„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ და გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებენ მესამე მიღებას ერთწლიან სასწავლო პროგრამაზე საგამოძიებო ჟურნალისტიკაში.
პირველი ერთწლიანი პროგრამა დასრულდა 2020 წლის ოქტომბერში, მეორე პროგრამა დასრულდა 2021 წლის ნოემბერში.
პროგრამის აღწერა:
ა) 6 თეორიული ტრეინინგი შემდეგ თემებზე: ღია წყაროებში მონაცემების ძებნა, ინტერვიუ და ფსიქოლოგია, თანამედროვე წერა, ზოგადსაგანმანათლებლო მოდული – ეკონომიკა/პოლიტიკა/საზოგადოება, მულტიმედიური პროდუქტების მომზადება, აუდიო-ვიდეო პროდუქტების მომზადება. თითო მოდულის ხანგრძლივობა 5-6 დღე. ტრეინინგები ტარდება თბილისგარეთ.
ბ) 4 საველე სამუშაო: საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტური გამოძიება და მისი ჩატარება წინასწარ მომზადებულ თემებზე. თითო საველე სამუშაოს ხანგრძლივობა, საშუალოდ, 5 დღე.
გ) თუ პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია ამას დაუშვებს, შერჩეული მონაწილეები გაემგზავრებიან გერმანიაში სასწავლო პრესტურში.
პროგრამის ხანგრძლივობაა 1 წელი (თებერვალი 2022 – ნოემბერი 2022).
წლევანდელ პროგრამაში გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება: სწავლების ფარგლებში შეიქმნება ერთიანი მედია-პროდუქტი, რომლის მომზადება ყველა მონაწილის მოვალეობა იქნება. სამუშაო თემები ერთობლივად განისაზღვრება მენტორებისა და მონაწილეების მიერ. რეპორტაჟების მომზადება არის ანაზღაურბადი.
შეჯამებისათვის: სწავლება ითვალისწინებს აქტიურ მონაწილეობას, ბევრ შრომას, ხშირ მგზავრობას, თავგადასავლებს და მოითხოვს პასუხისმგებლობის და თვითდისციპლინის/დროის მართვის მაღალ ხარისხს.
თუ ხართ ახალგაზრდა ჟურნალისტი, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი ან უბრალოდ გაინტერესებთ პროფესიული განვითარება ამ მიმართულებით, ხართ პასუხისმგებლიანი და დისციპლინებული, გამოაგზავნეთ თქვენი ბიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 1 გვერდისა) და სააპლიკაციო დავალება 14 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართებზე:
ninobakradze@ifact.ge და shamil.shugaev@freiheit.org
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. გასაუბრება გაიმართება შერჩეულ კანდიდატებთან 19 თებერვალს.
ზემოთ ნახსენებ დოკუმენტებს თან უნდა ახლდეს შემდეგი დავალებაც:
გთხოვთ, 500 სიტყვით აღწეროთ, რა თემაზე იმუშავებდით იმ შემთხვევაში, თუ გექნებათ ამის დრო და რესურსები. ეს უნდა იყოს პრობლემური საკითხი, რომელსაც გამოიძიებდით, მაგალითად, ამ კურსის ფარგლებში. აღწერაში მიუთითეთ, რა გამოწვევები და რისკები ახლავს თემის გამოძიებას და ვინ ან რა არიან ინფორმაციის სავარაუდო წყაროები, რომელთა მოპოვება გსურთ.
ცოტა რამ ორგანიზატორების შესახებ:
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“ 2016 წელს დაფუძნდა. მისი დამფუძნებელი და რედაქტორი, ნინო ბაქრაძე მუშაობდა „პანამის დოკუმენტებზე.“ „აი, ფაქტი“ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის, Organized Crime and Corruption Reporting Project-ის პარტნიორია საქართველოში. ასევე „აი, ფაქტი“ არის Global Investigative Journalists Network-ის ერთადერთი წევრი საქართველოდან. ამჟამად „აი, ფაქტი“ ერთადერთი მედია საშუალებაა, რომელიც საგამოძიებო მასალებს მულტიმედიური ფორმატით სთავაზობს მკითხველს. „აი, ფაქტის“ კვლევები ხშირად ექცევა სხვა მედიების ყურადღების ქვეშ და რეალური ცვლილებების გამომწვევიც ხდება.
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ არის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც დაარსდა 1958 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, თეოდორ ჰოისის ინიციატივით. ფონდი მოქმედებს მსოფლიოს 60 ქვეყანაში. მისი მიზნებია ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატიის განმტკიცება, და კანონის უზენაესობა. ღონისძიებების რიცხვს მიეკუთვნება არაფორმალური განათლება, საერთაშორისო დიალოგი, პოლიტიკური და მედია განათლება, კულტურული ღონისძიებები და თემატური ფილმები, კვლევები, ნაშრომების თარგმნა და გამოცემა.