fbpx
evakuatori 2

ჩვენს გამოძიებას შემოსავლების სამსახური ეხმიანება

“აი, ფაქტის” მიერ 13 თებერვალს გამოქვეყნებულ გამოძიებას, რომელიც ამხელს საქართველოდან რუსეთში სანქცირებული მანქანების გაყვანის სქემებს, საქართველოს შემოსავლების სამსახური გამოეხმაურა. 

შემოსავლების სამსახური თავისი განცხადებით, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ სტატიაში ვწერდით – რომ კანონში არსებულ ხვრელს დაინტერესებული პირები იყენებენ და სანქციების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი არ არსებობს.

შემოსავლების სამსახურს მის დასავლელ პარტნიორებთან ერთად ხელეწიფება, შეიმუშაოს ქმედითი მექანიზმები, რომელიც კანონსა და პროცედურებში არსებულ ამ ხვრელებს ამოავსებს. 

სტატიაში მოტანილია რუსი ავტობლოგერის, ანტონ ბაიბურსიანის შემთხვევა, რომელმაც იპოვა ჩვენს კანონში არსებული ხვრელი და მას წარმატებით იყენებს. ის სანქცირებულ ავტომობილებს რუსეთში ჰყიდის. ამას ამტკიცებს მისი სოციალური მედიის ანგარიშებზე გამოქვეყნებული ასობით ვიდეოჩანაწერი. ჩვენ ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები ბაიბურსიანის შემთხვევაში, რას გადაწყვეტს შემოსავლების სამსახური მასთან დაკავშირებით, როცა სანქციების დარღვევის პირდაპირი მტკიცებულებები გამოვაქვეყნეთ. 

შემოსავლების სამსახურს მისი საქმიანობის შესახებ ჩვენ იანვრის ბოლოს ვაცნობეთ, როცა ოფიციალურად გავუგზავნეთ წერილი. უწყებისგან მშრალი, ზოგადი და ზედაპირული წერილი მივიღეთ, რომელიც არც ერთ ჩვენს კითხვას არ პასუხობდა. შემოსავლების სამსახურს შეეძლო, ჩვენთვის დროულად და მაღალი სტანდარტით ეპასუხა, ჩვენ მათ პასუხს შესაბამისად ავსახავდით სტატიაშიც. 

“აი, ფაქტის” მიერ გამოქვეყნებული შვიდთვიანი გამოძიება ეფუძნება სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებს, ჟურნალისტების მიერ ლარსის საბაჟო პუნქტზე მოპოვებულ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებებსა და  მანქანების 50-ზე მეტ ექსპორტიორთან ინტერვიუს. 

მასალაში გამოყენებული წყაროების არასრული ჩამონათვალი ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ: https://docs.google.com/document/d/1xv55tyljeqmkfeox21qgihudxttjhbiozl5g5m58fca/edit?usp=sharing 

“აი, ფაქტის” ჟურნალისტური გამოძიება ემსახურება ქვეყანაში არსებული პრობლემების დროულად გამოვლენას, რათა მათზე მოხდეს სწრაფი და ეფექტური რეაგირება. Საბოლოოდ ეს ემსახურება საქართველოს დემოკრატიზაციას, ევროინტეგრაციას და შესაბამისად, თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

სწორედ ამიტომ, “აი, ფაქტი,” კიდევ ერთხელ, მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, უფრო დროული და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდოს როგორც საგამოძიებო მასალაზე მუშაობისას, ისე შემდგომ პერიოდში და უფრო დეტალურად განუმარტოს საზოგადოებას სტატიაში მოტანილი ფაქტების შესახებ. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ომის დანაშაულის გამოძიება: გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
ომის დანაშაული

ომის დანაშაულის გამოძიება: გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

მასალის ინგლისური ვერსია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share