30 იანვარს ღამით ტყიბულის “მინდელის” შახტაში რვა ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. Შემთხვევის მიზეზს გამოძიება იკვლევს. Სავარაუდოდ, შახტაში მეთანი აფეთქდა.
Მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ “მინდელის” შახტაში მეთანის კონცენტრაციის საზომი აპარატი იდგა და მუშებიც უსაფრთხო ადგილას იყვნენ.
თუ მეთანის რაოდენობა ნორმას სცდებოდა, ამის შესახებ დისპეტჩერებს უნდა სცოდნოდათ. ამიტომ, გამოსაძიებელია, ვინ და რის საფუძველზე გასცა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების დაწყების ბრძანება.
ეს “მინდელის” შახტაში მომხდარი პირველი ტრაგედია არაა. 2010-2018 წლებში აქ 27 მაღაროელი დაიღუპა.
2018 წელს შახტაში სამუშაოები დროებით გააჩერეს. ჯანდაცვის სამინისტრომ პირობების შესამოწმებლად გერმანული კომპანია “დი ემ თი” დაიქირავა. მან შახტაში უსაფრთხოების ნორმები შეაფასა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რეკომენდაციებიც გასცა.
2019 წლის ნოემბერში “დი ემ თიმ” მომზადებული ანგარიში “მინდელის” შახტის მფლობელ კომპანიას, “სტილ ინტერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანის” და ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგინა.
დოკუმენტში ხაზგასმულია სახიფათო პირობები: შახტაში დაგროვილი იყო მეთანი და სხვა აირები, მაღაროს ჭერს და კედლებს არ ჰქონდა საყრდენი, მეშახტეები სიმაღლეზე მყარი სადგომის გარეშე მუშაობდნენ, მოპოვებულ მასალებს ამუშავებდნენ და ადგილიდან ადგილზე გადაჰქონდათ ხელით, არ იყო გამართული სახანძრო უსაფრთხოების და ვენტილაციის სისტემები.
უსაფრთხოების მიმართ “საქნახშირის” ზერელე დამოკიდებულება “დი ემ თის” დასკვნიდანაც კარგად ჩანს. დოკუმენტში ვკითხულობ, რომ “მინდელის” შახტის ხელმძღვანელობა პრობლემად არ მიიჩნევდა შახტის ჭერის და კედლების დაზიანებას და გერმანელ ექსპერტებს ამშვიდებდნენ: “ოჰ, არ ინერვიულოთ ამაზე, ასეთი აქ ბევრიაო.’’
უცნობია, გააუმჯობესა თუ არა უსაფრთხოების პირობები “საქნახშირმა” გერმანელების რეკომენდაციის შემდეგ. თუმცა, დარღვევები რომ ერთი წლის შემდეგაც არსებობდა, ამას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინსპექტირებები მოწმობს.
2019-2020 წლებში “მინდელის” შახტაში სააგენტომ ექვსი ტექნიკური ინსპექტირება ჩაატარა. ობიექტზე 49 დარღვევა აღმოაჩინეს, 13 ათასი ლარით დააჯარიმეს და მათ გამოსასწორებლად დრო მისცეს.
“აი, ფაქტი” დაინტერესდება, გამოასწორა თუ არა ხარვეზები “საქნახშირმა” და გადაამოწმა თუ არა ეს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2021 წელს.