fbpx

რისთვის იღებენ ანაზღაურებას იმერეთის საკრებულოს წევრები

sachkhere 1

2020 წელს იმერეთის ცხრა მუნიციპალიტეტმა საკრებულოს არათანამდებობის პირებს შესრულებული სამუშაოსთვის 600,700 ლარი ჩაურიცხა. თუმცა, ეს შესრულებული სამუშაო დოკუმენტურად ვერ მტკიცდება. საკრებულოს წევრები კი ამბობენ, მოსახლეობას შევხვდითო, მაგრამ ამის დასტურად, ვერაფერს წარადგენენ. 

კანონი გვეუბნება, არათანამდებობის პირები საკრებულოში უხელფასოდ უნდა მუშაობდნენ, მაგრამ თუ მოსახლეობას შეხვდებიან და სხდომებს დაესწრებიან, გაწეული ხარჯები აუნაზღაურდებათო. როგორიცაა საწვავსა და ტელეფონის ბალანსში დახარჯული ფული.

მაგალითად, თერჯოლაში მათ თვეში მაქსიმუმ 397 ლარს ურიცხავენ. საჩხერის საკრებულო არათანამდებობის პირებს თვიურად ჯერ 500 ლარს უხდიდა, 2022 წლიდან კი თანხა 675-მდე გაზარდეს. მუნიციპალიტეტები თავად წყვეტენ, მაქსიმუმ რა თანხის ანაზღაურება შეუძლიათ. ეს მათი საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასზეა დამოკიდებული. კანონით, არათანამდებობის პირის ანაზღაურების ოდენობა, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის 15%-ს არ უნდა ასცდეს.

იმერეთის მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლით აღმოვაჩინეთ, რომ საკრებულოების უმეტესობა არათანამდებობის პირებს ხარჯებს უნაზღაურებს, მაგრამ ბრმად. არ აქვთ დოკუმენტები, რომ მათ ეს ხარჯი მართლა გასწიეს. ამ ამბავში მთავარი დამნაშავე კანონია, რომელიც დეპუტატებს ფინანსური დოკუმენტების წარდგენას არ ავალებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი კოკა კიღურაძე ამბობს, რომ საკრებულოს წევრებს ხარჯების აღწერა უჭირდათ. ამის გამო 2014 წლიდან კანონში ცვლილება შევიდა და მუნიციპალიტეტები თვითონ წყვეტენ, რა საქმისთვის რამდენი გადაუხადონ საკრებულოს წევრს. მაგალითად, სხვადასხვა ღირებულება აქვს სხდომაზე დასწრებას, ამომრჩეველთან შეხვედრას. 

“[საკრებულოს წევრმა] რომ იმგზავრა სადღაც, მძღოლი უნდა დაიქირაოს, ხელშეკრულება გაუფორმოს, მძღოლმა უნდა უთხრას რა დაჯდა ტრანსპორტირება, მერე [საკრებულოს წევრმა] დაურიცხოს და ძალიან დიდი პროცედურა იყო საჭირო. საკრებულოს წევრები ვერ ადასტურებდნენ ამ ხარჯს და ეგ გამოსავალი მოძებნეს მუნიციპალიტეტებმა – მოდით, ყველაფერს მივანიჭოთ რაღაცა ტიპის ნომინალური ღირებულება და თუ საკრებულოს წევრი ყველაფერს გააკეთებს, ჩავურიცხავთ იმ თანხას. თუ მოქალაქეებს შეხვდა, ეს დასტურდება შეხვედრის ოქმით, თუ გამართა საჯარო შეხვედრა, ესეც დასტურდება შეხვედრის ოქმით ,”- გვიხსნის კოკა კიღურაძე. 

terjola 1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

“აი, ფაქტმა” იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2019-2020 წლებში არათანამდებობის პირებზე გაცემული თანხების და იმ დოკუმენტების შესახებ, რომელიც მათ საქმიანობას დაადასტურებდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საკრებულოებში დარღვევები 2019-2020 წლის ხარჯებში აღმოაჩინა. ამიტომ, ჩვენც ამ პერიოდით დავინტერესდით. 

დოკუმენტაცია მოვითხოვეთ იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტიდან. უპასუხოდ მხოლოდ ვანის საკრებულომ დაგვტოვა. ქუთაისიდან გაცემული თანხების რაოდენობა არ მოგვწერეს და გვითხრეს, დეპუტატებს მხოლოდ სამგზავროდ და ტელეფონით სასაუბროდ საჭირო თანხებს ვურიცხავთო.

დანარჩენი ათი მუნიციპალიტეტიდან ხარჯებზე და ანაზღაურებებზე ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ ამ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები სრულყოფილად მხოლოდ ტყიბულის საკრებულოში აღმოაჩნდათ. 

ბაღდათის საკრებულომ მოგვაწოდა 11-დან მხოლოდ ერთი წევრის შეხვედრის ამსახველი ოქმები. გვითხრეს, საკრებულოს სხვა წევრების დოკუმენტებიც ასე გამოიყურება და ერთის მაგალითზე იმსჯელეთო.

ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებმა ეს თანხები ისე გადარიცხეს, გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები არ ჰქონდათ. საჩხერის საკრებულოდან მოგვწერეს არათანამდებობის პირები დადიან მერიაში და საკრებულოში, ხვდებიან ამომრჩევლებს სოფლებში, ქირაობენ ტრანსპორტს, მაგრამ ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს სხვადასხვა წინააღმდეგობის გამო ვერ ადგენენო. დოკუმენტები არც ჭიათურის საკრებულოში აქვთ. ამის შესახებ თავად გვითხრეს

გამოდის, ერთი წლის განმავლობაში საჩხერის ბიუჯეტიდან 97 ათასი ლარის და ჭიათურის ბიუჯეტიდან 75 ათასი ლარის ხარჯები ისე აანაზღაურეს, ამ ხარჯების დამადასტურებელი არაფერი ჰქონდათ. 

არადა, კანონით, ორივე მუნიციპალიტეტს ევალება, არათანამდებობის პირებს თანხები მისცენ იმ შემთხვევაში, თუ თავად ან საკრებულოს აპარატის მიერ დაადასტურებენ მათ საქმიანობას. მაგალითად, შეხვედრებს ამომრჩეველთან, საკრებულოში წერილებისა და წინადადებების განხილვაში მონაწილეობას და სხდომებზე დასწრებას. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ საკრებულოს არათანამდებობის პირების მუშაობის ანგარიშებს ვერ მოგვაწვდიდნენ, რადგან ასეთი რამე თვითონაც არ ჰქონდათ. 

ხარჯების ამსახველი დოკუმენტები არც ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან მოგვაწოდეს. მხოლოდ ის მოგვწერეს, დეპუტატებს თანხას იმისთვის ვურიცხავთ, რომ საკუთარი მოვალეობების შესრულებაში შევუწყოთ ხელიო. 

ხონის საკრებულოებიდან მოგვწერეს, რომ არათანამდებობის პირებს თანხებს საკრებულოს აპარატის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ურიცხავენ. რა წერია ამ ბარათებში, არ ვიცით. როცა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები მოვითხოვეთ, მოხსენებითი ბარათები არ გამოუგზავნიათ.

მოხსენებითი ბარათები ან ხარჯის დამადასტურებელი რაიმე სხვა დოკუმენტი არც ხარაგაულის მუნიციპალიტეტს მოუწოდებია. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ 2019-2020 წლებში 15 არათანამდებობის პირზე თვიურად 397-397 ლარს გასცემდნენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა თანხის ანაზღაურების შესახებ დადგენილება 4 აპრილს შეცვალა . გადაწყვიტეს, რომ საკრებულოს წევრი ანაზღაურებას ვერ მიიღებს, თუ საქმიანობას მისივე შედგენილი ოქმებით ვერ დაადასტურებს.

სამტრედიიდან 2019-2020 წლის ხარჯები მოვითხოვეთ. მათ მხოლოდ 2019 წლის დოკუმენტები მოგვაწოდეს, თუმცა ამომწურავად. ასე მაგალითად, დეპუტატი დავით ნიკოლეიშვილი 2019 წლის ივლისის თვეში საჯავახოს მოსახლეობას შეხვედრია და სანაგვე ურნების საჭიროება განუხილავთ. მოგვარდა თუ არა ეს პრობლემა, ანგარიშიდან ვერ ვიგებთ.

tskaltubo 1
წყალტუბოს საკრებულოს სხდომა

წყალტუბოს საკრებულომ მოგვაწოდა თავმჯდომარის ბრძანება და არათანამდებობის პირებზე გაცემული თანხების რაოდენობა. მხოლოდ ამ დოკუმენტებით რთულია გავიგოთ, რა დამსახურებისთვის აიღეს საკრებულოს წევრებმა ეს ანაზღაურებები. 

სამტრედიის და წყალტუბოს საკრებულოებში არათანამდებობების პირები შესრულებულ საქმეს და გაწეულ ხარჯს რომ ვერ ადასტურებდნენ, ამაზე წელს აუდიტის სამსახურიც წერდა

დეტალური ინფორმაცია მხოლოდ ტყიბულის საკრებულოდან მოგვაწოდეს. მაგალითად, გავიგეთ, რომ 2019 და 2020 წელს ყველა არათანამდებობის პირი ერთხელ მაინც შეხვდა ამომრჩეველს, როგორც ამას კანონი ავალდებულებდათ. გავიგეთ ისიც, ვინ რამდენჯერ დაესწრო საკრებულოს, კომისიის ან ფრაქციის სხდომას. 

უცნობია, რა განიხილეს დეპუტატებმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ან რა ინიციატივები წამოაყენეს სხდომებზე, მაგრამ ანაზღაურების გასაცემად და რეალური საქმიანობის დასადასტურებლად, ეს დოკუმენტებიც საკმარისია.

საქმეს პასუხისმგებლობით რომ უდგებოდნენ, საკრებულოს წევრები ასეთ დოკუმენტებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც უნდა ავსებდნენ. თუმცა, როგორც ჩვენი სტატიიდან გაიგეთ, უმრავლესობა ამაზე თავს არ იწუხებს. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
პროტოპრესვიტერი მამის “ზარი ახლობელთან” 
proto e1668767540170

პროტოპრესვიტერი მამის “ზარი ახლობელთან” 

ანუ მოკლე გზა ტენდერებში პრობლემების მოსაგვარებლად  კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share