fbpx
skverebi

უბავშვო საბავშვო სკვერები

ავტორები: ანი ჭიჭინაძე, შორენა ლაღაძე, დავით დოლაბერიძე 

სოფელ არშას ცარიელ ქუჩაში, სკვერის წინ ბავშვები დარბიან. სკვერის კარის გაღებისა და ჩვენი შესვლისთანავე, ექვსივე ყიჟინითა და ჯოხების ქნევით შემოგვყვა. 592 კვ.მ. სკვერში სულ 3 ატრაქციონია. კარის წინ აიწონა-დაიწონაა. ერთი სკამი თოკებით აქვს დაბმული, რომ არ მოძვრეს.  აიწონა-დაიწონადან  საქანელამდე ბეტონის ბილიკი მიდის. ოღონდ არა ბოლომდე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ბილიკი დაუსრულებელია. სასრიალოს გვერდით, ძელზე ორი პლასტმასის საქანელაა: მწვანე და ყვითელი. ბავშვები გვეუბნებიან, რომ ყვითელი საქანელა დაიმტვრა. მერე საკუთარი ხელით, თოკებით დაამაგრეს. იმაზე მაღლა ასწიეს, ვიდრე თავიდან იყო. მწვანე საქანელაც ამავე სიმაღლეზეა. საქანელაზე ასვლას კარგი ფიზიკური მონაცემები, გამბედაობა და სიმაღლე სჭირდება. საქანელები იმდენად მაღლაა, თუ ვინმე არ დაგეხმარა ბავშვი თავისით ვერ დაჯდება. მათზე აძრომას მხოლოდ მოზრდილი ბიჭები ბედავენ. 

არშას სკვერი 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყო. მისი გაკეთება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს 13,500 ლარამდე დაუჯდა. 2 წლის შემდეგ კი სკვერი არასახარბიელო მდგომარეობაშია. ბავშვები თამაშს იქვე მდებარე მოედანზე ამჯობინებენ. შესაბამისად, სკვერის კარი უმეტესად გამოკეტილია.

arsha

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჯამში, ხუთ სოფელში გააკეთეს სკვერები საბავშვო ატრაქციონებით. ყაზბეგის მერიამ ამ პროექტებში 60 ათას ლარამდე გადაიხადა. ეს ადგილები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ინდ.მეწარმე პავლე ქუშაშვილმა მოაწყო. ქუშაშვილი ინდ. მეწარმედ 2015 წელს დარეგისტრირდა. მისთვის ეს სკვერების მოწყობის პირველი სამუშაო იყო. 

ხელშეკრულების გაფორმებისას მერიას ქუშაშვილისათვის არ უთქვამს, როგორ უნდა დაეპროექტებინა სკვერები, ან რა ატრაქციონებით უნდა მოეწყო ის. მერიისთვის მთავარი კონკრეტულ თანხაში ჩატევა იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ მერიამ ყველა სკვერი ჩაიბარა.

ჩვენ მაისში ხუთივე ადგილი ვინახულეთ. ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ გარბანის საბავშვო სკვერში დაგვხვდა. იქ შესასვლელად კარის გაღებაც არ გჭირდება. ორი წლის წინ გაკეთებულ სკვერს აღარც ღობე აქვს, აღარც საქანელები. მერიის წერილიდან ვიგებთ, რომ საქანელები დიდთოვლობის გამო მოხსნეს და დასაწყობებულია. მათ მხოლოდ სკვერის გარემონტების შემდეგ დაკიდებენ. უცნობია, როდის უპირებენ გარემონტებას ამ ადგილს ან რა ელის ამ საქანელებს მომდევნო დიდთოვლობისას. 

გარბანში საბავშვო ატრაქციონების მოწყობა 10 ათას ლარზე მეტი დაჯდა. სკვერი მოსახლეობისგან შორს, ეკლესიის წინაა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივები ამბობენ, რომ საბავშვო სივრცის მოწყობა სოფლის ცენტრში, სკოლასთან ახლოს ერჩივნათ.

“რა გაკეთებულია? არაფერი არაა. საძროხე და საღორეა. იქ ნამდვილად არ იყო გასაკეთებელი სკვერი,” – გვითხრეს სოფლის მკვიდრებმა. მათი აზრით, სკვერის მოსაწყობად უსაფრთხო ადგილი უნდა შეერჩიათ. ახლა კი ახალმოწყობილ ე.წ. სკვერში ბავშვების გაშვება აშინებთ. 


ადგილობრივი მოსახლე, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, სოფლის სკოლის შენობაზე მიგვითითებს. გვეუბნება, რომ ბავშვები ბევრად დაცულები იქნებოდნენ თუ სკვერი იქ მოეწყობოდა. 

garbani

ჩვენ ყაზბეგის მერიისგან გვაინტერესებდა, რა კრიტერიუმებით აარჩიეს თითოეულ სოფელში სკვერის ადგილი. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველა სოფელში გაიმართა დასახლების საერთო კრება, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რა პროექტის განხორციელება სურდათ და სად,” – ვკითხულობთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამოგზავნილ წერილში. არადა, ზემოთ ამოიკითხავდით, რომ მაგალითად, სოფელ გარბანის მოსახლეობას სკვერის მოწყობა სულ სხვა ადგილას სურდა. 

სოფელ გარბანში წლებია სასმელი წყლის სერიოზული პრობლემაა. ადგილობრივებს სასმელი წყლის ყიდვა უწევთ. ონკანებიდან მომავალ დაბინძურებულ წყალს კი ხშირად სარეცხის გასარეცხადაც ვერ იყენებენ. ამიტომ მათთვის გაუგებარია, რატომ დაიხარჯა სკვერში ამხელა თანხა მაშინ, როცა მას საერთოდ ვერ იყენებენ.

‘’ათი ათასად ჩვენ გვინდოდა, იცი რა? ჟიჟაი წყალია არ დაგველია. ნაგავს ვსვამთ, ნატურალური საქონლის ფუნა, ნაკელი რომ გახსნა წყალში, იმას ვსვამთ. სულ არ მჭირდებოდა იქ [სკვერში] 10 ათასის დახარჯვა,” – ამბობს ქალი გარბანიდან, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

მსგავსი სკვერები 2019 წელს სიონში, ხურთისსა და ფხელშეშიც მოეწყო. 

ფხელშეს სკვერის ღირებულება 8 ათას ლარს აღემატებოდა. ამ საბავშვო სივრცეშიც, გარბანისა და არშას მსგავსი ატრაქციონებია. სკვერიც ისეთივე ცარიელია ბავშვებისგან, როგორც დანარჩენ სოფლებში. ფხელშეს სკვერი სარიტუალო დარბაზის ეზოშია მოწყობილი. დარბაზის საპირფარეშოს კედელთან სასრიალო დინოზავრი დგას. დინოზავრის მოპირდაპირე მხარეს აიწონა-დაიწონა და საქანელაა. საქანელის მარჯვნივ კი ლოდები და ნაგვის ურნა.  ურნა სკვერის მოგლეჯილ ღობეს ესაზღვრება. ღობის მდგომარეობის წყალობით საქანელებთან მოხვედრა არც ადამიანს და არც შინაურ ცხოველს უჭირს.

ყაზბეგის მერიას ვკითხეთ, რამდენად უსაფრთხოა ფხელშეში ქვის ლოდების გვერდით ბავშვების თამაში. სანაცვლოდ მოგვწერეს, რომ სკვერი, რომელზეც 8,400 ლარი დაიხარჯა, ჯერ დასრულებული არაა და პრობლემის გამოსწორებას აპირებენ. ამისთვის წელს 10,000 ლარის დახარჯვას აპირებენ.



სოფელ ხურთისის სკვერი 420 კვ.მ-ია. სხვებისაგან განსხვავებით, აქ ისევ ძველებური, რკინის სასრიალო დგას. ამ სასრიალოსა და ახალ საქანელას შორის ორი აიწონა-დაიწონაა – ახალი და ძველი. ატრაქციონები 2,200 ლარი დაჯდა. მთლიანად სკვერში 8,400 ლარია გადახდილი. წელს სკვერის შერემონტებას მერია აქაც 10 ათას ლარად აპირებს.  

fkhelshe

ფართობით ყველაზე პატარა სიონის სკვერია, სულ 61 კვ.მ. მის ერთ მხარეს გზაა, მეორე მხარეს – მდინარე. თვითონ სკვერი კი შემაღლებულ ადგილასაა. ამ სკვერის კარიც, სხვების მსგავსად, ჩაკეტილია. იქ ბავშვები არ თამაშობენ. ამ სკვერის მოწყობა ყაზბეგელებს 10,054 ლარი დაუჯდათ. 

სკვერების მიღება-ჩაბარების დოკუმენტს ხელს მერის მოადგილე, დავით ქირიკაშვილი აწერდა. მას ტელეფონით დავუკავშირდით. ქირიკაშვილმა თავდაპირველად გვითხრა, რომ ცოტა ხანში შეგვხვდებოდა. ‘’ცოტა ხნის’’ შემდეგ პრესსამსახურთან გადაგვიმასამართა, რომელმაც კითხვებზე წერილობითი პასუხები შემოგვთავაზა. თავად მერის მოადგილეს კი მას შემდეგ, არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენი ზარისთვის აღარ უპასუხია. ყაზბეგის მერიამ მიწერილ კითხვებზე ერთი კვირის შემდეგ ზედაპირული და არასრულყოფილი პასუხები გამოგვიგზავნა. 

სამუშაოების შემსრულებელი, პავლე ქუშაშვილი გვეუბნება, რომ სკვერებზე სამუშაოების მთელ პროცესს მერიის ზედამხედველობის სამსახური აკვირდებოდა. ისინი ადგილზე, თითქმის, ყოველდღე მიდიოდნენ და ამოწმებდნენ მასალას, რომლითაც სკვერი ეწყობოდა. “მე ყოველ ორ კვირაში მაქვს შემოვლები, რომ ჩემი ობიექტი, სანამ კაცი შემაგინებს, მე თვითონ ვნახო. მაინც ჩემი გასაკეთებელი იქნება. მე მინდა რომ უყურადღებოდ არ ჩავაგდო, მე თვითონ ვნახო,” – გვეუბნება პავლე ქუშაშვილი.

სახელმწიფო აუდიტის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სკვერებისა და პარკების მოვლა-დასუფთავება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ “ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურს” ევალება. აუდიტმა დაადგინა, რომ ეს “სკვერები მოუვლელია, რაც ხელს უშლის მათ დანიშნულებით გამოყენებას.”

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ონისე სეთურიძე გვეუბნება, რომ მას მხოლოდ დაბა სტეფანწმინდაში მდებარე ორი სკვერის მოვლა ევალება. სოფლის სკვერების დალაგება კი ადგილობრივებსაც შეუძლიათ. 

sioni

“მე რაც მევალება, ორი სკვერია და იმას ვასუფთავებ. ესენი (ეს 5 სკვერი ) ჩემთან არაა. ძალიან გაზარმაცდა ხალხი, ასე არ შეიძლება,” – გვეუბნება სეთურიძე. 

სეთურიძეს ვკითხეთ, თუ ამ სკვერების მოვლა და დასუფთავება მას არ ევალებოდა, რატომ არის მისი ორგანიზაცია აუდიტის დასკვნაში ნახსენები. კითხვაზე მან ორი სხვადასხვა პასუხი გაგვცა. ჯერ გვითხრა, რომ სკვერების მოვლა ორიოდე დღის წინ დაავალეს. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ამ ადგილებს მომავალში მიხედავს. 

სეთურიძისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ყაზბეგის მერიას. ჩვენთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ: „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურს,“ წესდების შესაბამისად, ევალება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ტერიტორიაზე (მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული) ქუჩების, სკვერებისა და პარკების მოვლა.”

გამოდის, რომ ყაზბეგის მერიის შექმნილმა ა(ა)იპ-მა, რომლსაც 115 თანამშრომელი ჰყავს და ბიუჯეტი წელს 1.3 მილიონი ლარი აქვს, არ იცის, რა ევალება. მის შეუსრულებელ საქმეს კი არავინ აკონტროლებს. შესაძლოა, კეთილმოწყობის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების არ ცოდნით აიხსნას ის ფაქტიც, რომ მას 2019 წელს ბიუჯეტიდან ნაშთის სახით 42,798 ლარი, 2020 წელს – 62,093 ლარი დარჩა აუთვისებელი. 

ყაზბეგის მერიის ცნობით, სკვერების მონიტორინგი “ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურსაც” ევალება. გამოდის, რომ მუნიციპალიტეტში ორი უწყებაა, რომელმაც სკვერებს უნდა მოუაროს, მაგრამ ინფრასტრუქტურა მაინც დაზიანებულია.

ხუთ სოფელში სკვერების მოწყობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, ჯამში, 60 ათას ლარი დაუჯდა. ნაწილის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია, ნაწილის – დასაწყობებული. სკვერები რომ ბავშვებისთვის სათამაშოდ უსაფრთხო სივრცეებად იქცეს, მერია ამისთვის კიდევ ათიათასობით ლარის დახარჯვას აპირებს.

fnf photo

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ფულიანი მერია ხალხის პრობლემებს არ იმჩნევს
fuliai meri

ფულიანი მერია ხალხის პრობლემებს არ იმჩნევს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share