fbpx
sagadasakhado

არსებობს თუ არა “საგადასახადო სამოთხე” საქართველოში?

საქართველოში მოქმედებს ხუთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ), სადაც ბიზნესს გარკვეული შეღავათებით სარგებლობა შეუძლია. ასეთი ადგილებია: ფოთის, ყულევის, ქუთაისის, ჰუალინგისა და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თიზ-ები. 

ასეთი ზონები საქართველოში 2007 წლიდან არსებობს. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებით არსდება, შემდეგ ამ თიზ-ის ორგანიზატორი კომპანია ირჩევა. თიზ-ის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

თიზ არის ადგილი, სადაც რეგისტრირებული კომპანიები არ იხდიან მოგების, ქონების, იმპორტის და დღგ-ს გადასახადებს. აქ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის და დსთ–ს ქვეყნებში ნულოვანი საბაჟო ტარიფით შედის. 

ქუთაისში ორი თიზ მოქმედებს, ერთი ჰუალინგის სახელობისაა. ის ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე 2015 წელს, გიორგი კვირიკაშვილის მინისტრობისას შეიქმნა. მაშინ პრემიერი ამბობდა, რომ ეს ხელშეკრულება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სულისკვეთებას, რომ გაფართოვებულიყო სავაჭრო ურთიერთობები, პირდაპირ პასუხობდა.

ქუთაისის ჰუალინგის თიზ 30 წლის ვადით 36 ჰა-ზე გაიხსნა, რომელშიც ჰუალინგს 40 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა დაევალა. თიზ-ის შექმნიდან 5 წელი გავიდა. “150 კომპანია ვინც რეალურად ფუნქციონირებს, ანუ ვინც ანახლებს ჩვენთან ურთიერთობას. ყოველთვიურად ეს რიცხვები იცვლება. ახლა მძიმე პერიოდია და ძირითადად კლების ტენდენციაა სამწუხაროდ,” – გვეუბნება ჰუალინგის ზონის კომერციული მენეჯერი გიორგი როგავა.  

საჯარო რეესტრიდან “აი, ფაქტისთვის” გამოგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის დასაწყისისთვის ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ში დარეგისტირირებული იყო 177 ორგანიზაცია. დღეს  ამ ორგანიზაციებიდან ორი ლიკვიდირებულია, ხუთს ლიკვიდაციის პროცესი აქვს დაწყებული. როგორც თიზ-ის ადმინისტრაცია ამბობს, ამ ტერიტორიაზე დასაქმებულთა რაოდენობა ზუსტად არ იციან. 

გიორგი როგავამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამისთვის სათითაოდ ყველა კომპანიასთან უნდა ჩამორეკოს, რისთვისაც თვეზე მეტი დრო სჭირდება. მისი თქმით, ჯამში, თიზ-ის ირგვლივ დასაქმებულია, დაახლოებით, 1,500-მდე ადამიანი: „ამაში იგულისხმება ჩვენი თანამშრომლებიც, თიზში დასაქმებულებიც, კონტრაქტორებიც, ვინც თიზ-ის კომპანიებს ემსახურებიან.’’ 

ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, რამაზ გერლიანი თვლის, რომ ჰუალინგის თიზ-ის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გათვალისწინებით, დასაქმების ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოა. “ეს არის ძალიან მცირე. დღეს დასაქმების თვალსაზრისით ხუთივე თიზ რომ ავიღოთ, არა მხოლოდ ქუთაისის ჰუალინგის თიზ, ძალიან მწირი როლი აქვს, შეიძლება ითქვას უმნიშვნელო. ალბათ, ერთ-ერთი საშუალო დონის საწარმოს იმაზე მეტი ჰყავს დასაქმებული, ვიდრე მთლიანად ამ ინდუსტრიულ ზონებში არსებულ ბიზნესებს.”

ამ დროისთვის თიზ-ში შემდეგი მსხვილი საწარმოები ფუნქციონირებს: გერმანული მზის პანელების მწარმოებელი ბრენდიეი სოლარი”, ავეჯის ორი ქარხანა, სპირტის გადამამუშავებელი საწარმო (ესპანური), პლასტმასის გრანულებისა და პოლიეთილენის გადამუშავების ქარხანა, სასტუმრო, მედიკამენტების გადამფუთავი ორი საწარმო (აზერბაიჯანული და ინდური).

ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 17 ჩინური კომპანიაა რეგისტრირებული.  მათგან რამდენიმე, შედარებით, მსხვილია საწარმოა.

“შუნსიანგის ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანია” ჰუალინგის თიზ-ში 2015 წელს დარეგისტრირდა. მისი საქმიანობა ხის გადამუშავება, წარმოება და იმპორტ-ექსპორტია. კომპანია 2019 წელს ირანში საქონლის ექსპორტიორი კომპანიების ათეულშიც მოხვდა.

შპს “საქართველო შუნის ავეჯის კომპანია ქუთაისი თიზ” ჰუალინგის ინდუსტრიულ ზონაში 2015 წელს დარეგისტრირდა. მისი მფლობელი ”ჰუალინგ ჯგუფია.” ის რესტორნებისა და სასტუმროებისათვის ავეჯს აწარმოებს.

შპს “საქართველოს ფეროშენადნობთა რესურსების კომპანიამ” 2016 წელს დაიწყო ქუთაისის თიზ-ში საწარმოს მშენებლობა. ჩინურ კომპანიას 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და 80 ადგილობრივი დაესაქმებინა. 2016 წელს, kutaisipost-ი წერდა, რომ საწარმო საექსპორტო პროდუქციას 2017 წელს გამოუშვებდა. კომპანია ქუთაისში სილიციუმის, კვარცის, ნახშირის, ქვანახშირისა და პეტროკოკის გადამუშავებას გეგმავდა. ქარხანა ჯერ არ ამუშავებულა. თიზ-ის დირექტორი სოსო ნიბლაძე ამბობს, რომ ის 2021 წელს დაიწყებს ოპერირებას. დაგვიანების მიზეზად აქაც პანდემია და საორგანიზაციო საკითხები სახელდება.

ნიბლაძის თქმით, 2021 წლიდან თიზ-ში პოლონური ინვესტიციით სამკერვალო საწარმოც ამოქმედდება. “2021 წელს ველოდებით, აპირებენ ჩამოსვლას. 50 ადგილობრივი მუშახელი უნდა ავირჩიოთ ერთობლივად და უნდა დაიწყოს ოპერირება.”

ბიზნესის საკეთებლად შექმნილი “სასათბურე პირობები” არც ისე იდეალური აღმოჩნდა, როგორც გიორგი კვირიკაშვილს ან უფრო ადრე, მიხეილ სააკაშვილს სურდათ. როგორც ჰუალინგის ზონის დირექტორი სოსო ნიბლაძე ამბობს, თიზ არც ისეთი ლიბერალური სამოთხეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. 

“ზოგადად თიზების განვითარება ისეთ ქვეყნებში, სადაც შედარებით ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობაა და დაბალი გადასახადებია, თავისთავად რთულია. გარკვეულწილად, თვითონ ქვეყნის იურისდიქცია კონკურენციას უწევს დაბალი გადასახადებით.” 

მისი თქმით, პირველი თავისუფალი ზონები რომ შეიქმნა 2007-2008 წლებში, ქვეყანაში შედარებით განსხვავებული საგადასახადო პირობები იყო. მას შემდეგ ქვეყანაში საგადასახადო კანონმდებლობა უფრო ლიბერალური გახდა. “თიზ-ებთან მიმართებაში კონკურენცია გამძაფრდა. საქართველოში ეს რეფორმები ჩატარდა, თუმცა თიზ-ში არაფერი შეცვლილა ამ მხრივ. რეალურად სახეზე გვაქვს, რომ ხშირ შემთხვევაში ინვესტორების შემოყვანას წლები სჭირდება.”

ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი ”აი, ფაქტთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თავიდანვე ეჭვის ქვეშ იყო თიზ-ების წარმატება. “ხუთი თიზ საქართველოს სიდიდის ქვეყანაში არის ძალიან ბევრი. საერთოდ არ უნდა ესწრაფვოდე თიზ-ს, მთლიანი სივრცე უნდა გქონდეს თავისუფალი და არა ის, რომ ვიღაცებს შეუქმნა სამოთხე, განსაკუთრებით ქუთაისის მსგავსი, ჩაკეტილი სივრცე. ზღვის პირას კიდევ შესაძლებელია.” 

გერლიანი ფიქრობს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონები სჭირდება ისეთ ქვეყნებს, სადაც ავტორიტარული რეჟიმია და სამოთხეები უნდა შეიქმნას. “თუ მაინც ქმნიდნენ, მაშინ ეს უნდა ყოფილიყო თავისუფალი ეკონომიკური ზონა და არა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. მოცემულ ტერიტორიაზე, ყველა ტიპის საქმიანობა უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული გადასახადებისგან. შეიძლებოდა მაშინ საბანკო სექტორიც ყოფილიყო და ეს ორი ერთმანეთს თავად განავითარებდნენ. ან სასაწყობო მეურნეობად გამოეყენებინათ, ვთქვათ ამაზონს. რახან ამ ყულფში თავი გავყავით, თიზ-ებს ახლა ვეღარ გავაუქმებთ. ეს ვალდებულებაა, შესაბამისად მათი გაკეთილშობილების ნაწილზე უნდა გადავიდეთ.”

რამაზ გერლიანის აზრით, თუკი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ნაცვლად თავისუფალი ეკონომიკური ზონები გვექნება, სადაც ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა იქნება გათავისუფლებული გადასახადებისგან, მაშინ პანდემიის გამო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესი ნამდვილად გადაწყვეტს იქ შესვლას და ეს ხელს შეუწყობს დასაქმების მაჩვენებლის ზრდასაც. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
2021 წლის ანგარიში
Screenshot 2022 11 21 at 11.16.26

2021 წლის ანგარიში

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share