fbpx

“სანთლით საძებარი” მთავრობა

tylapivake 2

ავტორი: გიორგი ჯანგავაძე

ზესტაფონში სოფელია ტყლაპივაკე, სადაც 800 ოჯახი ცხოვრობს. მათგან 150-ს ეზოში ჭა აქვს და მათი წყლის რესურსის ერთადერთი წყაროც ესაა. 

ზაფხულში, გვალვიან ამინდში ჭებში წყლის დონე იწევს და მოსახლეობა ხანდახან სასმელი წყლის გარეშე რჩება.   

“წყალი როგორ არ გვინდა? მე ამ ჭის წყლით ვსარგებლობ, მაგრამ ზაფხულზე ესეც არ გვაქვს, შრება. ახლა კი არის წყალი, წვიმები რომ იყო. ეს ჭაც ბევრი ოჯახისაა. რამდენიმე ქალაქში არიან წასული ახლა, თორემ ისინიც რომ აქ იყვნენ, წვეთი წყალი არ იქნება ამაში. ძალიან ვწვალობთ,” – გვიყვება ამ სოფელში მცხოვრები გულნაზი საცერაძე. 

მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სახლში არტეზიული ჭა არ აქვს, წყლის მოძიება მეზობლებთან უწევს. 

“წყალი?! მაგას ნუღარ მკითხავ. ჩამენგრა თირკმელები, ხან ქვედა ჭიდან მომაქვს, ზოგჯერ აგერ, მეზობლის ჭით ვსარგებლობ. ძალიან გაჭირვება არის წყალზე, მე მაინც ძალიან მიჭირს არც ჭა მაქვს და არც არაფერი ეზოში. 33 წელია აქ ვარ და სულ წყლის პრობლემა გვაქვს. ყველა იძახის გაკეთდებაო, მაგრამ როდის გაკეთდება არ ვიცი,” – გვიზიარებს თავის გასაჭირს აზა ლუტიძე.  

წყლის ცენტრალური სისტემის გაკეთება სოფლის დეპუტატის, ბუბა ნასრაძის დაპირებებშიც შედიოდა. 

“კი გვპირდებიან, მაგრამ ჯერ ვერაფერი დავინახე გაკეთებული. ენით მეც ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ისე აღარ შემიძლია,” – გვეუბნება გულნაზი საცერაძე.  

სოფელში ჩასულებს გვეუბნებიან, რომ მათთან პრობლემების გასაგებად არც დეპუტატი მისულა და არც მერის წარმომადგენელი. 

bubas sakhli scaled
ბუბა ნასრაძის სახლი ტყლაპივაკეში

“მე პირადად არ ვიცნობ სოფლის დეპუტატს. სამი წლის წინ რომ იტკიცა საკრებულოს მანდატი, მის შემდეგ დასეირნობს. სოფელში პრობლემების მოგვარება არც კი უცდია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამაც მის თავზე მოირგო, ისე გაანაწილა დენის განათების ბოძები მისხალ-მისხალ, რომ ზუსტად მის ჭიშკართნ გაჩერდა. მინდა შევახსენო, რომ ბიუჯეტის ფული მხოლოდ მას არ ეკუთვნის და ასე არაწესიერად სოფელზე არ უნდა გადანაწილდეს,” – ამბობს შორენა ლუტიძე, ტყლაპივაკეს მკვიდრი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურადაა ჩართული სოფლის პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლაში. მის ფეისბუქის გვერდზე ხშირად შეხვდებით პირდაპირ ჩართვებს ამათუიმ საკითხზე. 

ტყლაპივაკეში გარე განათების ბოძები მართლაც დეპუტატ ბუბა ნასრაძის სახლთან მთავრდება. მისი სახლი სოფლის შუაში მდებარეობს. მისი სახლის შემდეგ კიდევ სამასამდე ოჯახი ცხოვრობს. მათ ქუჩებს სინათლე არ აქვს. 

“როცა არჩევნები მოდის და მაშინ მოდიან ხალხთან, მანამდე რატომ არ ვახსენდებით?! საერთოდ არ გამოჩენილა, არ მოსულა, რა პრობლემა გაქვთ? რა გიჭირთ? რა გილხინთ? ამას არავინ არ კითხულობს. გარე განათების ბოძებიც მაგის ჭიშკართან მთვრდება. მაგის აქეთ არც გზაა, არც განათება და არც არაფერი. აქ ვითომ ჩვენ ხალხი არ ვართ,” – წუხს თემურ ლუტიძე.

ჩვენ გვინდოდა ზესტაფონის საკრებულოში სოფლის წარმომადგენელთან, ბუბა ნასრაძესთან შეხვედრა და სოფლის პრობლემებზე საუბარი. ტყლაპივაკეში მისულებს ის სახლში არ დაგვხვდა. მეზობლებლებმა გვითხრეს, რომ მისი ნახვა გაგვიჭირდებოდა. 

ამის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ტელეფონზე დავკავშირებოდით. ზესტაფონის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მოგვცეს მისი ნომერი, რომელიც რეგისტრირებული არ არის. სხვა ნომერი საკრებულოს არ აქვს. 

სოფელში ზესტაფონის მერსაც ჰყავს წარმომადგენელი. 2013 წლიდან ამ პოზიციაზე გელა კობახიძეა დასაქმებული. მისი ანაზღაურება ყოველთვიურად 1,000 ლარია. 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების თანახმად, მერის წარმომადგენელმა უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის კავშირი მთავრობასთან, აღრიცხოს მათი შენიშვნები, წინადადებები, განცხადებები და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებს მიაწოდოს. 

კობახიძე გვეუბნება, რომ სოფლის პრობლემების შესახებ მერიას 2020 წელსაც მიაწოდა  ანგარიში. ისიც იცის, რომ სოფელს წყალმომარაგებისა და შიდა საუბნო გზების პრობლემა აქვს. გვითხრა, ეტაპობრივად მოწესრიგდება ყველაფერიო,  მაგრამ დანამდვილებით არ იცის, ზუსტად როდის.  

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რა გაართულა და რა გაამარტივა კომუნალურების სუბსიდირებამ?
komunalurebi

რა გაართულა და რა გაამარტივა კომუნალურების სუბსიდირებამ?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share