fbpx

Რა შეცვალა შუქრუთელებისთვის “ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებამ?

1

ლიანა და დიმიტრი ნეფარიძეები ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში ცხოვრობენ. მათი სახლის ქვემოთ მაღაროა, სადაც “ჯორჯიან მანგანეზი” მანგანუმს მოიპოვებს. შარშან გაზაფხულზე რომ ვესტუმრეთ, ნეფარიძეების სახლის კედლები ბზარებით შუაზე იყო გაყოფილი, თუმცა ნაგებობა მყარად იდგა. ორი კვირის წინ ეს სახლი დანგრეული დაგვხვდა. მეპატრონეები კი თბილისში, შვილთან გადასულან.

“17 წლის გავთხოვდი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ. პატარა ხის სახლი დაგვხვდა, მერე მე და ჩემმა ქმარმა ავაშენეთ. ნაწვალებია, ეს სამი კედელი მთლიანად ქვისაა. ქვები ჩემი ქმრის მოტეხილია, მე ვზიდავდი, საცოდავად ვაგორებდი და ვაგროვებდი ერთ ადგილას, მანქანით რომ მოგვეტანა,” – გვიყვებოდა 69 წლის ლიანა ნეფარიძე შარშან.

მას და მის 74 წლის მეუღლეს რამდენიმე თვეში ამ წვალებით ნაშენები სახლის დატოვება მოუწიათ. შუქრუთში რომ ჩავედით, ადგილზე აღარ დაგვხვდნენ. მეზობლები მოგვიყვნენ, სახლს უკანა კედელი შარშან ზაფხულში ჩამოენგრა და ცოლ-ქმარი აქ ვეღარ დარჩებოდაო.

“კიარ უნდოდათ წასვლა, მაგრამ მერე ხალხმაც ურჩია. აბა, შიგნით ხომ არ უნდა მოყოლილიყვნენ?,” – გვითხრეს სოფელში. 

BOLOOOOO 1
ნეფარიძეების სახლი 2021 წლის მაისში

2020 წლის აპრილში “ჯორჯიან მანგანეზმა” მათ კომპენსაციის სახით 66 ათასი ლარი გადაუხადა. ლიანა ნეფარიძეს ტელეფონით ვესაუბრეთ. გვითხრა, რომ უკანა კედლის ჩამონგრევის შემდეგ სახლი თავისი ხელით დაანგრიეს. წინა წელს აღებული თანხით შუქრუთში ახალი სახლის აშენება სურთ, მაგრამ ჯერ მხოლოდ საძირკველი აქვთ ჩასხმული. კომპენსაცია სამშენებლო მასალების შესაძენად არ ჰყოფნით. 

“ ‘ბალავერი’ ნახევარ მეტრზეა ამოყვანილი და ვართ შეჩერებული ახლა. გაზაფხულზე რა ვიცი, თუ მოვახერხე და ბლოკი მაინც დავადგი და გადავხურე იმ თანხით… დანარჩენს ვერაფერს ვაკეთებ. უნდა მივაჩერდე მერე ჩემს სიცოცხლეში მოუწყობელ სახლს. თანხა სახურავზე არ ვიცი და კედლების ამოშენებაზე მგონი მეყოფა. ოსტატიც ბევრს ითხოვს, ჩემს ქმარს აღარ შეუძლია,” – გვითხრა ლიანა ნეფარიძემ. 

ნეფარიძეების ოჯახი არ არის ერთადერთი, რომელსაც “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობა აზარალებს. ადგილობრივების თქმით, კომპანია მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა.

naprali 2
ნაპრალი შუქრუთში. ფოტო გადაღებულია 2021 წლის მაისში

შუქრუთში 10 ოჯახს შევხვდით, ყველას სახლი გადახრილი და დაბზარულია. წლებია, მკვიდრი მოსახლეობა ასეთ ყოფას აპროტესტებს. აქციებს Ხან ადგილზე მართავენ, ხან დედაქალაქში, საელჩოების წინ. მათი წუხილი კომპანიის ყურამდე კი მიდის, მაგრამ რეალობა არ იცვლება.

2021 წლის ზაფხულში შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს. რვა მათგანმა პირიც ამოიკერა. 100 დღის განმავლობაში ითხოვდნენ, რომ “ჯორჯიან მანგანეზს” სამუშაოები შეეწყვიტა, მათი უძრავი ქონება სამხარაულის ეროვნულ ექსპერტიზას შეეფასებინა და კომპენსაციებიც ამის საფუძველზე გაცემულიყო.

საბოლოოდ, კომპანია და პროტესტის მონაწილეები ერთ-ერთ მოთხოვნაზე შეთანხმდნენ. შუქრუთელებმა შიმშილობა იმ პირობით შეწყვიტეს, რომ უძრავ ქონებას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შეაფასებდა. 

“მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები“, – აცხადებდა მაშინ მანგანუმის მომპოვებელი კომპანია.

სტატიაში მოგიყვებით, რა მოუტანა ამ შეთანხმებამ შუქრუთელებს? რატომ არ არიან კმაყოფილი ექსპერტიზის დასკვნით და აპირებენ თუ არა პროტესტის გაგრძელებას. 

რა წერია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში? 

ადგილობრივების ინფორმაციით, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა ათ უძრავ ქონებაზე მოამზადა. დოკუმენტები ხელთ კი აქვთ, მაგრამ არავინ საუბრობს, რა წერია მასში. 

სოფელში გვითხრეს, მასში არსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და დადებულ პირობას ვერ დავარღვევთო. სამხარაულის ბიურომ მხოლოდ ის გვითხრა, “ჯორჯიან მანგანეზთან” რამდენიმე ხელშეკრულება გვაქვს დადებული, საინჟინრო და სასაქონლო ფინანსური ექსპერტიზის ჩასატარებლადო. 

ამ ხელშეკრულების დეტალებისთვის კი “ჯორჯიან მანგანეზთან” გადაგვამისამართეს. კომპანია კი არც პირისპირ ინტერვიუზე დაგვთანხმდა და კითხვებზე არც წერილობით გვიპასუხა. 

სამხარაულამდე შუქრუთელების უძრავი ქონება “ჯორჯიან მანგანეზის” დაქირავებულმა “ინტელექტ აუდიტმა” შეაფასა. კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი ნოდარ ებანოიძე 2012-2015 წლებში პარლამენტის წევრი იყო. ამავე პერიოდში “ქართულ ოცნებას” 10 ათასი ლარიც შესწირა. 

მოსახლეობის აზრით, ამ აუდიტორულმა კომპანიამ კომპენსაციის თანხები არაადეკვატურად განსაზღვრა. ამიტომ მოითხოვეს ნეიტრალური ექსპერტიზა, თუმცა არც ახალ დასკვნას ენდობიან. ამბობენ, რომ მათ მანგანუმგამოცლილი მიწის გეოლოგიური შემოწმება სურდათ, კომპანიამ კი, როგორც ჩანს, სამხარაულს ეს არ დაავალა. 

“შეფასება, რაც დაგვიდო სამხარაულმა, აბსოლუტურად არაადეკვატური იყო იმის, რაც შეამოწმა. მთლად კმაყოფილებას ამ ექსპერტიზის მიმართ ვერ გამოვხატავთ,”- გვეუბნება აქციის მონაწილე, რომელსაც პროტესტის ნიშნად პირიც ჰქონდა ამოკერილი. მას დასკვნა კი გადასცეს, მაგრამ კომპენსაციაზე ჯერ არაფერი ისმის. ჩვენთან მეტ დეტალზე საუბარი არ ისურვა და ანონიმურად დარჩენად გვთხოვა. 

შუქრუთელების საპროტესტო ბანერი

“არაფერი შეცვლილა მის მერე. შიგადაშიგ ვგებულობთ, რომ ვისაც ჰქონდა პირი ამოკერილი, მათი ნაწილი დააკმაყოფილეს (თანხით), დანარჩენი – არა,” – გვეუბნებიან სხვა ადგილობრივები. 

შუქრუთში ჩვენთან საუბარი ბევრმა არ ისურვა, ზოგმა კარი ცხვირწინ მოგვიკეტა. ზოგმა კი გვითხრა, თუ რამე გაინტერესებთ “ჯორჯიან მანგანეზის” პრესცენტრს მიმართეთო. ვინც გვესაუბრა, მათგან გავარკვიეთ, რომ ზოგ ადგილობრივს 120 ან 130 ათასი ლარი გადაუხადეს, ზოგს კი თანხას ნაწილ-ნაწილ აძლევენ. ჩარიცხვის კონკრეტული წესი არ არსებობს. 

“ვინც ყოველდღე აკითხავს, ჩხუბობს, ხელ-კეტაობა აქვთ იქ გაშლილი, იმათ მისცეს ნაწილი, ვისაც ძალიან უჭირს,” – გვითხრა ადგილობრივმა. მან ანონიმურად დარჩენა არჩია. 

ლეილა კუპატაძეს თავისი მეზობლებივით კომპენსაციის ეტაპობრივად აღება არ სურს. ფიქრობს, რომ ასე სახლს ვერ გაარემონტებს:

“თუკი სულ მთლად დანგრევა არ მიწერია, იმ ფულით პატარას შევავლებდი ხელს, თუ გაჩერდება. თუარადა მერე რაღა გზა მაქვს, ქე უნდა ვეძებო პატარა თავშესაფარი, აბა სად წავიდე. რაც მეკუთვნის ის რომ მთლიანად ამაღებინა… ასე ნაწილ-ნაწილ არ მინდა 2-3 ათასები.”

naprali 1
ნაპრალი შუქრუთის ერთ-ერთ სახლში
naprali 3
ბზარი შუქრუთის ერთ-ერთი სახლის ღობეზე

დაზარალებულებზე თანხების გაცემის საკითხი გაურკვეველია, მათი სახლების ავარიული მდგომარეობა კი უარესდება. ჩვენთან საუბარში არავის უთქვამს, რომ სოფლის დატოვება და სხვაგან ცხოვრება სურთ. კომპენსაციებით ყველას სახლის გარემონტება ურჩევნია.

“სახლის საძირკველი ჩავარდა, ვანა-ტუალეტი გააკეთეს და ორმოში გარბის უნიტაზიც. სახლის ბალავერის ქვეშ იყო გავლილი (მაღარო). ახლა დიდი ‘ჟეშტი’ აფარია, რომ არ ჩაცვივდნენ შიგნით,” – გვეუბნება შუქრუთის მკვიდრი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. 

“სახლი ინგრევა და ინგრევა, ეს შეიცვალა, მეტი არაფერი. ფულის Ნაწილი ჩაგვირიცხეს, მოვიტანეთ ალმატურა და ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, რომ სახლის მშენებლობა დაგვეწყო. ცოტა წინ უნდა ავაშენოთ, უფრო უსაფრთხოა. მერე მოვიყვანთ ვინმეს შევამოწმებინებთ. ამ თანხით შავ კარკასამდე მივა ალბათ, არ ვიცი,” – გვიყვება კიდევ ერთი შუქრუთელი. Სახელის გასაჯაროება არც მას სურს.

ვინ მოიპოვებს მანგანუმს შუქრუთში? 

შუქრუთში მანგანუმს წელიწადნახევარია “ჯორჯიან მანგანეზის” ქვეკონტრაქტორი “მაღაროელი” მოიპოვებს. ის საჯარო რეესტრში 2020 წლის მაისში დარეგისტრირდა.  კომპანიის მფლობელმა ნოდარ მიქაბერიძემ 2018 წელს პრეზიდენტ ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი, “ქართულ ოცნებას” კი 2019-2021 წლებში 170 ათასი ლარი შესწირა.

“ჯორჯიან მანგანეზს” კარგი რეპუტაცია არ აქვს. მის მუშაობას აპროტესტებდნენ სოფელ პერევისაშიც, სადაც კომპანია მანგანუმს კოროხნალის მაღაროდან მოიპოვებს.

კარიერიდან 150 მეტრში დევიძეების უბანია. 2019 წელს ამ უბნის ათმა ოჯახმა კომპანიას სასამართლოში უჩივლა. მათგან დაზიანებული სახლების რემონტისთვის საჭირო თანხას ითხოვდნენ. ეს დავა მოიგეს და ახლა კომპენსაციის ჩარიცხვას ელოდებიან.

“ჯორჯიან მანგანეზის” ქვეკონტრაქტორი შპს მაღაროელი კოროხნალში მანგანუმს უკანონოდ მოიპოვებს. ამ კარიერზე სამუშაოები ჯერ კიდევ 1997 წელს შეაჩერეს, ს/ს ჭიათურმანგანუმის (ახლანდელი “ჯორჯიან მანგანეზის”) და პარლამენტის გადაწყვეტილებით. ამას ადგილობრივებიც გვიდასტურებენ.

ფაქტია, მადნის მოპოვება ახლაც მიმდინარეობს. კანონით, ეს წიაღის ეროვნულ სააგენტოს უნდა შეემჩნია. ინტერვიუზე არ დაგვთანხმდნენ, კითხვები წერილობით გაგვაგზავნინეს და პასუხს ველით. 

საბოლოოდ ისე გამოდის, რომ შარშან “ჯორჯიან მანგანეზთან” დადებულმა შეთანხმებამ აქაურების ყოფა ვერ შეცვალა. შუქრუთელები კი გაზაფხულზე ისევ პროტესტს აპირებენ. 

“ვუთხარით, თუ არ იქნება ნორმალურად დათვლილი და სოლიდურ თანხას არ მოგვცემენ, ცოტა დათბება და ისევ დავხურავთ (მაღაროს). არ გამოიღო შედეგი, მოგვატყუეს, მოგცემთ ფულებსო, ასეო და ისეო,”- გვეუბნება სოფლის მკვიდრი, რომელიც სახელს საჯაროდ არ ამხელს.  

“ჯორჯიან მანგანეზისგან” გვსურდა გაგვეგო, რა წერია მათსა და ადგილობრივებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რა ვალდებულებები აქვს კომპანიას, როდის და რა ოდენობის კომპენსაციების გაცემას აპირებენ. მათ უარი გვითხრეს სატელეფონო ინტერვიუზე და არც წერილობით გაგზავნილ კითხვებზე გვიპასუხეს. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
როგორ პასუხობს მერია ხალხის პრობლემებს ილორსა და გვიშტიბში
Screenshot 2022 01 31 at 10.43.50 1

როგორ პასუხობს მერია ხალხის პრობლემებს ილორსა და გვიშტიბში

იმერეთის სოფლებში ყველაზე მეტად უწყლობა აწუხებთ

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share