საქართველოს ბიუჯეტის 40 პროცენტი სახელმწიფო ორგანოების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვებზე იხარჯება. ეს, დაახლოებით, 5.5 მილიარდი ლარია. ამ თანხიდან 17 პროცენტს, ანუ მილიარდამდე ლარს გამარტივებულ შესყიდვებში ხარჯავენ. გამარტივებული შესყიდვა ნიშნავს იმას, რომ შემსყიდველი, მაგალითად რომელიმე მერია ან სამინისტრო კონკურსის გარეშე არჩევს ერთ კომპანიას ან ინდმეწარმეს და მას უფორმებს ხელშეკრულებას.
რა უარყოფითი გავლენა აქვს გამარტივებულ შესყიდვას ჩვენზე, გადასახადების გადამხდელებზე?
- გამარტივებული შესყიდვის დროს იქმნება არაკონკურენტული გარემო და ხშირად ბიუჯეტის ფული აღმოჩნდება შემსყიდველ ორგანიზაციასთან დაახლოებული ბიზნესმენისა თუ ნათესავის კომპანიის ხელში;
- ერთ პირთან მოლაპარაკება ზრდის საქონლისა და მომსახურების ფასს, რადგან გარემო არაკონკურენტულია და ფასზე ვაჭრობა არ მიმდინარეობს. ასე იფლანგება ბიუჯეტის რესურსი, რომელიც შეიძლებოდა მოხმარებოდა განათლებას, ჯანდაცვას და სოციალურ საკითხებს.
ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო უწყებებს გამარტივებული შესყიდვის გამოყენება შეუძლიათ რამდენიმე შემთხვევაში:
- გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როგორიცაა სტიქია ან სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენები;
- თუ ამ შესყიდვას აქვს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა;
- თუ ჯდება მონეტარულ ზღვარში. მონეტარული ზღვარი სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურებისთვის კანონმდებლობითაა დადგენილი. მაგალითად, მერიას შეუძლია 5,000 ლარამდე ღირებულების ავეჯის ან რემონტის მომსახურების შეძენა კონკურსის გარეშე.
“საერთაშორისო გამჭირვალობის” საქართველოს ოფისში მკვლევარები სწავლობენ ქვეყანაში არსებულ კორუფციულ სქემებს, სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ დარღვევებსა და ბიუჯეტის ფლანგვას. ორგანიზაციის მთავარი ანალიტიკოსი, ბესო ნამჩავაძე გვეუბნება, რომ პირდაპირი, გამარტივებული შესყიდვების დროს არ არის კონკურენცია კომპანიებს შორის.
“შემსყიდველი თავისუფალია კომპანიის შერჩევისას. პირდაპირი შესყიდვისთვის უნდა იყოს გამოუვალი მდგომარეობა, ან დროში ძალიან სასწრაფო იყოს, ან ერთი კომპანიის გარდა მაინც არ არსებობდეს სხვა კომპანია. საქართველოს შემთხვევაში გვხვდება ისეთი პირდაპირი შესყიდვები, რომელზეც რთულია თქვა, რომ ეს დროში ვერ ესწრებოდა, ტენდერით რომ გაკეთებულიყო. ვთქვათ, ორი სამი დღით გვიან დაწყებულიყო. მაგალითად, სამშენებლო სამუშაოები. რადგან ტენდერი არ ჩატარდა, კონკურენცია არ გაიმართა კომპანიებს შორის, ეკონომიაც არ გაკეთდა. ანუ უკეთესი ხარისხის პროდუქცია უფრო იაფად არ მიიღეს,” – გვიხსნის ნამჩავაძე.
“აი, ფაქტმა” ამ ეტაპზე იმერეთის სამი მუნიციპალიტეტის, ხარაგაულის, სამტრედიისა და ტყიბულის გამარტივებული შესყიდვები შეისწავლა. დავინტერესდით, რაში არ დაზოგეს აქაურმა მთავრობებმა ბიუჯეტის ფული და რა მიაჩნიათ გადაუდებელ აუცილებლობად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
2020 წელს ხარაგაულის მერიას საქონლისა და მომსახურების შესაძენად სულ 1.7 მილიონი ლარი ჰქონდა. აქედან 600,000 ლარამდე თანხა გამარტივებულ, უკონკურსო შესყიდვებში დახარჯა. მერიამ 17-ჯერ გააფორმა ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის მიზნით.
ძირითადად, ხარაგაულის მერია ამ ხელშეკრულებებს გადაუდებელი აუცილებლობით და პანდემიით გამოწვეული გართულებებით ხსნიდა:
- ხუთი ხელშეკრულება გაფორმდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების შესაძენად – ჯამში, 55,049 ლარის ღირებულების;
- უხვი ნალექის გამო დაზიანებული დამცავი კედლის აღსადგენად გაფორმდა ერთი ხელშეკრულება, ჯამში 90,116 ლარის ღირებულების;
- 11 გამარტივებული შესყიდვა კი საჯარო სკოლების სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის გაფორმდა. ამაზე, ჯამში, 440 ათას ლარამდე დაიხარჯა. გამარტივებული შესყიდვები საპირფარეშოების მოსაწყობად 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ცხადდებოდა. ყველა მათგანს ახლდა გაუთვალისწინებელი სამუშაოები, შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტები დაგვიანებით ფორმდებოდა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
2020 წელს სამტრედიის მერიას შესყიდვებისთვის ბიუჯეტში გამოყოფილი ჰქონდა 1.4 მილიონი ლარი. გასულ წელს ადგილობრივმა მთავრობამ 18 გამარტივებული შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის საბაბით გააფორმა. ამაში, ჯამში, 115,772 ლარი დაიხარჯა:
- covid 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილების გადასვენების მომსახურებისთვის გაფორმდა 8 ხელშეკრულება, ჯამში, 4,135 ლარის ღირებულების;
- სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებისთვის 2 ხელშეკრულება, 6,210 ლარის ღირებულების;
- 3 ხელშეკრულება გააფორმეს წყლის ავზების შესყიდვისა და მათი ტრანსპორტირების მიზნით. ამაში 10,824 ლარი გადაიხადეს;
- გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა მერიამ სამტრედიაში საბორნე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ საქმეში 36,438 ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის განმარტებით, ორჯერ გამოაცხადეს ელექტრონული ტენდერი, თუმცა, არ შედგა. ამიტომაც გამარტივებული შესყიდვის გზით გადაწყვიტეს ამ სამუშაოების შესრულება;
- ეწერის ადმინისტრაციული ერთეულის საბავშვო ბაღისათვის მეტალოპლასტმასის ფანჯრებისა და ფანჯრის ბადის მოწოდება-მონტაჟში 1,000 ლარი გადაიხადეს. მათი განმარტებით, ორჯერ გამოაცხდეს ელექტრონული ტენდერი, თუმცა არ შედგა. ამიტომ გახდა აუცილებელი გამარტივებული შესყიდვა.
- ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის საახალწლო ამანათების გადაცემის მიზნით, სხვადასხვა სახის ტკბილეულისა და სასმელის შესასყიდად ერთი ხელშეკრულება გაფორმდა 1,540 ლარის ღირებულების.
- ორი ხელშეკრულება გაფორმდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების შესაძენად, ჯამში 55,625 ლარის ღირებულების.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის განყოფილების უფროსი, ირინა ფოცხვერია გვეუნება, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რამდენჯერმე ჩვეულებრივი, აუქციონის ტიპის ტენდერი არ შედგა და ამიტომ გამარტივებული შესყიდვა გახდა საჭირო.
“არის შემთხვევები, როცა არ დგება ტენდერები, მაგრამ მერე კვლევებში მონაწილეობის შედეგად, დაბალი ფასის მიმწოდებელთან ფორმდება ხელშეკრულება. ღია კარის დღეებიც ეწყობა ხოლმე, მშენებელ კომპანიებთან. სამშენებლო სამუშაოებზეც ეგრეა, შეიძლება იმ მომენტში დაკავებულნი არიან და ვერ შევიდნენ ტენდერებში,” – გვეუბნება ფოცხვერია.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
2020 წელს ტყიბულის მერიას საქონლისა და მომსახურების შესაძენად ბიუჯეტში 828 ათას ლარზე მეტი ჰქონდა განსაზღვრული. აქედან 280,764 ლარი გამარტივებულ შესყიდვებზე დაიხარჯა. მერიამ სულ 22 ხელშეკრულება გააფორმა კონკურსის გარეშე. ყველა მათგანის მიზეზად გადაუდებელი აუცილებლობა დასახელდა. გადაუდებელი აუცილებლობით ამ მუნიციპალიტეტში ძირითადად საწვავს ყიდულობენ. ასევე, სტიქიიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს. თუმცა, აგვისტოში მომხდარ სტიქიებზე მომსახურებას ოქტომბერსა და დეკემბერში ყიდულობენ.
- სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 4 ხელშეკრულება გაფორმდა, ჯამში 76,648 ლარი ღირებულების;
- 12 ხელშეკრულება გაფორმდა საწვავის შესასყიდად, ჯამში 85,391 ლარის ღირებულების;
- სანიტარული კვანძები მოაწყვეს ცუცხვათის საჯარო სკოლაში 27,432 ლარად;
- წერეთლის ქუჩაზე სპორტული მოედნის მშენებლობის დასრულების სამუშაოებში, ჯამში, 35,832 ლარი გადაიხადეს;
- ერთი გამარტივებული შესყიდვა სოფელ ორპირის, კურსებისა და საწირის საბავშვო ბაღების სველი წერტილებისა და კვებითი ობიექტების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ჩატარდა. აქ 38,084 ლარი დაიხარჯა;
- ტყიბულში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული მოსახლეობისთვის უფასო სასადილოს მომსახურება შეისყიდეს 3,110 ლარად;
- ერთი ხელშეკრულება გაფორმდა მრგვალი ფოლადის მილების შესაძენად, გარე განათების ბოძების დასამზადებლად. ამისთვის 13,167 ლარი დაიხარჯა;
- სოფელ გელათში საყრდენი კედლის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად 1,100 ლარი გადაიხადეს.
ტყიბულის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსს, ჯონდო ქასრაშვილს ვკითხეთ, რატომ ყიდულობენ ინფრასტრუქტურის მომსახურებას გადაუდებელი აუცილებლობით მაშინ, როცა ტენდერის გზით თანხას დაზოგავენ. ჯონდო ქასრაშვილმა გვიპასუხა, რომ ტენდერიც იციან რა არის და კონკურსიც: “გახდა მაგ დასაბუთებებით საჭირო გამარტივებულის მოთხოვნა, შესაბამისად, მოვითხოვეთ”.