fbpx
nepotizmi teatrshi

ნეპოტიზმი თეატრში

თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მსახიობები ნეპოტიზმსა და ბიუჯეტის თანხების მისაკუთრებაში ადანაშაულებენ.

ვარლამ ნიკოლაძე თეატრში 2016 წელს მივიდა, მანამდე თურქეთის თეატრალურ სამყაროში მოღვაწეობდა. ნიკოლაძემ ოჯახის წევრებიც მიიყვანა: სპექტაკლებში მისი შვილები და შვილობილები სხვადასხვა ფუნქციას ითავსებენ და თეატრის ბიუჯეტიდან ფულსაც იღებენ. ნიკოლაძე ამბობს, რომ ამ სფეროში მოღვაწე ხალხი მას მეტ თანხას სთხოვს, მისი ახლობლები კი იმავე საქმეს ნაკლები ანაზღაურების სანაცვლოდ აკეთებენ.

მაგალითად, მისმა ვაჟმა, ალექსანდრე ნიკოლაძემ სპექტაკლ “ოინბაზის” მუსიკის არანჟირებისთვის 2,500 ლარი მიიღო. მეორე ვაჟი, დავითი კი ორი სპექტაკლის რეჟისორია. რძალი, ნინი გაგნიძე ერთ-ერთი სპექტაკლის ქორეოგრაფია. მისი შვილობილი, ანასტასია რეხვიაშვილი კი სპექტაკლების აფიშების დიზაინერად და კომპოზიტორადაა მითითებული. მეორე შვილობილი, ქეთი რეხვიაშვილიც ერთ-ერთი სპექტაკლის კომპოზიტორია.

9. Varlam Nikoladze
სამხატვრო ხელმძღვანელი – ვარლამ ნიკოლაძე

„ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა პოზიციაზე, შესაძლოა, თქვენთვის უჩვეულოა,“ ამბობს ნიკოლაძე. „ანასტასია მხატვარია, მაგრამ მუსიკალური ნიჭიც აქვს. მას ჩვენთვის მუსიკა არ დაუწერია. ის კომპოზიტორი არაა. მან მხოლოდ შესაფერისი მუსიკა შეგვირჩია სპექტაკლისთვის.“

ნიკოლაძის ოჯახის წევრებისგან თეატრმა სხვადასხვა ტიპის მომსახურება პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა. ობიექტურობის შენარჩუნების მიზნით თეატრს შეეძლო, ამ მომსახურებათა შესაძენად ტენდერები გამოეცხადებინა და დაინტერესებული პირებისთვის შანსი მიეცა.

თეატრს კულტურის სამინისტრომ 2017 წელს 216 ათას ლარზე მეტი გამოუყო. აქედან 130 ათასი ხელფასებზე უნდა დახარჯულიყო, 86 ათასი კი დეკორაციებისა და სხვადასხვა ტიპის ხარჯებისთვის. გარდა ამისა, თეატრის მხარდამჭერია აზერბაიჯანული ნავთობ-კომპანია “სოკარიც.” ნიკოლაძე ამბობს, რომ კომპანიის მიერ 2017 წელს გამოყოფილ 15 ათას აშშ დოლარს განსაკუთრებით შრომისმოყვარე პერსონალის წასახალისებლად იყენებს.

თბილისში აზერბაიჯანული თეატრი 1873 წელს დაარსდა. საბჭოთა პერიოდში 50 წლის მანძილზე დახურული იყო. მუშაობა 2003 წლიდან განაახლა. თეატრალური დასი წელიწადში, მინიმუმ, ორ სპექტაკლს დგამს. ვინაიდან შენობა მოძველებულია, ის მხოლოდ რეპეტიციებისთვის გამოიყენება. სპექტაკლებს მაყურებლის წინაშე კი სხვა თეატრების სცენაზე თამაშობენ.

მას შემდეგ რაც ნიკოლაძე სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა, დასი სპექტაკლებს მხოლოდ პანტომიმის თეატრში თამაშობს. ნიკოლაძე ამბობს, რომ ამირან შალიკაშვილი, პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელი მისი მეგობარია და იქ სცენის დაქირავება შედარებით იაფია. “მარჯანიშვილის თეატრში, მაგალითად, სცენის ერთი დღით დაქირავება 3,200 ლარი ღირს. პანტომიმის თეატრში კი ორ დღეში 900 ლარს ვიხდით.”

აზერბაიჯანული თეატრის მსახიობს, ფაზილ ბაირამოვს კი ახსოვს ის დრო, როცა დასი სხვა, უფრო ლამაზ სცენებზე გამოდიოდა და უფრო კარგი სპექტაკლებიც იდგმებოდა. ბაირამოვი ამ თეატრში 10 წლის წინ მოვიდა. ამბობს, რომ ნიკოლაძის მოსვლამდე ჰონორარსაც იღებდა. ახლა კი მისი ხელფასი მხოლოდ 320 ლარია.

აზერ მუსაოღლუ უკვე მერვე წელია ამ თეატრის მსახიობია. ის გარდაბანში, თბილისიდან 50 კმ-ში ცხოვრობს და რეპეტიციებზე მაინც დადის. მისი ანაზღაურება თვეში 220 ლარია. მუსაოღლუ გვეუბნება, რომ ის და სხვა აქტიური მსახიობები ბევრად ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე ნიკოლაძის ნათესავები.

გარდა ხელფასებისა, მსახიობები უხარისხო დეკორაციების გამოც უკმაყოფილო არიან. აიდა ტიგიევაც თეატრში მუშაობს. ერთხელ ლილოს ბაზრობაზე წავიდა ნივთების საყიდლად, თეატრის დირექტორი, ნატალია ქანანელიც ახლდა. “ერთ ფეხსაცმელში 35 ლარი გადავიხადეთ, მეორეში – 60. დოკუმენტებში კი წერია, რომ თითოეულში 150 ლარია მიცემული. კიდევ კოსტიუმები ვიყიდეთ. ერთ, მთლიან კომპლექტში 200 ლარი გადაიხადეს, მერე დაწერეს, რომ მხოლოდ პიჯაკი ღირდა 200 ლარი. ვიცით, რომ სასცენო დეკორაცია არც ისე ძვირი ღირს. ყველა ნივთი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, დაბალი ხარისხისაა, ისე როგორც ჩვენი კოსტიუმები” გვეუბნება ტაგიევა.

1. Aida Taghiyeva
მსახიობი აიდა ტაგიევა

თეატრის დირექტორმა, ნატალია ქანანელმა ჩვენთან ამ და სხვა საკითხებზე საუბარი არ ისურვა. გვითხრა, რომ თუ სამინისტროს აუდიტის სამსახური ამ საკითხით დაინტერესდება, შემდეგ ჩვენთანაც ითანამშრომლებს.

მსახიობი ბინალი ისლამოღლუ იმასაც იხსენებს, რომ სპექტაკლ “ჯადოსნური ქუდისთვის” რეკვიზიტები სახლიდან მოიტანა.

მსახიობებმა თეატრის ხელმძღვანელობისგან ფინანსური დოკუმენტების ჩვენებაზე უარი მიიღეს. ნიკოლაძემ ჩვენც იგივე გვიპასუხა, რომ დოკუმენტების გაცნობის უფლება მხოლოდ მას, აუდიტორს, ქანანელსა და თეატრის შესყიდვების მენეჯერს შეუძლიათ.

მსახიობებმა ამ სტატიაში მოყვანილი მაგალითებითა და საჩივრებით კულტურის სამინისტროსაც მიმართეს. იქ უთხრეს, რომ თუ საჩივარს ოფიციალურად შეიტანენ, სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თეატრის შემოწმებას სთხოვს.

ნიკოლაძე კი ამბობს, რომ დამნაშავე არაფერშია. “შეუძლიათ მოიყვანონ აუდიტორები როცა უნდათ და აჩვენონ შედეგები. თუ აუდიტის გადაწყვეტილებით მე მართალი აღმოვჩნდები, მორალური კომპენსაციის მისაღებად სასამართლოს მივმართავ.”

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ზურაბიშვილის ორმაგი კონტრაქტი
zurabishvili

ზურაბიშვილის ორმაგი კონტრაქტი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share