ავტორები: ნანუკა ბრეგაძე, მარიამ კაჭკაჭაშვილი, მანანა ღოღობერიძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ დოკუმენტებში წერია, რომ 2008 წელს მოწინააღმდეგეს მიზნისთვის სრულად არ მიუღწევია და ისევ არსებობს ახალი რუსული აგრესიის რისკი. უკრაინის ომის მაგალითზე ჩვენთვის ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.
მთავრობა კი გვეუბნება, რომ ომის საფრთხე უკვე აგვარიდა, თუმცა ეშმაკს არასდროს სძინავს. მითუმეტეს, კრემლში მოკალათებული ეშმაკის ნახელავი გასულ ორ საუკუნეში საკუთარ ტყავზე ბევრჯერ მწარედ გამოვცადეთ.
როგორც 2008 წლის ომმა გვიჩვენა და ახლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც გვიდასტურებს, კარგი და გამართული საჰაერო თავდაცვა და ავიაცია ამ ტიპის კონფლიქტებში ბევრს ნიშნავს.
თუმცა, “აი, ფაქტის” მრავალთვიანი ჟურნალისტური გამოძიება და კვლევა ცხადყოფს, რომ საკუთარი ომიდან 14 წლის თავზე ჩვენს მთავრობას ეს გააზრებული არ აქვს. ამ სტატიის მოსამზადებლად ჩვენ ოც მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურესა თუ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ვესაუბრეთ. მათი ნაამბობიდან ჩანს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების გამართვაზე, სათანადოდ აღჭურვასა და მომზადებაზე მთავრობას ბევრი არ უზრუნია.
მეტიც, არათუ ტექნიკურ აღჭურვაზე არ ზრუნავდნენ, ხელი შეუწყვეს ადამიანური რესურსის განიავებასაც. ჩვენმა გამოცდილმა მფრინავებმა დატოვეს ჯარი. ახლა ზოგი სამოქალაქო ავიაციაში მსახურობს, ზოგმა კი ეს სფეროც დატოვა და ქვეყანაც.
ეს გამოძიება ვერ ეფუძნება დოკუმენტებიდან მოპოვებულ მასალებს, რადგან ამ თემაზე არსებულ დოკუმენტებს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო საიდუმლოდ მიიჩნევს. ჩვენ აქ ვერ გეტყვით, რამდენი დახარჯა სამინისტრომ ამ ტექნიკის შენარჩუნებასა თუ განახლებაზე, მაგრამ გაგიზიარებთ იმას, რაც ამ სფეროში დასაქმებულებმა გვიამბეს. საუკეთესო ჟურნალისტური სტანდარტის თანახმად, ჩვენ ინფორმაციას იმ შემთხვევაში მივიჩნევთ სანდოდ, როცა მას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამი წყარო გვიდასტურებს. ყველაფერი რაც ამ სტატიაშია ნაამბობი, სწორედ ამ პრინციპითაა გადამოწმებული.
“აი, ფაქტისთვის” მნიშვნელოვანია ინფორმაციის წყაროს უსაფრთხოება, ამიტომ არ ვასაჯაროებთ ჩვენი რამდენიმე რესპონდენტის ვინაობას, მათ თანამდებობრივ პოზიციას და ამჟამინდელ საცხოვრებელს. სტატიაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება მხოლოდ პირობითი სახელები და გეოგრაფიული ადგილები, რომ დაინტერესებულმა პირებმა ისინი ვერ ამოიცნონ.
ყოფილი და მოქმედი სამხედროების მონათხრობით ირკვევა, რომ “აგვისტოს ომის” შემდეგ ფრენები პერიოდულად მცირდებოდა, ვერტმფრენები და თვითმფრინავები მწყობრიდან გამოდიოდა და მათ არავინ უვლიდა. საბოლოოდ, ტექნიკის ნაწილი თავდაცვის სამინისტროს აღრიცხვიდან ამოიღეს და ნაწილი გააჩერეს, მომავალში გარემონტების მიზნით. ამ აპარატების მოდერნიზაცია მხოლოდ 2020 წელს დაიწყეს.
“აი, ფაქტის” ხუთი სხვადასხვა წყარო ამბობს, რომ ვერტმფრენებს ფრენა 2014 წლიდან აღარ ჰქონდათ. მფრინავ ეკიპაჟს არ ჰქონდა სავარჯიშო და საწვრთნელი ფრენები. შესაბამისად, საათობრივი ანაზღაურებაც არ ერიცხებოდათ. მათი სერტიფიკატები კი ფრენების არარსებობის გამო ვალიდურობას კარგავდა. ამ ყველაფერმა კი მფრინავებს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგათ.
თავდაცვის ძალების მოქმედი და ყოფილი მოსამსახურეები გვიყვებიან, რომ როდესაც საფრენ აპარატებს აჩერებენ, ანუ ვერც საფრენად იყენებენ და ისეთ ცუდ მდგომარეობაშია, რომ რემონტსაც აზრი არ აქვს, აკონსერვებენ. სამხედრო ავიაციის ყოფილი თანამდებობის პირი რეზო (სახელი პირობითია) გვიხსნის, რომ დაკონსერვებას თავისი წესები აქვს.
“სითხეებითა და შესაპოხი მასალებით ძირითადი აგრეგატები იპოხება და ასე ინახება. ძრავაში ისხმება სპეციალური საკონსერვაციო ზეთები. თუ ზეთები არ გაქვს, თვეში ერთხელ ძრავები უნდა აამუშაო, თავისი სამუშაო ციკლი რომ ჩაატაროს. როგორ დააკონსერვეს, რა სითხეები გამოიყენეს, ეგ ინფორმაცია არ გამაჩნია,” – გვიხსნის რეზო.
ვერტმფრენების დაკონსერვებას გვიდასტურებს მოქმედი სამხედრო დავითიც (სახელი პირობითია), რომელიც ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მოქმედი მოსამსახურეა: “მასიურად, ყველა ერთიანად გამოვიდა მწყობრიდან თუ უბრალოდ, ასე ჩაითვალა საჭიროდ თუ რაიმე სხვა პოლიტიკური საკითხი იყო, არ ვიცი, მაგრამ ფრენები აღარ იყო საერთოდ. დაკონსერვება ნიშნავს, როდესაც ტექნიკას არ ვიყენებთ, არ ვეხებით, არც ვარემონტებთ, არაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. უბრალოდ შევინახეთ, დავლუქეთ და დევს.”
სამხედროები რაღაც ეტაპზე თავისი ძალებით ცდილობდნენ დაზიანებული შვეულმფრენების შეკეთებას. თუმცა, მოგვიანებით ეს საკმარისი აღარ იყო. ისინი გვეუბნებიან, რომ დაკონსერვება და ვერტმფრენების უმოქმედოდ დარჩენა სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობამ გამოიწვია.
“2008 წლის მერე ავიაციაში განვითარება, წინსვლა არ მომხდარა. რაც გვყავდა, იმასაც კი ვერ ვხედავდით ნორმალურად. ჩვენთან, მექანიკოსებთან, ტექნიკოსებთან არ მოდიოდა საჭირო ნაწილები, რაც შეიძლებოდა შეგვეცვალა და დაგვეყენებინა. [ამერიკული შვეულმფრენი] თორმეტი გვყავდა, ზოგი სწავლების პერიოდში კურსანტმა დააზიანა და აიკრძალა ფრენა; ერთს ძრავი გაეთიშა და მაგის გამო გაჩერდა. 2018 წელს მე რომ გამოვედი თავდაცვის ძალებიდან, დავტოვე ორი [შვეულმფრენი], რომელსაც შეეძლო ფრენა,” – ამბობს თვითმფრინავების ტექნიკოსი გიორგი ყოჩაშვილი.
გიორგი მჭედლიშვილი, ამერიკული შვეულმფრენების, uh-1h-ის, იგივე “იროკეზების” ესკადრელიის ყოფილი სერჟანტი გვიყვება, რომ 2016-2017 წლებში დაზიანებული შვეულმფრენების მწყობრში მოყვანაში ამერიკელები უნდა დაგვხმარებოდნენ. თუმცა, ეს აღარ მოხდა. საბოლოოდ, საფრენი აპარატების ძრავებმა და სხვა კონსტრუქციულმა ნაწილებმა ამოწურა რესურსი. ისინი არც ჩაუნაცვლებიათ და არც შეუკეთებიათ, ამიტომ სიცოცხლისუნარიანობა შეწყვიტეს და საბოლოოდ დაკონსერვება მოუწიათ.
“იყო მომენტი, რომ 7 მოქმედი საფრენი აპარატი გვყავდა. თითქმის ყველა რესურსი რომ ამოვწურეთ, მერე დაიწყო საუბარი, როგორ შეგვიძლია ყველა დავაბრუნოთ ექსპლუატაციაში. ამერიკის ეროვნული გვარდიის ჯგუფი იყო ჩამოსული საქართველოში. გამოიკვლიეს, შეაფასეს, გააკეთეს ხარჯთაღრიცვა. თქვეს, ჩვენ შეგვიძლია 6 შვეულმფრენის გადაწყობა და გაძლიერება ახალი ძრავებითო. თუ არ ვცდები, ეს იყო იზორიას დროს,” – გვითხრა მჭედლიშვილმა.
ის გვიყვება, რომ ერთი შვეულმფრენის მუშა ნაწილებს მეორეს ამაგრებდნენ და ასე უხანგრძლივებდნენ ბრძოლისუნარიანობას საფრენ აპარატებს. ამას “კანიბალიზაციას” უწოდებდნენ: “ვცდილობდით, რომ მინიმალურ რესურსს, იმ ორ თუ სამ შვეულმფრენს მაინც გაჭირვებაში რაღაცა ექნა და რაღაც დავალება შეესრულებინა. საბოლოოდ, შვიდი შვეულმფრენიდან ჩამოვედით ორზე,” – ამბობს მჭედლიშვილი.
უნდა ვხარჯავდეთ თუ არა ფულს ავიაციის პარკის მოდერნიზებაში?
გაჩერებული, დაკონსერვებული საფრენი აპარატებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროში ორი წლის წინ გადაწყვიტეს. 2020 წლის ზაფხულში, სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს და მი-24 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენებს ჩაუტარდათ სრული დემონტაჟი და დაიწყო მათი კაპიტალური რემონტი. საავიაციო პარკის განახლებაზე “დელტა” და “თბილავიამშენი” მუშაობს. მოგვიანებით, ამერიკული “იროკეზების,” იგივე uh-1-ების, სავარჯიშო/სასწავლო თვითმფრინავის – l-39-ების და სატრანსპორტო შვეულმფრენ მი-8-ების რეაბილიტაცია-განახლებაც გადაწყდა. Სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას ამ ხარჯებზე.
“აი, ფაქტთან” საუბარში თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის სპეციალისტი და თავდაცვის ძალების მოქმედი მოსამსახურეები ფიქრობენ, რომ ახლა პრიორიტეტული არ არის ფულის ხარჯვა საფრენი აპარატების შეკეთებაზე. ჩვენი რელიეფის და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯობს მეტი ყურადღება მიექცეს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას.
მათი თქმით, 2008 წლის გამოცდილებით, თვითმფრინავები ვერაფერს გახდებიან, თუ მოწინააღმდეგე ასაფრენ ბილიკებს დაბომბავს. რუსული ბომბდამშენების განადგურება კი სწორედ ჰაერსაწინააღმდეგეო სისტემებითაა შესაძლებელი. ახლა ეს ტექნიკა კი გვაქვს, მაგრამ მწირი რაოდენობით და არც თუ ისე ეფექტიანი საბრძოლო მახასიათებლებით.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონსტიტუციურად, საქართველო თავდაცვით ომებს აწარმოებს, გვყავს მხოლოდ თავდაცვითი ძალები. ნაკლებად მოსალოდნელია, გაიცეს ავიაციით შეტევის ბრძანება, ამიტომ მოიერიშე სუ-25-ების მოდერნიზებაზე თანხების ხარჯვა სპეციალისტებს მიზანშეწონილი არ ჰგონიათ.
“მაგალითისთვის, საჰაერო თავდაცვის ავიაცია არის ,,მიგ-29″ ტიპის რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენება ჰაერში უპირატესობის მოსაპოვებლად. მას აქვს “ჰაერი-ჰაერი” რაკეტა. ანუ, თვითმფრინავი იწევა ჰაეში და იქ იბრძვის, ეს ჩვენ არ გვყავს და დიდი ფუფუნებაა. განა ცუდია იმის [სუ-25] მოდერნიზება, მაგრამ პრიორიტეტებზე თუ დავიწყებთ საუბარს, პრიორიტეტი არის საჰაერო თავდაცვა,” – ამბობს საჰაერო თავდაცვის სარდლობის მოქმედი წევრი დავითი.
ბომბდამშენი ავიაციის გაძლიერებაში აზრს ვერ ხედავს ლაშა ძებისაშვილიც. ის თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით 2003-2012 და 2017-2019 წლებში მუშაობდა. ძებისაშვილის თქმით, საჰაერო ძალების მიზანი საჰაერო ბატონობის მოპოვება უნდა იყოს, რუსეთის პირისპირ კი ეს შეუძლებელია.
“ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ ვხარჯავთ ფულს, რაღაც სისტემების აღდგენაზე, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი საომარი ვითარების დროს იქნება ნულის ტოლი. მნიშვნელოვანია ანალიზის პროცესი, რომ სწორად ავწონოთ, რაში დავხარჯოთ ფული, რომელიც ისედაც ცოტა გვაქვს. გავარემონტოთ ძვირადღირებული სუ-25-ები, რომელიც, დიდი ალბათობით, ვერც აფრინდება, ან რომ აფრინდეს მალევე განადგურდება, თუ ეს ფული გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა, გავზარდოთ ქვედანაყოფები ან უკეთესად აღვჭურვოთ,” – გვითხრა ძებისაშვილმა.
“აი, ფაქტის” რესპონდენტები ყვებიან, რომ “აგვისტოს ომში” მთავარი თავისტკივილი გამოიწვია იმან, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები საკმარისი არ გვქონდა, ავიაცია კი ეფექტიანად ვერ გამოვიყენეთ. ომის დაწყებიდან მალევე რუსეთმა აეროდრომები და ასაფრენი ბილიკები დაბომბა, ამიტომ თვითმფრინავები საბრძოლო მოქმედებებში ვეღარ ჩაერთნენ. საჰაერო თავდაცვის სისტემები რომ მეტი გვქონოდა, ბილიკების აფეთქება, შესაძლოა, თავიდან აგვეცილებინა.
“2008 წელს ბომბდამშენების აფრენა არ მომხდარა, ვგულისხმობ სუ-25-ს, მაგრამ ჰქონდათ გაფრენა ვერტმფრენებს. საჰაერო თავდაცვა მობილიზებული იყო ცხინვალის მისადგომებთან, რაც კი საშუალება იყო, ყველა იქ წაიყვანეს, ასეთი ბრძანება იყო. არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ დანარჩენ ლოკაციებზეც დაგვეტოვებინა, რომ არ მომხდარიყო, მაგალითად, კოპიტნარის ასაფრენი ზოლის დაბომბვა,” – ამბობს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მოქმედი მოსამსახურე დავითი.
2008 წელს საქართველოს თავდაცვის ძალებს ცის ჩაკეტვა სამი ტიპის გადასაზიდი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით შეეძლო. ესენი იყო უკრაინიდან შეძენილი “ოსა” და “ბუკი,” ასევე ისრაელის ქარხანა “რაფაელიდან” შეძენილი მობილური სისტემა “სპაიდერი.” თუმცა, რაოდენობა ძალიან მცირე იყო.
ამათში ყველაზე ეფექტიანი “ბუკი” გამოდგა, რადგან ყველაზე მაღლა მფრენი სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოაგდო. “ბუკის” მოქმედების არეალი 32 კილომეტრის რადიუსში 15-დან 17 კმ სიმაღლეზე ვრცელდებოდა. ეფექტიანად გამოვიყენეთ ისრაელში ნაყიდი “სპაიდერიც,” თუმცა, ის მხოლოდ 1 ბატარეა გვქონდა და “ბუკზე” მაღლა ვერ მუშაობდა.
“ომის დაწყების პირველ დღეებში მოხდა ყველაზე მეტი საფრენი აპარატის ჩამოგდება. Მას შემდეგ, რაც რუსეთის ავიაციამ პრაქტიკიდან გამომდინარე გაიგო, რომ დაბალ სიმაღლეზე მფრენი აპარატების ჩამოგდება მარტივად ხდებოდა, რა თქმა უნდა, საფრენი მანძილი გაზარდა და შესაბამისად, ის ებრაული ტექნიკაც და “ოსაც,” რომელიც გათვლილი არის დაბალ მიზნებზე, შესაძლებლობის გარეშე დარჩა,” – გვეუბნება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მოქმედი მოსამსახურე დავითი.
მოგვიანებით რუსულმა საფრენმა აპარატებმა უფრო მაღლა დაიწყეს ფრენა. საქმეში “ბუკი” ჩაერთო, თუმცა, ეფექტიანობა მალევე დავკარგეთ, რადგან რაკეტები ცოტა გვქონდა.
“იმუშავა რაღაც პერიოდი ამ “ბუკებმა,” არც თუ ისე ცუდად, პირველი დღეები, მაგრამ მერე გათავდა. “ბუკი” გვქონდა 3 ბატარეა, ძირითადად თბილისს იცავდა. “სპაიდერი” გვქონდა ერთ ბატარეა, მაგრამ ეფექტურად გამოვიყენეთ. სერიოზული ამბავი იყო სტრატეგიული ბომბდამშენი რომ ჩამოვუგდეთ ტუ-22, არ ყოფილა ეს ისტორიაში,” – გვიყვება ბათუ ქუთელია, 2007-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
თუმცა, რუსულ საფრენ აპარატებს კიდე უფრო შორ მანძილზე შეუძლიათ ფრენა. შორი ბრძოლა ნიშავს, რომ საჰაერიო ავიაციის საშუალებები მიწიდან მაღლა დაფრინავენ და ამისთვის საჭირო არის შორსმბრძოლი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. “Ბუკი” კი ამისთვის ვერ გამოდგება, რადგან რეალურად საშუალო მანძილზე მოქმედია.
გამოდის, რომ ომის გამოცდილებით, რუსეთთან საჰაერო ბრძოლაში წარმატების მოსაპოვებლად, “ბუკზე” კიდევ უფრო ძლიერი და შორსმებრძოლი სისტემა გვჭირდება.
გამოგვადგება თუ არა ფრანგული “მისტრალები”?
საფრანგეთთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში საქართველომ 2018 წელს ტაქტიკური თავდაცვის სისტემა “მისტრალ ატლასი” შეიძინა.
მისი ფუნქციაა საფრენი აპარატის დაზიანება ან ჩამოგდება “მიწა-ჰაერი,” “გაისროლე და დაივიწყე” ტიპის რაკეტით. ეს ნიშნავს, რომ რაკეტის გასროლის შემდეგ ოპერატორს შეუძლია მაშინვე გადაადგილდეს და არ დაელოდოს, მოხვდა თუ არა ის სამიზნეს. მაგალითად, “ბუკს” ასეთი ფუნქცია არ აქვს, რადგან ის ლაზერული რაკეტაა და ოპერატორის კონტროლი სჭირდება.
“მისტრალ ატლასს” რაკეტების ორი გამშვები აქვს, რომელიც მანქანის ძარაზეა დამონტაჟორებული და შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი მიწაზე ან შენობის სახურავზე განთავსება. მისი მართვა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მცოდნე ერთ სპეციალისტსაც შეუძლია. “მისტრალ ატლასები” ახლა საბრძოლო მორიგეობაშია, რაც ნიშნავს რომ კონკრეტულ ლოკაციაზე დგას და იქ იცავს ცას.
ჩვენ მწარმოებლის გვერდზე ვნახეთ “მისტრალ ატლასის” მოდელის საბრძოლო მახასიათებლების აღწერა. mbda-ის მონაცემების მიხედვით, “მისტრალ ატლასს” ყველაზე შორს, რადიუსში 7.5 კილომეტრზე შეუძლია გასროლა. გამოდის, რომ ეს ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაა.
ჩვენ სფეროს მცოდნეებს ვკითხეთ, რამდენად ეფექტიანია ეს დანადგარი და იყო თუ არა პრიორიტეტული მისი შესყიდვა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ “აგვისტოს ომის” შემდეგ ეს პირველი მნიშვნელოვანი შენაძენი იყო.
“2008 წლიდან, დაახლოებით, ერთი 10 წელი მაინც, აბსოლუტურად არაფერი ხდებოდა, არც საჰაერო თავდაცვაში, არც ავიაციაში. არ შეგვიძენია არაფერი. დავრჩით ომის შემდეგ ფაქტობრივად გახარჯული საბრძოლო მასალით. 2018 წლიდან იწყება საუბარი და ჩნდება ფრანგული ტექნიკა. ეს იყო ამ დუმილისა და უმოქმედობის გამრღვევი,” – ამბობს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მოქმედი მოსამსახურე დავითი.
“აი, ფაქტის” წყაროების ინფორმაციით, “მისტრალ ატლასი” რუსული რეაქტიულძრავიანი საფრენი აპარატების წინააღმდეგ ეფექტიანი ვერ იქნება, თუ ისინი დაბალ სიმაღლეებზე არ იფრენენ. საქმე ისაა, რომ მას მხოლოდ დაბალ სიმაღლეზე, 3 კმ-ზე და 7.5 კმ რადიუსში მოძრავი ობიექტების აღმოჩენა და დაზიანება შეუძლია, 2008 წლის ომის გამოცდილებით კი რუსული მოიერიშე საფრენი აპარატები 10 კილომეტრზე მაღლა დაფრინავენ. მათ წინააღმდეგ ბრძოლა შეეძლო ,,ბუკს”, რომლის დაზიანების სიმაღლე მკვეთრად აღემატება 10 კილომეტრს. 2018 წლის შემდეგ კი “ბუკები” მისტრალებით ჩაანაცვლეს, რასაც სპეციალისტები გონივრულ გადაწყვეტილებად არ მიიჩნევენ.
“ბუკების რაკეტების შევსება აღარ მოხდა. რეალურად, ტექნიკა არსებობს (ისიც ნაწილობრივ დაზიანებული), მაგრამ საბრძოლო მასალა არა. ამიტომ, საბრძოლო მორიგეობიდან მოიხსნა ,,ბუკი” და ამ ფრანგული ტექნიკით მოხდა ჩანაცვლება,” – გვითხრა დავითმა.
მისი თქმით, “ბუკი” “მისტრალზე” ძლიერია, უფრო შორსაც ისვრის და უფრო შედეგიანადაც, ჰაერშივე წვავს და ანადგურებს ობიექტს. “მისტრალს” კი შეუძლია მხოლოდ დააზიანოს საფრენი აპარატი და ამოცანის შესრულებაში შეუშალოს ხელი.
“ეს [მისტრალი] საკმაოდ კარგია ვერტმფრენებისთვის, ან თუ რუს პილოტს რაღაც შეეშლება და დასათვალიერებლად ჩამოვა, მაგ შემთხვევაში ან პიკირების დროს, როდესაც დაბომბვას იწყებს საფრენი აპარატი და ეშვება მიწასთან მაქსიმალურად დაბლა. აი, “ბუკს” რაც შეეხება, ფეთქდება მასში არსებული ტროტილი და იმხელა აფეთქების ძალაა, რომ ანადგურებს საფრენ აპარატს. აი, ესაა მთავარი,” – ამბობს “აი, ფაქტის” ანონიმური წყარო, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მოქმედი მოსამსახურე დავითი.
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლექვინაძეც გვიხსნის, რომ “ბუკების” “მისტრალებით” ჩანაცვლებით ჩვენი საჰაერო თავდაცვა დასუსტდა. ეს შესყიდვა მიზანშეწონილი არ იყო იმიტომაც, რომ მსგავსი მახასიათებლების სისტემა უკვე გვქონდა.
“‘ბუკი” საერთოდ სხვა სისტემაა, საშუალო მანძილზე მოქმედია, სიმაღლეში 15-დან 17 კმ-მდე ისვრის, აბსოლუტურად სხვა კლასში გადის და მაგათი შედარება არ შეიძლება. “მისტრალის” მინუსი ისაა, რომ გადასაზიდია, ანუ ტრანსპორტზე გადასადებია. მობილურობა არ გააჩნია. თუ გადასაზიდი გვჭირდებოდა, ანუ რომელიც ტრანპორტს დააქვს და ისვრის, “სპაიდერი” უკვე გვქონდა და ყველა მონაცემებით ჯობს “მისტრალს,”- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
“მისტრალთან” შედარებით “სპაიდერის” ყველაზე სუსტ მოდელს მუშაობის უფრო დიდი მანძილი აქვს. მწარმოებლის მიერ გამოქვეყნებულ აღწერაში წერია, რომ მას საფრენი აპარატების განადგურება 18 კმ-ის რადიუსში და 9 კმ სიმაღლეზე შეუძლია.
სამხედრო ავიაციის მაღალი რანგის ყოფილი მოსამსახურე, პირობითად რეზო გვეუბნება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ითვალისწინებს ომის გამოცდილებას და არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ მტრის შესაძლებლობებს საკადრისად ვუპასუხოთ.
“2008 წელს რამ გაგვტეხა წელში? რუსეთის ავიაციამ. ჩვენი ავიაცია, რომელიც რუსებმა ვერ გაანადგურა, გაანადგურეს ჩვენმა ბიუროკრატებმა ქაღალდზე, საწერი კალმით. აი, რაშია ჩვენი უბედურება. დღესაც იძახიან, ავიაცია არ გვინდა, საჰაერო თავდაცვა არ არის პრიორიტეტი, გადავიდეთ მხოლოდ სპეცრაზმის მობილურ ჯგუფებზე. თანამდროვე ტექნიკით აღმოგიჩენენ სპეცრაზმის ჯგუფებს და ჰაერიდანვე გაგინადგურებენ. უპილოტოებს და რუსების საჰაერო ხომალდებს რითი ვებრძოლოთ? “მისტრალები” რაც არის ნაყიდი, მოკლე მანძილისაა,”- ამბობს ის.
სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ “მისტრალების” საფრანგეთიდან ყიდვა ფრთხილი ნაბიჯი არ იყო, რადგან საფრანგეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის. მათი თქმით, შეიარაღების შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ვინ არის მისი მწარმოებელი.
“როცა ფრანგებს ჩამოვეკიდებით და მივანდობთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას და ამ დროს ვიცით, რომ შეიძლება ლე პენი აირჩიონ, რომელიც ჩახუტებულია რუსეთთან და უკეთესი ურთიერთობა სურს მასთან, ვიდრე ნატოს წევრ ქვეყნებთან, ეს სახიფათოა, როგორც მინიმუმ,” – ამბობს ირაკლი ლექვინაძე, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
ყოფილი პოლკოვნიკი თადარიგში, აკია ბარბაქაძე ფიქრობს, რომ ჯობდა ასეთი მნიშვნელობის კონტრაქტი სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკასთან დაგვედო, მეტი სანდოობის და მომავალში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივით.
“თუ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული სამხედრო პარტნიორი, რატომ არ ვიყიდეთ მათგან? რა, ხარისხით სჯობს ფრანგული თუ ფასით? ჩვენ ორი გარემოება უნდა გაგვეთვალისწინებინა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს რა იარაღი აქვს და უახლოესი ბაზები სად აქვს, მაგალითად თურქეთში რა საბრძოლო მასალაა,” – გვეუბნება ბარბაქაძე.
თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია კი გვიხსნის, რომ საფრანგეთთან ხელშეკრულების დადება რისკისშემცველია, რადგან შესაძლოა რუსეთის ჩარევის შემთხვევაში, ჩვენი მომარაგება შეწყვიტონ.
“ისრაელის დრონები და არტილერია რომ ვიყიდეთ, ისრაელის ატაშე დაიბარეს მოსკოვში და უთხრეს, თუ გააგრძელებთ საქართველოზე იარაღის მიყიდვას, აღვადგენთ ჰამასისთვის იარაღის მიწოდებასო. როცა იცი, ასეთი პრობლემა შეგექმნა ისრაელთან, რომელსაც წესით უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი აქვს, საფრანგეთისგან რატომ უნდა იყიდო? მითუმეტეს, რომ ომის მერე საფრანგეთი “მისტრალს” რუსეთზე ყიდდა. რადიოკომუნიკაცია და ბრძოლის მართვის სისტემები გაქვს ამერიკული, მისიებში ხარ ამერიკელებთან ერთად და რატომ ყიდულობ ფრანგულს? რა ახსნა აქვს?” – ამბობს ბათუ ქუთელია.
თავდაცვის სამინისტრომ მოგვწერა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ფაზა უკვე დასრულდა, მეორე კი დასრულების ეტაპზეა. სამინისტრომ გვიპასუხა, რომ ხელშეკრულებების საფუძველზე თანხა 2016-2021 წლებში 6 ეტაპად გადაიხადეს, თუმცა, თანხის ოდენობა არ მოგვწერეს.
როგორ დაკარგა სამხედრო ავიაციამ პროფესიონალები?
გაუმართავ ტექნიკურ ბაზასთან ერთად პრობლემა გახდა მფრინავების ჯარიდან გადინება. თავდაცვის ძალების მოქმედი და ყოფილი სამხედროები ავიაციიდან კადრების მასობრივ გადინებაზე გვიყვებოდნენ. მთავარ მიზეზად თავად იმას ასახელებენ, რომ როგორც მფრინავებმა, ფუნქცია დაკარგეს. მფრინავს ფრენა აღარ შეეძლო და მექანიკოსს საფრენი აპარატის შეკეთება.
გიორგი მჭედლიშვილი სამხედრო ავიაციაში 13 წელი მსახურობდა. ის შვეულმფრენების ბორტ-მექანიკოსი იყო და ეკიპაჟთან ერთად დაფრინავდა. 2018 წლის შემდეგ საქმის მიტოვება მოუწია, რადგან მისი პროფესია საჭირო აღარ იყო და თავს უფუნქციოდ გრძნობდა.
“მოჯადოვებულ წრეზე” სიარულს და ერთ ადგილას დგომას ჰგავდა. წინ ვეღარ მივდიოდით. აღარც ფრენები იყო, აღარც ტექნიკური მომსახურება ტარდებოდა. არაფერი მნიშვნელოვანი აღარ ხდებოდა და ნიშნავდა იმას, რომ უბრალოდ რაღაც უმოქმედოდ, უფუნქციოდ ვიყავით. დარწმუნებული ვარ ბევრმა იგრძნო თავი ისე, როგორც მე,” – გვითხრა მჭედლიშვილმა.
გიორგი მიხვდა, რომ თავისი საქმის გარეშე ოჯახის რჩენას ვეღარ მოახერხებდა და ამან ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგა. ასეთ რეალობაში აღმოჩნდნენ სამხედრო ავიაციაში მომუშავე მისი კოლეგებიც. ისინი ხმამაღლაც ამბობდნენ, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, ავიაციიდან ბევრი წავიდოდა. “ზემდგომებს” კი ეს დიდად არ ადარდებდათ და პასუხობდნენ: “მიბრძანდით, შეუცვლელი არავინააო.”
“ეს იყო საშინლად გულდასაწყვეტი, იმიტომ რომ ნებისმიერი ჯარისკაცისთვის, ჯარი არის ოჯახი. ცხოვრების საუკეთესო წლებს და ყველაზე მეტ დროს ატარებს იმ სფეროში, სადაც მსახურობს. რეალურად, ჩემს ოჯახთან შეხება მქონდა დილა-საღამოს. მთლიანობაში, მთელ დღეს ჯარში ვატარებდი და იქედან წამოსვლა არ იყო მარტივი,” – გვიყვება მჭედლიშვილი. ის 2019 წლიდან ამერიკაშია და ავტომობილების გადაზიდვაზე მძღოლად მუშაობს.
“ავიატორის მომზადება ძალიან ძვირი ღირს. წარმოიდგინეთ, რომ საზღვარგარეთ ამზადებ პილოტს, ბრუნდება მომზადებული და იცი რა? შენ საფრენი აპარატი არ გაქვს, ვერ დაფრინავს… გარდა ამისა, ორგანიზმს სჭირდება ტონუსში ყოფნა, წნევის ცვალებადობა, გულის აჩქარება… თუ პილოტი ფორმიდან ამოვარდა, ეს ნიშნავს, რომ წყალშია ჩაყრილი მთელი მისი მომზადება და ფინანსები,” – გვითხრა საჰაერო თავდაცვის სარდლობის წევრმა, დავითმა.
თვითმფრინავების ტექნიკოსი გიორგი ყოჩაშვილი გვიყვება, რომ ბევრი მფრინავი უმუშევრად დარჩენის და შემოსავლის ძიების გამო ამერიკაში წავიდა. თავადაც იმავეს გეგმავს. ახლა პოლონეთში მუშაობს და ამერიკაში გადასვლას აპირებს.
“საქართველოს თავდაცვის ავიაციამ დაკარგა ძალიან ბევრი მფრინავი, რომლებიც საქართველოდან გადასახლდნენ, თავის საყვარელ პროფესიას დაანებეს თავი. ტექნიკა გაუჩერდათ, ვეღარ დაფრინავდნენ, თავის საქმეს ვერ ასრულებდნენ და გადაწყვიტეს, რაც მინდა აქ მაინც ვერ ვაკეთებ, ავდგები და წავალო. წავიდნენ და მიხედეს თავის ოჯახებს, უფრო კარგად აცხოვრებენ იქედან, ვიდრე აქ რომ იყვნენ,” – ამბობს ის.
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტრო არათანმიმდევრულად მოქმედებს, ავიაციის განვითარების კონკრეტული გეგმა არ აქვს, პილოტებმა არ იციან შეძლებენ თუ არა კარიერულ წინსვლას და ამ არასტაბილურობის განცდის გამო საქმეს თავს ანებებენ.
“პილოტის მომზადებას უნდა წლები და საკმაოდ დიდი თანხები. თავისი კარიერა რომ ააგოს, უნდა იცოდეს 5-10 წლის მერე რა იქნება. ყოველ წელს რომ ცვლი გეგმებს, ხან ყიდი თვითმფრინავებს, ხან აკონსერვებ, ხან არემონტებ, არანაირ თანმიმდევრულ ნაბიჯებს რომ არ დგამ, კარიერულ ზრდაზე ვერ ფიქრობს პილოტი და მიდის. მაღალანაზღაურებადი საქმეა, შეუძლია დასაქამდეს სადღაც უცხოეთში. ახლა პილოტების 90% წასულია საქართველოდან. მათი მობრუნება შესაძლებელია, თუ აქ დაინახავენ პესპექტივას,” – ამბობს ლიქვინაძე.
“აი, ფაქტმა“ სცადა როგორც ამერიკაში, ისე სხვა ქვეყნებში წასულ კადრებთან დაკავშირება, რომ საკუთარ გადაწყვეტილებაზე მოეყოლათ. უმეტესობამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, მაგრამ ზოგიერთი ინტერვიუზე ანონიმურობის გარანტიით დაგვთანხმდა.
“ნახევარი მალაიზია [პირობითად] ქართველი პილოტებითაა სავსე. 2012 წლიდან აქ ვართ, ზოგი ახლა ჩამოვიდა, ზოგი შარშან, ზოგი ხუთი წლის წინ. ჩათვალეთ, 12 პილოტი მაინც ვართ. როცა გეუბნებიან, რომ ავიაცია არ გვჭირდება და პილოტები აღარ გვჭირდებითო, სხვა მიზეზი რა უნდა იყოს?! ფრენები არ იყო და პილოტი თავის კვალიფიკაციას კარგავს,” – გვიყვება სამხედრო ავიაციის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი რეზო.
“აი, ფაქტის” კიდევ ერთი ანონიმური წყარო ანრი, რომელიც სამხედრო ავიაციაში 11 წელი მუშაობდა, ამბობს, რომ 2014-2016 წლებში სამსახურს აქტიურად ტოვებდნენ მი-8 ტიპის ვერტმფრენის სპეციალისტები. ამის მიზეზი იყო, რომ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მი-8 ფრენებისთვის აღარ გამოიყენებოდა. ანრის თქმით, იმ პერიოდში სამხედრო ავიაციიდან 100-120 კადრი წავიდა. მოუწიათ მიმდინარე კონტრაქტების დარღვევაც.
ვინც არ წავიდა,“იროკეზებზე” გადავიდნენ. თუმცა, ეს უფრო დაბალი კლასის ვერტმფრენია და მასზე მუშაობა სპეციალისტის დეგრადაციას ნიშნავდა. ამიტომ, ანრიმ და მისმა კოლეგებმა სამხედრო ავიაციის დატოვება და სამოქალაქოში გადასვლა არჩია. ახლა 30-მდე მათგანი უცხო ქვეყანაში მსახურობს.
“2012-დან ფაქტობრივად ამოიღეს “ტაბელიდან” მი-8, ვითომ უცხოური ტექნიკა შემოდიოდა, მაგრამ არ შემოვიდა. მი-24, მი-2, იროკეზი ჩასმულია, ასევე სუ-25, მაგრამ მი-8 შეიარაღების სახით აღარ არის. სამინისტროს ბალანსზე არის, მაგრამ ფრენებისთვის აღარ გამოიყენება. სიმართლე გითხრა, ხელზე არავინ ჩამოგვკონწიალებია, ვინც გამოხატა წასვლის სურვილი, შეწინააღმდეგება არ ყოფილა. გაჩერებული იყო უკვე ყველაფერი და ბოლოსდაბოლოს ცოცხებით ხომ არ ვიფრენდით?!”- ამბობს ანრი “აი, ფაქტთან” საუბრისას.
რის საშუალებას იძლევა ან ვერ იძლევა თავდაცვის სამინისტროს მწირი ბიუჯეტი?
რას აკეთებს საქართველოს მთავრობა თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად და როგორ ემზადება მტერთან საბრძოლველად, ამაზე რიცხვებიც მეტყველებს.
სამინისტროს დაფინანსება ლარში კი იზრდება, მაგრამ დოლარში არა. არადა, შეიარაღებას დოლარში უნდა ვყიდულობდეთ. 2008 წლის ომის შემდეგ თავდაცვის ბიუჯეტი სამჯერ შემცირდა.
გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე თვლის, რომ თავდაცვის ისედაც მცირე ბიუჯეტს არამიზნობრივად ვხარჯავთ, ვფიქრობთ მხოლოდ შესყიდვაზე და არ ვიკვლევთ რეალურად რაში და რატომ გვჭირდება ეს შენაძენი.
“რაც უფრო ცოტა გაქვს თანხები, მით უფრო სწორად უნდა იყოს გამოყენებული. ყველგან არის შეფასება და შესყიდვა და ჩვენთან არის მხოლოდ შესყიდვა. შეფასება გულისხმობს, რაღაცას რომ ვყიდულობ, რამდენი წელი იქნება, რა სათადარიგო ნაწილები დასჭირდება, რა ჯდება ეს ყველაფერი, რომელ ქვეყანაში უნდა შევიძინო, ეს ქვეყანა რამდენ ხანს აწარმოებს ამ ნაწილებს… ასეთი შეფასებები ჩვენი სუსტი წერტილია. ძირითადად, მაინც არის – იყიდე მოიტანე, იყიდე მოიტანე,” – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია თავდაცვის ბიუჯეტის მკვეთრ შემცირებას იმით ხსნის, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს ძლიერი თავდაცვის ეშინიათ.
“2012 წლიდან, როდესაც ოცნება მოვიდა, დაიწყეს თავდაცვის ბიუჯეტის მიზანმიმართულად შემცირება. ერთი მხრივ მიზეზი ისაა, რომ ავტორიტარებს არ უყვართ თავდაცვა, გიჟდებიან სპეცსამსახურებზე, მაგრამ არა თავდაცვაზე. სახელმწიფო გადატრიალების ეშინიათ, იმიტომ რომ ავტორიტარული რეჟიმის ბოლო მაგით მთავრდება. აი, პუტინმა რაც გააკეთა, ეფ-ეს-ბეთი დაიწყო ჯარის კონტროლი,” – ამბობს ბათუ ქუთელია.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობა საჰაერო თავდაცვის და ავიაციის გასაძლიერებლად ნამდვილად საჭირო ნაბიჯებს ვერ დგამს და შეიარაღებას მტრის შესაძლებლობებს არ არგებს.
“აი, ფაქტმა” თავდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, წლების მიხედვით შეიარაღების გაძლიერებისთვის გადახდილი თანხების შესახებ. გვიპასუხეს, ჩვენი ბიუჯეტი საჯაროაო. თუმცა, სამინისტროს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებიდან შეუძლებელია გავიგოთ, კონკრეტულად რა თანხა იხარჯებოდა ავიაციის, საჰაერო თავდაცვის და სამხედრო შეიარაღების გაძლიერებაზე.
თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულია 2013-2021 წლის ბიუჯეტის დოკუმენტები, თუმცა მათში მოცემული ინფორმაცია ზედაპირული და მწირია. 2013-2016 წლების დოკუმენტებში მოცემულია ორი განსაკუთრებით საინტერესო პუნქტი: 1. ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლოატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები და 2. სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენის ხარჯი. როგორც რიცხვები გვიჩვენებს, 2013-2016 წლებში ორივე პუნქტში დაფინანსება იკლებდა.
2017 წლის ბიუჯეტში კი ამ ტიპის ხარჯი ცალკე გამოყოფილი აღარაა. თუმცა, ჩნდება ახალი კატეგორიები შემდეგი სახელებით: თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერება. თუ ამ დაფინანსებას დოლარში გადავიყვანთ, ვნახავთ, რომ საქმე სახარბიელოდ ვერ გვაქვს.
ჩვენ თავდაცვის სამინისტროს ინტერვიუსთვისაც მივმართეთ. გვინდოდა, კრიტიკული კითხვებისთვის ეპასუხათ. პირისპირ საუბარზე უარი გვითხრეს, კითხვები წერილობით გამოგვიგზავნეთო, თუმცა არც ამ ფორმით გამოვიდნენ კომუნიკაციაზე.
პ.ს. იმედი ვიქონიოთ, რომ უკრაინელები რუსების სამხედრო საფრენ აპარატებს ბოლომდე გაანადგურებენ და მათ დედამიწის ცაზე აღარასდროს შეეძლებათ ფრენა.