fbpx
tavshesafari

ვისთვის ააშენა ახალციხის მერიამ თავშესაფარი, რომელიც დღემდე ცარიელია?

ავტორები: ნათია მიხელიძე და მარიამ ტაკიძე

ახალციხეში, ქალაქის განაპირას, ტრიალ მინდორში ორსართულიანი, მოგრძო შენობა დგას, რომელიც ადრე ფარვანჰესზე დასაქმებული მუშების საცხოვრებელი სივრცე იყო. 2015 წელს ახალციხის მერიამ გადაწყვიტა, რომ უსახლკაროთათვის თავშესაფარი მოეწყო და კომპანიამ, რომელსაც 118,400 ლარი გადაუხადეს, ეს ასაწყობი შენობა ამ ადგილზე გადმოიტანა.

ახალციხის მერია ვერ ასაბუთებს, რატომ დასჭირდა ქალაქს ასეთი სივრცე მაშინ, როცა თავშესაფარი მათთვის არავის მოუთხოვია. შენობის გახსნიდან 6 წელი ისე გავიდა, რომ იქ ერთი ღამეც კი არავის გაუთევია.

მას შემდეგ, რაც ჩვენ თემით დავინტერესდით და მერია შევაწუხეთ, შენობას პირველი მობინადრეც გამოუჩნდა. მან შენობაში ერთი ღამე გაათია და წავიდა. ამის შესახებ მერიის წარმომადგენელი ადგილობრივ მედიას, “სამხრეთის კარიბჭეს” ივნისში ესაუბრა.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უფუნქციო თავშესაფრისთვის ათეულობით ათასი ლარი წლების განმავლობაში იხარჯებოდა და ეს დღესაც გრძელდება. შენობას ჰყავს დარაჯი და ტექნიკური პერსონალი. მათი ხელფასი მერიის ბიუჯეტიდან გაიცემა. თუმცა, შენობა დაკეტილია და იქ რამდენჯერმე მისულებს კარი არავინ გაგვიღო. მერიაში გვითხრეს, რომ არ გვენდობიან და ამიტომ შიგნით არ შეგვიშვებდნენ.

ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ შენობა მწყობრში არაა და ამიტომ მისი დათვალიერების უფლება არ მოგვცეს. ეს ეჭვი მერთან საუბრისასაც გამოვთქვით და მან სიცილით გვიპასუხა, რომ ყველაფერი რიგზეა, თუმცა, კარს მაინც არ გაგვიღებდნენ.

შენობა რომ პრობლემურია, ამას იმ ვეტერანთა ოჯახების ამბავიც მოწმობს. მათ მერიამ 2018 წელს თავშესაფარში გადასვლა შესთავაზა. სამი ოჯახი ახლაც პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე სკოლა-ინტერნატის სადავო შენობაში ცხოვრობს და თავშესაფარი ნამდვილად სჭირდება.

IMG 20220519 112936 scaled
სკოლა-ინტერნატის ყოფილი შენობა

ნინელი მიქელაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც მერია თავშესაფარში გადასვლას სთავაზობდა, თუმცა მან უარი თქვა. მიზეზებს ნინელი ჩვენთან საუბრისას იხსენებს: “ჩემი შვილიც იყო ადგილზე მისული. არ იცხოვრებაო რა, ძალიან ცივიაო ზამთარში. არც გზა, არც წყალი, არც არაფერი არ არის. ჩვენთვის არ აუშენებიათ, უბრალოდ იქ იყო რაღაც აშენებული.”

სოციალური თავშესაფრის გარშემო არც სახლებია და არც ადამიანები არიან. ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მიდის. სამანქანო გზა ქვიანი და მოუწესრიგებელია.

რამდენი დაიხარჯა თავშესაფრის მოწყობაზე?

შენობა 2017-2019 წლის აუდიტის დასკვნებში მოხვდა. “მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველთათვის სახლის მოსაწყობად, არაეფექტიანად დახარჯა 134.4 ათასი ლარი. ობიექტი არ ფუნქციონირებს და ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას,” – ვკითხულობთ ანგარიშში.

მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სოციალურად დაუცველთათვის ღამის გასათევ სახლს ორი თანამშრომელი ჰყავს. ერთი დარაჯი, ხოლო მეორე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც აგრეთვე დარაჯის მოვალეობას ასრულებს. თითოეულის ხელფასი 2022 წლამდე თვეში 450 ლარი იყო. 2022 წლიდან მათი ხელფასი 20 ლარით გაიზარდა და 470 ლარი გახდა. შენობის სანახავად ოთხჯერ მივედით, თუმცა ადგილზე არავინ დაგვხვდა.

ქალაქის მერიის თქმით, 2016 წლიდან დღემდე შენობის შენახვა (ხელფასები, კომუნალურები, ავეჯი) 69,585 ლარი დაჯდა. მხოლოდ ხელფასებში 56,889 ლარი დაიხარჯა. 2019 წელს დამატებით 1,270 ლარად სარეცხი მანქანა შეიძინეს. ვინ იყენებს ამ სარეცხ მანქანას, უცნობია.

ახალციხის მერიამ 2015 წლის 6 აპრილს გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ერთადერთმა მონაწილემ შპს “კუშა 2011”-მა გაიმარჯვა. საბოლოოდ, ახალციხის მერიამ ამ კომპანიას 118,400 ლარი გადაუხადა.  

შპს “კუშა 2011”- ის დამფუძნებელი კახაბერ ტეფნაძეა. ინფორმაცია, რომ ასაწყობი შენობა მეორადი იყო და მანამდე ფარავან ჰესის მშენებლობაზე მომუშავე მუშები იყენებდნენ, მან დაგვიდასტურა. კონსტრუქციის შესახებ იხსენებს: “სახლი მეორადი იყო, თურქეთის კომპანია იყო ჰესზე. ორი დიდი კონტეინერიდან თუ რამე იყო, სულ ყველაფერი მივიტანე და მათგან ერთი იდეალურად გავაკეთე.”

ახლა სოციალურად დაუცველთა თავშესაფარი “სათნოების სახლის” დაქვემდებარებაშია. მის დირექტორს, ვერა ბარძიმაძეს რამდენიმე მცდელობის შემდეგ პირადად ვესაუბრეთ.

“ავეჯი მერიისგან გადმოგვეცა, ჩვენც შევიძინეთ თეთრეული და სხვა ავეჯი, რაც შიგნით არის. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. გაზის გათბობაა, ახლა ჩახსნილი გვაქვს, არ ხმარობს არავინ. ღმერთმა არ ქნას გაუჭირდეს ხალხს, რომ გაუჭირდებათ მოვლენ და ღამესაც გაათევენ,” – ამბობს ბარძიმაძე.

შენობაში უმაღლეს დონეზე რომ ყოფილიყო ყველაფერი, მერიის წარმომადგენლები  ხომ სიხარულით შეგვიძღვებოდნენ მის დასათვალიერებლად?

ახალციხეში ჩასვლისთანავე მერს, ირაკლი ლაზარაშვილს დავურეკეთ და ვთხოვეთ, რომ შენობის ნახვის უფლება მოეცათ. უპრობლემოდ დაგვთანხმდა. ლაზარაშვილი ახალციხის მერი 2021 წლის ოქტომბერში გახდა და თავშესაფრის შენობა მემკვიდრეობით ერგო.

მეორე დღეს ლაზარაშვილმა ზარებზე აღარ გვიპასუხა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ია გოგატიშვილმა კი გვითხრა: “თავშესაფარს ვერ გავაღებთ. თქვენ დაწერეთ, რომ არ გავაღეთ.”

ახალციხის მერს მერიის შენობაში დავხვდით. გვითხრა, რომ სატელეფონო საუბრის შემდეგ გაეცნო “აი, ფაქტის” მასალებს და ჩვენდამი ნდობა დაკარგა. “ზოგადად, მე როგორც ვნახე თქვენი სიუჟეტები, სულ ყოველთვის რაღაც ნეგატივზე წერთ,” – გვიპასუხა ლაზარაშვილმა, რომელსაც საგამოძიებო ჟურნალისტიკის არსი სათანადოდ არ ესმის.

ვკითხეთ, რას ფიქრობდა, რატომ ააშენა მერიამ თავშესაფარი მაშინ, როცა ეს არავის უთხოვია. გვიპასუხა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებდა, რადგან მერიაში ახალი მოსულია. შენობასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზეც ვკითხეთ: “სამომავლოდ, ვფიქრობ, უფრო აქტიური უნდა იყოს, ეს ქონება უფრო დატვირთული უნდა იყოს. ანუ, კარგად შესასწავლია რა მიზნობრიობით იყოს ეს უფრო დატვირთული.”

Screenshot 2022 09 26 at 10.57.27
ახალციხის თავშესაფარი

ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ თავშესაფრის დათვალიერებაზე ირაკლი ლაზარაშვილმა მაინც უარი გვითხრა. “მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, თავშესაფარი არის სრულ წესრიგში. მომართვიანობა თუ იქნება, მზად ვართ, ნებისმიერ დროს გავხსნათ და შევუშვათ და მოვათავსოთ ბენეფიციარი.

-თუ წესრიგშია, რატომ არ გვაჩვენებთ? 

– სრულ წესრიგშია.”

დაგვპირდა, რომ შემდეგ დღეებში ტელევიზიებსა და საზოგადოებას მოიწვევდა და შენობას საჯაროდ დაათვალიერებინებდა. ასეთი რამ არ მომხდარა.

თავშესაფრის ამბავს აქტიურად აშუქებდა ადგილობრივი მედია. მათ შორის,  “სამხრეთ კარიბჭის” ყოფილი ჟურნალისტი თამუნა უჩიძე. იგი ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ახალციხის ოფისის კოორდინატორია. 

“თემის მოკვლევა, როცა დავიწყე, მითხრეს, რომ მერიას ბევრმა უსახლკარომ მიმართა. ვიკითხე ეს ბევრი რამდენია. მიპასუხეს, რომ 16 მოქალაქე. სტატისტიკა რომ მოვითხოვე ოფიციალურად, მომაწოდეს მიმართვიანობა, რომელიც დაფიქსირებული იყო შენობის მოწყობის შემდეგ პერიოდში. შენობის დადგმის შემდეგ სად წავიდა ეს 16 ადამიანი, რატომ არ შეასახლეს უკვე დადგმულ სახლში, ბევრი შეკითხვა გაჩნდა,” – გვეუბნება თამუნა უჩიძე.

ჩვენ ოფიციალურად გამოვითხოვეთ მერიისგან ეს სტატისტიკა. აღმოჩნდა, რომ 2014 წლიდან დღემდე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას უსახლკაროდ დარეგისტრირების მოთხოვნით 26 პირმა მიმართა. თავშესაფრით უზრუნველყოფა კი არცერთ მოქალაქეს მოუთხოვია.

უსახლკაროთა თავშესაფრის შენობა-ნაგებობის მოწყობამდე მუნიციპალიტეტს საჭიროებისა და ბაზრის კვლევა უნდა ჩაეტარებინა. დოკუმენტი გამოვითხოვეთ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ მოგვწერა: “საჭიროების და ბაზრის კვლევის დოკუმენტი, რომელსაც ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი დაეყრდნო, არ იძებნება.”

თავშესაფარი გათვალისწინებულია ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოქალაქისთვის ღამის  გასათევად. თუმცა, როგორც ჩანს ახლა ახალციხეში იმდენად არავის უჭირს, რომ ამ თავშესაფრით ხანგრძლივად ისარგებლოს.

ამასვე ამბობს ვერა ბარძიმაძე, რომლის ორგანიზაციაც ახლა თავშესაფარს განაგებს: “ძალიან კარგია, რომ გვაქვს ეს თავშესაფარი და ისიც კარგია, რომ დატვირთული არ არის, რადგან არ გვყავს ის კატეგორია, ღამე ქუჩაში რომ ეძინოს. მადლობა ღმერთს, ასეთ ქვეყანაში, რომ ვცხოვრობთ. საჭიროება რომ გაჩნდეს? ევროკავშირის მოთხოვნები ხომ იცით, როგორია? ეგ აუცილებელია, რომ ყოფილიყო და აშენდა კიდევაც.”

თავშესაფარი ახალციხის ყოფილი მერის გიორგი კოპაძის ინიციატივით მოეწყო. ჩვენ მასაც დავუკავშირდით. გვინდოდა გაგვეგო, რის საფუძველზე გადაწყვიტა თავშესაფრის მოწყობა, იცოდა თუ არა, რომ კონსტრუქცია მეორეული იყო და ახლა რას ფიქრობდა თავშესაფრის საჭიროებაზე, როცა ფული ბიუჯეტიდან ისევ უფუნქციო შენობისთვის იხარჯება. პირველ ზარზე გვითხრა, რომ საავადმყოფოში იყო. რამდენიმე დღეში კვლავ დავურეკეთ, გვითხრა, რომ ისევ საავადმყოფოში იყო და გაგვითიშა.

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“ “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რაში დაიხარჯა 160,000 ლარი ნინოწმინდის ბიუჯეტიდან?
bazari

რაში დაიხარჯა 160,000 ლარი ნინოწმინდის ბიუჯეტიდან?

ავტორები: ქეთევან მოსიავა, ლანა როყვა და ეთო კოპალიანი კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share