fbpx

Როგორ მოვანდომეთ ქუთაისის მერიას საყრდენი კედლის აშენება

1653903249877 scaled 2

ქუთაისის მერიამ ადგილობრივების მოთხოვნაზე ყური მხოლოდ მას შემდეგ შეიბერტყა, რაც ამბით “აი, ფაქტი” დაინტერესდა. საქმე ეხება ქუთაისის ერთ-ერთ მთაგორიან უბანში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობას.

ამ უბნის 40 ოჯახი უკვე მესამე წელია საფრთხეშია, მაგრამ მერია პრობლემას არ იმჩნევდა. საქმის კეთება მხოლოდ შარშან დაიწყეს და ისიც, სანახევროდ. 14 მეტრის ნაცვლად, 9-მეტრიანი კედლის აგება წინასაარჩევნოდ გადაწყვიტეს, რაც მიწის ჩამოშლის საშიშროებას არ ხსნის. 

Საყრდენი კედელი არის ბეტონის ნაგებობა, რომელიც მიწასა და ნიადაგში ჩამდინარე წყალს აკავებს და მოსახლეობის ეზოებს ჩამოშლისგან იცავს. საყრდენი კედლები საჭიროა სამანქანო გზებზე უსაფრთხო გადაადგილებისთვისაც. ასეთი კედლის აშენებას ითხოვენ ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევშიც. 

თომა მახვილაძე ამ ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელია. მისი სახლის ეზო სავალი გზის ქვემოთაა მოქცეული, 2018 წელს გზასა და ეზოს შორის საყრდენი ბეტონის კედელი და მიწის მასა ჩამოიშალა. თომამ მერიას განცხადებით მაშინვე მიმართა, თუმცა ყურადღება მხოლოდ სამი წლის შემდეგ მიაქციეს. 

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ უთხრეს, რომ ამ უბანს საყრდენ კედელს აუგებდნენ. სამუშაოები დაპირებიდან ორ თვეში დაიწყო. 

მერიამ ტენდერი 2021 წლის სექტემბერში გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანია “ზელოს” 5,400 ლარი გადაუხადეს, რის სანაცვლოდაც მან ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევთან საყრდენი კედლის ასაგებად ხარჯთაღრიცხვის პროექტი მოამზადა. მერიამ პროექტი 2022 წლის იანვარში ჩაიბარა, ამ დროს დაურეკეს თომა მახვილაძესაც და უთხრეს, შენს ეზოში სამუშაოებს ვიწყებთო.

თუმცა, როგორც თომა გვიყვება, მერიამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება გადაწყვიტა. დაპირდნენ, 9 მეტრი სიგრძის კედელს აგიშენებთო, რეალურად კი მიწა 14 მეტრზე იყო ჩამოშლილი.

2 1
შეხვედრა უქიმერიონის უბნის მცხოვრებლებთან

“მე ვუთხარი, [ვინც ტენდერი მოიგო, იმას] არ მინდა ასეთი გაკეთებული საქმე-მეთქი. მოვიდნენ მეორე დღეს და მეუბნებიან, ჩავასხათ ეს 9 მეტრი და მერე რაღაცა იქნებაო. გამორიცხულია, მერე რაღაცა არ იქნება, იმიტომ რომ ვერ მიაბამ მაგას,” – გვიყვება თომა მახვილაძე.

შემდეგ მერიას მორიგი განცხადებით მიმართა, რომლითაც უარს ამბობდა ამ მოცულობის სამუშაოებზე და კედლის სრულად აგებას ითხოვდა. მეორე დღეს მერიიდან დაურეკეს და უთხრეს – “თუ გინდა ცხრა მეტრი, თუ არა და კარგად იყავიო.”

ქეთევან წამებულის მეორე შესახვევის 20 ნომერთან, სადაც ბეტონის კედლის აგებას ითხოვენ, ორმოცი ოჯახი ცხოვრობს. საყრდენი კედელი თუ არ ექნებათ, მიწა თუ ჩამოიქცევა და სამანქანო გზას ჩაიყოლებს, ხალხს სახლამდე მისვლა უფრო გრძელი, შემოვლითი გზით მოუწევს. მეზობლების თქმით, საფრთხეშია დენისა და ბუნებრივი აირის ბოძებიც, რადგან ისინი დროთა განმავლობაში “ცოცავს”. 

“გაზის მილი აგერ იყო, ახლა რამხელაზეა წასული. ეს რო წავიდეს, ჯერ მთელი მოსახლეობა საფრთხის წინაშე დადგება და მერე შეუწყდებათ გაზი. სხვა გზა კი არის, მაგრამ ძირითადი გზა ესაა. სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს და წრეს რომ უტყამს, ხომ უნდა ჩამოვიდეს? სასწრაფო დახმარებას რომ ვიძახებთ, ამ გზით მოდის, ან ტაქსით მოდის ხალხი და ესაა ჩვენი ძირითადი გზა,” – ამბობს ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები გელა მასხარაშვილი.

“ახლა ასე რომ არის, ალბათ, ერთ-ორ კვირაში უფრო მეტი იქნება ჩამოსული. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, იმიტომ რომ ბოძიც მოდის, ხეც მოდის და გაზიც ჰაერშია. ახლა ეს ხე როდის ჩამოვარდება, არ ვიცი. ერთი უკვე წაიქცა და დაეცა სახლს. ის ცოტა პატარა იყო, ეს დიდია, დაანგრევს სახურავს და გააფუჭებს ყველაფერს. Ზემოთ მოსახლეობაც რჩება უგაზოდ და უტელეფონოდ,”- გვიყვება თომა მახვილაძე.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე 16 მაისს მივედით, რომ არსებული სიტუაცია გაგვერკვია და მერიისთვის გვეკითხა, რას უპირებდნენ ჩამოშლილ კედელს.

ჯერ მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროს ჯონი არაბიძესთან დავრეკეთ, მაგრამ არ გვიპასუხა. Შემდეგ ამავე სამსახურის ცხელ ხაზს მივმართეთ, საიდანაც მერიის ცენტრალურ ცხელ ხაზზე, იქედან კი უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში გადაგვამისამართეს.

Screenshot 2022 05 31 at 10.14.09 1
ჩამოშლილი მიწა ქეთევან წამებულის ქუჩაზე

უქიმერიონში Მერის წარმომადგენელმა დაგვპირდა, დღესვე მოვალთ და და შევაფასებენ სიტუაციასო. ზაზა ჭელიძეს ორ საათზე მეტი რომ ველოდეთ, თავი შევახსენეთ. გვითხრა, ეს საკითხი საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსთან გაარკვიეთო და მერიის პრესსამსახურთან გადაგვიმასამართა. პრესსამსახური დაგვპირდა, რომ რაიმეს გაარკვევდა. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ მერია ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებდა.

ჩვენი და მერიის კომუნიკაციიდან 12 დღეში, გასულ პარასკევს თომას მერიიდან დაურეკეს და კედლის სრულად აგებას დაჰპირდნენ. 

30 მაისს მან მერიას განცხადება გაუგზავნა, ძველად დაწყებული სამუშაოების გაგრძელება და კედლის სიგრძის თავიდან აზომვა მოითხოვა. თომა მახვილაძე პასუხს 3-4 დღეში ელოდება.

ამ ამბით ჩანს, რომ მერიას საქმის ხეირიანად გაკეთება შეეძლო, მაგრამ თავი არ შეიწუხეს. “აი,ფაქტი” მიადევნებს თვალს, როგორ განვითარდება მოვლენები ქეთევან წამებულის ქუჩაზე და პირნათლად შეასრულებს თუ არა მერია მეორე დაპირებას მაინც.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Რას უპირებენ ბაგრატის ტაძარს?
20211202 094816 scaled 2

Რას უპირებენ ბაგრატის ტაძარს?

Ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ხუთი წელია, წყალი ჩადის

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share