ორი თვის წინ თერჯოლიდან მოგვწერეს, იქნებ დაინტერესდეთ, როგორ ტარდება ჩვენთან სოფლის კრება, სადაც სოფლის საჭიროებებზე ვმსჯელობთო.
ჩავედით, მოსახლეობის და ადგილობრივი მთავრობების შეხვედრებს დავესწარით, რომ გაგვეგო, უგდებენ თუ არა ყურს მოქალაქეების აზრს. კრებების არსიც ხომ ესაა – ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს, რაში სურთ მათივე ფულის, ანუ ბიუჯეტის დახარჯვა.
“…სოფელმა უკეთ იცის, რა საჭიროება და მოთხოვნებია ადგილზე. ჩვენ ინტენსიურად ვერთვებით მათთან პირდაპირ დიალოგში და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ფორმატს,”- ამბობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი 2019 წელს.
ეს ფორმატი კი არსებობს, მაგრამ საათივითაა აწყობილიო, ვერ ვიტყვით. სოფლის თავყრილობებზე დასწრებით და ადგილობრივებთან საუბრით გამოვარკვიეთ, რომ ეს კრებები არაორგანიზებულად იმართება. ზოგჯერ ნახევარი საათიც არ გრძელდება და მოქალაქეები პასიურად, ხმის ამოუღებლად ესწრებიან. სოფლის მოსახლეობის ნაწილი კი საერთოდ ვერ იგებს, როდის და სად იმართება კრება. რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი მთავრობა შერჩევითობის პრინციპით იბარებს მხოლოდ მათ, ვინც ოპოზიციურად განწყობილი არ არის.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტია და მე-13 წელია არსებობს. ამ პროექტის ფარგლებში მთავრობა სოფლებისთვის გამოჰყოფს 10-20 ათას ლარამდე თანხას და რაში დაიხარჯოს, ამას ხალხი წყვეტს. თერჯოლის 45 სოფლისთვის წელს ჯამში 690,000 ლარია გამოყოფილი.
სანამ სოფლის ხალხი შეიკრიბება და მთავრობას ეტყვიან, რისი გაკეთება სურთ გამოყოფილი ფულით, იქამდე იმართება წინასწარი შეხვედრები. მოსახლეობა ბჭობს და შეჯერებულ აზრს მერის წარმომადგენელს ეუბნებიან. სწორედ ის აჟღერებს კრებაზე ამ საერთო აზრს.
რას ფიქრობენ თერჯოლელები, კმაყოფილი არიან თუ არა სოფლის კრების შედეგებით, ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.
რა ხდება სოფლის კრებაზე?
დავესწარით თერჯოლის შვიდი სოფლის, ზედა და ქვედა ალისუბნის, ზარნაძეების, თხილთაწყაროს, მაჩიტაურის, ჩხარისა და ღვანკითის კრებებს, რომელიც ღია ცის ქვეშ, საფეხბურთო მოედანზე, მოსაცდელთან, სკოლასთან ან ადმინისტრაციული შენობების ეზოში ჩატარდა.
პირველად ვესტუმრეთ ქვედა ალისუბანს. ამ სოფელს წელს ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი ერგო. ალისუბნის 50-მდე მოსახლე თავმოყრილი იყო სტადიონზე, რომელიც შარშან ამავე პროგრამით აუშენეს. მოედნის შესასვლელთან იჯდა ერთი ადგილობრივი, რომელიც დამსწრეთა სიას აღრიცხავდა.
მთავრობის მხრიდან კრებას ესწრებოდა თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, იურისტები და პრესსამსახურის წარმომადგენლები.
“რა ჯობია, ეს თქვენ იცით უფრო კარგად. ყველაფერი ერთად არ გამოვა, მაგრამ ის რა არის პრიორიტეტი, თქვენთან სიახლოვით და კონსულტაციით ნელ-ნელა, აგურ-აგურ ვაშენებთ თქვენს სოფლებს და მუნიციპალიტეტს… საპროექტო წინადადებები გავიაროთ. თუ ვინმეს კითხვა გექნებათ, გაგცემთ პასუხს… არასდროს არ გვეთაკილება, თუკი კრიტიკაც იქნება, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია ის შეგვიძლია,”- ასე მიმართა მერმა მოქალაქეებს, კრების დაწყებისას.
შეხვედრა სულ 20 წუთს გაგრძელდა. ადგილობრივმა რაჟდენ ბოჭორიშვილმა გააჟღერა, რომ სოფელს ქვედა და ზედა ალისუბნის დამაკავშირებელ გზაზე გარე განათების მოწყობა სურდა. ეს აზრი ყველამ ერთხმად მოიწონა. კითხვები, შენიშვნა ან პრეტენზია არავის ჰქონია. მერმა თქვა, ფულს დავამატებთ და ამ სტადიონსაც გავანათებთო. ხალხი დაიშალა, კრება დარჩა მხიარული.
შემდეგ ზედა ალისუბანში წავედით. აქ 4 მეზობელი სოფლის საჭიროებები ერთ კრებაზე განიხილეს. დაახლოებით 40 წუთში გადაწყდა, რომ ისინი წლევანდელი ბიუჯეტით, 48 ათასი ლარით შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარს დააგებენ, მოაწყობენ გარე განათებებს, სტადიონის საფარს, ცხაურს, სიჩქარის ბარიერებს და წყაროს. იდეები ყველამ ერთხმად მოიწონა, პრეტენზია აქაც არავის გამოუთქვამს.
ზედა ალისუბნის კრება დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა. აქედან 10 წუთის განმავლობაში კი მერია სოფლების დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაციის პროექტზე საუბრობდა. ეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ნაწილი არ არის, რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ამიტომ უცნაურია, მერიამ მაინცდამაინც სოფლის კრების დრო რატომ დახარჯა. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მერია პიარით იყო დაკავებული და არა მოსახლეობის პრობლემების მოსმენით.
ცხარე დისკუსიას არც სოფელ ღვანკითში შევსწრებივართ. აქ 35 წუთში შვიდი იდეა განიხილეს და საბოლოოდ გადაწყდა, რომ დამონტაჟდება გარე განათება დედაღვთისის სალოცავამდე, დაიგება ბეტონის საფარი შიდა საუბნო გზებზე, მოეწყობა ცხაურები, ბოგირები და სანიაღვრე არხები. კითხვებით არც აქ გამოუჩენიათ თავი.
27 იანვარს ჩხარის თემში გამართული კრება იყო ერთადერთი, სადაც ხალხი მაქსიმალურად ჩაერთო, ერთმანეთშიც იკამათეს და ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც. გამოთქვეს პრეტენზიები შეხვედრის არაორგანიზებულობაზე, ჩიოდნენ იმასაც, რომ ფული არასაკმარისი იყო და მათ საჭიროებებს არ გაწვდებოდა. მაგალითად, წყალს და შიდა საუბნო გზების მოწესრიგებას.
არ ყოფნის ეს თანხა და ტყუილად დაფანტვას სჯობს ერთი რაღაცა გაკეთდესო – ჩიოდნენ ქალები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხაზე. ჩხარის კრებაც 30 წუთს გაგრძელდა. გადაწყდა, რომ 16 ათასი ლარი დაიხარჯება დაზიანებული სპორტდარბაზის გარემონტებაზე, მეორე 16 ათასი ლარი კი გარე განათების მოწყობაზე.
ჩხარს თუ არ ჩავთვლით, სხვა სოფლის კრებებს დემოკრატიულობის და მოქალაქეობის ჩართულობის არაფერი ეტყობოდა. იფიქრებდით, რომ შეხვედრა მოვალეობის მოხდის მიზნით ჩატარდა. თუმცა, ხალხს რომ მათი ფულის განკარგვა დიდად არ ადარდებთ და კრიტიკული კითხვები არ უჩნდებათ, მთავრობის ბრალი არაა.
თერჯოლის მერიისგან გამოვითხოვეთ სოფლის კრებების ოქმები. კანონიერი ვადის გასვლის მიუხედავად წერილზე პასუხი არ გვაღირსეს. ვებგვერდზე 21-დან დან მხოლოდ 12 კრების ოქმი აქვთ ატვირთული. თერჯოლის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების სია კი უკვე დამტკიცებულია. თუ მერია საჯარო ინფორმაციას არ მოგვაწვდის, ვერ გავარკვევთ, ზუსტად იმას აკეთებენ, რაც ხალხს სურდა, თუ არა.
ვის და რატომ არ იხმობენ სოფლის კრებაზე?
დასახლებები მოვიარეთ და კარდაკარ ვიკითხეთ, რატომ არ იყვნენ სოფლის კრებაზე. აღმოჩნდა, რომ სოფლის მოსახლეობის ნაწილისთვის უცნობია, როდის და სად იმართება ეს შეხვედრები. ღვანკითელმა ზურიკო და იური ობოლაძეებმა გვითხრეს, ჩვენამდე ეგ ინფორმაცია არ მოდისო. ზურიკო იმასაც ფიქრობს, რომ კრებაზე თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო ვერ ხვდება.
“პირველად მესმის, სად ჩატარდა? მე რომ ახლა ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყო, თუ სოფელში კრებას ვატარებ, დამალული ხომ არ უნდა იყოს? თუ სუფთა ვარ, ნორმალური ვარ და ობიექტურად ვაკეთებ რამეს, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინც არ უნდა მოვიდეს? არაფერია დასამალი”- ამბობს ზურიკო ობოლაძე.
“არ გაგვიგია ამ კუთხიდან გასულიყო ვინმე და რაღაცა… უბანში ხო უნდა შემოვიდნენ და გვითხრან რო არის სოფლის კრება?”- ამბობს იური ობოლაძე.
უბანში კიდევ ორ ქალს გადავაწყდით, რომელთაც კრებაზე არაფერი სმენიათ. არადა, ღვანკითში თერჯოლის მერის წარმომადგენელმა ტარიელ კუბლაშვილმა გვითხრა, სულ უბან-უბან დავდივართ და ისე ვატყობინებთ ხალხს, როდის იქნება კრებაო. მისი თქმით, თან დააქვთ შესავსები ფორმებიც, სადაც ხალხი იდეებს და სურვილებს წერს.
ხალხის და მთავრობის აზრი ერთმანეთს აცდენილია. კიდევ ერთმა ღვანკითელმა გვითხრა, სოფლის ხელმძღვანელობა ტელეფონით გვაგებინებს კრების თაობაზე, ან ვინმეს პირით შემოგვითვლიან ხოლმეო. ამ ადგილობრივმა ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ფაქტია, მოსახლეობის ნაწილამდე ინფორმაცია ვერ აღწევს, ან ადგილობრივი მთავრობა შერჩევითობის პრინციპით პატიჟებს მას, ვინც სასურველი სტუმარი იქნება და კრიტიკულად ხმას არ დაძრავს. სხვაგვარად რთული ასახსნელია, რატომ იცოდა კრების ჩატარების შესახებ ქუჩის მხოლოდ ერთმა მოსახლემ, დანარჩენებმა კი არა.
საუბარში შევატყვეთ, ზოგიერთ მოსახლეს არ ჰქონდა გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ხმა კრებაზე, მაგრამ ხელისუფლებამ ასეთი ადამიანების გააქტიურებაზეც ხომ უნდა იზრუნოს?
სოფლის კრებების მიმართ პრეტენზიას გამოთქვამენ სოფელ რუფოთშიც. თერჯოლის მერიის მიერ ატვირთულ რუფოთის კრების ოქმში წერია, რომ სოფლის მოსახლეობას ფეხბურთის მინი-სტადიონის გაკეთება უნდა. მიზეზი ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციაა. ოქმში წერია, ბავშვები მეზობელ სოფლებში დადიან სათამაშოდო.
აქაურ ბესო კვანტიძესაც კი ჰგონია, რომ 30-მდე ადამიანი, რომელიც ამ შეხვედრებს ესწრება, პარტიულ აქტივს წარმოადგენს და სოფლის ბედს არ უნდა წყვეტდნენ.
“დარწმუნებული ხართ, რომ რუფითის მოსახლეობის დიდი ნაწილი სტადიონის გაკეთებას აირჩევდა, რომ მოგეწვიათ? მაშინ, როცა სოფლის საუბნო გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, წყალგაყვანილობის დროს დაზიანებების გამო? პარტიული აქტივის სოფლის ძირითადი მოსახლეობის სახელით საუბარი არამგონია მართლზომიერი იყოს,”- წერდა ბესო კვანტიძე თერჯოლის მერიის ფეისბუქ გვერდზე. თერჯოლის მერიამ იქვე უპასუხა – ინფორმაცია მაქსიმალურად გავავრცელეთ, შეგეძლოთ თქვენი აზრი შეხვედრაზე დაგეფიქსირებინათო.
კრებების შესახებ ინფორმაციას ტელეფონით აწვდიან სოფელ ტელეფასა და ჩხარის მოსახლეობას. თუმცა, მაინც შეგვხვდა ისეთი ხალხი, ვინც კრებაზე არასოდეს მიუწვევიათ. როგორც შევატყვეთ, ზოგადად კრებების მიმართაც სკეპტიკური განწყობა აქვთ, არ სჯერათ, რომ ამ მცირე თანხებით რეალური პრობლემები მოუგვარდებათ. მაგალითად, ტელეფაში, სკვერებს ტრაქტორის შეძენა ურჩევნიათ, რომ მიწა დაამუშაონ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კი ამგვარ შენაძენს არ ითვალისწინებს.
“[კრებაზე] მაცხოვრებელთა აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული და ხდება მაგ? თუ გაგვაგებინებენ წინასწარ და აზრის დაფიქსირებას გვთხოვენ, რა თქმა უნდა, გამოვთქვამთ. საქმე ის არის, რომ თუ არ ემთხვევა შენი აზრი იმ [მთავრობის] აზრს, მაშინ არა ხარ პიროვნება, რომელიც იქ უნდა მოხვდეს და ალბათ მაგიტომ არ მეძახიან მე,”- გვითხრა სოფელ ტელეფას მკვიდრმა, რომელმაც სახელი და გვარი არ გაგვიმხილა. გვიამბო იმ ერთადერთი კრების შესახებ, რომელსაც ორი წლის წინ დაესწრო. მაშინ მერიას ურჩია, ჭა სხვა ადგილას გაჭერით, მანდ წყალი არ ამოვაო, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ამის შემდეგ მისთვის კრებაზე აღარასოდეს დაუძახნიათ. ჭაში კი წყალი მართლაც არ ამოვიდა.
ჩხარშიც ფიქრობენ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა სოფლის რეალურ საჭიროებებს ვერ გაწვდება.
“რა არის სოფლის მეურნეობა? – 16 ათასი ლარი. რა უნდა გააკეთო? ეს ხომ სასაცილოა. მაგალითად, გზა არის 100-მეტრიანი, დააგებენ 20 მეტრს და მორჩა. მოვა მეორე წელიწადი, დააგებენ კიდე 20-მეტრიან გზას. თანხა თუ არ გამოყვეს, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ეს არის თამაში, ამიტომაც არ დავდივარ, არ ვიშლი ნერვებს,”- გვითხრა მამაკაცმა ჩხარის მაღაზიაში. მანაც არჩია, ანონიმურად დარჩენილიყო.
ალბათ, ამ სტატიის კითხვისას გაიფიქრეთ, რა ქნას მთავრობამ, ყველას აზრს ხომ ვერ გაითვალისწინებსო. თუმცა, თუ ეს პროგრამა დემოკრატიის გასაძლიერებლად შეიქმნა, მოსახლეობის უმრავლესობას უნდა უსმენდნენ და შეხვედრებზეც ეპატიჟებოდნენ, მიუხედავად მათი პოლიტიკური განწყობებისა.
სოფლის კრებებმა თერჯოლაში დემოკრატია ააყვავაო, ჯერჯერობით, ვერ ვიტყვით. არადა, ფურცელზე კი კოხტად უწერიათ – პროგრამის მიზანი მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებააო.
მასალაში გამოყენებული წყაროების სანახავად მიჰყევით ბმულს