fbpx
cover T 447x305 1

როგორ იყიდა მთავრობამ წყალტუბოს წყალი? 

ავტორი: შორენა ლაღაძე

ხელსაყრელი გარიგება მთავრობასა და ბიზნესმენს შორის წყალტუბოს თერმული წყლის მომავალს კვლავ ბუნდოვანს ხდის. არამომგებიან სახელმწიფო აქტივებს კიდევ ერთი დაემატა. მასში ბიუჯეტიდან 25.5 მილიონი ლარი გადავიხადეთ. 

ბოლო სამი წელია მთავრობა წყალტუბოს განვითარების შესახებ დაპირებებს გასცემს. ამ პატარა, მწვანე, საკურორტო ქალაქით მთავრობა მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა აქ ინვესტიციის ჩადების სურვილი. თუმცა, ოლიგარქის განცხადებიდან თითქმის სამი წლის თავზე ვხედავთ, რომ მთავრობის დაპირებებიც ისეთივე ფარსია, როგორც თავად ივანიშვილის. 

ოთხი თვის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, წყალტუბოს განვითარებას ის აფერხებს, რომ კურორტის მთავარი სიმდიდრე, თერმული წყალი კერძო მესაკუთრის ხელშიაო. “სააკაშვილის დროს, თქვენი ფავორიტი პატიმრის დროს, წყალტუბოს წყალი გასხვისდა კერძო ბიზნესმენზე. ამიტომ, შეუძლებელი იყო იქ რაიმე ინვესტიციების ჩადება, თუ მთავარი სიმდიდრე, როგორიც არის წყალტუბოს წყალი, არ არის ხელმისაწვდომი ბიზნესმენებისთვის, როგორ შეიძლებოდა იქ განვითარება?!” – უთქვამს პრემიერს მედიისთვის აპრილში. 

პრემიერის გეგმის თანახმად, სახელმწიფოსთვის დაბრუნებული წყალტუბოს წყალი კვლავ კერძო ბიზნესმენებს უნდა გადასცენ. ქართულ ენაში არის ასეთი ანდაზა – “თხა ვიყიდე, თხა გავყიდე.” რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მთავრობისთვის იმას, თუ რომელი ბიზნესმენის ხელში იქნება ბუნებრივი რესურსი? მაგრამ ჩვენი მთავრობისთვის აქვს, რადგან ამ გარიგებით ყველა მხარემ კარგად იხეირა. 

წყალტუბოს წყალი უკვე რვა თვეა სახელმწიფოს საკუთრებაა და ძალიან ბუნდოვანია, თუ რა სარგებელს მოუტანს ის ქვეყანას. 

“წინასწარ გამოისყიდეს, ინვესტორების მოსაზიდად შევქმნით უკეთეს ვითარებასო. მსგავს მიდგომას ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ. როგორც წესი, საქმე საქმეზე რომ მიდგება, კორუფციულ გარიგებამდე მივდივართ და ლიცენზია ამ რესურსებით სარგებლობაზე სახლმწიფოსთან დაახლოებულ ბიზნესმენებს და ბიზნეს-ჯგუფებს გადაეცემათ, მეტ-ნაკლებად გაურკვეველ პირობებში. ამ რისკს თავის თავში ყოველთვის შეიცავს სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი აქტივის ფლობა,” – გვიხსნის საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომიკის ანალიტიკოსი ვალერი კვარაცხელია.

ვისგან იყიდა მთავრობამ წყალტუბოს ბალნეოსერვისი? 

საზოგადოებამ პრემიერისგან აპრილში შეიტყო, რომ მთავრობამ წყალტუბოს “ბალნეოსერვისის” ქონება და თერმული წყლების ლიცენზია 8.1 მილიონ აშშ დოლარად გამოისყიდა. ეს ამბავი წელს გაგვიმხილეს, თორემ ეკონომიკის სამინისტრომ აბაზანები “ბალნეოსერვისისგან” შარშან დეკემბერში შეიძინა. გამოდის, უკვე რვა თვეა, ქონება სახელმწიფოს ხელშია და მისი გასხვისებისთვის ჯერ არაფერი გაუკეთებიათ. 

1996 წელს შეიქმნა სს “ბალნეოსერვისი”, რომელსაც წყალტუბოს თერმულ წყლებთან არსებული ინფრასტრუქტურა და მიწის ნაკვეთები პრივატიზების ფარგლებში უფასოდ გადაეცა მთავრობისგან. 

ამ კომპანიამ 2012 წელს 200,000 ლარი გადაიხადა 25-წლიან ლიცენზიაში, რომლითაც წყლების სამკურნალო აბაზანებისთვის გამოყენება შეეძლოთ.

abanoebi
“ბალნეოსერვისის” უძრავი ქონება წყალტუბოში

2022 წლამდე“ბალნეოსერვისის” საკუთრებაში იყო წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე 1.7 ჰა 11 მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ სააბაზანოების შენობები, თერმული წყლის მოპოვების ლიცენზია, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის საჭირო სამედიცინო და ტექნიკურ დანადგარები, ასევე შადრევანი და მიწისქვეშა ნაგებობა (სილამაზის წყარო).

ლიცენზიის მოპოვების შემდეგ “ბალნეოსერვისმა” დაიწყო ტურისტული-რეკრეაციული მიზნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარა სააბაზანოს შენობებს, ლიცენზიის მიხედვით, შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციაზე და სამედიცინო დანადგარების გადაიარაღებაზე 4.5 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა რა თანხა დაიხარჯა სინამდვილეში, უცნობია. ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ იძებნება.

კომპანიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტშიც შეჰქონდა გადასახადები: 2015-2022 წლებში ერთი მილიონი ლარი შეიტანა. თუმცა, სს “ბალნეოსერვისს” დიდად მომგებიანი კომპანია მაინც არ ეთქმოდა. პანდემიამდე, 2018-2019 წლებში კომპანიას მხოლოდ 317,000 ლარის მოგება ჰქონდა. 2020 წელი კი თითქმის ნახევარ მილიონიანი ზარალით დაასრულა.

shemosavali

ოფშორულ დოკუმენტებში კომპანიის მფლობელი ბოლო წლების განმავლობაში უთითებდა, რომ სს “ბალნეოსერვისის” მფლობელი კომპანიის აქტივების მთლიანი ღირებულება 397,224 დოლარი იყო. 

ამ ფონზე, ალბათ, მფლობელისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული 25 მილიონი ლარი ცუდი არჩევანი არ უნდა ყოფილიყო. 

ჩვენ ვცადეთ “ბალნეოსერვისის” მფლობელებთან, თამაზ სომხიშვილთან და სააქციო საზოგადოების ყოფილ დირექტორ ზაზა ძნელაძესთან დაკავშირება, რომ გაგვეგო, რატომ დათმეს ეს ბიზნესი. თამაზ სომხიშვილს მისი კომპანიის, “თი ეს ჰოლდინგის” ოფიციალურ ნომერზე დავურეკეთ, მივწერეთ ამ კომპანიის მეილზე და ფეისბუქ გვერდზეც, მაგრამ პასუხი არსაიდან გაგვცეს. Პირადად თამაზ სომხიშვილის საკონტაქტო ინფორმაცია არსად იძებნება, “აი, ფაქტს” სხვა მედიის წარმომადგენლებმაც უთხრეს, რომ ამ მილიონერთან კავშირი არასდროს არავის გამოსვლია. Სოციალურ ქსელში მივწერეთ ზაზა ძნელაძესაც. Მანაც უპასუხოდ დაგვტოვა.

სომხიშვილი სს “ბალნეოსერვისს” კვიპროსის ოფშორული ზონის გავლით ფლობს. 

აქციების 98 პროცენტს კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია “პროდამაქს ჰოლდინგი” ფლობს. დანარჩენ 2 პროცენტს კი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სხვა ინდივიდუალური პირები.

“პროდამაქს ჰოლდინგი” “Sol Capital Trust-ს ეკუთვნის. მისი საბოლოო მფლობელია მილიონერი თამაზ სომხიშვილი, რომელსაც საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 

somkhishvili

სომხიშვილის ბიზნესსაქმიანობა რუსეთსაც უკავშირდება. 1992-2008 წლებში სხვადასხვა პერიოდში ის რუსული კომპანია “ლუკოილ -s’’-ის, “ლუკოილ-მარკეტის” და სს “როსნეფტექსპორტის’’ დირექტორად მუშაობდა. ასევე რუსული სააქციო საზოგადოება “ტომსკაია ნეფტის’’ აქციონერი იყო 2002-2004 წლებში. 

როგორც ჩანს, სომხიშვილს ახლო ურთიერთობა აქვს პატრიარქთან და კეთილგანწყობილია საქართველოს ახლანდელი მთავრობის მიმართაც. ის ინტერვიუებში საჯაროდ ამბობს, რომ ილია მეორეს პირადადაც ესაუბრება. მთავრობაზე კი ნათქვამი აქვს, ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნავენ და ტყუილად აკრიტიკებენო. 

Ხალხზე ზრუნვის რა მოგახსენოთ, მაგრამ ის კი ჩანს, რომ მთავრობამ სათავისოდ იზრუნა და არც სომხიშვილის კეთილდღეობა დავიწყებია. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი. 

სახელმწიფომ სს “ბალნეოსერვისისგან” უძრავ-მოძრავი ქონება და ლიცენზია 2021 წლის 29 დეკემბერს იყიდა. შესყიდვამდე 6 დღით ადრე, ეკონომიკის სამინისტრომ ქონების ღირებულების შესაფასებლად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. ექსპერტებმა “ბალნეოსერვისის” ღირებულება დათვალეს მომდევნო 5 წლის საპროგნოზო შემოსავლების მიხედვით. ამ მეთოდით, ქონება 47.6 მილიონ ლარად, მაშინდელი კურსით 15.3 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.

თავად გამყიდველი კი მის ქონებას 2020 წელს 17.2 მილიონ დოლარად აფასებდა. Მაშინდელ ეკონომიკის მინისტრ თურნავასთან გაგზავნილ წერილში “ბალნეოსერვისის” დირექტორი წერს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესება გაითვალისწინეს და ამიტომ 8.1 მილიონ დოლარად გაყიდვას დათანხმდნენ. 

კარგი გარიგება ისაა, რომელშიც ორივე მხარე კმაყოფილია ხოლმე. მთავრობა გვეტყვის, რომ საბაზრო ფასზე იაფად შეიძინა, ბიზნესმენიც წაგებული არ დარჩენილა თუ კომპანიის მომგებიანობასა და ოფშორული დოკუმენტების მონაცემებს გადავხედავთ. 

საინტერესოა ის გარემოება, რომ სახელმწიფომდე, “ბალნეოსერვისის” ბიზნესის შესყიდვას ბიზნესმენ ბადრი კაკაბაძის ოჯახი აპირებდა. წყალტუბოს 8 აბაზანიდან 2 სწორედ მათ საკუთრებაშია და თამაზ სომხიშვილისგან დანარჩენის შეძენაც სურდათ. 

ბადრი კაკაბაძის შვილი, დავით კაკაბაძე სომხიშვილს ამ თემაზე 4 წლის განმავლობაში ესაუბრებოდა. Მისი თქმით, ბოლო კომუნიკაცია 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში შედგა. “ბალნეოსერვისის” მფლობელი კაკაბაძეებისგან 10 მილიონი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ ბიზნესის გაყიდვა მაინც გადაიფიქრა. სამ თვეში კი სომხიშვილმა წყალტუბოს აბაზანები და ლიცენზია სახელმწიფოს 2 მილიონი დოლარით ნაკლებად მისცა. მოლაპარაკება აღარც დავით კაკაბაძეს სურდა, რადგან ეს ბიზნესი 10 მილიონ დოლარად არ უღირდა. 

tamaz
თამაზ სომხიშვილი

“როდესაც დიდ ბიზნესში ხარ, იქ მთავრობასთან შეიძლება სხვა კომუნიკაციები გაქვს. არ ვიცი, ეგ ჩემი საქმე არ არის. მე ვიცი, რომ დღევანდელი შემოსავლებიდან გამომდინარე, ეგ ბიზნესი 8 მილიონი დოლარიც არ ღირს. აქტივი, რომელიც სომხიშვილმა გაყიდა, წამგებიანია. ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან მომავალზე მოდელირებული გადაწყვეტილება,” – გვითხრა დავით კაკაბაძემ.

ერთია, რამდენი გადაიხადა სახელმწიფომ და მეორე, როგორ დათვალა ექსპერტიზამ ბიზნესის ღირებულება. დამოუკიდებელი აუდიტორები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მეთოდი, რომელიც სამხარაულის ბიურომ გამოიყენა, სუბიექტურია. 

აუდიტორი მინდია ტაბაღუა ამბობს, რომ “ბალნეოსერვისის” შეფასებისას სამხარაულის ბიურომ ე.წ. დისკონტირების მეთოდი გამოიყენა, რაც ასეთ შემთხვევებში აბსოლუტურად მიღებულია. თუმცა, მნიშვნელოვანია ერთი დეტალი- სხვადასხვა აუდიტორმა სხვადასხვაგვარად შეიძლება გააანალიზოს სიტუაცია და ერთსა და იმავე ბიზნესს სხვადასხვა ღირებულება მიანიჭოს.

“რომელი აუდიტორი რანაირად შეაფასებს [ბიზნესს], ეგ ძალიან სუბიექტურია. ერთი და იგივე მეთოდის განხორციელების დროსაც, მე შეიძლება დაშვება გავაკეთო, რომ ეს ასე იქნება და ამიტომ, სხვანაირი მსჯელობა ავაგო,”- ამბობს მინდია ტაბაღუა.

‘’[დისკონტირება] კარგი მეთოდი კია, მაგრამ ცოტა სუბიექტური არის, ბევრი მანიპულაციის საშუალებას იძლევა და ძალიან სენსიტიურია ბევრ დაშვებებზე,”- ამბობს BDO -ს აუდიტორი ბექა ჩიქოვანი.

“აი, ფაქტი” დაინტერესდა, როგორ და ვის მიერ წარიმართა შესყიდვამდე საჭირო მოლაპარაკებები, რა გზით გამოთვალეს თერმული წყლების ფასი და საერთოდ, რატომ გადაწყდა გვეყიდა არამომგებიანი ბიზნესი. 2020 წელს კომპანიას მოგების ნაცვლად, 461 ათასი ლარის ზარალი ჰქონდა. 

სამინისტრომ ამ კითხვებზე არ გვიპასუხა. რომ ეპასუხათ, ის უფრო გაგვიკვირდებოდა. 

რა რისკს ქმნის “ბალნეოსერვისის” სახელმწიფოს ხელში ყოფნა? 

ახლა სს “ბალნეოსერვისის” აქტივები და თერმული წყლების ლიცენზია შპს წყალტუბოს თერმულ წყლებს ეკუთვნის. ამ სახელმწიფო საწარმოს კი “აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია” ფლობს. მისი მოვალეობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და გაიჯარებაა. ჯერჯერობით, მათ “წყალტუბოს წყლების” კერძო პირზე გადაცემაზე არ უზრუნიათ. მეცხრე თვე დაიწყო და აუქციონი არ გამოცხადებულა.

წყალტუბოს აბაზანების შენობები არ იძებნება “აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის” გასაიჯარებელ და აუქციონზე გასატან ქონებების სიაში. ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, თერმული წყლების გაყიდვა ჯერ არ იგეგმება, მაგრამ შეიძლება სამომავლოდ გაიყიდოს კიდეც, გამორიცხული არ არისო. 

ეკონომისტების აზრით, სახელმწიფომ რომ ბიზნესში მონოპოლიების არსებობას ხელი შეუშალოს, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, მიღებული პრაქტიკაა. თუმცა, საეჭვოა კერძო აქტივების სახელმწიფოს ხელში გადასვლა და ეს კორუფციის რისკებს ქმნის. 

“ეკონომიკური ტრანსფორმაციის” ცენტრის თანადამფუძნებელი, ეკონომისტი ნოდარ სირბილაძე მიიჩნევს, რომ თუ წყალტუბოს აბაზანები სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება, ნაკლებად მომგებიანი იქნება.

N1 abazana scaled
N1 წყარო წყალტუბოში

“რომ შევადაროთ მთავრობის ხელში არსებული ქონება და მისი ეფექტიანობა და კერძო სექტორში არსებული ქონება და მისი ეფექტიანობა, მართლა ცა და დედამიწაა. სახელმწიფოს ხელში არსებული ქონება არის დაკონსერვებული. თუ გამოიყენება, არაეფექტიანად გამოიყენება და მისგან ეკონომიკური ამონაგები არის ნაკლები, განსხვავებით კერძო სექტორისგან. კერძო სექტორი თუ წააგებს, თვითონ აგებს პასუხს ამ ყველაფერზე და სახელმწიფოს ხელში არსებული ობიექტი თუ წააგებს, ამ ყველაფერზე პასუხს ვაგებთ მეც და თქვენც, იმიტომ რომ ბიუჯეტის ფულით ფინანსდება, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი,” – ამბობს სირბილაძე.

ეკონომისტი რამაზ გერლიანი გვიხსნის, რომ თუ კერძო სექტორი და სახელმწიფო რაღაცის ერთმანეთისთვის მიყიდვაზე შეთანხდებიან, ეს ბუნებრივი მოვლენაა. თუმცა, თუ სახელმწიფო თავად აპირებს ბიზნესის მართვას, ეს მიუღებელია და შესაძლო კორუფციის რისკს აჩენს.

“სახელმწიფომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში უნდა შექმნას ბიზნესისთვის ნიადაგი და არა თვითონ აწარმოოს ეს ბიზნესი. იქ სადაც ეს შეიძლება გააკეთოს კერძომ, უნდა გააკეთოს კერძომ. სახელმწიფოს შემთხვევაში ორი მთავარი რაღაცა იკვეთება – არაეფექტიანობა და კორუფციის ნიშნები, ანუ კონკრეტული სუბიექტების ინტერესები. კერძო თავისი ჯიბიდან არ იპარავს და სახელმწიფო ყოველთვის იპარავს თავისი ჯიბიდან. აღმოჩნდება 4-5-7 წლის მერე რომ არაეფექტური ყოფილა და ჩვენ, გადასახადების გადამხდელები ვინახავდით ამ არაეფექტურ ბიზნესს,’’ – ამბობს გერლიანი.

“აი, ფაქტი” აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და მომავალშიც თვალს მივადევნებთ, რა ნაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო, იზრუნებს თუ არა კურორტის განვითარებაზე და საბოლოოდ ვის გადაულოცავს წყალტუბოს “სავიზიტო ბარათად” მიჩნეულ სამკურნალო წყლებს, ბევრ ბიზნესმენს, როგორც დაგვპირდნენ თუ ერთს და მათთან დამეგობრებულს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვინ და როგორ იცავს საქართველოს ცას?
ვინ როგორ იცავს საქართველოს ცას

ვინ და როგორ იცავს საქართველოს ცას?

ავტორები: ნანუკა ბრეგაძე, მარიამ კაჭკაჭაშვილი, მანანა ღოღობერიძე კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share