fbpx
videosports.ge

ცრუ სპორტული საიტები – ნაწილი II

ჩვენ ერთხელ უკვე გიამბეთ სპორტული მედიის საფარქვეშ არსებულ ვებგვერდებზე, რომელიც სპორტული სიახლეების ნაცვლად ხშირად დეზინფორმაციულ ან პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებს. 

პირველ სტატიაში NTV-ის ქსელის შესახებ გიამბეთ. ახლა კი მოგიყვებით footbal-ის ქსელზე, რომელიც მოსკოვის 185.179.191.124 IP მისამართს იყენებს. 

footbal.ge 2020 წლის 10 მაისს ტატო ადეიშვილმა დაარეგისტრირა. ადეიშვილი 29 წლისაა. მის სახელზე არ ფიქსირდება არც უძრავი ქონება, არც კომპანია და არც ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი. ადეიშვილს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ საიტები კი შექმნა, მაგრამ თავად არ მართავს. 

საიტების მფლობელად ადეიშვილმა ვინმე ირაკლი დაასახელა და მისი ტელეფონის ნომერიც მოგვცა. ირაკლიმ დაგვიდასტურა, რომ ეს ქსელი მას ეკუთვნის, თუმცა არ გვითხრა მისი გვარი. შემდეგ აგვიხსნა, რომ ეს საიტები ერთმანეთის ქვედომეინებია და ის დეზინფორმაციას არ ეწევა. ერთი-ორ გაპარულ თუ მნახველების მოსაზიდად გამოქვეყნებულ ყალბ ამბავს კი ამდენი ყურადღება არ უნდა დაუთმოთო. 

“ინფორმაციას მე არ ვდებ, მას ტვირთავენ, პირობითად, ჟურნალიტები, რომლებიც მყავს და არ ვიცი, მოწმდება თუ არა ასე დეტალურად. გაკონტროლდება აწი შესაბამისად. მე არ ვწერ ამ სტატიებს. ჩემს საიტზე გადაუმოწმებელი ინფორმაცია შეიძლება შეგხვდეთ ერთი-ორი, თან ისეთი, რომელიც, შეიძლება, ტელევიზიამაც გააშუქა და არის ფეიკნიუსი და ასეთი მოხდა მხოლოდ ტრაფიკის გულისთვის,” – გვეუბნება ირაკლი. 

footbal.ge-ის გარდა, იმავე IP-ზე ასეთი კიდევ 7 ქვედომეინია რეგისტრირებული: 

  1. footbal.com.ge
  2. footbal3.com.ge
  3. footbal4.com.ge
  4. footballs.com.ge
  5. footballs2.com.ge
  6. footbals.com.ge
  7. footbals1.com.ge

ეს საიტები ვიზუალითაც და კონტექსტითაც ანალოგიურია. ყველა მათგანი 2020 წლის მაისიდან ივლისის შუალედში დარეგისტრირდა. პირველად ასპარეზზე footbal.ge გამოჩნდა.

sport 2

ირაკლის, footbals-ის ქსელის მფლობელს ვკითხეთ, რატომ აქვს მის საიტებს სპორტული მედიის სახელწოდება. 

“ეს საიტი იმიტომ გავაკეთე, რომ რეკლამები ჩამესვა “აჭარაბეთის,” “ევროპაბეთის.” ქლიქ-ბაიტ საიტია ყველა. ქართული რეკლამებიც მქონდა, “ბეთლაივი” მგონი. ამდენი ქვედომეინი კი იმიტომ დამჭირდა, რომ Facebook ერთი საიტიდან გაზიარებულებს ნახვებს უკარგავს. ამიტომ არის საჭირო ქვედომეინი, რომ მეტ ადამიანამდე მიაღწიოს მასალამ,” – გვიხსნის ირაკლი. 

“ქლიქ-ბაიტ” სისტემა გულისხმობს საიტზე სხვადასხვა კომპანიის რეკლამების განთავსებისას მიღებულ შემოსავალს. ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი რეკლამაზე გადადის, საიტის მფლობელი/მმართველი ამაში თანხას იღებს რეკლამის დამკვეთი კომპანიისგან.  

სწორედ ამიტომ, გვერდის ვიზიტორების რაოდენობის ზრდაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის გვერდებისთვის. ამისთვის ისინი უმეტესად იყენებენ მყვირალა, სკანდალურ სათაურებს და ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომელიც ბევრ ადამიანს მიიზიდავს. ხშირად პროპაგანდისტული მასალის გავრცელების გრძელ ჯაჭვშიც ებმებიან და სხვა საიტების წყაროდაც მოგვევლინებიან ხოლმე. მათ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციულ კონტენტს შორისაა შემდეგი ამბები: კორონა ვირუსის უებარ წამალზე; თბილისში 34 წლის მეძავის მოკვლის ამბავი; ახალ მკვლელ მწერზე, რომელიც შეხებისას კლავს; “საქინფორმის” მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის მოწოდება, “თუ სიკვდილი არ გინდათ, არ გაიკეთოთ სწრაფი ტესტი და არ დათანხმდეთ საავადმყოფოში გადაყვანას; მთავრობის საჩუქარი ბავშვებს – ყველა ბავშვი მიიღებს 50-ლარიან დახმარებას; გაზეთ “ალიას” პროპაგანდისტული მასალა კორონავირუსის შესახებ; ნინუცა მაყაშვილზე “ალიას” სტატია, შეცვლილი სათაურით, სადაც სათაურშივე ნინუცას ღალატზეა საუბარი, ტექსტში კი სრულიად განსხვავებულადაა მოცემული ამბავი; ამერიკის 15 ყველაზე გარყვნილი ქალი მასწავლებელი, რომლებიც მოსწავლესთან სექსუალურ ურთიერთობაში ამხილეს. 

ფეისბუქის ჯგუფებში გავრცელებული მასალის ქვემოთ ხშირად გვხვდება კომენტარები ძალადობის წახალისების შესახებ. ადმინისტრაცია ასეთ კომენტარებს არ შლის. 

sport 4

ამ გვერდებზე ბიძინა ივანიშვილის გულისამაჩუყებელ ისტორიებსა და ვიდეობსაც შეხვდებით. “ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე” – რას ამბობს გია ხუხაშვილი ივანიშვილზე და რას იხსენებს მასთან პირველი შეხვედრიდან”; “სულ სხვანაირი ბიძინა ივანიშვილი”;  გიორგი გახარიას გულისამაჩუყებელი ისტორია – თუ როგორ ატირდა უცხოეთიდან დაბრუნებული გოგონას ისტორიის მოსმენის შემდეგ და ა.შ.

ამ საიტებიდან მასალები ორგანიზებულად 5 ჯგუფში ვრცელდება: როგორც ირაკლიმ გვითხრა, ჯგუფები ნაქირავებია და მასში ყოველთვიურად იხდის თანხას. ამ ჯგუფებს, საერთო ჯამში,  მილიონზე მეტი წევრი ჰყავს. 

  1. საქართველოს გულში (322,100 წევრი); 
  2. ექსკლუზივი (169,700 წევრი);
  3. პოზიტივი (253,100 წევრი);
  4. ქართული ჯგუფი / Georgian Group (233,900 წევრი);
  5. ცხოვრება მშვენიერია <3 (179,100 წევრი). 

სხვა “ქლიქ-ბაიტ” სისტემის საიტების მსგავსად, მასალებს ამ ჯგუფებშიც ყალბი ანგარიშები ავრცელებენ. რამდენიმე თვეში ერთხელ ეს ანგარიშები იცვლება. ბოლო თვეებში შეიცვალა მასალების გავრცელების სტრატეგიაც. მაგალითად, თუ ადრე პირდაპირ ზიარდებოდა საიტის ბმული, ახლა აზიარებენ მხოლოდ ფოტოს, პოსტის ტექსტში კი სვამენ სპეციალური პროგრამით შეცვლილ ბმულს. ესეც, სავარაუდოდ, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის დასაფარად შექმნილი სტრატეგიაა, რომ Facebook-ის ადმინისტრაციამ არ დაბლოკოს მათი გვერდები ყალბი ამბების გავრცელების გამო. 

ირაკლის ჯგუფში ყალბი ანგარიშებით მასალების გავრცელებაზე და ახალ სტრატეგიაზეც ვკითხეთ:

“თქვენ გაინტერესებთ, ამ მასალებს ვინც ავრცელებს, ყალბი ანგარიშები რატომ არის? აბა, ნამდვილი ანგარიშით ვინ გააზიარებს? პროფილები ხშირ შემთხვევაში იბლოკება. bitlly.com-ს კი იმიტომ ვიყენებთ ჯგუფებში გაზიარებული მასალებისთვის, რომ ლამაზად იყოს და არ იყოს გრძლად ორიგინალი ლინკით. ორიგინალი ლინკით გამოზიარებულს ეკარგება რიჩი. რა არის კოორდინირებული ქცევა, თქენგან მესმის ახლა.” 

მას შემდეგ, რაც ჩვენ ტატო ადეიშვილსა და ირაკლის დავუკავშირდით, მათ გათიშეს 7 ქვედომეინი და ახლა იქ აღარაფერი იძებნება. მხოლოდ www.footbal.ge არის მოქმედი. 

შეგახსენებთ, რომ ყალბი ინფორმაციის კოორდინირებულად გავრცელების გამო გასულ წლებში ფეისბუქმა საქართველოში 1,000-ზე მეტი ანგარიში და 50-მდე ჯგუფი დაბლოკა. მათ შორის იყო კოკა ყანდიაშვილის მიერ შექმნილი “Sპერსონა” და სარეკლამო სააგენტო “პანდას” გვერდები. ორივე მათგანი პროსამთავრობო პროპაგანდას ეწეოდა და ასიათასობით ლარს ხარჯავდა ფეისბუქის რეკლამაში. მათი მიზანი მოსახლეობის გონებაზე გავლენა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა იყო.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
გოჩა ენუქიძის ნავთობ-ინდუსტრია
enukidze

გოჩა ენუქიძის ნავთობ-ინდუსტრია

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share