იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტენდერებში მერიისა თუ საკრებულოს ყოფილი თანამშრომლები იმარჯვებენ.
Წყალტუბოს Საკრებულოს ყოფილი თანამშრომლის, ჯამბულ შუღლაძის კომპანია “ნიკედომ” ბოლო ერთ წელში წყალტუბოს მერიის 278 ათასი ლარის ტენდერები მოიგო. თანაც, უმრავლესობა უკონკურენტოდ. Მის მეორე კომპანას, “ჯ და ჯ”- ს კი მერიამ შარშან და წელს 7 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა. შუღლაძე წყალტუბოს საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე იყო 2014 წლის ჩათვლით.
ჯამბულ შუღლაძე კიდევ სამი კომპანიის, შპს კურორტტურის, შპს შევარდენის და შპს ტრასას მეწილეა. Შუღლაძის ბიზნესპარტნიორია ჯეირან ომანაძე. ის წელს წყალტუბოს საკრებულოში “ქართული ოცნებიდან” იყრის კენჭს. ომანაძე მმართველი პარტიის მსხვილი შემწირველიცაა. 2017-2020 წლებში “ოცნებას” ჯამში 60 ათასი ლარი შესწირა.
ახლობლების მიმართ ხელგაშლილია ხარაგაულის მერიაც. 2014 წლიდან დღემდე, 32 ათასი ლარის სამუშაოები დაუკვეთეს ინდ.მეწარმე ალექსანდრე მეტრეველს. თანაც, პირდაპირი ხელშეკრულებებით, უკონკურსოდ და გამოცდილების მოთხოვნის გარეშე.
მეტრეველი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული შპს ხარაგაული წყალის ყოფილი დირექტორია. ეს შპს მერიას 2008-2016 წლებში ჰქონდა. ბოლო სამუშაო მეტრეველმა ივნისში შეასრულა. Ხარაგაულის სამ სოფელში გარე განათება მოაწყო და შიდა გზები შეაკეთა. ჯამში, 31 ათასი ლარი გადაუხადეს.
Ხარაგაულის მერია საკრებულოს ყოფილ თანამშრომლებსაც სწყალობს. მერიამ ბოლო ერთ წელში 97 ათასი ლარის პირდაპირი ხელშეკრულება გაუფორმა მიხეილ გელაშვილს. მას Პირველი კონტრაქტი მაშინ დაუდეს, როცა ინდ.Მეწარმედ მხოლოდ ორი დღის დარეგისტრირებული იყო. გელაშვილი ხარაგაულის საკრებულოში იურიდიულ კომისიას 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა. Მისი და მაია გელაშვილი კი ხარაგაულის გამგეობის შესყიდვების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია.