დავინტერესდით, რა მდგომარეობაშია ქუთაისის სამი ცენტრალური გზა ახლა, რამ დააზიანა საფარი ასეთ მოკლე დროში და ვინ იკისრებს პასუხისმგებლობას გაფუჭებული საქმის გამოსწორებაზე.

იოსებ გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია

გრიშაშვილი ქუთაისის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული ქუჩაა, რომელიც ცისფერყანწელთა ქუჩიდან იწყება, გადადის მდინარე რიონზე თეთრი ხიდით და და რუსთაველის კვეთასთან წყდება,სიგრძით კი სულ 545 მეტრია. ქუთაისის მერიამ ამ გზის რეაბილიტაცია, სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და გამწვანების მოწყობა 2019 წელს გადაწყვიტა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სს“ხურომ” 6000 ლარად მოამზადა, სამუშაოები კი შპს “ნიუპოვერმა” და მისმა ქვეკონტრაქტორმა “ბ.ლ გრუპმა” შეასრულეს, ჯამში 885 ათას ლარად.

გზა ქუთაისში გრიშაშვილზე ევროპა ჩვენი სახლია
ჩანგრეული ტროტუარი გრიშაშვილის ქუჩაზე, 2023 წლის 19 ივლისი. ფოტო: “ევროპა ჩვენი სახლია”

მერიას რეაბილიტირებული ქუჩა 2020 წლის ივნისის ბოლოს უნდა ჩაებარებინა, თუმცა პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობამ საქმე გაუჭიანურათ და კომპანია საქმეს თვენახევრის დაგვიანებით, აგვისტოს დასაწყისში მორჩა.

გრიშაშვილის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოები ”საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა” შეაფასა, თუმცა არ ვიცით, რა დაწერეს ინსპექტირების ანგარიშში. ეს დოკუმენტი შესყიდვების საიტზე ატვირთული არ არის. ხელმისაწვდომია მხოლოდ მერიის მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათები, სადაც ამბობენ, გადავამოწმეთ ანგარიში და მის მიმართ შენიშვნები არ გაგვაჩნიაო. მერიამ სამუშაოები საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, 1 სექტემბერს ჩაიბარა.

საქმე შესრულებულად ჩაითვალა, კომპანიებმა ფული აიღეს, სამი წლის შემდეგ კი ტროტუარი ჩაინგრა. ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც პროექტის მიხედვით, კომპანიას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, მცირე მექანიზმების გამოყენებით და ხელით უნდა ემუშავა. რატომ?

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მე-19 საუკუნის 50-ან წლებში, როცა ხის ხიდი ლითონის კონსტრუქციით ჩაანაცვლეს და სავალი ნაწილი აამაღლეს, გრიშაშვილის ქუჩაზე სახლების პირველი სართულები დაიფარა. შენობების ნაყარისაგან დასაცავად, ტროტუარის ქვევით, ქვის თაღოვანი გალერეა მოაწყვეს. ნაგებობა მდინარესთან გადიოდა და ამ გზით ნიავდებოდა. პროექტის მიხედვით, ეს გალერეიები დღესაც არსებობს, ამიტომ რეაბილიტაცისას ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ.

სამუშაოებში ჩართულ მხარეებს რომ ვესაუბრეთ, ჭეშმარიტება დადგენილი არ ჰქონდათ. ჯერ არ იცოდნენ,  ვის და რა ხარჯებით უნდა შეეკეთებინა ტროტუარი. 

“საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის” ინჟინერი მალხაზ ხარებავა ამბობს, რომ მათი ზედამხედველობით, კომპანია ყველაფერს ზედმიწევნით, პროექტთან შესაბამისად ასრულებდა:

“შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნები და ხარისხი წარმოადგინეს. თუ დაზიანდა წვიმის ან რაღაცის შედეგად, მაშინ უკვე, მშენებელმა უნდა აიღოს [თავის თავზე], თუ არის ეს მშენებელსა და მერიას შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული.”

“ექსპლუატაციაში მიღების დროს, საპროექტო ორგანიზაციას მონაწილეობას არ აღებინებენ. სამწუხაროდ, მე ვერ გეტყვით, გაკეთდა თუ არა პროექტის მიხედვით, რატომ, რა მოხდა, მიზეზი რა არის… თუ არ ვნახეთ და შევისწავლეთ, ისე აზრი არ აქვს საუბარს. არ ვიცი როგორ შესრულდა ფარული სამუშაოები, რა გააკეთეს ქვემოთ, არხები გაწმინდეს თუ არა…,”- გვითხრა სს “ხუროს” ინჟინერ-არქიტექტორმა ბადრი მელქაძემ.

გრიშაშვილის ქუჩაზე ევროპა ჩვენი სახლია
ტროტუარის დაზიანება გრიშაშვილზე, 2023 წლის 19 ივლისი
ფოტო: “ევროპა ჩვენი სახლია”

კომპანია “ნიუპოვერის” დირექტორმა მალხაზ სარჯველაძემ გვითხრა, ამ საკითხზე ქვეკონტრაქტორებს უფრო ექნებათ ინფორმაციაო. რახან ტროტუარების მოწყობა ქვეკონტრაქტორ “ბ.ლ გრუპს” ევალებოდა, დაზიანების ამბავი მათთან მოვიკითხეთ. მენეჯერ ელეონორა გიორხელიძეს ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა, გვითხრა, სავარაუდოდ, საგარანტიო ვადა გასულია, მაგრამ დეტალებს კომპანიაში მოვიკითხავო.

არც მერია მიიჩნევდა თავს მოვალედ, რომ გრიშაშვილის ქუჩაზე დაზიანებები აღმოეფხვრა. გვითხრეს, ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ, საგარანტიო ვადა რახან გასული არ არის, კომპანიებს მოკვლევა ვთხოვეთ და ექსპერტებმა უნდა თქვან, სტიქიამ წარმოქმნა პრობლემები თუ უხარისხო სამუშაოებმაო.

მერიასთან და კომპანიასთან ჩვენი ზარიდან ორ დღეში, გრიშაშვილის ქუჩის ჩანგრეული ტროტუარი ამოავსეს. არ ვიცით, ვინ გააკეთა ეს, რადგან არც კომპანია გვპასუხობს და არც მერია.

აკაკი შანიძის აღმართი

შანიძის ქუჩის რეაბილიტაცია 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდა, გზა კი უკვე დაზიანებულია. წელს, ივლისში, სანიაღვრე ჭების ირგვლივ ასფალტს და ბეტონს ბზარები გაუჩნდა. საფარი კი დეფორმირებულია, ალაგ ჩავარდნილია, ალაგ- ამოზნექილი.

არადა, აღმართის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ბიუჯეტიდან 708 ათასი ლარი დაიხარჯა. აქედან 3,400 ლარი მოხმარდა პროექტს, რომელიც ინდ.მეწარმე გიორგი ნატრიაშვილმა მოამზადა. მასთან საუბრით გაირკვა, რომ გზის საფარის დაზიანებაზე ინფორმაცია არ აქვს.

დაზიანება ფეისბუქი
შანიძის აღმართის დაზიანება ჭის გარშემო. 2023 წლის 27 ივლისი. ფოტო: ფეისბუქი

შანიძის აღმართის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს “გლობალ-ბილდინგმა” შეასრულა. სამუშაოები 2021 წლის ივლისამდე უნდა დაესრულებინათ. თუმცა, ხელშეკრულებაში შვიდი ცვლილება შევიდა, გზადაგზა დაემატა სამუშაოები, გადაიწია ვადები და საბოლოოდ, საქმეს სექტემბერში მორჩნენ.

მერიამ სამუშაოები შესრულებულად ჩათვალა და ოქტომბერში მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა. წელს ივლისში კი ქუთაისში წვიმიანი ამინდების შემდეგ, გრიშაშვილის ქუჩასთან ერთად, ეს აღმართიც დაზიანდა. ბზარები სანიაღვრე არხების გასწვრივ გაჩნდა.

“რა სირცხვილია, უბრალოდ, ერთი წლის დაგებულიც არაა…”; “სანამ ვინმე ჩაიმარხა, მიხედეთ”; “ძეგლთან ჩამოსასვლელი ნოხივითაა დაკუჭული”; “მინიმუმ 5 წელი არ უნდა გაძლოს ასფალტის საფარმა?”; – წერდნენ ქუთაისელები სოციალურ ქსელში და სამ აგვისტოს საპროტესტო აქციაც გამართეს. მათ პროტესტს რეაგირება რომ არ მოჰყოლია, ნათელია. ჯერჯერობით, შანიძის აღმართზე ივლისში გაჩენილი დაზიანებები არავის აღმოუფხვრია.

შანიძის ქუჩის სამუშაოებიც ”საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა” შეამოწმა. როგორც უკვე მოგიყევით, არ ვიცით, რა დაწერეს ინსპექტირების ანგარიშში, რადგან ეს დოკუმენტი შესყიდვების საიტზე არ მოიპოვება.

ქუჩის დაზიანება ფეისბუქი
დაზიანებული გზის საფარი შანიძის ქუჩაზე.
2023 წლის 27 ივლისი, ფოტო: ფეისბუქი

ეს კომპანია საინჟინრო-საკონსულტაციო საქმიანობას 2016 წლიდან ეწევა. მისი ყოფილი დირექტორი დავით ჯიბლაძე „ქართული ოცნების“ შემწირველია. 2014 – 2017 წლებში მმართველ პარტიას 29,000 ლარი ჩაურიცხა.

საბოლოოდ, სურათი აქაც იგივეა. კომპანია და მერია მტყუან-მართალის გარკვევაში არიან. დაზიანებაზე პასუხისმგებელი პირი კი გამოკვეთილი არ არის.

“გლობალ-ბილდინგის” მენეჯერმა ლევან ცერცვაძემ დაზიანების მიზეზების მოსაკითხად ქუთაისის მერიაში გადაგვამისამართა. რომ ჩავეკითხეთ, რა იყო მათი, როგორც მშენებელი კომპანიის ვერსია, პრობლემა ქუთაისში უხვ ნალექს მიაწერა:

“საგარანტიო ვადა არის, თუ დაზიანდება საფარი ასფალტის უხარისხობის გამო…. სტიქიამ ამოყარა ნახევარი საფიჩხია… კომპანია რა შუაშია, ვერ გავიგე.”

მანდარიას ქუჩა

მანდარიას ქუჩა ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და წერეთლის ქუჩას სადგურის მოედანთან აერთებს. პროექტში ვკითხულობთ, რომ გასულ წლებში ეს ტერიტორია ხშირად იტბორებოდა, სამხრეთის საყრდენი კედელი სიძველის გამო გამოფიტული იყო და ჩამოშლას იწყებდა. ამის გათვალისწინებით, 2022 წელს მერიამ გზის რეაბილიტაცია, სავალი ნაწილის, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელის და საყრდენი კედლის მოწყობა გადაწყვიტა.

პროექტი შპს “ნუევამ” მოამზადა, 7,8 ათას ლარად. სამუშაოები კი შპს “საქმილსადენმშენმა” 882 ათას ლარად შეასრულა.

“საქმილსადენმშენი” 1996 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი დირექტორი ავთანდილ ლომთაძე მმართველი პარტიის შემწირველია. მან “ქართულ ოცნებას” 2020-21 წლებში 20 ათასი ლარი ჩაურიცხა.

მანდარიას ქუჩაზეც არ წავიდა საქმე გეგმის მიხედვით, შეიცვალა ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების ვადები და სამუშაოები ორი თვის დაგვიანებით, ივლისის ნაცვლად, სექტემბერში დასრულდა. მერიამ მიღება-ჩაბარების აქტი მეორე დღესვე, 2022 წლის 8 სექტემბერს გააფორმა.

სამუშაოების დასრულებიდან ერთი წელიც არ გასულა, რომ გზის სავალ ნაწილზე დაზიანებები გაჩნდა. ამ წლის ივლისის შემდეგ ასფალტი ალაგ-ალაგ ჩანგრეულია და ღრმულებია წარმოქმნილი.

გზის ფოტო ქუთაისი ევროპა ჩვენი სახლია
დაზიანება მანდარიას ქუჩაზე, 2023 წლის20 ივლისი. ფოტო: “ევროპა ჩვენი სახლია”

პროექტის ავტორი ამბობს, რომ გზის დაზიანების მიზეზი მასიური სტიქიაა. იგივეს ვარაუდობს მანდარიას ქუჩის პარალელურ, შანიძის ქუჩაზეც.

“ძალიან დიდი ნალექი მოვიდა მაშინ და ფიზიკურად ვერ გაუძლო სანიაღვრე ქსელმა. შეისწავლეს, უხარისხო ხომ არ იყო და მაინც სტიქიის ბრალი აღმოჩნდა. ზოგადად, სანიაღვრე სანამ ცენტრალურად არ გაკეთდება… ფრაგმენტული რეაბილიტაციები მცირე პრობლემებს აგვარებს, მაგრამ როცა სტიქიაა და დიდი წყალი წამოვა, არ შველის,”- გვითხრა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

“საქმილსადენმშენს” ჯერ კიდევ აქვს საგარანტიო ვადა და მერიის თხოვნით, სიტუაციის გამოსწორება თავად დაიწყეს. ივლისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ “ევროპა ჩვენი სახლია” მანდარიას ქუჩაზე ჩანგრეული ასფალტის ფოტოები გაავრცელა, კომპანიამ ბზარები მოფრეზა. ანუ, ძველი საფარი მოხსნეს, ტერიტორია შემოღობეს და ახლის დასაგებად გაამზადეს.

კომპანიის დირექტორის მოადგილე თეიმურაზ ლომთაძე გვეუბნება, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ პრობლემები სტიქიამ გამოიწვია, დასკვნა უკვე აქვს მერიას, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის ევალება შეკეთებაო. გამოდის, ის, რაც გაკეთდა, “საქმილსადენმშენის” კეთილი ნება იყო და ჯერჯერობით, უცნობია, ვინ მიიყვანს ამ საქმეს ბოლომდე. მძღოლები კი ითხოვენ, თუ პრობლემა დროულად ვერ გვარდება, გამაფრთხილებელი ნიშნები მაინც განათავსონო.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ინჟინერი მერაბ ბარათაშვილი ამ გზების დაზიანების მიზეზად ღვარსადენი ქსელის არასწორად მოწყობას მიიჩნევს.

“სახლში ან ოფისში ხელსაბანი რომ დაგიზიანდეთ, წყალი გეღვრებოდეთ და შეეცადოთ, ქსოვილი დააფაროთ… ეს ხომ არ გააჩერებს წყლის შემოდინებას? წყალს იქ დააფარეს ასფალტი… ხანგრძლივი წვიმები რომ იყო, მარცხენა მხარეს მთლიანად არის საფარი დაზიანებული, 300-400 მეტრზე. რაც შეეხება შანიძის აღმართს, იქაც ანალოგიური რამ მოხდა – ქვაფენილი გადაფარეს ასფალტის საფარით და იქ უკვე დაირღვა წყლის გადინების ლოგიკა, წყალი მოექცა ასფალტის საფარის ქვეშ,”- აგვიხსნა ინჟინერმა მერაბ ბარათაშვილმა.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ თემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

რას უპირებს მერია დაზიანებულ გზებს?

ქუთაისის მერიას რომ ვკითხეთ, ვინ და როდის უნდა აღმოფხვრას გზებზე წარმოქმნილი პრობლემები, გვითხრეს – კომპანიებს ექსპერტიზის ჩატარება დაევალათ და თუ დადგინდება, რომ დაზიანებები მათი ბრალეულობაა, თავად უნდა შეაკეთონ, ხოლო თუ სტიქიის შედეგია, მერია გააკეთებსო.

ორი კვირის შემდეგ კვლავ მოვიკითხეთ, რა გადაწყდა საბოლოოდ, დაზიანებები სტიქიას დაბრალდა და ხარჯებს მერია გაიღებდა თუ არა. თუმცა, მერიიდან ინფორმაცია აღარ მოგვაწოდეს და შემოგვითვალეს, შეგიძლიათ სტატია ჩვენი პოზიციის გარეშე გამოაქვეყნოთო. ჩანს, ქუთაისელების დაქირავებული მოხელეები მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობას დიდად ვერ გრძნობენ.

რეაბილიტაცია ქუთაისის მერია
შანიძეზე მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოები, 2021 წლის 18 აგვისტო. ფოტო: ქუთაისის მერია

კომპანიები რომ მერიისგან მითითების გარეშე დაზიანებების აღმოფხვრას თავის თავზე არ აიღებენ, ლოგიკურია. ამას პირდაპირ არც ხელშეკრულება ავალებთ.

ამასობაში კი, სანამ მერია და კომპანიები მტყუან-მართლის გარჩევაში არიან, მოსახლეობა ზარალდება. თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და მთავრობა ვერც იმას აგებინებთ, როდის მოუგვარდებათ პრობლემა.

“თუ არ აკეთებენ, ზემოდან მომავალზე მაფრთხილებელი შუქნიშანი და საგზაო ნიშნები რომ დადონ, არ იქნება ურიგო. კარგი, ვინც ყოველდღე ვმოძრაობთ, ვიცით, ფრთხილად რომ უნდა ჩამოვიდეთ, მაგრამ უცხო შეიძლება ისე დაეშვას, რომ ვერ დაიმორჩილოს მანქანა,”- გვითხრა ავთანდილ ჭელიძემ, რომელიც მანდარიას ქუჩაზე ხშირად გადაადგილდება.

“როდის – არა, როგორ უნდა გაკეთდეს, ესაა საკითხავი. ყოველდღე ვმოძრაობ და მეშინია არ ჩავვარდე. გზას აშკარად ძირი აქვს ქვემოდან გამოთხრილი,”- ამბობს თეონა სვინტრაძე, მანდარიას ქუჩის მკვიდრი.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ თემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
თბილისის მეტრო – რას მოაგვარებს 12 სადგურის მოდერნიზაცია
თბილისის მეტრო - რას მოაგვარებს 12 მეტრო სადგურის მოდერნიზაცია

თბილისის მეტრო – რას მოაგვარებს 12 სადგურის მოდერნიზაცია

რომელია ეს 12 მეტროსადგური, ჯერ უცნობია

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share