fbpx

როგორ პასუხობს მერია ხალხის პრობლემებს საჯავახოში?

Screenshot 2022 02 15 at 11.04.31 1 1

“აი, ფაქტი” ისევ ეცნობა იმერეთის სოფლების გასაჭირს, ადგილობრივ მთავრობებსაც აცნობს და მოგვარების გზებზე ეკითხება. ამჯერად , სამტრედიის მაღალმთიან თემში, საჯავახოს ერთ-ერთ სოფელ ჭოგნარში ვიყავით. 

სოფელში 362 ადამიანი ცხოვრობს და აქაურების საერთო პრობლემა უწყლობაა. 

სალომე ჩიქოვანი ქვედა ჭოგნარიდანაა. ამბობს, რომ წყალი მაისიდან სექტემბრამდე არ აქვთ:

“თუ დაიჯერებთ, წყალს მეორე სოფლიდან ვეზიდებით და ბაკში ვასხამთ, მაგრამ ვისაც ტრანსპორტი არ ჰყავს, იმან რა უნდა ქნას? ორ კვირაში ერთხელ თუ მოვიდა, [წყალი] ეგრევე წყდება, რადგან ყველა დაგეშილია წყლის აღებაზე.”

2012-2020 წლებში ჭოგნარში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 58 ათასი ლარი დაიხარჯა.  ამ პერიოდში შეაკეთეს წყლის სისტემები და ოთხჯერ შეიძინეს ახალი მილები. თუმცა, არ უზრუნიათ წყლის სათავე ნაგებობის მოწესრიგებაზე. აქედან წყალი იღვრება და სოფლამდე ვეღარ მიდის.

სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისათვის თანხა არც 2022 წლის ბიუჯეტითაა გამოყოფილი. სამტრედიის მერიაში გვითხრეს, რომ სოფელი თავად გადაწყვეტს, რა გააკეთონ სოფლის განვითარების პროგრამისათვის გამოყოფილი თანხით.

ამ პროგრამით ჭოგნარს წელს 5 ათასი ლარი ეკუთვნის, რადგან აქ 201-დან 400-მდე მოსახლე ცხოვრობს. თუმცა, შესაძლებელია რამდენიმე სოფლისთვის განკუთვნილი თანხაც შეკრიბონ და საერთო პრობლემა ასე მოაგვარონ.

დასალევი წყალი იშვიათად აქვთ საჯავახოშიც. არადა, წყლის მილები აქ რვა წლის წინ შეცვალეს.

Screenshot 2022 02 15 at 11.05.31 1
წყლის ავზი საჯავახოში.

“სათავე არაა კარგად გაკეთებული. ავედი და წყალი გადადიოდა სხვაგან. სათავე ძველი გაკეთებულია, კომუნისტების დროინდელი, ხალხმა გავაკეთეთ მარა ახლა ვიღაცამ ხომ უნდა შეხედოს? ვითომ დაიწყეს რაღაცის გაკეთება მარა მიატოვეს,”- გვეუბნება ადგილობრივი ,ვიტალი ვაშაყმაძე.

საჯავახოელების ონკანები ზაფხულობით შრება. სხვა სეზონებზე დასალევად უვარგისი წყალი მიეწოდებათ, ისიც- დღეგამოშვებით. მოსახლეობა დასალევ და სარწყავ წყალს ჭიდან ეზიდება, მაგრამ ეს ფუფუნება ყველას არ აქვს.

სოფლის ზედა უბანში სიტუაცია უარესია. აქაურობა სოფელ გამოჩინებულში მდებარე სათავე ნაგებობიდან მარაგდება. მარაგდებაო- სიტყვის მასალად ვწერთ. იქაურებს წყალი ზამთარშიც იშვიათად აქვთ.

3 წლის წინ საჯავახოს მოსახლეობას სამტრედიის მაშინდელი მერი, ვალერიანე ფოცხვერია შეხვდა. წყალმომარაგების პრობლემებზე კი ისაუბრეს, მაგრამ პრობლემის გადასაჭრელად საუბარი საკმარისი არ აღმოჩნდა.

1
შეხვედრა საჯავახოში, 2019 წელი.

აქაურების პრობლემაზე საჯავახოს თემში მერის წარმომადგენელს, დავით ქორიძეს მოვუყევით. ის თავადაც სოფელ საჯავახოში ცხოვრობს და უწყლობა სხვებზე ნაკლებად არ აწუხებს. გვითხრა, რომ როგორც იცის, ჭოგნარში წყლის სისტემის შეკეთება და საჯავახოში სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია წელს იგეგმება, თუმცა როდის დაიწყება სამუშაოები, ზუსტად არ იცის.

მერიის ოფიციალური წერილით სხვაგვარად გვიპასუხეს, ჯერჯერობით თანხები არ გამოყოფილაო. 

“აი, ფაქტი” თვალს მიადევნებს, გამართლდება თუ არა მერის წარმომადგენლის სიტყვები და ექნებათ თუ არა წყალი საჯავახოელებს.  

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რას სწავლობენ პოლიციელები შსს-ს აკადემიაში?
police

რას სწავლობენ პოლიციელები შსს-ს აკადემიაში?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share