ავტორები: ია ასათიანი და მანანა ღოღობერიძე
ალიონა ერთ-ერთია რუსეთის იმ ათიათასობით მოქალაქეს შორის, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საკუთარი ქვეყნიდან წავიდნენ, ახალ საცხოვრებლად კი საქართველო აირჩიეს. ის რუსეთში მარკეტინგის სფეროში მუშაობდა. თუმცა, როგორც ამბობს, ომის დაწყების შემდეგ შემოსავლის წყაროც დაკარგა და იმის იმედიც, რომ რუსეთის პოლიტიკური რეჟიმი შეიცვლებოდა. ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც ის და მისი ოჯახი მაისში საქართველოში გადმოვიდნენ.
“ჩვენ საქართველოში დარჩენას ვაპირებთ. მე და ჩემი მეუღლე 365 დღე, თუ რამდენიც უწევს, ვიზის გარეშე ვიქნებით. შემდეგ რამეს მოვიფიქრებთ. მეუღლეს მოქალაქეობის აღება უნდა. მე დედაც აქეთ გადმოვიყვანე, ინდ.მეწარმის სტატუსი მიიღო და აქ განვავითარებთ მის ბიზნესს,” – გვიყვება ალიონა. მან გვარის გასაჯაროება არ ისურვა, მეშინია ღიად რომ გამოვჩნდეო.
რუსები საქართველოში დარჩენას, თავის დამკვიდრებას და ბიზნესის წამოწყებას რომ აპირებენ, ამაზე რიცხვებიც მეტყველებს. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ივნისის ჩათვლით, ინდ.მეწარმედ დარეგისტრირდა რუსეთის 5,990 მოქალაქე, კომპანია კი 429-მ დააარსა. “გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოში სულ 13,500 რუსული კომპანიაა, მათგან 6,419 კომპანია კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.
რუსები საქართველოში – სტატისტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 24 თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 796,638-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. IDFI-ის მონაცემებით კი 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში საქართველოში დარჩა (შემოსული და გასული მოქალაქეების რაოდენობის სხვაობა), რუსეთის 49,505 მოქალაქე.
ჩვენ მცირე კვლევა ჩავატარეთ, რომლის ფარგლებშიც რუსეთის 106 მოქალაქე გამოვკითხეთ. მათგან გვაინტერესებდა, რამდენ ხანს რჩებიან აქ, რას საქმიანობენ, რა იციან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩვენს ტერიტორიებსა და 2008 წლის ომზე. შედეგებში დამაიმედებელი ვერაფერია. დეტალურად კვლევის ანალიზს ქვემოთ გიჩვენებთ.
როგორ გახდა საქართველო ლიბერალური სავიზო პოლიტიკის მქონე ქვეყანა?
2012 წლის 28 თებერვლის ბრძანებულებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღით დასარჩენად ვიზა არ სჭირდებოდათ.
2015 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ 365 დღით დარჩენის უფლება აქვს. მსგავსი პირობები რუსეთის ფედერაციის გარდა კიდევ 94 ქვეყნის მოქალაქეების მიმართ მოქმედებს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთი წლის გასვლის შემდეგ აუცილებლად საკუთარ ქვეყანაში უნდა დაბრუნდნენ. მათთვის მარტივი გამოსავალიც არსებობს, ამისთვის საჭიროა ერთი წლის ვადის ამოწურვამდე, თუნდაც მხოლოდ ერთი წუთით გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი ნებისმიერი მიმართულებით, გადავიდნენ თურქეთში ან სომხეთში და მაშინვე უკან შემობრუნდნენ. აქედან ერთი წლის ვადის ათვლა ხელახლა დაიწყება და ასე დაუსრულებლად.
ეს ხერხი რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცნობილია და მას მიმართავენ ამას, “აი, ფაქტს” საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები თავად უყვებიან.
“რუსეთში დაბრუნების ვარიანტს ახლა საერთოდ არ განვიხილავ. თუ დამჭირდება საქართველოდან გასვლა აქ ცხოვრების ვადის გასახანგრძლივებლად, მაშინ სხვა ქვეყანაში წავალ. ეს შესაძლებელია, რადგან აქ საკითხი მხოლოდ საზღვრის კვეთაზე დგას. საზღვრის კვეთა კი ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იქნება ეს თურქეთი, სომხეთი თუ სხვა, სადაც ბილეთები იქნება,” – გვიყვება მაია გუსევა. ის საქართველოში აპრილში ჩამოვიდა და როგორც თქვა, რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან მისი და მისი მეუღლის წინააღმდეგ პროკურატურაში საქმეა აღძრული. ორივე მათგანი იდევნება რუსული პოლიტიკური რეჟიმის მიერ, რადგან მაია ომის წინააღმდეგ აზრს ღიად აფიქსირებდა. მისი მეუღლე კი სერგეი ნავალნის მხარდამჭერი იყო.
ვიზების ვადის გასახანგრძლივებლად საზღვრის გადაკვეთის ხრიკს რომ მიმართავენ, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც იციან. კითხვაზე, რამდენჯერ შეუძლიათ ასე მოიქცნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, სამინისტროს ცხელ ხაზზე გვიპასუხეს: “არ არის ასე ლიმიტირებულად, რამდენჯერაც მოისურვებენ. ახლიდან შემოსულზე თავიდან იწყება ამ ერთი წლის ათვლა.”
ისეთი პირი უჩანს, რომ არსებული სავიზო პოლიტიკის შეცვლას მთავრობას ვერც ოპოზიციის ნაბიჯები აიძულებს და ვერც სამოქალაქო სექტორის აქტიურობა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული ომის სპეციალისტები კი ჭარბად შემოსულ რუსებში ბევრ პრობლემას ხედავენ.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად მოითხოვდა მთავრობისგან, რომ გაემკაცრებინათ სავიზო პოლიტიკა რუსეთის მიმართ. იმავე მოთხოვნით მომზადდა რამდენიმე პეტიცია და მოეწყო მასობრივი საპროტესტო აქციები. აპრილში გამოქვეყნებული NDI-ის კვლევის მიხედვით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას მხარს უჭერდა გამოკითხულთა 66%.
თუმცა, საქართველოს მთავრობამ ხალხის ხმა ყურად არ იღო. მმართველი გუნდის წევრები ღიად ამბობდნენ, რომ რუსეთთან სავიზო პოლიტიკის გამკაცრება დღის წესრიგში არ დადგებოდა, ხალხის პროტესტს კი პროვოკაციად და ომში ჩათრევის მცდელობად ნათლავდნენ.
“არავითარი უკონტროლო შემოსვლა არ ხდება, არავითარი რისკები არ დასტურდება. ხელოვნურად შექმნილია დღევანდელი აჟიოტაჟიც. აქვთ კონკრეტული ინტერესი – ქვეყანაში რამენაირად არეულობა შემოიტანონ, გააჩაღონ ომის პროპაგანდა,” – თქვა ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა ვლადიმერ პუტინი გვიანონსებს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოში მისი მოქალაქეების “უფლებებს დაიცავს.” ამის შესახებ ოფიციალური ბრძანებულება რუსეთის პრეზიდენტმა 5 სექტემბერს გამოსცა. რა მოჰყვა ასეთ “უფლებების დაცვას” უკრაინაში, 6 თვეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში ვუყურებთ. საქართველოს მთავრობა კი ამ მწარე გამოცდილებას არ ითვალისწინებს. რუსეთის მოქალაქეების მიმართ საზოგადოების უარყოფით რეაქციებს კი დისკრიმინაციას, ქსენოფობიას და შუღლის გაღვივებას უწოდებენ.
9 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმაც დაგვამშვიდა, პანიკას ნუ აჰყვებით, რუსეთიდან აქ შემოსული მოქალაქეები კრიმინალს არ ჩადიანო. ისიც გაგვახსენა, 2019 წელს ორჯერ მეტი რუსი ტურისტი გვყავდაო და დივერსიებიც არ გვქონიაო. საქმე ისაა, რომ მაშინ საქართველოს რუსეთთან პირდაპირი ავია მიმოსვლა ჰქონდა, სრულდებოდა პირდაპირი რეისები რუსეთის ქალაქებსა და თბილისს შორის. გადაადგილება უფრო მარტივი და იაფი იყო. ამიტომ ეს რიცხვი გასაკვირი ნამდვილად არ არის. ახლა კი საქართველოში ჩამოსაღწევად ბევრი ბარიერი ხვდებათ, მეტი თანხის და დროის ხარჯვა უწევთ, რადგან დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცე უნდა გამოიარონ. მიუხედავად ამისა, მაინც მოდიან.
“აი, ფაქტის” კვლევა – როდის წავლენ რუსები საქართველოდან?
ჩვენ მოვამზადეთ 16-კითხვიანი ფორმა, რომელიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა აქ ჩამოსვლის მიზეზები, დასაქმების საკითხები, წასვლის სავარაუდო დრო და ოკუპაციის მიმართ მათი დამოკიდებულება.
შემთხვევითობის პრინციპით გამოვკითხეთ საქართველოში ჩამოსული რუსეთის 106 მოქალაქე. მათგან 76 პროცენტი 16-დან 35 წლამდე ასაკისაა. მათი ნაწილი გამოვკითხეთ პირისპირ, ბეჭდური კითხვარის დახმარებით, ნაწილმა კი შეგვივსო ონლაინ კითხვარი, რომელიც ტელეგრამის ჯგუფში გავაზიარეთ. ეს არის მიზნობრივი ჯგუფი, რომელიც საქართველოში ახლახან ჩამოსული ან ჩამომსვლელი რუსეთის მოქალაქეების დასახმარებლად შეიქმნა.
“აი, ფაქტის” გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის კვლევის პროცესი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. იუსტიციის სახლიდან გამოსული რუსეთის მოქალაქეები არ გვეუბნებოდნენ საიდან იყვნენ. არადა, ვხედავდით რომ ხელში სწორედ რუსული პასპორტები ეჭირათ. ზოგიც უბრალოდ თავს გვარიდებდა. ზოგი მათგანი კი თავს ქართველად და აქ დაბადებულ-გაზრდილად ასაღებდა, ისე რომ ქართულ ენაზე ლაპარაკი არ შეეძლოთ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებაზე დასმული კითხვები 39%-მა (41 ადამიანი) უპასუხოდ დატოვა, ან მიგვიწერეს, ბევრი არაფერი ვიცით ან, არ გვეხება-არ გვაინტერესებსო. იყვნენ ისეთებიც, 2008 წლის რუსეთის აგრესიის კითხვაზე რომ ეცინებოდათ და პროვოკაციულს უწოდებდნენ. გამოკითხულთაგან ერთ-ერთმა ისიც გვითხრა, რუსეთი კი არ დაესხა თავს საქართველოს, არამედ საქართველო სამხრეთ ოსეთსო. კიდევ ერთმა კი ირონიულად ისიც გვითხრა: “კი, კი. რა თქმა უნდა, რუსეთი დაესხა თავს. ყველას ხომ რუსეთი ესხმის თავს.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული რუსეთის მოქალაქეების 90 პროცენტი (95 ადამიანი) საქართველოში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩამოვიდა. მათგან ნახევარი, 106-დან 53 აპირებს საქართველოში საცხოვრებლად დარჩეს.
ტურისტული მიზნით საქართველოში ჩამოვიდა გამოკითხულთა 32 პროცენტი (34 ადამიანი), სამუშაოდ – 2.8 პროცენტი (3 ადამიანი). ჩვენი რესპონდენტები ამბობდნენ, რომ ისინი საქართველოში რუსეთის რეჟიმს, ომს, სანქციებს და უმუშევრობას გამოექცნენ. ერთ-ერთმა ისიც გვითხრა, რომ სანქციების გამო მისი კომპანია საქართველოში გადმოვიდა და მასაც ამიტომ მოუწია საცხოვრებლის შეცვლა.
ვეცადეთ გაგვერკვია, რა იციან 2008 წლის ომზე და ოკუპაციაზე მათ, ვინც ამ გამოკითხვაში მონაწილეობდა და საქართველოში საცხოვრებლად დარჩენას აპირებს, ასეთი 53 ადამიანია. მათგან ოკუპაციაზე ინფორმაცია ჰქონდა 50-ს. სამმა კი ამ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა. ზოგადად, 106 გამოკითხულიდან 77-მა იცოდა, რომ რუსეთი თავს დაგვესხა და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია.
სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას 106-დან 15 ადამიანი აღიარებს. 14 მათგანი საქართველოში უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შემოვიდა.
“აი, ფაქტის” მიერ გამოკითხული რუსეთის მოქალაქეებიდან ყველაზე მეტი, 18 ადამიანი კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროშია დასაქმებული. მედიაში მუშაობს 14 მათგანი, 15 კი მასწავლებელია.
რუსეთის მოქალაქეებს ისიც ვკითხეთ, რა შემთხვევაში დატოვებდნენ საქართველოს. 106-დან 19-მა სავიზო რეჟიმის გამკაცრება დაასახელა. 16-მა ომის დასრულება, 10-მა საქართველოში ნეგატიური დამოკიდებულება, 6-მა კი პუტინის სიკვდილი და რუსეთის ხელისუფლების ცვლილება.
“რუსეთში დაბრუნების ვარიანტს ახლა საერთოდ არ განვიხილავ. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ომის დასრულების ვერანაირ შესაძლებლობას ამ მთავრობის პირობებში. თუმცა, თუ როგორღაც ომი დასრულდა, მაგრამ მთავრობაში ისევ პუტინი იქნება, არ დავბრუნდები,” – გვითხრა რუსეთიდან გამოქცეულმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა მაია გუსევამ.
“რუსეთი ჩვენი სამშობლოა და იქ მთელი სიცოცხლე გავატარეთ. რა თქმა უნდა, გვინდა რომ დავბრუნდეთ, რადგან იქ ჩვენი ახლობლებიც არიან. მაგრამ ახლა უკან დაბრუნების ვერანაირ გზას ვერ ვხედავ. რუსეთში მთავრობა არ შეიცვლება. როდესაც ომი დასრულდება, მთავრობა მაინც იგივე დარჩება. წლების განმავლობაში განვიცდიდით ამას. ყველამ იცის, რომ რუსეთი ეს ის ადგილია, სადაც მთავრობა არ შეიცვლება,” – გვიყვება ალიონა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ხანგრძლივი დროით დარჩენა დიდ წინაღობებს არ ითვალისწინებს. მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტეს, რომ ბინადრობის ნებართვა მიიღონ, არც ესაა რთული პროცედურა.
ახლა ჩვენთან ორი სახის ბინადრობის ნებართვები გაიცემა: მუდმივად ან დროებით ცხოვრების უფლებით. დროებითი ცხოვრების უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეიძლება მიიღოს, თუ ის ჩამოდის: შრომითი, სასწავლო, ოჯახის გაერთიანების, ან საინვესტიციო მიზნით. დროებითი ბინადრობის ნებართვა თავიდან გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, თუმცა შესაძლებელია მისი გაგრძელება 5 წლამდე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ყოველ ჯერზე 1 წლის ვადით.
დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის მომსახურების საფასური 300-დან 600 ლარამდე მერყეობს, მუდმივის – 350-დან 500 ლარამდე. ფასი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ვადაში სურს აპლიკანტს პასუხის გაგება.
საქართველოში მუდმივად ცხოვრების მოპოვება კი შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თუ არის საქართველოს მოქალაქის მეუღლე, მშობელი ან შვილი (არასრულწლოვანი).
2022 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბინადრობის უფლება რუსეთის სულ 16,480 მოქალაქეს აქვს მიღებული. მათგან 1,669-მ კი ეს უფლება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო. 2022 წლის თებერვლიდან 4 აგვისტომდე რუსეთის მოქალაქეებზე ყველაზე მეტი, 550 ნებართვა გაიცა მუდმივი ცხოვრების უფლებით.
რა საფრთხეები მოჰყვება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადმობარგებას?
კონფლიქტოლოგები, სახელმწიფო უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ფიქრობენ, რომ არსებობს რისკი, რუსეთმა ნაცად მეთოდს მიმართოს და საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამხედრო აგრესიის მოტივად დაასახელოს სწორედ აქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების “უფლებების შელახვა.” ასეთები კი მრავლად იქნებიან, უკონტროლო მიგრაცია თუ გაგრძელდა.
“შესაძლოა დღეს რუსეთს მიზეზიც არ სჭირდებოდეს ომისთვის, მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ სამხედრო ოპერაციებს თითქოსდა საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზეზით იწყებს. ეს საფრთხე მითუმეტეს არსებობს ოკუპირებულ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეების შვილები, მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, სულ რაღაც 12-15 წლის წინ მოკლეს რუსმა სამხედროებმა. არ არის გასაკვირი, რომ აღელვებულმა მოქალაქემ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებიც ჩაიდინოს უვიზო რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ, ბულინგიდან დაწყებული ფიზიკური ანგარიშსწორებით გაგრძელებული. ბუნებრივია, ეს არასტაბილურობაც კრემლის ინტერესია,” – გვითხრა სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალისტმა, დაზვერვის და თავდაცვის სტრუქტურების ყოფილმა თანამშრომელმა ანდრო გოცირიძემ.
საქართველოს უნივერსიტეტის და “ჭავჭავაძის ცენტრის” პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გია ჯაფარიძეც ამბობს, რომ სამხედრო აგრესია საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით, ცნობილი ტაქტიკაა. ამის ოფიციალური დოკუმენტით დეკლარირება კი სერიოზულ რისკებს აჩენს, ახლაც კი, როცა რუსეთი დასუსტებულია და წესით, ახალი ფრონტის გახსნის თავი არ უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, სახელმწიფოები არ ცხოვრობენ დღევანდელი დღით და გასათვალისწინებელია, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ, ან 5-10 წელიწადში.
“ზღაპარი, რომ ვინც აქ ჩამოვიდა, ანტიპუტინისტები არიან, ტყუილია. ანტიპუტინისტები ან არიან ციხეში ან არიან უკვე დახოცილი, ან დიდი ხანია არიან ქვეყნიდან წასული. ბევრი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული. რა ხდება მაშინ, თუ ქუჩაში გამოსვლის დავალება მიიღეს? ჩვენთან უკვე არის იმ რაოდენობის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ყველაზე ხალხმრავალ მიტინგს მოაწყობენ, ერთხელ რომ გადაწყვიტონ. რა ხდება მაშინ, თუ დაიწყეს პრეტენზიების წამოყენება და ამ მოთხოვნებს მხარი აუბა რუსეთის ფედერაციამ? ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც იტყვის, “აბა ომი გინდათ?!” და დაუკმაყოფილდებათ ყველა მოთხოვნა,” – ამბობს ჯაფარიძე.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი იხსენებს და ადარებს ომის წინ სამაჩაბლოსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, სამხედრო აგრესიამდე რუსული პასპორტების დარიგება, შემდეგ კი თითქოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა დიდი ხანია რუსეთის ხელწერაა. ოფიციალურ დოკუმენტებში ამაზე საუბარი კი სერიოზულ საფრთხედ უნდა აღვიქვათ.
“რუსეთის მოქმედების კლასიკური სქემა მოიცავს თანამემამულეებზე ზრუნვას. იმის დეკლარირება, რომ თავის მოქალაქეებს დაიცავს, არის იმპერიული განწყობების გამოვლინება, რომ ჩვენ ვართ “დერჟავა,” რომელიც ყველგან ვართ, ყველგან უნდა ვიყოთ და ამას შეეგუეთ. თანმიმდევრულად მოხდება პროვოკაციები, მათ უბრალოდ ქუჩებშიც შეუძლიათ პრობლემის შექმნა, წარმოქმნიან ლოკალურ საყოფაცხოვრებო კონფლიქტს, მერე გააპროტესტებენ და ეს იქნება ზედაპირული საბაბი,” – გვითხრა ბენდიანიშვილმა.
რას ვაპირებთ უკონტროლო მიგრაციის შესაჩერებლად?
რუსეთმა მიგრაციის საშუალებით რომ არ დაგვიპყროს, ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა ვდგამდეთ და მის ძალისხმევას ჩვენსას ვუპირისპირებდეთ. საქართველოს მთავრობა სასიკეთოს არაფერს აკეთებს, თუმცა უკონტროლო მიგრაციის შესაჩერებლად ვერც სხვა აქტორების ქმედებებს მოაქვს თვალსაჩინო შედეგი.
პოლიტიკურმა პარტია “ლელომ” და მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება “დროამ” აგვისტოში სავიზო პოლიტიკის გამკაცრების ხედვა წარადგინეს. “ლელოს” მოსაზრებით, რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზები პირდაპირ საზღვარზე ან ონლაინ მხოლოდ 30-დღიანი ვადით უნდა გაიცეს. მათ კი ვისაც მეტი ხნით სურს საქართველოში დარჩენა, ვიზების მიღება უნდა შეეძლოთ ევროკავშირის საუკეთესო მაგალითების გათვალისწინებით.
“დროა” ითხოვს ტურისტული ვიზის ვადა 3 კვირამდე შემცირდეს და საქართველოს საზღვარზე შემოსვლის მსურველებს ბიომეტრიული მონაცემების (მათ შორის თითის ანაბეჭდის) ჩაბარება მოეთხოვოთ.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორ უნდა ვაიძულოთ მთავრობა, ამ ინიციატივებს მოუსმინოს და განიხილოს მათი მიღება-არმიღების საკითხი?
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია თვლის, რომ მთავრობასთან ამ წინადადებების განხილვა მათი მხრიდან მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს.
“არასწორია შექმნა ილუზია, თითქოს პარლამენტი არის ინსტიტუტი, სადაც რეალურად იღებენ გადაწყვეტილებებს. მათ დეკლარირებული აქვთ პოზიცია რუსეთის მიმართ. ეს არის აბსოლუტურად მარიონეტული ინსტიტუტი და რამდენჯერაც იქ შეიტან დოკუმენტს და იტყვი, რომ აი, მე ვცადე, იმდენჯერ აძლევ მას ლეგიტიმაციას,” – ამბობს ელენე ხოშტარია.
თუმცა, ვერც საპარლამენტო ოპოზიცია გვეუბნება ამ მხრივ რაიმე დამაიმედებელს. პარტია “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გვიყვება, რომ ამ თემაზე დისკუსიას ვერ მართავენ პარლამენტის პლენარულ სხდომებზე და ვერც საკომიტეტო შეხვედრებზე, რადგან დღის წესრიგს უმრავლესობა ადგენს. ოპოზიციას შეუძლია ამ თემაზე მხოლოდ გააჟღეროს პოლიტიკური განცხადებები, რასაც აკეთებს კიდეც. ნაცვლიშვილი გვეუბნება, რომ ის ამ თემაზე აღმასრულებელი ორგანოსთვის აპირებს მიმართვას.
“დღის წესრიგში საკითხი დასმულია, მართალია, “ქართული ოცნება” არ იმჩნევს, მაგრამ დასმულია. ჩვენ არ გვაქვს სახელისუფლებო ბერკეტები, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დღის წესრიგი ვერ შექმნა. ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით. ჩვენ აქტიურად ვმსჯელობთ სამუშაო რეჟიმში ამ თემაზე, მაგრამ ასე ქმედებების დეტალებში შესვლა არ იქნება ჩემი მხრიდან გამართლებული,” – გვეუბნება პარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი.
კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც სავიზო რეჟიმის შემოტანა მოითხოვა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.” მათი ინიციატივით რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის ვადა ერთ თვემდე უნდა შემცირდეს.
“ნაციონალური მოძრაობიდან” საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის თქმით, მათ აქვთ გაწერილი კონკრეტული გეგმა იმისა, თუ როგორ შეიძლება სავიზო რეჟიმის დაწესება. თუმცა, ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის მზაობას ვერ ხედავენ.
“როცა ხელისუფლებას არ აინტერესებს ეს შეთავაზებები, არ თანამშრომლობს და არც სხვის აზრს ითვალისწინებს, მათ შორის იმ ოპოზიციის, რომელიც მილიონ-ნახევარ ადამიანს წარმოადგენს, ცხადია, შემდეგ ბიუროკრატიულ ნაბიჯებს აზრი ეკარგება. საჯარო განცხადება საკმარისია იმისთვის, რომ ხელისუფლებიდან კონკრეტულმა პირებმა თანამშრომლობისთვის დაგიძახონ. მე არ მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში აზრი ჰქონდეს ამ მიმართულებით მუშაობას,“ – გვითხრა ლევან ხაბეიშვილმა.
პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გვიხსნის, რომ რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება ანტისემიტიზმი ან დისკრიმინაცია არ არის, როგორც ამას “ქართული ოცნების” წევრები წარმოაჩენენ.
“შეხვიდე უცხო ქვეყანაში 1 დღით იქნება თუ 1 წლით, ეს არ არის ადამიანის უფლება და რაკი ადამიანის უფლება არ არის, ვერ მოხდება ვერანაირი დისკრიმინაცია. სახელმწიფოს უფლება, გადაწყვიტოს ვის შემოუშვებს და რამდენი ხნით დატოვებს, არის მისი სუვერენიტეტის განუყოფელი ნაწილი. როგორც სახლში არ ვართ ვალდებული, რომ შემოვუშვათ არასასურველი სტუმარი და ვაკონტროლებთ სახლის კარს, ასევეა სახელმწიფოსთვის სავიზო პოლიტიკაც,” – გვეუბნება ნაცვლიშვილი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი დარწმუნებულია, რომ ჩვენი კანონმდებლობა სავიზო პოლიტიკის გამკაცრებას ხელს არ უშლის. მითუმეტეს, რომ რუსეთთან თავისუფალი მიმოსვლა არ გვაქვს, ოკუპანტ ქვეყანას საქართველოს მოქალაქეების მიმართ სავიზო რეჟიმი აქვს დაწესებული.
“საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება ცალკეულ ქვეყანასთან მიმართებით, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამ ყველაფერში არანაირად არ არის ქსენოფობია, როგორც ჩვენი მთავრობა ამბობს. ეს არის გადაწყვეტილების მიიღება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და სრულიად თავსებადია ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართალთან,” – გვითხრა სიმონიშვილმა.
სიმონიშვილის მსგავსად კიდევ 30 არასამთავრობო ორგანიზაცია ფიქრობს, რომ აუცილებელია საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესოს. ამ მოთხოვნით მათ მთავრობასაც მიმართეს. ყველა ვხედავთ, რომ მთავრობას ამ თემაზე არაფრის გაგონება უნდა და ისე ჩანს, რომ არც საზოგადოების მიმართვას მიიტანს გულთან. სხვა, უფრო რადიკალური ნაბიჯები კი ჯერ არავის გადაუდგამს.
“აი, ფაქტი” საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, რომ გაგვეგო, აპირებენ თუ არა საზოგადოების აზრის გათვალისწინებას და სავიზო პოლიტიკის გადახედვას, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვეს. როგორც ჩანს, სხვა საჯარო უწყებების მსგავსად, მათაც ავიწყდებათ, რომ მედიასთან კომუნიკაცია და გამჭვირვალობა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია.
ვიდრე ჩვენ ამ იწილო-ბიწილოში ვართ, ევროპის ქვეყნებმა სავიზო პოლიტიკაც გაამკაცრეს და ზოგიერთმა, საერთოდაც, საზღვარიც კი ჩაუკეტა რუსებს.
მაგალითად, ესტონეთმა გაამკაცრა საემიგრაციო პოლიტიკა რუსეთის მოქალაქეების მიმართ. მათთვის ვიზის აღება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. აგვისტოში კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ საზღვარს ვიზების მფლობელებსაც დაუკეტავენ.
ლატვიამ ომის დაწყებიდან მალევე რუსებისთვის ვიზების გაცემა ჯერ შეზღუდა, 4 აგვისტოდან კი სრულად აკრძალა, თანაც გაურკვეველი ვადით. ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა 2023 წლის მარტამდე შეწყვიტა. ივლისის შემდეგ მოკლევადიან ვიზებს აღარ გასცემს ბელგიაც.
ჩვენ ყველანი კი დავაკვირდეთ ეს მთავრობა სირაქლემას პოზიციიდან ევროპელებზე “უფრო ევროპელის” როლს როდემდე ითამაშებს. ამასობაში ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი.