fbpx

რა საფრთხეს უქმნის ჭიათურელებს გაჩერებული საბაგიროს სადგური? 

Screenshot 2022 10 21 at 10.37.03 1

ავტორი: ანა რობაქიძე 

“დასანგრევია ეს საბაგირო, ქარიანი ამინდის დროს ბეტონი ჩამოცვივდა და კინაღამ მოკლა კაცი ადგილზე. დაანგრიონ ან ბადეები გაუკეთონ ან რაღაცა… ჩაიწერეთ სადმე ეს პრობლემა,”- გვთხოვა მოვაჭრემ, რომელიც ჭიათურაში, აბაშიძის ქუჩაზე, ბაზარში მუშაობს. 

ღია და დახურული აგრარული ბაზრები “აბაშიძის ქუჩა-სამკერვალო ფაბრიკის” ძველი საბაგირო სადგურის ქვემოთაა. 1990 წლიდან 2003 წლამდე აქედან 9 აპრილის ქუჩამდე, ანუ სამკერვალომდე საბაგირო გზა გადიოდა. ახლა კი შენობა ფუნქციადაკარგულია. მისი კედლები ნგრევის პირასაა, სცვივა ქვები და ბეტონის ფილები. 

ძველ სადგურს დემონტაჟი სჭირდება, თუმცა უცნობია, როდის იზრუნებს ამაზე ადგილობრივი მთავრობა. სახიფათო შენობის სიახლოვეს არ დგას არც ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც გამვლელებს ჩამონგრეული მასალის ცვენაზე მიანიშნებდა. ვეძებდით თუ იყო დამაგრებული დამცავი ბადე, რომელმაც ჩამოვარდნილი ნატეხები უნდა შეაკავოს. მავთულის ბადე მხოლოდ ერთი შვერილის ქვემოთ შევნიშნეთ, თუმცა ისიც დაჟანგული და ადგილ-ადგილ დახეულია

მოვაჭრეებს აბაშიძის ქუჩაზე მოსვლა ყოველდღე უწევთ, რომ სოფლის პროდუქტი გაყიდონ. დახლებამდე მისასვლელი გზა კი ავარიული სადგურის შენობის გამო უსაფრთხო არ არის. აბაშიძე ქალაქ ჭიათურის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა. აქვეა საჯარო სკოლა, ავტოსადგური, პოლიციის შენობა, აფთიაქი, სურსათის მაღაზიები, ღია და დახურული აგრარული ბაზრები. ამიტომ, ქუჩაზე ხალხი მრავლადაა და ძველ საბაგიროს სადგურთან ახლოს ჩავლაც ხშირად უწევთ. 

ჩვენ მოვიკვლიეთ და სტატიაში გიყვებით, რატომ არის საშიში ჭიათურის მთავარ ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობა და როდის აპირებს ადგილობრივი მთავრობა უსაფრთხოების ზომების მიღებას.

sabagiroo
საბაგიროს სადგურის შენობის შვერილები (ფოტო: Geo Stalk-ის ფეისბუქი)

ვესაუბრეთ საბაგიროს უფუნქციო სადგურის მიმდებარედ მომუშავე მოვაჭრეებს, მყიდველებს, იქვე მდგარი მაღაზიისა და აფთიაქის თანამშრომლებს. გვიყვებიან, რომ უფუნქციო სადგურის კედლებიდან და ჭერიდან ქვები ხშირად სცვივა. განსაკუთრებით კი ქარიანი ამინდის ეშინიათ. 

“რესტავრაცია უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ არ კეთდება და არ ვიცი რატომ. უცხოელები რომ ჩამოდიან რაღაც განსხვავებულ ურჩხულს ხედავენ, მოსწონთ და უღებენ სურათებს. ამასწინ იცით რამდენი ქვა იყო ჩამოყრილი? აი, იქ ვინც დგას, მოვაჭრეები, იმათ უნდა ეშინოდეთ. მგონი მართლა უნდა მიექცეს ამას ყურადღება და დაინგრეს,’’- გვითხრა ქალმა, რომელიც ძველი სადგურიდან მოშორებით ბოსტნეულს ყიდდა. მან ვინაობის გასაჯაროვება არ ისურვა.

“აი ეს ქვები სულ საბაგიროდანაა ჩამოყრილი [გვაჩვენებს იქვე დაყრილ ქვებს]. ქალები რომ მოდიან დილით, სულ ქვებს ხვეტავენ ხოლმე. ძალიან სახიფათოა, კითხვა რად უნდა ამას. სიკვდილის ტოლფასია ქვა რომ დაგეცემა თავზე. ხალხი რომ მიდის ბაზარში, იმათთვისაა საშიში თორემ მე სულ არ გავალ ვთქვათ [აფთიაქიდან] გარეთ. გასაკეთებელია, ჩასმულია სარემონტოდო მარა რა ვიცი… ,’’ – გვითხრა აფთიაქის გამყიდველმა. მანაც გვთხოვა სტატიაში სახელი და გვარი არ მოგვეთითებინა.

ძველ სადგურთან ახლოს მდებარე სურსათის მაღაზიაში გაიხსენეს, რომ შეესწრო როგორ დაეცათ გამვლელებს ავარიული შენობიდან ჩამოვარდნილი ქვის ნატეხი. 

“სცვივა ქვები, ხანდახან ისეთი რაღაც ჩამოვარდება ხოლმე. ბეტონიც ჩამოცვივდა, ქალბატონები იდგნენ აქ და დაეცათ კიდეც, მაგრამ გადარჩნენ. თუ მოინგრევა ეს შენობა, უკეთესი იქნება. ჩვენ წინააღმდეგები არ ვიქნებით,”- გვითხრა მაღაზიის გამყიდველმა. ვინაობის გამხელა არც მას სურს.

“დროდადრო იშლება და სცვივა ხოლმე ქვები, ამასწინ იმხელა ჩამოვარდა, დამეცა მე პირადად. სხვა რაღაცებიც ძვრება ხოლმე. ამბობენ, უნდა დაიწყოს დემონტაჟიო, მაგრამ ჯერ არ ვიცი. …,”- გვითხრეს მაღაზიაში, მაგრამ სახელი და გვარის გასაჯაროვების გარეშე.

რას უპირებს ჭიათურის მთავრობა სახიფათო შენობას? 

უფუნქციო Საბაგიროს შენობას რომ დროული ყურადღება და დანგრევა სჭირდება, ჭიათურის მერიაშიც კარგად იციან. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ორი წელია მზად აქვთ მისი დემონტაჟის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი დაჯდა.

ტენდერი მერიის საკუთრებაში არსებულმა შპს ჭიათურის სატრანსპორტო კომპანიამ გამოაცხადა და სამუშაოები შპს ბაგირგზას დაუკვეთა. მათ მოამზადეს “სამკერვალო ფაბრიკის” სადგურის და “თხელიძე-ჭანტურიას ქუჩის” ექსპლუატაციაშეჩერებული საბაგირო გზების და სადგურების სადემონტაჟო პროექტი. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით დემონტაჟი სჭირდება ბაგირებს, სადგურებს შორის კავშირგაბმულობის კაბელებს და მათ დამჭერებს, ვაგონების ამძრავ მოწყობილობებს, ასევე სადგურის ლითონკონსტრუქციებს და მგზავრთა მიმღები ბაქნების გადახურვის კონსოლებს. სწორედ ეს გადახურვის გამოშვერილი ნაწილებია საფრთხისშემცველი.

“სამკერვალო ფაბრიკის” საბაგირო სადგურის დემონტაჟის აუცილებლობაზე “ბაგირგზის” მფლობელიც გვესაუბრა.

“რთული სიტუაციაა, იქ სულ დასახლებებია, მითუმეტეს, მოვაჭრეები ქვემოთ სხედან. თვითონ ჩასასხდომი და ბაქნები გადახრილია, შეიძლება კარგი მიწისძვრის დროს ჩამოინგრეს. საფრთხე არსებობს. მაგის პროექტი ორი წელია გაკეთებულია. ცოტა ხნის წინაც შევეხმიანე და არ გვაქვს ფინანსებიო. თუ დააჩქარებთ ამ პროცესს, კარგი იქნება ,”- გვითხრა “ბაგირგზის” მფლობელმა ნოდარ წვერიკმაზაშვილმა.

1 5 1
აბაშიძის ქუჩის ღია ბაზრობა

პროექტი კი შემოდეს თაროზე, მაგრამ აბაშიძის ქუჩის საბაგიროს დემონტაჟისთვის ჯერ ტენდერიც არ გამოუცხადებიათ. შარშან დაანგრიეს მხოლოდ თხელიძისა და ჭანტურიას ქუჩების დამაკავშირებელი საბაგირო გზა და სადგურის შენობის შვერილები, რომელიც სახიფათო იყო.

გაგვიჩნდა კითხვა, Რას უცდის მერია, რატომ არ იწყებს ავარიული შენობის სადემონტაჟო სამუშაოებს, რომელიც მოსახლეობას ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს? მითუმეტეს, რომ ამას კანონიც ავალდებულებს. 

სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, თუ ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ამ ინფორმაციის მიღებიდან 10 დღეში უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს, მოითხოვოს რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის ნებართვა, მიიღოს უსაფრთხოების ზომები და დაიწყოს დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავარიული შენობის მესაკუთრე 5 ათასი ლარით დაჯარიმდება.

საბაგიროს უფუნქციო სადგურის შენობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. Ამიტომ, მისი მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში დემონტაჟიც ევალებათ. 

ჭიათურის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლაშა გოცაძემ ქვების ცვენაზე არაფერი იცოდა. ვცადეთ, მოგვეყოლა ამ პრობლემაზე, მაგრამ არ მოგვისმინა, საბაგიროების თემა არ მაინტერესებსო და “ჭიათურის სატრანსპორტო კომპანიასთან” გადაგვამისამართა. 

სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა ზურაბ ცარციძემ გვითხრა, ვერ გეტყვით როდის, მაგრამ დემონტაჟს ნამდვილად ვაპირებთო. ისიც გვითხრა, შარშან პროექტით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ საბაგიროს იმიტომ მივანიჭეთ პრიორიტეტი, რომ ბაგირი კორპუსს ეხებოდა და საფრთხეს ქმნიდაო.

 “პროექტი გვაქვს, უბრალოდ დაფინანსების წყაროს ველოდებით. ალბათ… ალბათ კიარა, ეგეც უნდა გავაკეთოთ. ჯერჯერობით თარიღს ვერ ვამბობ, დაფინანსებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ავარიული რომ არის და დემონტაჟს ექვემდებარება, მაგათზე [მოვაჭრეებზე] კარგად ვიცი მე , მაგრამ იქიდან ქვები სცვიოდეს პირველად მესმის,”- გვითხრა ზურაბ ცარციძემ. 

საფრთხის აღმოჩენა და მასზე დროული რეაგირება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საქმეა. თუმცა, ამით რომ არ არიან დაკავებულიები, არ გაგვკვირვებია. ახლა უკვე იციან, რომ მოსახლეობას საშიშროება ექმნება და კანონით, ათ სამუშაო დღეში უნდა იმოქმედონ. ვნახოთ, რა ზომებს მიიღებენ. “აი,ფაქტი” ამ საკითხს მომავალშიც მოიკითხავს. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Რატომ ვერ გასუფთავდა მდინარე ყვირილა? 
signal 2022 10 25 151406 002

Რატომ ვერ გასუფთავდა მდინარე ყვირილა? 

“ჯორჯიან მანგანეზი” დაპირებას არ ასრულებს და პასუხსაც არავინ სთხოვს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share