fbpx
AzerbaijanTopBanner 1024x683 1

აზერბაიჯანელი გავლენიანი პირის ვასიფ თალიბოვის შვილებმა ფულის გათეთრებით მილიონები იშოვეს

აჭარაში რომ ბევრი აზერბაიჯანული ინვესტიციაა, ახალი არავისთვისაა. თუმცა, უცნობია, კანონიერად იშოვეს თუ არა ფული ამ გავლენიანმა პირებმა.  

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “დივანი სვითს ბათუმი” აზერბაიჯანელმა საჯარო მოხელემ Რზა თალიბოვმა 2014 წელს ააშენა. ის და მისი ოჯახი ფულის გათეთრებაში არიან შემჩნეული. თალიბოვების არალეგალური საქმიანობა „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის პროექტმა“ (OCCRP) გამოააშკარავა. გთავაზობთ ამ საგამოძიებო სტატიას ქართულ ენაზე. კვლევაში “აი, ფაქტიც” მონაწილეობდა.

Რზა და სეიმურ თალიბოვებმა საერთაშორისო ბანკ Credit Suisse-ის და Barclays-ის ანგარიშებზე საეჭვო ტრანზაქციებით 20 მილიონი აშშ დოლარი იშოვეს. Სწორედ მაშინ, როცა ნახიჩევანის ა/რ-ში მათი მამის დიქტატორული რეჟიმი ბატონობდა. 

Მთავარი მიგნებები: 

  • Ძმებ თალიბოვების საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხა ჩაირიცხა ე.წ ჭურვი კომპანიებისგან, რომლებიც “აზერბაიჯანის” და “ტროიკა ლონდრომეტის” სქემაში იყვნენ ჩართულნი. Მათი საქმიანობა  „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის პროექტმა“ (OCCRP) გამოააშკარავა. 
  • ფინანსური დანაშაულის ექსპერტები ამბობენ, რომ ტრანზაქციებში შესაძლო ფულის გათეთრების ნიშნები მრავლად იყო და ბანკს ეს უნდა შეემჩნია. 
  • Მომდევნო წლებში ძმებმა დუბაიში და საქართველოში 63 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეიძინეს. 

2007 წლის ბოლოს, წინასაახალწლოდ, ძმებმა მიიღეს თანხა, რომელიც ჯიბის ფული სულაც არ იყო. 

19 წლის სეიმურს 27 დეკემბერს პირად ანგარიშზე 40 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა. იმავე დღეს, მისმა 25 წლის ძმამ, რზა თალიბოვმა 95 ათასი დოლარი მიიღო. 

ორივე გადარიცხვის დანიშნულებად “ტექსტილი” იყო მითითებული, თუმცა უცნაური ისაა, რომ ძმებს ორგანიზაციის ანგარიში არ ჰქონდათ და ტექსტილის ბიზნესთანაც არ აქვთ რამე კავშირი. 

იმავე თვეში სეიმურ და რზა თალიბოვებმა კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მიიღეს, თან უფრო მსხვილი ბანკებიდან. Მაგალითად, ერთჯერადად ჩაერიცხათ 500 ათას აშშ დოლარზე მეტი თანხა. ამ შემთხვევაში დანიშნულება იყო – “მეტალი”, “მეტალის ნაწილები” და “ელექტრო მოწყობილობები”. 2012 წლის ბოლოს მათ ჯამში 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჰქონდათ მიღებული. 

Ნათელია, რომ ეს ჩვეულებრივი ტრანზაქციები არ იყო, მაგრამ არც ეს ძმები იყვნენ ჩვეულებრივები. 

Seymur Rza Nakhchivan
რზა და სეიმურ თალიბოვები ნახიჩევანში.
ფოტო: სეიმურ თალიბოვის ინსტაგრამი

სეიმურ და რზა თალიბოვები აზერბაიჯანის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ვაჟები არიან. მათი მამა, ვასიფ თალიბოვი მართავს ნახიჩევანის ა/რ-ს, რომელიც ირანს, თურქეთსა და სომხეთს შორის მდებარეობს. 

თალიბოვი ნახიჩევანს 26 წელზე მეტია “რკინის ხელით” მართავს. Მისი რეჟიმის დროს დაკავებულებს სცემდნენ და სასტიკად აწამებდნენ, დისიდენტები კი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებით გადაჰყავდათ. 

Მან ძალაუფლება დამოუკიდებელი მედიის გასაჩუმებლადაც გამოიყენა. ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც მის რეჟიმს აკრიტიკებდნენ, ძლიერი ზეწოლის ქვეშ იყვნენ, აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ კიდეც. 

OCCRP-მ გააანალიზა გაჟონილი საბანკო მონაცემები და ქონების ჩანაწერები. ამის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თალიბოვების ოჯახი საეჭვო წყაროებით გამდიდრდა მაშინ, როცა ნახიჩევანის მოსახლეობა მძიმე ყოფაში იყო.

გაჟონილი საბანკო ჩანაწერები აჩვენებს, რომ თალიბოვის ვაჟებმა მილიონობით აშშ დოლარი მიიღეს “ჭურვი კომპანიებისგან”, რომლებიც ასოცირებული არიან “აზერბაიჯანის ლონდრომეტსა” და “ტროიკა ლონდრომეტთან”.  ფულის გათეთრების ეს სქემები OCCRP-მ 2017 და 2019 წლებში გამოააშკარავა. ამ გამოძიებებმა აჩვენა, რომ ერთ-ერთი ასეთი სისტემით აზერბაიჯანის ელიტები სარგებლობდნენ, მათ შორის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბიძაშვილი. ამ ელიტარულ სიას ახლა თალიბოვების გავლენიანი ოჯახიც დაემატა. Პრეზიდენტ ალიევთან ნათესაური კავშირი მათაც აქვთ. 

ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მონაცემებით არ ჩანს, როგორ გამოიყენეს თალიბოვებმა ეს თანხა, თუმცა ხარჯვა ჩარიცხვიდან მალევე დაიწყეს. 

2008 წელს უფროსმა ძმამ, რზა თალიბოვმა, მისმა დედამ, ბიძაშვილმა და რამდენიმე ბიზნესმენმა ბანკი დააარსეს. 

ოთხი წლის შემდეგ, როდესაც “ლონდრომეტის” ტრანზაქციებმა პიკს მიაღწია, რზა თალიბოვმა საქართველოს საკურორტო ქალაქ ბათუმში იყიდა ერთმანეთის მეზობლად მდებარე ორი შენობა, სადაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა. “ლონდრომეტიდან” თანხას რზას და სეიმურის და – ბაჰარხანიმ თალიბოვაც იღებდა. Მოგვიანებით, Სამივემ ერთად შეიძინა ათეულობით უძრავი ქონება დუბაიში, მათ შორის მდიდრული ვილა, 12-სართულიანი “აპარტ ჰოტელი” და რამდენიმე კერძო აპარტამენტი. ჯამში მათი უძრავი ქონების ღირებულება 63 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. 

ეს მაშინ, როცა ვასიფ თალიბოვის ოფიციალური წლიური ხელფასი 26 ათას აშშ დოლარს არ აღემატება. მისი ვაჟები კი დაბალანაზღაურებად სამთავრობო პოზიციებზე არიან. (რზა მიგრაციის სამსახურის ოფიცრად მუშაობს, სეიმური კი ნახიჩევანის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წევრია). 

პოლიტიკური სტატუსის გამო, თალიბოვების ოჯახის ფინანსური გადარიცხვები მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. Მათი Საბანკო ანგარიშები, რომელზეც მილიონები ჩაერიცხათ, სხვადასხვა ქვეყნის მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს ეკუთვნოდა. Მაგალითად, ასეთია ‘Emirates NBD’, ‘Barclays; და ‘Credit Suisse.’ თუმცა, უცნობია, მიიჩნიეს თუ არა ამ ბანკებმა თალიბოვების რომელიმე ტრანზაქცია საეჭვოდ. 

ფინანსური დანაშაულის დამოუკიდებელი ექსპერტი გრეჰემ ბაროუ, რომელმაც ტრანზაქციები შეისწავლა, ამბობს, რომ ბანკებს ძმების ანგარიშები სარისკოდ უნდა მიეჩნიათ, რადგან გადარიცხვების წარმომავლობა საეჭვო იყო. თან, თალიბოვები პოლიტიკურად აქტიური პირები (PEP) არიან და ბანკში სპეციალური საბანკო სტატუსი აქვთ, რაც განსაკუთრებულ კონტროლს მოითხოვს. 

(PEP) – პოლიტიკურად აქტიური პირი არის ადამიანი, რომელიც ამჟამად იკავებს პოლიტიკურ თანამდებობას, საჯარო პირია ან ახლო ნათესაური კავშირი აქვს პოლიტიკოსთან. Ბანკებს მოეთხოვებათ, რომ ასეთი პირები მკაცრად შეამოწმონ. 

“[ბანკებმა] უნდა ნახონ, გარეულია თუ არა მათი მომხმარებელი კრიმინალში ან რამე საეჭვო მოქმედებაში. ამას გაძლიერებულ მონიტორინგს ეძახიან.”

OCCRP და Süddeutsche Zeitung-ი დაუკავშირდა Credit Suisse-ს, Vontobel-ს და Emirates NBD-ს. Მათ არ მოგვაწოდეს ინფორმაცია თალიბოვების ოჯახის ანგარიშებზე განხორციელებული საეჭვო ტრანზაქციების შესახებ. გვითხრეს, რომ ინდივიდუალური მომხმარებლების საბანკო მონაცემებზე კომენტარს ვერ გააკეთებდნენ. Რაც შეეხება საეჭვო  ტრანზაქციებში ამ კომერციული ბანკების როლს, მათ ყველა ბრალდება უარყვეს და თქვეს, რომ კანონი არ დაურღვევიათ. 

Barclays-ის ბანკმა და თალიბოვების ოჯახის წევრებმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. 

“თავდაყირა სამყარო”

ვასიფ თალიბოვი ნახიჩევანის ა/რ-ს იმდენ ხანს მართავდა, რომ მის გარეშე იქაურობა წარმოუდგენელია. თუმცა, კარიერის დასაწყისი განსხვავებული ჰქონდა. Საბჭოთა პერიოდის ბოლო წლებში ის ტანსაცმელების სამკერვალო ქარხანაში განყოფილების გამგედ მუშაობდა. 

თალიბოვი რომ გავლენიანი ფიგურა გახდა იმის დამსახურებაა, რომ ცოლად სევილ სულთანოვა შეირთო. ის საბჭოთა მაღალჩინოსნის, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის დის შვილის შვილია.

Vasif Heydar
ვასიფ თალიბოვი და ჰეიდარ ალიევი. ფოტო: რზა თალიბოვის ტვიტერი

1990 წელს, როცა ქვეყანა კოლაფსს მიუახლოვდა, ჰეიდარ ალიევი მოსკოვიდან მშობლიურ რეგიონში, ნახიჩევანში დაბრუნდა. იმის გამო, რომ დასარჩენი სხვაგან არსად ჰქონდა, დროებით თალიბოვთან ერთად, მის ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა. 

თალიბოვმა ალიევის კეთილგაწნყობა დაიმსახურა. Ნახიჩევანის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, ალიევმა ის მთავარ მრჩევლად დანიშნა. ამ დროს ვასიფ თალიბოვი მხოლოდ 30 წლის იყო. 

“Როდესაც თალიბოვი ამ პოზიციაზე ავირჩიე, კარგად ვიცნობდი. ის ძალიან ახალგაზრდა იყო. Შინაგანად ვფიქრობდი, რომ მისი ასაკის გამო გაუჭირდებოდა. მაგრამ მან დაამტკიცა, რომ ადამიანს, რომელიც სამშობლოს, ერის და ხალხის ერთგულია, შეუძლია აკეთოს დიადი საქმეები და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს,”- ამბობდა ჰეიდარ ალიევი. 

1993 წელს ალიევი ახლად დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი გახდა. Მისი გვერდში დგომით კი თალიბოვის ცხოვრება კიდევ უფრო ბრწყინვალე გახდა. 1995 წელს ის ნახიჩევანის ა/რ-ის და აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი იყო, შემდეგ კი ნახიჩევანის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 

ამ თანამდებობაზე მას 5 წლის ვადით ზედიზედ ირჩევდნენ, რამაც თალიბოვი აბსოლუტური მმართველი გახადა. Მას შეუძლია დანიშნოს მინისტრები, მიაღებინოს კანონები მასზე დამოკიდებულ საბჭოს, აკონტროლოს მართლმსაჯულების სისტემა და მართოს უსაფრთხოების სამსახურები.

Vasif Heydar Ilham
ვასიფ თალიბოვი ჰეიდარ და ილჰამ ალიევებთან ერთად.
წყარო: რზა თალიბოვის ინსტაგრამი

ის ავტონომიურ რესპუბლიკას დაახლოებით სამი ათწლეულია მართავს და ამით მის თავდაპირველ მფარველს, ჰეიდარ ალიევსაც ჯობნის. ახლა ასეთივე ახლო ურთიერთობა აქვს უმცროს ალიევთან, რომელმაც საპრეზიდენტო პოსტი მამის შემდეგ დაიკავა. 

Ნახიჩევანის მედია თალიბოვის რეჟიმს ადიდებს. “დღეს მისი დღეა“ – წერდა ადგილობრივი სააგენტო „ნუჰჩიხანი“ თალიბოვის 60 წლის იუბილეზე და მას დიდ პატრიოტს, მამაც და უაღრესად თავმდაბალ ადამიანს უწოდებდა. 

Საერთაშორისო მედიაში სხვაგვარი სათაურებია, რომელიც მის “დრაკონულ პოლიტიკას” უსვამს ხაზს. Მაგალითად, ის, რომ თალიბოვი ადგილობრივებს მოუწოდებს, წაიკითხონ ჰემინგუეი, მიუთითებს, არ გაფინონ სარეცხი აივნებზე, ან ის რომ საჯარო მოსამსახურეებს ფერადი კოლგოტების ჩაცმას უკრძალავს. უცხოურმა მედიამ გააშუქა ისიც, როგორ ერჩის თალიბოვის რეჟიმი ჟურნალისტებს და დისიდენტებს

თალიბოვის “დამსახურებით”, ნახიჩევანმა ბევრი მეტსახელი შეიძინა. ოპოზიციონერი აქტივისტები აქაურობას “აზერბაიჯანის ჩრდილოეთ კორეას” უწოდებენ, ხოლო ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა ავტონომიური რესპუბლიკა აღწერა, როგორც “აზერბაიჯანის ბნელი კუნძული”. 

აქაურობის მონახულებისას, ამერიკელმა დიპლომატმა ვაშინგტონში თავის ზემდგომებს მისწერა, რომ რეგიონი თალიბოვის “ფეოდალური მამული” იყო. 

“ნახიჩევანი თავდაყირა სამყაროა,”- წერს დიპლომატი.

თალიბოვის მარწუხები

Ნახიჩევანში თალიბოვები მხოლოდ პოლიტიკურად არ ბატონობენ. აქ ყველამ კარგად იცის, რომ ეს ოჯახი ადგილობრივ ეკონომიკასაც აკონტროლებს. ექსპერტები აღწერენ, რომ ისინი ხელს უშლიან იმპორტს, კონკურენტებს ბიზნესიდან აძევებენ და ადგილობრივებს მათი პროდუქციის წარმოებისთვის იყენებენ. 

NakhchivanCity
ნახიჩევანის ა/რ-ის დედაქალაქი ნახიჩევანი. ფოტო: Ilya Buyanovsky

ერთ-ერთი Ნახიჩევანელის თქმით, აქ ბრენდ Gamigaya-ს პროდუქტები იყიდება. ვარაუდოებენ, რომ ეს კომპანიათა ჯგუფი თალიბოვების ოჯახს ეკუთვნის. Gamigaya ჰოლდინგმა ნახიჩევანში ააშენა და განაახლა ათობით საზოგადოებრივი დაწესებულება. Მათ შორის სამინისტროების შენობები, საავადმყოფოები, უნივერსიტეტები და მეჩეთები.

არსებობს Რამდენიმე მტკიცებულება, რომ შესაძლოა ეს ჯგუფი და Cahan Holding-ი თალიბოვების ოჯახს ეკუთვნოდეს. ეს ჰოლდინგი ნახიჩევანში თითქმის ყველა სფეროში საქმიანობს. 2014 წელს რზა თალიბოვმა თავის ფეისბუქ გვერდზე პოსტშიც ახსენა, რომ Gamigaya-ს მმართველი იყო. თუმცა, კომპანიის რეალური საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელმისაწვდომი არ არის. 

Gamigaya-ს და Cahan-ს თალიბოვების ოჯახთან დაკავშირებული ორი ბიზნესმენი, ვუგარ აბასოვი და ემინ უჩარი მართავს.

2008 წელს აბასოვმა და უჩარმა რზა თალიბოვთან, მის დედასთან და ბიძაშვილთან ერთად დააარსეს ნახიჩევანბანკი. Ბანკის მეწილეების შესახებ ინფორმაცია დაფარულია. Მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ბაჰარხანიმ თალიბოვა სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრია. 

Მილიონები ლონდრომეტიდან 

ღია დოკუმენტების სიმწირის მიუხედავად, შვეიცარიის ბანკიდან გაჟონილმა საბანკო ინფორმაციამ ჟურნალისტებს საშუალება მისცა, თალიბოვების ოჯახის სიმდიდრე აღეწერათ. თალიბოვებს ყველაზე მეტი თანხა Credit Suisse-ის ანგარიშზე 2011 წლის მარტში ჰქონდათ. Სეიმურ თალიბოვს –  7.3 მილიონი აშშ დოლარი, მის ძმას, რზა თალიბოვს კი 9.3 მილიონი აშშ დოლარი. 

შვეიცარიის მსხვილი ბანკიდან, Credit Suisse-დან გაჟონილი მონაცემების შემდეგ დაიწყო კოლაბორაციული ჟურნალისტური პროექტი – “Suisse Secret”-ი, Რომლის დროსაც ეს დოკუმენტები დაამუშავეს. 

ანონიმურმა წყარომ ეს მონაცემები გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-ს მიაწოდა, რომელმაც ის OCCRP-ს და სხვადასხვა ქვეყნის 46 მედიაპარტნიორს გაუზიარა.

რეპორტიორებმა ხუთი კონტინენტიდან გააანალიზეს ათასობით საბანკო ჩანაწერი, აიღეს ინტერვიუები “ინსაიდერებთან”, მარეგულირებლებთან, პროკურორებთან და შეისწავლეს სასამართლო საქმეების ჩანაწერები, მათი დასკვნების დასადასტურებლად. ჯამში გაჟონილია მონაცემები 18 ათასზე მეტი საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლებიც 1940 წლიდან ბოლო ათწლეულამდე გაიხსნა. ამ ანგარიშებზე ჯამში 100 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა ინახებოდა. 

“მე მჯერა, რომ შვეიცარიის საბანკო საიდუმლოების კანონები ამორალურია, ფინანსური საიდუმლოების დაცვის დათქმა არის მხოლოდ ლეღვის ფოთოლი, რომელიც ფარავს შვეიცარიული ბანკის სამარცხვინო როლს, ხელი შეუწყოს გადასახადებისგან თავის არიდებას. ეს სიტუაცია ახალისებს კორუფციას და განვითარებად ქვეყნებს უკარგავს შესაძლებლობას, მიიღონ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საგადასახადო შემოსავლები,”- ნათქვამია მონაცემთა წყაროს განცხადებაში.

ეს ციფრები აჩვენებს ბალანსს დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში და შეუძლებელია დადგენა, რა რაოდენობის თანხა შედიოდა ანგარიშებზე წლების განმავლობაში. თუმცა, OCCRP-ის აქვს Ძმებ თალიბოვების ანგარიშის ნომრები, რომლებიც წარსულში გაჟონილი საბანკო მონაცემებიდან მოიპოვეს. ეს დოკუმენტები აჩვენებს, რომ 2007-დან 2012 წლის ჩათვლით რზა და სეიმურ თალიბოვების ანგარიშებზე, რომელიც Credit Suisse-ში და რამდენიმე სხვა ბანკში ჰქონდათ, ასობით ტრანზაქცია განხორციელდა და ჯამში, ორი ე.წ ჭურვი კომპანიისგან 20.5 მილიონი აშშ დოლარი ჩაერიცხათ. ეს კომპანიებია – “მუროვა სისთემს” და “ქონთინუს ქორფორეიშენი”.

“Credit Suisse”-ის საიდუმლო დოკუმენტებით მტკიცდება თალიბოვების ოჯახის კავშირი “Cahan Holding”-თან. Რზა და სეიმურ თალიბოვების პირად ანგარიშებზე მინდობილობა და შესაბამისად, წვდომა ჰქონდა “Cahan Holding”-ის ორ თანამშრომელს. 

Ბოსნიის პროკურორებმა ორივე კომპანია ფულის გათეთრების სისტემად მიიჩნიეს. Მათ ეს “ადამიანებით ვაჭრობის გამოძიების” ფარგლებში დაადგინეს. 

ეს ორი “ჭურვი კომპანიაა”, რომლებსაც რამე არსებითი ბიზნესი არასდროს ჰქონიათ. ისინი ასოცირებული არიან “აზერბაიჯანის ლონდრომეტსა” და “ტროიკა ლონდრომეტთან”.  ფულის გათეთრების ეს სქემები OCCRP-მ 2017 და 2019 წლებში გამოააშკარავა.

“ეს წარმოუდგენლად უჩვეულოა, აშკარა უნდა ყოფილიყო ფულის წარმომავლობა, რადგან ე.წ ჭურვ კომპანიებს ბიზნესსაქმიანობა არ ჰქონდათ რეგისტრირებული. Მეორე პრობლემაა, რომ ყოველი ტრანზაქცია დამრგვალებული რიცხვებით ხდებოდა. Ბიზნესი ასე არ იმართება, ბანკები ამას უნდა დაკვირვებოდნენ და სარისკო გადარიცხვად ჩაეთვალათ. Საეჭვოა ისიც, რომ ერთი კომპანია ერთდროულად ბევრ სხვადასხვა ბიზნესშია. ტექსტილი და ელექტრონიკა ერთი და იმავე კომპანიის ანგარიშიდან ირიცხებოდა. Რომელი კომპანია აკეთებს ამას? კომერციულად ამას აზრი არ აქვს,”- თქვა ფინანსური დანაშაულების ექსპერტმა გრეჰემ ბაროუმ, რომელმაც ტრანზაქციები შეისწავლა. 

ფულის გათეთრების შიდა წრე

Რზას და სეიმურის გარდა “გათეთრებული ფული” მიიღო თალიბოვების ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა, მათმა დამ – ბაჰარხანიმ თალიბოვმა. 2012 წელს მას “მუროვა სისთემსისგან” და სხვა ოფშორული “ჭურვი კომპანიებისგან” 900 ათასი აშშ დოლარი ჩაერიცხა. 

“Მუროვა სისთემსისგან” 77 ათასი აშშ დოლარი მიიღო ვასიფ თალიბოვის ძმისშვილმა, ელნურ თალიბოვმაც. თანხა Credit Suisse-ის ანგარიშზე ჩაერიცხა. გათეთრებული ფულით დაიფარა მისი სწავლის საფასურიც ჟენევის კოლეჯ “დუ ლე მანში”. თალიბოვების ბიზნესპარტნიორმა ვუგარ აბასოვმა კი “მუროვა სისთემსისგან” და “ქონთინუს ქორფორეიშენისგან” 5.8 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. 

Ბათუმის შეცნობა 

2012 წლის იანვარში ვასიფ თალიბოვი სამდღიანი ვიზიტით ეწვია ზღვისპირა ქალაქ ბათუმს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მისი მიზანი იყო “რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაცნობა.”

ოფიციალურ ვიზიტზე მას უფროსი ვაჟიც ახლდა. სტუმრობიდან მალევე მან ბათუმში ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტა და სანაპიროსთან ახლოს ისტორიული შენობა 1.5 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. 

Twitter Building
რზა თალიბოვის სასტუმრო “დივანი სვითს ბათუმი”.
წყარო: სასტუმროს ფეისბუქ გვერდი

Რამდენიმე თვის შემდეგ აჭარის ა/რ-ის მთავრობის წარმომადგენლები ნახიჩევანს ეწვივნენ და ორ რეგიონს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. 

ამის შემდეგ რზა თალიბოვმა აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან სპეციალური შეთანხმება დადო და ნახევარ მილიონ აშშ დოლარად შეფასებული მე-19 საუკუნის შენობა სიმბოლურ ფასად – 1 ლარად შეიძინა. 1.2 მილიონ აშშ დოლარად კი ამ შენობაში მცხოვრები ადამიანების კერძო ბინებიც შეისყიდა. 

Რზა თალიბოვის შეძენილი ორივე საკუთრება ერთმანეთთან ახლოს იყო. Მან 1.5 მლნ დოლარად და 1.2 მლნ დოლარად შეძენილი შენობები გააერთიანა და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო – “დივან სვითს ბათუმი” გახსნა. ქალაქის მერიის განცხადებით, თალიბოვმა მის მშენებლობაზე 10 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. 

Რზა თალიბოვმა მწვანე კონცხზე მდიდრული ვილა ააშენებინა მისი ოჯახის ბიზნესპარტნიორის, ნახიჩევანბანკის თანადამფუძნებელ ემინ უჩარის კომპანიას. Მათ მშენებლობისთვის 6 მლნ აშშ დოლარი გადაუხადა. 

Screenshot 2022 02 18 at 17.07.09
რზა თალიბოვის 1170 კვ.მ ვილა ბათუმში, მწვანე კონცხზე. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ოჯახის სიმდიდრე, ძირითადად, დუბაიშია თავმოყრილი. 2020 წელს ვასიფ თალიბოვის ვაჟებმა არაბთა ემირატებში 11 უძრავი ქონება შეიძინეს, რომელთა საერთო ღირებულება 45 მლნ აშშ დოლარზე მეტია. Მათ შორისაა 12-სართულიანი მდიდრული სასტუმრო. კვლევითი არაკომერციული ორგანიზაცია C4ADS-ისგან გაჟონილი ინფორმაციით, ძმებ თალიბოვებს არაბთა ემირატების პირადობის მოწმობა ჰქონდათ, რაც ადასტურებს, რომ იქ ცხოვრობდნენ.

ეს მდიდრული ქონება არ ჩანს ძმებ თალიბოვების სოციალურ ქსელში. Სხვა ავტორიტარი მმართველების შვილებისგან განსხვავებით, სეიმური და რზა თავს არიდებენ სიმდიდრის წარმოჩენას. ისინი სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ პოსტებს მხოლოდ მამის მიღწევების, პრეზიდენტ ალიევთან სიახლოვის და იმის შესახებ, როგორ უყვართ თავიანთი ქვეყანა. 

Შარშან რზა თალიბოვმა ტვიტერზე გააზიარა პრეზიდენტ ალიევის ციტატა, რომელიც რეჟიმს ჰუმანურად წარმოაჩენს.

“ჩვენი ტრადიციები, ღირებულებები და ცხოვრების წესი ჩვენი სიმდიდრეა”, – წერია პოსტში. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მსხვილი რუსული კომპანიები საქართველოში
rus komp

მსხვილი რუსული კომპანიები საქართველოში

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share