Media logo
რუსი “დევნილების” კოსმოსური ამბიციები შუხუთში
ჟურნალისტური გამოძიება

რუსი “დევნილების” კოსმოსური ამბიციები შუხუთში

ლანჩხუთში ერთი სოფელია - შუხუთი. სოფლის დასაწყისშივე გადასახვევია და ოღრო-ჩოღრო გზა იწყება. ამ გზას თუ ბოლომდე გაყვებით, ერთ ნაკვეთთან მიგიყვანთ. მიწა შემოღობილია, დაცვის ჯიხურიც დგას. დაცვის თანამშრომლები რუსები არიან და მომავალი კოსმოდრომის ტერიტორიას იცავენ.

ამ მიწაზე კოსმოდრომ “კოლხიდას” გამშვები პუნქტის მშენებლობაა დაგეგმილი. იდეის ავტორები რუსი ქალები, იულია და მარია არხიპოვები არიან. ისინი რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით მაშინ ჩამოვიდნენ, როცა უკრაინაში მათმა ქვეყანამ ომი დაიწყო. თებერვალში საქართველოში ორი კომპანია დააფუძნეს, მიწები იყიდეს, ნაწილი მიითვისეს და იმ საქმეს შეუდგნენ, რაც კარგად იციან.

ორივე, იულიაც და მარიაც კოსმოსური ტექნოლოგიების სფეროდან მოდიან. მარიას მაგისტრის ხარისხი აქვს კოსმოსური ინდუსტრიის საჯარო ადმინისტრირებაში. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ფაკულტეტზე. შემდეგ მუშაობდა ორბიტალური სადგურის "მირ-2" მშენებლობის კოორდინატორად და კოსმოსური ტექნოლოგიების კონსორციუმის იურისტად.

იულია კი 2016 წელს დაარსებული რუსული “კოსმოსური ტექნოლოგიების კონსორციუმის” თავმჯდომარეა. კონსორციუმი მიზნად ისახავს კერძო კოსმოსური ინიციატივების განვითარებას.

მარია 46 წლისაა, იულია 45 წლის. გურიაში მათ დებად იცნობენ, მაგრამ მარიას მამის სახელი სერგეია, იულიასი კი - ალი. სინამდვილეში, ისინი პარტნიორები არიან და ცოლ-ქმარი იყვნენ მაშინაც, როცა მარიას ჯერ კიდევ ევგენი ერქვა და კაცად იდენტიფიცირდებოდა.

წლების წინ, მარია არხიპოვას ევგენი არხიპოვი იყო. შემდეგ კი ის ტრანსგენდერი ქალი გახდა და ამაზე მედიაში ღიად დაიწყო საუბარი. ერთ-ერთ ინტერვიუში მარია ამბობდა, ჩემმა ცოლმა ურთიერთობის დასაწყისიდანვე იცის, რომ ქალი ვარ და სქესის შეცვლისას მხარსაც მიჭერდაო.

ქალები, საკუთარი ოჯახური მდგომარეობის გარდა, გურულებს კიდევ ბევრ რამეს უმალავენ. მაგალითად, როგორ აწვდიან ინფორმაციას და ანგარიშებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებს. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ე.წ. პრავფონდთან მათი წერილობითი კომუნიკაცია და ასობით მეილი 2014 წლიდან მოყოლებული. ამ მიმოწერებმა “პრავფონდიდან” გამოჟონა და OCCRP-ს ჩაუვარდა ხელში. “აი, ფაქტი”, როგორც OCCRP-ს ქსელის წევრი ორგანიზაცია, ამ გზით ჩაერთო გამოძიებაში.

რა ვიცით ლანჩხუთში ასაშენებელ კოსმოსურ სადგურზე?

არხიპოვებს YouTube-ის რამდენიმე გვერდი აქვთ, მათ შორის, ერთი “კოსმოსური ტექნოლოგიების კონსორციუმს” ეკუთვნის. ამ გვერდებზე რამდენიმე ვიდეო დევს კოსმოდრომ “კოლხიდას” შესახებ. ასე გავიგეთ, რომ ლანჩხუთში, შემოღობილ ტერიტორიაზე კოსმოსური ხომალდების ასაფრენი ადგილის და დრონებისა და თანამგზავრების საწარმოს მოწყობა სურთ. გეგმავენ კოსმოსში ხალხის გაშვებასაც.

კოსმოდრომის ასაშენებლად არხიპოვების კომპანია “სერვიუკ აგრომ” გურიაში, ლანჩხუთში სამი ნაკვეთი იყიდა - ჯამში, 14 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია. ამ ნაკვეთებიდან უნდა გაეშვას ხომალდები ორბიტაზე.

2023 წელს საჯარო რეესტრში იულია არხიპოვას მიერ წარდგენილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ მათ საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყეს, მაგალითად, დაამონტაჟეს ელექტროგაყვანილობა, დააყენეს მრიცხველები, გაარემონტეს შენობის კარ-ფანჯარა, გაიყვანეს კანალიზაცია, წყალი და ტერიტორია ხე-მცენარეებისგან გაწმინდეს. თუმცა, თუ ფოტო და ვიდეომასალას დააკვირდებით, თქვენც ნახავთ, არის თუ არა ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული.

შეიძლება, ამ ყველაფერზე თქვენ გეცინებათ, მაგრამ არხიპოვების გეგმა მხოლოდ არხიპოვების გეგმა არაა. მათ უკან უფრო დიდი ამბავი დგას.

2023 წლის 27 აგვისტოს მარია არხიპოვა წერილს უგზავნის “პრავფონდის” აღმასრულებელ დირექტორს, ალექსანდრ უდალცოვს. მეილში წერია, რომ იულია არხიპოვა საქართველოში კოსმოსური საწარმოს მშენებლობას გეგმავს და ახალი თაობის კოსმოდრომის შექმნა სურს.

“წამყვან პოზიციებზე მუშაობენ რუსეთის მოქალაქეები, მოვიწვიეთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ყველა სამუშაო ტარდება საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით… აღნიშნული საწარმოები და კოსმოდრომი, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას რუსეთის მხრიდან გაშვებებისთვის და აპარატების აწყობისთვის და სასარგებლო იყოს ყველა მხარისთვის”, - წერს მარია გაგზავნილ მეილში.

აქვე ახსენებს იმასაც, რომ იულია აწყდება ზეწოლისა და დისკრიმინაციის ფაქტებს მისი ეროვნების გამო. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს ნაციონალისტურად განწყობილი მოქალაქეების მხრიდან მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ მუდმივ მუქარას, ასევე მუქარას, რომ პროექტებს რუსული წარმოშობის გამო დაუხურავენ. არხიპოვა ჰყვება იმასაც, რომ რუსეთის საკონსულოსთან, საქართველოს სახალხო დამცველთან, პროკურატურასა და პოლიციასთან მიმართვებს არ მოაქვს შედეგი და მუქარა კვლავ ძალაში რჩება.

28 აგვისტოს კი იულია არხიპოვა ფონდში კიდევ ერთ წერილს გზავნის ვიდეომასალების ბმულებით, სადაც ჩანს კოსმოდრომის განთავსების ადგილი. წერილში კი შემდეგი ტექსტია: “სპეციალისტებმა წარმოადგინეს, სად იქნება განთავსებული კოსმოდრომი „კოლხიდა“ და ისაუბრეს, რომელი საწყისი სამუშაოებია ჩასატარებელი, მათ შორის ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის - ელექტროენერგიის მიერთება, მისასვლელი გზების მოასფალტება და სხვა.”

ამ თემაზე შემდეგი წერილი არხიპოვებმა “პრავფონდს” 30 აგვისტოსაც გაუგზავნეს: სადაც ჯერ პასუხისთვის მადლობა გადაუხადეს შემდეგ კი მისწერეს: "მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს პირდაპირ დევნასა და დისკრიმინაციასთან რუსეთის მოქალაქეობის გამო. როცა რუსეთის მოქალაქეს პირდაპირ უწოდებენ „რუს ფაშისტს,“ „ოკუპანტს“. თუ თვლით, რომ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიცვას თავისი მოქალაქე, მაშინ არ ვიცი, კიდევ რა კრიტერიუმს მიიჩნევთ რუსოფობიის გამოვლინებად და როგორ უნდა იქნეს რუსეთის მოქალაქე დამცირებული.”

ახლა კოსმოდრომის პროექტი შეჩერებულია. არხიპოვებს ვკითხეთ, რა არის ამის მიზეზი და რას აპირებენ მომავალში:

“კოსმოდრომის მშენებლობის საკითხი ამჟამად გაჩერებულია პროექტის შეთანხმების ეტაპზე. როგორც კი მივიღებთ თანხმობას, მზად ვართ მშენებლობისთვის. თქვენი მთავრობა გასცემს ნებართვას, ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას. ჩვენ გვჭირდება ერთი წელი, მშენებლობის დაწყებიდან სრულად გამართული მუშაობის დაწყებამდე”, - მოგვწერეს არხიპოვებმა.

ლანჩხუთის მერიას ვკითხეთ, არხიპოვებს მათთან რაიმე განცხადება ხომ არ შეუტანიათ  მშენებლობის ნებართვისთვის ან საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისთვის. კანონით განსაზღვრული ვადა კი ამოიწურა, მაგრამ მათგან წერილობითი პასუხი არ მიგვიღია. მერიაში დავრეკეთ და ვუთხარით, რომ თუ პასუხს არ დაგვიბრუნებდნენ, მოგვიწევდა სტატია მათი პასუხის გარეშე გამოგვექვეყნებინა, რაზეც გვიპასუხეს, რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი იყო.

💡
თუ ფიქრობ, რომ "აი, ფაქტი" საზოგადოებისთვის საჭირო საქმეს აკეთებს და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, მაშინ გახდი ჩვენი დამფინანსებელი.

რა არის “პრავფონდი”?


“თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი” 2012 წელს რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, დადგენილებით შეიქმნა. მისი დამფუძნებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად. ფონდის მიზანი, ოფიციალურად, რუსული დიასპორებისა და საზღვარგარეთ მყოფი რუსების სამართლებრივი დახმარებაა. არაოფიციალურად კი ფონდი კრემლის მიზნებს ემსახურება: ის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია და რუსულ რბილ ძალას წარმოაგდენს ევროპაში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ფონდი 2023 წლიდან სანქცირებულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ.

ვინ მართავს ,,პრავფონდს"?

“პრავფონდი” აფინანსებს ადვოკატებს და ანაზღაურებს საზღვარგარეთ რუსების სამართლებრივი დაცვის ხარჯებს; აწარმოებს საინფორმაციო კამპანიებს და დიპლომატიურ მხარდაჭერას; მოქმედებს რუსეთის საელჩოებისა და კულტურული ცენტრების მეშვეობით.

ესტონეთისა და ლატვიის დაზვერვის სამსახურების ცნობით, “პრავფონდი” რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ინსტრუმენტია. იგი აფინანსებს ე.წ. “სამართლებრივი დახმარების ცენტრებს“ და პრორუსულ Telegram-არხებს ამ რეგიონებში.

“პრავფონდი” იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელ ვლადიმ კრასიკოვის ადვოკატის ხარჯები დაფარა. ჯამში, 220 000 ევროზე მეტი. მას გერმანიაში რუსეთის ხელისუფლების დავალებით მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 2024 წელს კრასიკოვი რუსეთმა ამერიკელ ჟურნალისტებში გაცვალა. აეროპორტში მას პირადად პუტინი დახვდა. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრასიკოვი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში (FSB), "ალფა"-ჯგუფის ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობდა.

OCCRP-სა და ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის (LRT-ს) ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ “პრავფონდი” ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აფინანსებდა კრემლთან დაახლოებულ პირებს, იურისტებს, პროპაგანდისტებსა და აგენტებს.

ვადიმ კრასიკოვის დახვედრა

რა აკავშირებთ არხიპოვებს "პრავფონდთან"?

არც ჩვენი რუსი ქალების ამბავია ამ ამბიდან შორს. მარია და იულია არხიპოვები, მინიმუმ, 2014 წლიდან თანამშრომლობენ “პრავფონდთან.”

კოსმოსური ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობამდე, 2000-იანი წლებიდან, მარია და იულია იურისტები იყვნენ და რუსეთში ადამიანის უფლებებს იცავდნენ. მაშინ მარია ჯერ ისევ ევგენი იყო. მან შექმნა რუსი ადვოკატების ასოციაცია “ადამიანის უფლებებისთვის”. 2023 წლის თებერვალში ეს ასოციაცია იყო ერთ-ერთი, რომელმაც პუტინსა და ლავროვს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თხოვნით მიმართა. პუტინის ბრძანებულებით, რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2023 წლის მაისში გააუქმა.

"პრავფონდი" არხიპოვებთან თანამშრომლობით ყირიმში შეჭრის პარალელურად დაინტერესდა. ფონდის შიდა მიმოწერებში კარგად ჩანს მიზეზებიც თუ რატომ დაინტერესნდნენ მარიას და იულიას ორგანიზაციით - არხიპოვების სექსუალური ორიენტაციისა და ოპოზიციური განცხადებების გამო, ისინი დასავლეთის თვალში უფრო სანდოდ გამოჩნდებიანო. ფონდმა თანამშრომლობა გააგრძელა მაშინაც, როცა მათი მრჩეველი არხიპოვების შეხედულებებისა და ბლოგების გამო სწერდათ - მათთან (არხიპოვებთან) დაკავშირება არ ღირსო.

სერგეი პანტელეევი

ფონდის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სერგეი პანტელეევი კოლეგებს წერდა: “ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ რუსეთი მუდმივად აკეთებს ანგარიშებს და ღონისძიებებს შიდა მოხმარებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო პლატფორმებზე სერიოზულად არ აღიქვამენ... ვიმედოვნებ, რომ მათი (იგულისხმება მარიას და იულიას ორგანიზაცია) დახმარებით საბოლოოდ ვიპოვით ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმს.”

მიმოწერის ავტორი, სერგეი პანტელეევი არ არის "პრავფონდის" უბრალო თანამშრომელი, ის ევროკავშირმა, ამერიკამ, კანადამ, შევიცარიამ, ბრიტანეთმა და იაპონიამაც კი დაასანქცირა 2023 წელს, როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტი. ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი განმარტავს, რომ პანტელეევი არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) 54777 დანაყოფის ოფიცერი. მიმოწერის დროს კი, ის ოფიციალურად, "პრავფონდის" მრჩეველის მოვალობის შემსრულებელი იყო.

“პრავფონდმა” არხიპოვების ასოციაციას "ადამიანის უფლებებისთვის" გადასცა, მინიმუმ, 72 000 ევროს ოდენობის გრანტები. ამ პროექტების მიზანი იყო უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიშების მომზადება და ორგანიზაციის საოპერაციო ხარჯების დაფარვა.

შენიშვნა: ეს მხოლოდ ის თანხაა, რომლის დამადასტურებელი ხელშეკრულებების მოპოვებაც ჩვენ შევძელით, თუმცა, ეს ორგანიზაცია “პრავფონდთან” 10 წელზე მეტია თანამშრომლობს და მას პერიოდულობით აცნობს თავისი საქმიანობის შედეგებს. უგზავნის ანგარიშებს, კვლევებს და მოსაზრებებს. მათგან იღებს რჩევებსაც. სავარაუდოა, რომ მათ ამ ორი საგრანტო პროექტის გარდა კიდევ ჰქონდათ სხვა აქტივობები.

2014 წელს არხიპოვების ასოციაციამ მართლაც მოამზადა ანგარიშები უკრაინა-რუსეთის ომში ადამიანის უფლებათა შესახებ. ისინი კრემლის ინტერესებთან თანხვედრაში იყო. კერძოდ, უკრაინის მთავრობა ნეონაცისტებად იყო მოხსენიებული, ხოლო რუსული აგრესია გამართლებული, თითქოს რუსეთი იცავდა ეთნიკურ რუსებს ყირიმში შეჭრის დროს.

ეს ანგარიში წარდგენილი და ნახსენები იყო გაეროშიც. როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო “პრავფონდის” მიზანიც. იულიას და მარიას უშუალო კურატორი "პრავფონდში" იგორ პანევკინია. ერთ-ერთ წერილში ის მადლობას უხდის მარიას და მის პარტნიორს გამორჩეული მუშაობისთვის. „შესანიშნავია, აღფრთოვანებული ვარ, ყოჩაღები ხართ!“ - პასუხი მას შემდეგ, რაც მარიას მიერ მომზადებულ ანგარიშს გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი გამოეხმაურა და ყირიმში ჩადენილი დანაშაულების შესასწავლად სპეციალური ჯგუფი გამოგზავნა.

💡
თუ ფიქრობ, რომ "აი, ფაქტი" საზოგადოებისთვის საჭირო საქმეს აკეთებს და ჩვენი სტატიები არ უნდა გამოგრჩეს, მაშინ გამოიწერე სიახლეები.

არხიპოვების გზავნილები საქართველოდან

2023 წლის თებერვალში არხიპოვები "პრავფონდს" წერენ, რომ მოხარული იქნებიან, თუ მათ გამოცდილებას და ცოდნას საქართველოშიც გამოიყენებენ. "2004 წლიდან მოყოლებული გამოცდილების გათვალისწინებით, მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენი ცოდნა და უნარები გამოდგება ადგილზე მუშაობისთვის - განსაკუთრებით საქართველოში, სადაც უკვე კარგად ვიცნობთ აქტივისტებს, პოლიტიკოსებს და სხვა მონაწილე მხარეებს…ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ საქართველოში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალის შექმნაზე ვიმუშაოთ."

ამ წერილის მიწერის შემდეგ მარია და იულია არხიპოვები რუსებს პერიოდულად უგზავნიან ანგარიშებს და უზიარებენ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მათი წერილებს კი ფონდი აგზავნიდა ხან რუსეთის განათლების სამინისტროში, ხანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

2023 წლის მარტში არხიპოვამ რუსეთში გაგზავნა ანგარიში, რომელშიც წერს რუსულ დასახლებებზე, სადაც, მისი თქმით, რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და ასეთებია გრიგოლეთი, შეკვეთილი, ურეკი, ფოთი. არხიპოვას ვერსიით, აქ მცხოვრები ეთნიკური რუსები რთულ სიტუაციაში არიან, რადგან არ იციან ქართული ენა და სახელმწიფო უწყებებში თარჯიმნები სჭირდებათ; ხდებიან ბულინგის და ზოგჯერ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი.

“მათ არ ჰყავს თავიანთი წარმომადგენლები არჩევით თანამდებობებზე, არც ხელისუფლების ორგანოებში, არც ადმინისტრაციაში… რუსული გვარი და წარმომავლობა იწვევს დისკრიმინაციას. ადამიანები რუსული სახელებითა და გვარებით, ვერ საქმდებიან ადმინისტრაციულ ორგანოებში, დეპუტატთა საბჭოებში… მათ მეტი შეზღუდვა აქვთ, ვიდრე ქართველებს. როგორც წესი, დაკავების ან სამსახურიდან გაშვების პირველი კანდიდატები რუსები არიან, ყველაზე დაბალი ხელფასებიც რუსებს აქვთ…” - წერდა არხიპოვა.

ანგარიშის მეორე ნაწილი რუსული ენის გამოყენებასა და პოპულარიზაციას ეხება. აქვე, არხიპოვა ხაზს უსვამს, რომ საჭიროა, საქართველოში რუსული მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადდეს. რუსეთის სამთავრობო უწყებებისთვის მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აღწერს, თუ როგორ უჭირთ რუსებს საქართველოში რუსულად კომუნიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების დიდმა ნაწილმა რუსული იცის.

“ცნობილია შემთხვევები, როცა საქართველოს პრეზიდენტის მისაღებში [სალომე ზურაბიშვილის] ადგილობრივ რუსებს აძლევენ შენიშვნას იმის გამო, რომ საუბრობენ რუსულად და მიუთითებენ, სახელმწიფო ორგანოებში ქართულად კომუნიკაციისკენ. ეს ქმნის გარკვეულ ვაკუუმს რუსულენოვანი მოსახლეობისთვის და უქმნით მცდარ განცდებს, თითქოს, საჭიროა, წავიდნენ და ა.შ… ეს ვითარება არ არის დამახასიათებელი მხოლოდ ერთი ან რამდენიმე რეგიონისთვის - ასეთი ვითარება გვხვდება ყველგან,” - ვკითხულობთ წერილში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ლიცენზირებული თარჯიმნების სიმწირის გამო, სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში ეთნიკური რუსების უფლებები ირღვევა.

ანგარიშის დასკვნით ნაწილში, არხიპოვა გასცემს “რეკომენდაციებს,” რომლებიც საქართველოში რუსების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნდა გატარდეს:

  • ვითარების შესაცვლელად რეკომენდებულია აქტიური პოლიტიკის წარმოება და ღონისძიებების გატარება, რომლის მიზანიც უნდა იყოს რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება;
  • რეკომენდებულია რუსების პოზიციების გაძლიერება, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო სფეროში. ამისათვის აუცილებელია, როგორც ადგილობრივი, ასევე, ახლად ჩამოსული რუსების ჩართვა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობაში;
  • რეკომენდებულია საქართველოში მყოფი რუსებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენის პირობების და საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება, რაც საჭიროა მათი პოლიტიკური ემანსიპაციისთვის;
  • რეკომენდებულია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება, რათა დადგინდეს საქართველოში მცხოვრები რუსების რეალური რაოდენობა.
წყარო: მარია არხიპოვას ფეისბუქი, 2023 წლის 17 ივლისს ატვირთული ფოტო

ამ ბოლო ხანებში "ქართული ოცნების" მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გარკვეულწილად ეხმიანება არხიპოვების რეკომენდაციებს. მაგალითად:

1. 2023 წლის ნოემბერში "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილება შევიდა და მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდა. ასე მაგალითად, 10-დან 5 წლამდე შემცირდა საქართველოში უწყვეტად ცხოვრების ვალდებულების ხანგრძლივობა; ცვლილებებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1 წლის ნაცვლად 6 თვეში შეეძლება, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები ხელმეორედ დაიწყოს, მას შემდეგ, რაც პირველ განაცხადზე უარს ეტყვიან.

2. საქართველოში სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულოა საჯარო მოხელეებისთვის. მაგრამ, 2024 წლის დეკემბერში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები უკვე საჯარო მოხელეებად აღარ ითვლებიან და ქართული ენის ცოდნაც აღარაა სავალდებულო.

არხიპოვების მიერ 2023 წლის მარტში რუსებისთვის გაგზავნილ ანგარიშში აღწერილი ამბები შინაარსით და აქცენტებით ჰგავს იმ ანგარიშს, რომელიც მათ 2014 წელს ყირიმში, რუსების უფლებების შეფასებისას დაწერეს. მაშინ არხიპოვა უკრაინის შესახებ წერდა, რომ “ნეონაცისტები” ავიწროვებდნენ რუსებს, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა დევნისა და ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგა და რომ რუსეთის ყირიმში შეჭრის მიზეზი ეთნიკურად რუსების დაცვა იყო.

ახლა საქართველოშიც იმავეს აკეთებს და შემდეგ ამაზე რუსულ მედიაში აქტიურად საუბრობს. ამბობს, რომ რუსების წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაციები მომდინარეობს ოპოზიციისა და “მაიდნის” დამგეგმავი ჯგუფისგან და თუ მათი უფლებები დაირღვევა, საქართველოს  “დაბრუნებაც” აუცილებელი გახდება.

“ერთ-ერთი ძირძველი ერი საქართველოში - რუსებია. რუსეთის დიპლომატიამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. რუსულ ენას უნდა მიენიჭოს ოფიციალური სტატუსი, უნდა გაიხსნას რუსული სკოლები, რუსებს უნდა ჰქონდეთ დიპლომატიური დაცვის სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს საქართველოს დაბრუნება ზუსტად ისე, როგორც ახლა ვიბრუნებთ უკრაინას,“ - ამბობდა არხიპოვა 2024 წლის ოქტომბერში რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში.

მარია არხიპოვა “პრავფონდთან” და რუსეთის განათლების სამინისტროსთან გაგზავნილ წერილში ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სოციალურ ქსელებში რუსულენოვან ჯგუფებს ქმნიან და მართავენ ან უკრაინელები, ან ანტირუსულად განწყობილი, პროუკრაინელი რუსები. აგზავნის ამ ადამიანების სიასაც. მაგალითად, ერთ-ერთია Facebook ჯგუფისა და Telegram არხის ადმინისტრატორი, რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ლევშიცი. მარიას მტკიცებით, ეს ადამიანი ჩართული იყო ანტირუსულ აქციებში 2023 წლის 7-9 მარტს, ის იყო ქუთაისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ამასთანავე მის ჯგუფში ყველაფერი რუსულ ენასა და რუსულ კულტურაზე მკაცრ ცენზურას ექვემდებარება. მხოლოდ 2023 წელს არხიპოვებს “პრავფონდში” მინიმუმ 10 მსგავსი მოხსენება აქვთ გაგზავნილი იმის შესახებ, თუ როგორ დევნიან რუსებს საქართველოში.

არხიპოვების წყვილი, ფოტო ატვირთულია 21 აპრილს, მარია არხიპოვას ფეისბუქზე

პარალელურად, ისინი რუსებს არწმუნებენ, რომ საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულებები ლოიალურია და მათ აქ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. მსგავს ტექსტებს “პრავფონდშიც” აგზავნიან და მედიაშიც ავრცელებენ. "ქართველ ხალხს კაპიტალიზმი არ უნდა. ქართველებს სურთ იცხოვრონ საბჭოთა რუსებთან ერთად და კარგად არიან განწყობილი უბრალო რუსების მიმართ… ჩვენ ვუხსნით ქართველებს, რომ ნორმალური რუსიც ხალხიც ეწინააღმდეგება კორუფციას და მხარს უჭერს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას. ისინი გვპასუხობენ, რომ სრულიად სოლიდარულები არიან”, -  ამონარიდი 2024 წლის ოქტომბერში მარია არხიპოვას მიერ რუსული გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუდან.

იულია და მარია ცდილობდნენ, რუსეთისთვის მათი სარგებლიანობა მუდმივად დაემტკიცებინათ. ხან "სამშვიდობო ფორმულას" სთავაზობდნენ რუსებს, ხანაც სანქცირებული ნივთების მიწოდებას.

განსაკუთრებით საინტერესოა მათეული "სამშვიდობო ფორმულა," რომელიც ასე ჟღერს: საქართველოსა და რუსეთისთვის საჭიროა ურთიერთსასარგებლო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც გულისხმობს იმასაც, რომ საქართველო შეიძლება ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ არასოდეს ნატოსი; რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმოს სავიზო მიმოსვლა; შეიზღუდოს  ქართველი ნაციონალისტების მოქმედებები; რუსეთმა საქართველოს დაუბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები იმ პირობით, რომ დევნილების უსაფრთხოებაზე თავადვე იზრუნებს; სანაცვლოდ კი საქართველოში ქართულთან ერთად განთავსდება რუსული სამხედრო ბაზებიც, სადაც რუსი სამხედროები იქნებიან. გარდა ამისა, რეკომენდაციას გასცემს, რომ “რესპუბლიკების მოწყობა იყოს არა უნიტარული, არამედ - ფედერალური”.

"ახლა ნამდვილად უნიკალური მომენტია, როცა შესაძლებელია მოლაპარაკება მოქმედ ადეკვატურ მთავრობასთან ("ქართულ ოცნებასთან"), რომელიც, რეალურად, ფლობს უმრავლესობას; ტერიტორიების დაბრუნება რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების სანაცვლოდ არის რეალისტური პოლიტიკა, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა - როგორც უბრალო ადამიანებისთვის, ისე პოლიტიკოსებისთვის," - ამონარიდი 2023 წლის 20 თებერვლის წერილიდან.

წყარო: მარია არხიპოვას ფეისბუქ პოსტი, 2024 წლის 15 დეკემბერი

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არხიპოვა “პრავფონდს” სანქციების გვერდის ავლით ტექნოლოგიური ნაწილების გადაცემასაც სთავაზობდა. აი, რა წერია 2022 წლის 9 აპრილს მის მიერ ფონდისთვის გაგზავნილ წერილში: “მაქვს შესაძლებლობა, რომ დაგეხმაროთ ელექტრონიკისთვის საჭირო ნებისმიერი კომპონენტის მიწოდებაში. ასევე, ახალი სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკის, რომელსაც ადრე რუსეთი საზღვარგარეთიდან იძენდა. მიწოდება შემიძლია მესამე ქვეყნების გზით ან პირდაპირ ჩემი მეშვეობით. თუ ამ მიმართულებით დაგჭირდებათ დახმარება, მაცნობეთ.”

არხიპოვებს წერილობით გავუგზავნეთ კითხვები, მათ შორის იმაზეც, თუ რატომ გზავნიდნენ “პრავფონდში” მოხსენებებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ეთნიკურ რუსებს ავიწროვებენ, ასევე მხარს უჭერდნენ რუსული ენის სახელმწიფო სტატუსს და სთავაზობდნენ  სამშვიდობო ინიციატივებს, მათ შორის, რუსული სამხედრო ძალების განლაგებას.

მათ პასუხს უცვლელად გთავაზობთ: “რაც შეეხება რუსული ჯარების განთავსებას, ეს ჩემი პოლიტიკური პოზიციაა. საჯაროდ, სოციალურ ქსელებში გამოვედი წინადადებით რუსეთსა და ევროკავშირს შორის კონვერგენციის [ინტეგრაცია, დაახლოვება] შესახებ. ისტორიულად, რუსეთი იყო საქართველოს დამცველი თურქეთისა და ისლამური სამყაროსგან. საქართველო შედის ევროკავშირში, რუსეთი ამას არ უშლის ხელს იმ პირობით, რომ საქართველოსი განთავსდება რუსეთის სამხედრო ბაზები. ამავდროულად, რუსეთი ხელს არ უშლის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან ინტეგრაციას. სამაგიეროდ, საქართველო არ შედის ნატოში. მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, ასევე სუვერენიტეტის პრინციპების დაცვით. რუსეთი არ ერევა შიდა საქმეებში, გარდა მასობრივი არეულობებისა, რომლებიც რუსების გენოციდითაა განპირობებული. რუსული ენა - ეს არის ენა, რომელზეც საუბრობს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი. რუსებისთვის ეს მშობლიური ენაა, ეს ნორმალურია, რომ რუსულს მიენიჭოს ოფიციალური სტატუსი საქართველოში - მსგავსი პრაქტიკა არის ევროკავშირის ქვეყნებშიც. ენის უფლება ადამიანის უფლებაა.”

როგორ დაფუძნდნენ და მოეწყვნენ არხიპოვები საქართველოში?

ლანჩხუთთან ადაპტაციაში მარია და იულია არხიპოვებს გელა ზოიძე დაეხმარა და ადგილობრივ მეწარმეებსაც მან გააცნო. ზოიძე რუსი ქალების ბიზნესპარტნიორიც გახდა - ორ კომპანიაში არხიპოვებთან ერთად წილებს ფლობს. თუმცა, მათი ერთობლივი ბიზნესიც ისე ამუშავდა, როგორც კოსმოდრომის მშენებლობა მიმდინარეობს ახლა.

მარცხნივ - მარია არხიპოვა; მარჯვნიდან ბოლოში - გელა ზოიძე, ფოტო: მარია არხიპოვას ფეისბუქიდან

გელა ზოიძე ლანჩხუთში მოქმედი სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ოფისის მენეჯერია. წარსულში ხელმძღვანელობდა მერიის მიერ შექმნილ ა(ა)იპ-ს სახელად “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი.” ეს ორგანიზაცია 2009 წლიდან 2022 წლამდე იყო აქტიური.

არხიპოვებმა საქართველოში ბიზნესსაქმიანობა 2022 წლის თებერვალში დაიწყეს.

  • 3 თებერვალს დააფუძნეს შპს “სევრიუკი აგრო,” რომლის მიზანიც წესდებაში დაკონკრეტებული არაა. ამავე კომპანიაში 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრამდე წილებს ფლობდა გელა ზოიძეც.
  • 4 თებერვალს დააფუძნეს შპს “საქართველოს კოსმოსური ტექნოლოგიები.” აქ მესაკუთრეებიც და ხელმძღვანელებიც მხოლოდ არხიპოვები არიან.
  • 3 მაისს დაარეგისტრირეს შპს “ჩაი ჩიბათი,” სადაც ახლა მფლობელები არიან გელა ზოიძე, მარია და იულია არხიპოვები და მალხაზ ქათამაძე. ამ კომპანიის საქმიანობა ჩაის წარმოებასთანაა დაკავშირებული. თუმცა, ზოიძე ამბობს, რომ ეს კომპანია ვერ აამოქმედეს, რადგან არხიპოვებს “არანაირი სახსრები არ ჰქონდათ.”
  • 30 ივნისს მარია და იულია არხიპოვები გელა ზოიძესთან ერთად ხდებიან შპს “ლიმონის” მეწილეები. დირექტორად კი იულია არხიპოვა ინიშნება. ამ კომპანიის ამბავი შედარებით ჩახლართული და კონფლიქტურია. აი, რას ვგულისხმობთ:

შპს “ლიმონი” 1999 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც შუხუთში ნახევარ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას ფლობს. ამ მიწაზე ადრე საკონსერვო ქარხანა იდგა, სადაც ხილისა და ბოსტნეულის კონფიტიურს ამზადებდნენ და ექსპორტით უკრაინაში უშვებდნენ. კომპანიას ოთხი მფლობელი ჰყავდა. გელა ზოიძემ არხიპოვები მათ 2022 წელს გააცნო. “ლიმონის” მეწილეების თქმით, რუსები დაჰპირდნენ, რომ ამ ძველ საწარმოს აამუშავებდნენ და 2 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციასაც ჩადებდნენ.

ამას გელა ზოიძე “აი, ფაქტთან” სატელეფონო ინტერვიუში ადასტურებს და ამბობს, რომ შეთანხმების თანახმად, საწარმოს თავდაპირველი სახე უნდა შეენარჩუნებინა. ზოიძე იმასაც აღნიშნავს, ძველი საწარმოს აღდგენას “სოლიდური ინვესტიცია” სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ იყო არხიპოვების ჩართვა საჭიროო. თუმცა, არც მას და არც “ლიმონის” დანარჩენ მეწილეებს რუსი “ინვესტორების” ფინანსური შესაძლებლობები არ გადაუმოწმებიათ.

არხიპოვები შუხუთში, "ლიმონის" ქარხნის ტერიტორიაზე

“ჟურნალისტი: - ბატონო გელა, როდესაც უცხოეთის მოქალაქეებს რაიმე ტიპის ინვესტიციაში ეხმარებით, ფულის წარმომავლობით არ ინტერესდებით? იქნებ არალეგალური ფულია, ნარკოტიკიდან, ირაღით ვაჭრობიდან, ან ტრეფიკინგიდან, იქნებ ფულის გათეთრება ხდება…

გელა ზოიძე: ასეთი ადამიანები საქართველოში შემოდიან, მიდიან-მოდიან, მუშაობენ, თანამშრომლობენ რაღაც ოფიციალურ სტრუქტურებთან და ახლა მე საიდან შევამოწმებდი. მე, სხვათა შორის, მქონდა ამგვარი შემთხვევა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელს ვუთხარი ამის შესახებაც, თუ რამე ასეთი პრობლემებია, მიაქციეთ ყურადღება და შეამოწმეთ და ნახეთ-თქო. ჩვენ ახლა მეწარმეებმა რა ვიცით, ვინ რას გეგმავს და რას ფიქრობს,” - გვითხრა ზოიძემ.

ზოიძეს ისიც ვკითხეთ, სად და როგორ გაიცნო არხიპოვები.

“ჩემთან მოვიდნენ ლანჩხუთის სანოტარო კანტორიდან. წესდების შემუშავებაში და საწარმოს დარეგისტრირებაში სჭირდებოდათ დახმარება, რომ რაღაც საქმინობა ეწარმოებინათ რეგიონში. ასე ვეხმარებოდით ჩვენ საწარმოებს, კოოპერატივებს, მცირე მეწარმეებს, რომ მოემზადებინათ დოკუმენტაცია სარეგისტრაციოდ... მერე შევთავაზეთ, რომ თვითონ “ლიმონის” ხელმძღვანელს, თამაზ იმნაიშვილს ეჩვენებინა თავისი საწარმო. მივედით, ვნახეთ, წარმოება დიდი ხნის გაჩერებული იყო და [არხიპოვებმა] გამოთქვეს სურვილი, რომ საწარმოში შევიდოდნენ და გარკვეულ ინვესტიციას განახორციელებდნენ, ასე მოხდა ამ შპს-ში ამ ადამიანების გაწევრიანება."

როგორ მოატყუეს არხიპოვებმა გურულები

85 წლის თამაზ იმნაიშვილსა და 70 წლის დარეჯან კალაჯიშვილს ჩვენ შუხუთში 29 ივნისს შევხვდით. მოგვიყვნენ, როგორ იმედიანად უყურებდნენ რუს ინვესტორებს და ელოდნენ საწარმოს ამუშავებას.

"წავედით ნოტარიუსში, დაიწერა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებაში ეწერა, რომ ამ რუსებს, იულია არხიპოვას და იმას, კიდევ მეორეს, ჰქონდათ ანგარიშზე 3.5 მილიონი. აქედან ჩვენს წარმოებაში უნდა ჩარიცხულიყო  დაახლოებით 2.5 მილიონი, რომელიც უნდა მოხმარებოდა წარმოების გაფართოებას, გარემონტებას და ამუშავებას... ნოტარიუსთან ამ ხელშეკრულებას ვკითხულობდი მე და გვერდით მედგა აგინი და ვეუბნებოდი, დედა, რამდენი თანხა ჰქონიათ მეთქი და მართლაც კარგია, [საწარმოს] თუ აამუშავებენ-მეთქი,” - გვიყვება დარეჯანი.

ამის სანაცვლოდ ძველმა მფლობელებმა წილების 51.55 პროცენტი უსასყიდლოდ დათმეს: 49 პროცენტი არხიპოვების სახელზე გადააფორმეს, 2.55 პროცენტი კი გელა ზოიძის სახელზე, როგორც შუამავალისა და მომლაპარაკებლის. ეს გარიგება ფოთში, ნოტარიუს მარინა ჯიქიას ბიუროში, 2022 წლის ივნისში შედგა. კომპანიის დირექტორად იულია არხიპოვა დაინიშნა.

ამ გზით არხიპოვებს უფლება მიეცათ განეკარგათ შპს "ლიმონის" საკუთრებაში არსებული ნახევარ ჰა-ზე მეტი მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.

ძველი მფლობელები ამ გარიგებიდან სამ-ოთხ თვეში მიხვდნენ, რომ არხიპოვები ძველი საწარმოს აღდგენას არ აპირებდნენ. მათსა და ე.წ. ინვესტორებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ახალმა მფლობელებმა ძველებს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.

“ერთხელ მივედი, არ მიშვებდნენ. რომ შევედი, დამესია ერთი შვიდი რუსი და გადი, გადი გარეთო მეუბნებიან. დედა შემაგინა, ცუდად გავხდი, როგორც თქვენთვის არაფერი მიკადრებია, ისე იმ ქალისთვის არაფერი მითქვამს. სასწრაფო დამჭირდა,” - გაიხსენა თამაზ იმნაიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

რადგან ახალი დირექტორი ძველ მფლობელებს არც ტერიტორიაზე უშვებდა, არც ელაპარაკებოდა და არც საწარმოს ამუშავების ნიშნები ჩანდა, ძველმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, იულია არხიპოვა დირექტორის პოზიციიდან გადაეყენებინათ. საჯარო რეესტრმა მათი განცხადება არ დაადასტურა, რადგან არხიპოვა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. მან რეესტრში 2023 წლის ივლისში მიიტანა დოკუმენტი, რომლის წარმომავლობაც, ძველი მფლობელებისთვის, სადავო და საეჭვოა.

წილების დათმობიდან ერთი წლის თავზე, იულია არხიპოვას მიერ რეესტრში მიტანილ დოკუმენტში წერია, რომ არხიპოვები საკუთარ გონებრივ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს 30 მილიონ დოლარად აფასებენ და ამ ინტელექტს ჩადებენ კომპანიის მართვაში. სანაცვლოდ კი ძველმა მფლობელებმა მას უნდა მისცენ ერთპიროვნული მართვის უფლება და მის გადაწყვეტილებებში არ ჩაერიონ. ამ დოკუმენტში განსახორციელებელ მილიონობით ლარის ინვესტიციაზე არაფერი წერია. თუმცა, გვხვდება ჩანაწერი იმაზე, რომ ახალმა დირექტორმა უნდა დაფაროს კომპანიის ძველი ვალები და გაააქტიუროს ბიზნესი.

ეს დოკუმენტიც იმავე ნოტარიუსთანაა დამოწმებული, რომელთანაც არხიპოვებმა შპს “ლიმონის” მფლობელები 2022 წლის ივნისში მიიყვანეს. თუმცა, სადავოა ამ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერები და ამ დოკუმენტის შედგენის თარიღიც. დოკუმენტის რუსული ვერსია 2022 წლის 22 ივნისსაა შედგენილი, ქართული ვერსია კი 30 ივნისს. დარეჯანი და თამაზი ამბობენ, რომ ნოტარიუსთან მხოლოდ ერთხელ იყვნენ და დოკუმენტებსაც მხოლოდ ერთხელ მოაწერეს ხელი.

“-2.5 მილიონი ხომ უნდა ჩაედო წარმოებისთვის? თურმე 30 მილიონად შეფასებულა არხიპოვას ტვინი. რა ჯანდაბაში მაინტერესებდა იულია არხიპოვას ტვინი?

-მაგი ინტელექტს მოვაწერდით ხელს, როგორ ფიქრობთ თქვენ? მე ან დარიკო ინტელექტზე მოვაწერდით ხელს? ფულზე მოვაწერეთ ხელი, რომ მაგი დებს 2.5 მილიონს. მერე [დოკუმენტები] რომ მივიღეთ, შესწორებული იყო უკვე”, - გვეუბნებიან დარეჯანი და თამაზი.

წილების გადაცემიდან ერთი წლის დაგვიანებით რეესტრში შეტანილ დოკუმენტზე ძველი მეწილეების ხელმოწერები არაა ორიგინალი ვერსია, დოკუმენტს ეტყობა, რომ ის ასლია (დაქსეროქსებულია). როგორც წესი, ხელმოწერები ლურჯი კალმით სრულდება, ასე იყო დარეჯანისა და თამაზის მიერ ხელმოწერილ სხვა დოკუმენტებზე, რომელიც რეესტრშია ხელმისაწვდომი. მაგრამ ამ კონკრეტულ დოკუმენტზე მოცემულია ხელმოწერების ასლი შავ ფერში.

ჩვენ მარია და იულია არხიპოვას ვკითხეთ მიაჩნდათ თუ არა მათი ქმედება კომერციულ თაღლითობად. მათი პასუხია, რომ თაღლითობა არ ჩაუდენიათ და ძველი მფლობელების სიბრალულის გამო დათანხმდნენ ამ გარიგებას, თორემ თავად სხვა მიზნები ჰქონდათ. “მათ მითხრეს, ყველაფერზე თანახმა ვართ, ოღონდ ქარხანა იყიდეთო. მაგრამ (შეთანხმების გაფორმების)  მეორე დღესვე ქარხანაში მოვიდნენ ქართველი ნაციონალისტები და დაიწყეს ხმაურიანი კამპანია ჩემს წინააღმდეგ, როგორც “რუს ოკუპანტთან”.  ყვიროდნენ, აწყობდნენ სკანდალებს… ჩვენ ეს ყველაფერი მივიჩნიეთ პროვოკაციად. მოვითხოვეთ ჩვენი ფულის დაბრუნება და მზად ვიყავით ქარხნის დასაბრუნებლად. ისინი დროს წელავდნენ. კონფლიქტის გამო, დროებით გავწყვიტეთ ინვესტიციები “ლიმონში”, დავაყენეთ დაცვა, საწარმო დაკონსერვდა რეკონსტრუქციისთვის და შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში,” - გვწერენ არხიპოვები ჩვენი კითხვების პასუხად.

იულია არხიპოვა, როგორც დირექტორი, თავის მოვალეობას არ ასრულებს. კომპანიის ძველი დავალიანება არ გადაუხდიათ, მიწაზე არსებული ყადაღა 2025 წლის 2 ივლისსაც ფიქსირდება. არც საწარმო აუმუშავებიათ, მხოლოდ დაცვის ჯიხური შეაკეთეს და იქაც უკრაინიდან ჩამოყვანილი რუსები დაასაქმეს. რუსები დღესაც იქ ცხოვრობენ, ტერიტორიაზე ძაღლები ჰყავთ გაშვებული და შიგნით არავის უშვებენ.

"ლიმონის" ქარხნის ტერიტორია შუხუთში

“ლიმონის” ძველი მფლობელები უკვე ორი წელია ცდილობენ, იულია არხიპოვა დირექტორის პოსტიდან გადააყენონ და თავისი ქონება დაიბრუნონ. მიმართეს პროკურატურას და სასამართლოს, დაიქირავეს იურისტები. თუმცა, ჯერ სასამართლო სხდომაც არაა დანიშნული და გაურკვეველია, რა ვადებში გადაწყდება ეს დავა.

თამაზს და დარეჯანს ჩვენ მოვუყევით, სინამდვილეში, რისთვის უნდათ არხიპოვებს ეს მიწა. ის ვიდეოებიც ვაჩვენეთ, რომელსაც მარია თავის YouTube არხებზე აქვეყნებდა და რომელშიც აჩვენებდა “ლიმონის” ყოფილ საწარმოს, სადაც კოსმოდრომის ნაწილი უნდა მოეწყოთ. ამგვარი ვიდეოებით სავსეა არხიპოვას სოციალური მედიის ანგარიშები. დარეჯანს და თამაზს ვაჩვენეთ რის მშენებლობას აპირებენ და მოვუყევით მარია არხიპოვას ნამდვილი ამბავი, როგორ ჩამოვიდა საქართველოში, ვინ იყო სქესის შეცვლამდე და როგორ თანამშრომლობენ რუსული რბილი ძალის ორგანოებთან.

ამ საუბრის ბოლოს დარეჯანს თამაზთან მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდა: “სა ნახე აი ხალხი, შე ოჯახაშენებულო?” საწარმოში რუსების ინვესტორებად შემოყვანა სწორედ თამაზის იდეა იყო.

სად არიან ახლა არხიპოვები და რას აპირებენ?

2024 წლის მაისში მარია არხიპოვა სოციალურ ქსელში წერდა, რომ ავად იყო, წნევა 230-მდე ასდიოდა, წონაშიც დაიკლო და ღამეც არ ეძინა. მალევე მარიამ პოსტი გამოაქვეყნა, მომწამლესო: “ერთი თვის წინ, როცა მთებში თხილამურებით ვსრიალებდი, ჩემ მანქანასთან ორი კაცი ტრიალებდა. როცა დამინახეს, მანქანას მოშორდნენ. ადგილზე რომ ჩავედი, ისეთი კითხვები დამისვეს, რომელიც, როგორც იურისტს, არ მომეწონა... კარგა ხანს ვისრიალე, თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მანქანაში წყალი დავლიე და სახლში წავედი. სახლში რომ მივედი, ბანანი შევჭამე და სახე დამისივდა, სუნთქვა გამიჭირდა, სპაზმი და კანკალი დამეწყო.”

ამის შემდეგ მარიამ თავის ჯანმრთელობაზე კიდევ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. ამბობდა, რომ ცუდად იყო, ვერ იგებდნენ, რა სჭირდა და საკუთარ თავს თავადვე მკურნალობდა. შემდეგ ნელ-ნელა სოციალურ ქსელში იმაზეც დაიწყო საუბარი, რომ რუსეთში მისი ქალაქი, მეგობრები და სახლი ენატრება. პარალელურად, იულია ამ ამბავს “პრავფონდს” სწერდა და მათ მარიას რუსეთში ჩაყვანაში დახმარებას სთხოვდა.

არადა, მარიას მტკიცებით, ის რუსეთიდან დევნილია და ქვეყანა თავის დროზე სწორედ ამის გამო დატოვა.

იულიას თხოვნას “პრავფონდიდან” მათი ძველი ნაცნობი და კურატორი იგორ პავენკინი პასუხობს, ის წუხილს გამოთქვამს მარიას ჯანმრთელობის გამო და შემდეგ წერილებშიც უხსნის, ფონდი ახლა სანქცირებულია და რეალური დახმარება არ შეუძლიათ.

“პრავფონდთან” მიმოწერა როგორ დასრულდა ჩვენთვის უცნობია, თუმცა, დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ მარია არხიპოვა სამკურნალოდ ახლა საფრანგეთში იმყოფება. თუმცა მანამდე, 2024 წლის შემოდგომაზე, თუ მარიას და იულიას  სოციალური ქსელის სურათებს და მონიშვნებს დავუჯერებთ, რუსეთში იყვნენ, კერძოდ კი, მარიას მშობლიურ ქალაქ დომოდედოვოში.

მათ წასვლას წინ ერთი ამბავიც უძღვოდა, რომლის შესახებაც ნაწილობრივი ინფორმაცია ჩვენ არხიპოვებისა და “პრავფონდის” მიმოწერებში ვიპოვეთ.

2023 წლის მარტში მარია და იულია “პრავფონდს” წერდნენ, რომ საქართველოში ისინი ლალი მოროშკინას უფლებებს იცავენ. მათი თქმით, მოროშკინამ მათ თავად მიმართა, როგორც ადვოკატებს, რადგან მისი რუსეთის ტელევიზიაში გამოჩენის გამო თავდასხმისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო. არხიპოვები “პრავფონდს” სთხოვდნენ, მოროშკინას, როგორც ეთნიკურად რუსს, რუსეთიდანაც დახმარებოდნენ.

„ის შიშობს საკუთარი თავისა და შვილის უსაფრთხოებაზე, თავს გრძნობს შეშინებულად, დაბნეულად და უძლურად, მიუხედავად სოციალური ქსელებში აქტიურობისა. იგი ჩვენგან ითხოვს დაცვას და აცხადებს, რომ მას როგორც “რუსს” დევნიან,“ - წერია არხიპოვების მიერ “პრავფონდისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც მოროშკინას ეხება.

ეს ინფორმაცია ჩვენ, რა თქმა უნდა, ლალი მოროშკინასთან გადავამოწმეთ. ეს ამბავი სასაცილოდ არ ეყო. მოგვიყვა, რომ ამ ქალებმა მასთან შეხვედრა შუამავლის მეშვეობით შეძლეს, 2 წლის წინ კაფე კანაპეში და დებად გაეცნენ. მითხრეს, რომ რუსეთიდან დევნილი იურისტები იყვნენ და აქ ჩამოსული რუსების უფლებების დასაცავად უნდოდათ მუშაობა. მერე Facebook-ზეც დამიმეგობრესო და მათი პოსტებით გავიგე, რომ კოსმოდრომის მშენებლობა უნდოდათო. თავიდანვე უცნაურად მეჩვენა ამათი საუბარი, ვერ მივხვდი შარლატანები იყვნენ თუ აგენტები, წავედი და სუს-ში განცხადება დავწერე, ყურადღება მიაქციეთ ამ ქალებსთქო, სუსმაც მითხრა მივაქცევთ ყურადღებასო.

“ესენი არიან ან შარლატანები, ან მზვერავები, ან აფერისტები. მათი პოსტების სქრინები სუს-საც მივუტანე. იმიტომ, რომ როცა, აი, ასეთი აქტიურობა იწყება სოციალურ ქსელში, ესე იგი რაღაცა და ვიღაცა დგას ამის უკან. ტელეფონიც მივეცი სუს-ს,  ქართული სიმბარათებით ჰქონდათ აღებული. მერე აღარ მომიკითხავს ეს ამბავი,” - გვითხრა მოროშკინამ სატელეფონო საუბრისას.

იულია არხიპოვას პოსტი დომოდედოვოდან

ქალი, რომელმაც არხიპოვები მოროშკინასთან დააკავშირა - დალი/მერი მილორავაა. მილორავა ლანჩხუთში ცხოვრობს და არხიპოვებს თარჯიმნობას უწევდა. რუსები მილორავას გელა ზოიძემ გააცნო და თხოვა, გაჰყოლოდა ხოლმე სათარგმნად.

მილორავასაც ტელეფონით ვესაუბრეთ და მოგვიყვა, რომ მალევე მივხვდი, ფული იმდენი არ ჰქონდათ, რამდენსაც სხვებს ეუბნებოდნენ, ბაქიაობდნენო. ხან სად უნდოდათ მიწის ყიდვა, ხან სად - გომის მთაზეც იზომავდნენ მიწის ნაკვეთებს, გრიგოლეთშიც, მაგრამ თან იძახდნენ ძვირია, არავისგან არაფერი არ უყიდიათო. მილორავას არხიპოვებმა უთხრეს, რომ დეიდაშვილები/ბიძაშვილები იყვნენ და საქართველოში “სპუტნიკების” წარმოება უნდოდათ. ამ კოსმოდრომის ამბავზე თბილისშიც დადიოდნენ, ნებართვებისთვის, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

საუბრის ბოლოს მილორავამ გვითხრა, რომ არხიპოვები ახლა, მისი ინფორმაციით საფრანგეთში არიან. ცუდად იყო მარია და სამკურნალოდ წავიდნენო, აქ დაბრუნდებიან თუ არა, არ ვიცი, აღარ მაქვს დიდი კომუნიკაცია მაგათთან და არაფერი უთქვამთო. თუმცა, მილორავამ გვითხრა, პოლიცია და უშიშროების სამსახურები იყვნენ აქ, მაგათ ამბავს იკვლევდნენო. ზუსტად არ ახსოვდა, ვინ იყო და რომელი სამსახურიდან.

თავად არხიპოვებმა გვიპასუხეს, რომ საქართველო არ დაუტოვებიათ, დროებით არიან წასული სამკურნალოდ და რომ პოლიციასთან მათ რაიმე პრობლემა არ ჰქონიათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს კი ერთხელ შეხვდნენ: “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ ერთხელ შეგვხვდა გურიის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, პალატის ხელმძღვანელის თანდასწრებით. იკითხეს, რა საქმით ვართ დაინტერესებული, ვუპასუხეთ - კოსმოსით. მათ თქვეს, რომ კოსმოსის განვითარება არის საქართველოს ეროვნული ინტერესი და ისინი მიესალმებიან ჩვენს კომპანიას.”

ჩვენ ვცდილობდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებას. გვინდოდა გვეკითხა, ნამდვილად დაიწყეს თუ არა მოკვლევა არხიპოვების შესახებ და ჰქონდათ თუ არა რაიმე შედეგები. სუს-სთან კომუნიკაცია ვერ შედგა.

თავად მარიას და იულიას ჩვენ პირველად 4 ივლისს WhatsApp-ზე რუსულ ნომერზე ვესაუბრეთ. ჩვენ საუბარი ინგლისურად დავიწყეთ, ისინი გვპასუხობდნენ, რომ ქართველი ჟურნალისტები მათ რუსულად უნდა დავლაპარაკებოდით, შემდეგ რუსულის სწავლება დაგვიწყეს და ანბანის ჩამოთვლა. საბოლოოდ, კითხვებზე არ გვიპასუხეს და გვითხრეს, მოგვწერეთო. პასუხები დაახლოებით 2 საათში გამოგზავნეს, მანამდე კი ფეისბუქზე პოსტი მოგვიძღვნეს, რომელსაც თან ახლდა ტუალეტის ქაღალდის ფოტო.

„ქართულმა ნაციონალისტებმა დამირეკეს მათი გამოძიების შესახებ... ქართველ ხალხს ვუყვარვარ და მეც მიყვარს ისინი, მაგრამ ქართველმა გამომძიებლებმა და ნაციონალისტებმა თავი ამ ქაღალდზე მოიყარეს,” - ეწერა ტუალეტის ქაღალდის ფოტოს აღწერაში. ეს პოსტი მალევე წაშალეს, თუმცა მერე ისევ გამოაქვეყნეს. მას შემდეგ, როცა ვოთსაპზე დამატებითი კითხვები გავუგზავნეთ მათი პასუხების დასაზუსტებლად.

დამაზუსტებელ კითხვებზე აღარ გვიპასუხეს. მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ ჩვენი ინფორმაცია მცდარია და რომ გვიჩივლებენ, თუ გამოვაქვეყნებთ. პასუხად, ტრადიციულად, მივწერეთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებები ყოველთვის ემყარება დოკუმენტებს, ფაქტებსა და მტკიცებულებებს და რომ მზად ვართ, მათთან სამართლებრივი დავისთვის. და რომ ამგვარი დაშინების მცდელობა, შეიძლება, გურულ მოხუცებთან გაუვიდათ, მაგრამ ჩვენთან არ გაუვათ. პასუხად მხოლოდ ეს მოგვწერეს: А, ещё и запугивание. Понятно 🤣”.

სტატიაზე მუშაობდნენ:

ჟურნალისტები: ია ასათიანი, ეთერ მიდელაშვილი, ნათია მიხელიძე

რეპორტიორი: შორენა ლაღაძე

გრაფიკული დიზაინერი: ნინო გაგუა

რედაქტორი: ნინო ბაქრაძე

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

გამოიწერე "აი, ფაქტი"
"აი, ფაქტის" სიახლეების გამოსაწერად ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა