fbpx
skola

თურქი ბიზნესმენის სკოლა სახელმწიფოს ნებართვის გარეშე გაიხსნა

თურქი ბიზნესმენის კომპანიებმა საქართველოს კანონმდებლობა და რეგულაციები რამდენჯერმე დაარღვიეს. ჯარიმებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, საქმიანობას მაინც აგრძელებენ.

53 წლის გალიფ ოზთურქმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო და აქ რამდენიმე კომპანია დააფუძნა, მიწებიც იყიდა. მისი ერთ-ერთი ბიზნესი “მეტროს” ავტობუსებით სატრანსპორტო მომსახურებაა.

ოზთურქმა ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, თურქული სკოლა 2016 წელს ისე გახსნა, რომ არც შენობის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა და შემდეგ არც სასწავლო დაწესებულებას გაუვლია ავტორიზაცია. სკოლის გახსნაზე განათლების სამინისტროსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები არ მიუწვევიათ.

აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი, გია თავამაიშვილი 2016 წელს “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობდა, რომ სკოლის გახსნის შესახებ ინფორმირებულიც კი არ ყოფილა.

„სკოლის, როგორც სახელის გამოყენება, უკვე წარმოშობს ავტორიზაციის ვალდებულებას. რომ იყოს ტრენინგ ცენტრი, ან სხვა რამ, კიდევ შეიძლება, მაგრამ კანონმდებლობაში წერია, რომ საგანმანათლებლო სახელების – „სკოლა“, „უნივერსიტეტი“, „კოლეჯი“ და ა.შ გამოყენებისას აუცილებელია ავტორიზაცია“, – აცხადებდა თავამაიშვილი 2016 წელს.

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, ბათუმში ავტორიზებულ სკოლებს შორის არ არის ისეთი სკოლა, რომელშიც სწავლა თურქულ ენაზე მიმდინარეობს. გამოდის, რომ თურქულ სკოლას დღემდე არ აქვს ავტორიზაცია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საგანმანათლებლო საქმიანობა შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე ისჯება ჯარიმით. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სკოლის დირექტორთან საუბარი ვერ შევძელით, რადგან შენობაში არ შეგვიშვეს. ამიტომ კითხვებით საქართველოში თურქეთის საელჩოს მივმართეთ. რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ გვითხრეს, რომ კითხვებზე პასუხის გაცემას “ვერ ახერხებენ”.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლას არ აქვს ავტორიზაცია, დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მშობლების ნაწილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მათი ინფორმაციით სკოლა ავტორიზებულია. სკოლა, ძირითადად, თურქი ეროვნების ბავშვებზეა გათვლილი და მშობლების თქმით სასწავლო პროცესიც თურქულ ენაზე მიმდინარეობს.

“მეტრო ჰოლდინგის” დამფუძნებელი გალიფ ოზთურქი 2016 წლის 19 სექტემბერს სოციალურ მედიაში სკოლის შესახებ აქტიურად აქვეყნებდა სხვადასხვა პოსტებს. “ჩვენს თურქულ სკოლაში პირველი ზარი გაისმა. ეს კარგი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის,” – წერდა ოზთურქი 2016 წლის სექტემბერში.

გარდა იმისა, რომ სკოლას ავტორიზაცია არ აქვს, მისი შენობაც ნებართვის გარეშე აშენდა.

სს “მეტრო ატლას ჯორჯიამ” 2,500 კვ.მ. მიწა აჭარის მთავრობისგან 1.5 მილიონ დოლარად 2015 წელს შეისყიდა. ხელშეკრულების თანახმად, ამ ნაკვეთზე კომპანიას სასტუმრო უნდა აეშენებინა. 2018 წლის მაისში სს “მეტრო ატლას ჯორჯიამ” ნაკვეთი სს “მეტრო სითი ლეჯენდ ბათუმს” უსასყიდლოდ გადასცა და ნაკვეთი ორ ნაწილად დაიყო. სწორედ ამ დაყოფილ მიწაზე აშენდა სკოლა.

2015 წლის ნოემბერში ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანია გააფრთხილა, რომ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და წარმოედგინა მშენებლობის ნებართვა. პირობების შეუსრულებლობის გამო მერიამ სს “მეტრო ატლას ჯორჯია” 2015 წელს 3,000 ლარით დააჯარიმა. ხოლო მოგვიანებით, 9,000 ლარის საურავი დააკისრა.

sastumro bolo e1557921005567
სს “მეტრო სითი ლეჯენდის” სასტუმრო ბათუმში

11 დეკემბერს მერიამ სააღსრულებო ფურცელი უკვე აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს გადაუგზავნა, რომელსაც სკოლის შენობა უნდა დაენგრია. თუმცა, დღეს სკოლა იმავე ადგილზე დგას და იქ სასწავლო პროცესიც მიდის. აღსრულების ბიუროში გვითხრეს, რომ ობიექტის დემონტაჟში მონაწილეობს როგორც ბიურო, ისე ბათუმის მერიაც. ამ უკანასკნელს კი დემონტაჟის კონკრეტული დღე არ დაუთქვამს. აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა პაატა შამუგიამ განმარტა, რომ უახლოეს პერიოდში აღსრულების ბიურო უკვე თავად დანიშნავს დემონტაჟის დღეს და აღარ დაელოდება მერიას.

კითხვაზე, რატომ ააშენეს სკოლა მშენებლობის ნებართვის გარეშე, სს “მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორს, რაულ კახაძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს. რამდენიმე მცდელობის შემდეგ ვკითხეთ, რახან მეზობელ ნაკვეთზე უკვე მიმდინარეობდა მშენებლობა, ამიტომ ბარემ სკოლაც ხომ არ ააშენეს? “კი, ბატონო,” – გვიპასუხა კახაძემ.

კახაძე იმასაც ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით ორი ნაკვეთის გაერთიანებას ცდილობენ, რათა სასტუმროსთვის გაცემული მშენებლობის ნებართვა სკოლაზეც გავრცელდეს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
დსთ-ს მიმართულებით ექსპორტი იზრდება
dst

დსთ-ს მიმართულებით ექსპორტი იზრდება

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share