fbpx

წინ წყალი, უკან მეწყერი, შუაში კი ტვიში

cover tvishi 1

ავტორი: ანა ჭეიშვილი

ტვიში ლეჩხუმის სოფელია, სადაც განსაკუთრებული თვისებების ცოლიკოური ხარობს. იქ მოყვანილი 1 კგ ყურძენი 6 ლარი ღირს. მისგან დაწურული 1 ლიტრი ღვინო კი 50 ლარამდე. ბოლო წლებში ხალხი ამ სოფელს ვაზის გამო დაუბრუნდა. გააშენეს ვენახი, მარნები, საოჯახო სასტუმროები.  

ახლა ტვიშში, დაახლოებით, 80 ოჯახი ცხოვრობს. აქედან 60 მათგანი მეღვინეობას მისდევს. 15 ოჯახს პატარა სასტუმროებიც აქვს. პანდემიამდე არც ტურისტებს უჩიოდნენ და აქედან შემოსავალიც ჰქონდათ. ადგილობრივი მეწარმეების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამებითაც სარგებლობდნენ და სხვადასხვა საგრანტო კონკურსებშიც მონაწილეობდნენ. 

ტვიშის მიკროზონაში ხუთი სოფელი შედის: ტვიში, ქორენიშის დაბლობი, ორხვი, მექვენა და დერჩი. მიკროზონას 15 კმ2 უჭირავს. 

ახლა ამ ტერიტორიის ნაწილს წყლით დაფარვას უპირებენ, რადგან ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადი უნდა აშენდეს. თვითონ ტვიშშიც უნდა დაიდგას 100 მგვტ სიმძლავრის ჰესი. 

ჰესისთვის საჭირო წყალს 510 ჰექტარზე დააგუბებენ. ბუნებრივია, რომ ამას ტენიანობის ზრდაც მოჰყვება. ადგილობრივებმა იციან, რომ ასე ტვიშის ვაზს შეეცვლება როგორც საგემოვნო თვისებები, ისე ფერი და ეს მნიშვნელოვანი კულტურა დაიკარგება. 

დღესაც ბოლომდე არაა გამოკვლეული, რა გავლენა ექნება ამ პროექტს ტვიშის მიკროზონაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომპანიას 2020 წლის დასაწყისში თხოვდა, ტვიშის ზონაში წარმოებული ყურძნის და ღვინის ხარისხობრივ მახასიათებლებზე დაკვირვების დაწყებას და მეტი ინფორმაციის მოგროვებას. 

“ყურძენი სიდამპლეში გადადის მაშინ, როცა მის სტრუქტურაში ზედმეტი წვენი დგება. თუ ტენიანია გარემო, ყურძნის მარცვალს უჩნდება ე.წ. “ნაწიბური” და მარცვალი აღარ ვითარდება. იზრდება, მაგრამ კანი არ ვითარდება. ე.წ. “ნაწიბურის” ადგილი სკდება და შემდეგ ობდება, რომელიც  ქარში მტვრის სახით გადადის სხვა ყურძენზე და ვირუსივით ედება ნაყოფს,” – გვიხსნის ბექა ლაჭყეპიანი.

ბექა 2008 წლიდან მეღვინეა. ჯერ ვაზი გააშენა, შემდეგ ღვინო დაწურა, ბოლოს უკვე სანერგე მეურნეობასაც მიჰყო ხელი. ახლა აქტიურადაა ჩართული “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინაღმდეგ ბრძოლაში, რადგან მიაჩნია, რომ ეს პროექტი ქვეყანას და, განსაკუთრებით ადგილობრივებს, მხოლოდ ზიანს მოუტანს. 

ტვიშში მეღვინე გიორგი ნემსიწვერიძეც ცხოვრობს, რომელიც, ბექას მსგავსად, განიცდის ამ მიკროზონის შესაძლო გაქრობას და იმ საფრთხეებს, რომელიც ყურძნის ჯიშებს ჰესისგან ემუქრება. 

“აქ რომ წყალი დადგება, მერე აორთქლდება, კლიმატი შეიცვლება, თავისთავად მიკროზონაც გაქრება. გაქრება ვაზიც, თავისი საგემოვნო თვისებებით, იმ შაქრიანობის და სიმჟავის ბალანსით, ვაშლის და მსხლის გემოების ჰარმონიით, რომელიც აქაურ ცოლიკოურს დაკრავს,” – გვეუბნება გიორგი ნესმიწვერიძე.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” თავის ერთ-ერთ ანგარიშში წერს, რომ  ნამახვანჰესის კასკადით გამოწვეული კლიმატური ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ ტვიშის ცოლიკოურზე, არამედ ხვანჭკარასა და უსახელაურზეც, რომელიც არანაკლებ ღირებული და გამორჩეული ქართული ღვინოებია.

tvishis mikrozona
ტვიშის მიკროზონა

ნამახვანჰესის პროექტს კომპანია “ენკა რინიუებლზი” საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ახორციელებს. კომპანიის დაკვეთით მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედებას აფასებს, მოტანილია სამხრეთ აფრიკის, ურუგვაის, შვეიცარიისა და კანადის მაგალითები. განხილულია, რომ იქ მოწყობილი წყალსაცავების წყალობით შეცვლილმა კლიმატმა დადებითი გავლენა იქონია იქაურ ვაზზე. 

გზშ-ს მიხედვით, კომპანია ვარაუდობს, რომ ნამოხვანში დაგუბებული წყლის გამო შეცვლილმა კლიმატმა, შესაძლოა, იმოქმედოს მხოლოდ იმ ვენახებზე, რომელიც წყალსაცავიდან 100 მეტრში მდებარეობს. ასეთი კი სულ სამი ვენახია აღრიცხული, ორი მექვენაში, ერთი კი დერჩში. სხვა სოფლებში კი ვაზზე უმნიშვნელო ზემოქმედებასაც არ ელიან. 

გზშ-ში ისიც წერია, რომ გლობალურმა კლიმატურმა ცვლილებებმა უკვე ისედაც  გამოიწვია ტემპერატურის ზრდა საქართველოში, ამიტომ ტვიშის კლიმატი თუ შეიცვლება, ეს განპირობებული იქნება არა ნამახვანის პროექტით, არამედ გლობალური მასშტაბის კლიმატური ცვლილებით. 

2020 წლის დასაწყისში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიას მოთხოვა ტვიშის მიკროზონაში ვაზზე დაკვირვების დაწყება. კომპანიაში გვიპასუხეს, რომ ტვიშის ზონაში წარმოებული ყურძნის და ღვინის ხარისხობრივ მახასიათებლებზე დაკვირვება დაიწყეს. ამ მიზნით სოფელ ვანისჭალასა და ზემო მექვენაში მაცხოვრებლების კერძო ნაკვეთებში კომპანიამ უკვე დაამონტაჟა შესაბამისი სენსორები. ამაზე დამატებით ინფორმაციას კომპანიისგან კვლავ ველით და მიღებისთანავე გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე.

ამ დროს სოფელი ვანისჭალა საერთოდ არ მიეკუთვნება არც ტვიშის მიკროზონას და არც კომპანიას უხსენებია გზშ-ში, როგორც ვაზზე რაიმე მოსალოდნელი ზეგავლენის ობიექტი.  

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნამახვანის პროექტს ვენახების მიკროკლიმატზე გავლენა არ ექნება. მიუხედავად ამისა, გეგმავენ რამდენიმე ღონისძიებას. მაგალითად,  ტვიშში, მექვენასა და დერჩში უნდა შეისწავლონ წყალსაცავის ტერიტორიიდან 100 მეტრის მანძილზე არსებული ვენახების მიკროკლიმატის დახასიათება და ყურძნის ხარისხის მაჩვენებლები. 

აპირებენ, რომ შეიმუშავონ მონიტორინგის გეგმის პროექტი, რომელსაც განიხილავენ ადგილობრივ მევენახეებთან ერთად. ასევე რეზერვუარებიდან 100 მეტრის სიახლოვეს განლაგებული ვენახები უნდა დაიტანონ რუკაზე და თითოეული მიწის ნაკვეთი გამოიკვლიონ ყურძნის წარმოების ხარისხისა და პირობების დოკუმენტირებისთვის. 

კომპანიის აზრით, საველე კვლევები ჩატარდება პროექტის მშენებლობისა და ჰესის ამუშავებიდან ორი წლის განმავლობაში. ამ კვლევებში მონაწილეობისთვის მიიწვევენ ადგილობრივ მევენახეებსაც. 

იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგი აჩვენებს, რომ წყალსაცავს უარყოფითი გავლენა აქვს მიმდებარედ არსებულ ვენახებზე, მაშინ დაზარალებულ მევენახეებს შესთავაზებენ შემარბილებელ და საკომპენსაციო ღონისძიებებს. 

“არ არსებობს ტენიანობის შემარბილებელი ღონისძიება. ეს ტყუილია. ზღაპარია. მაგათ ჩვენ დაბალი ღობე ვგონივართ და რადგან სოფელში ვცხოვრობთ. ჰგონიათ, რომ განათლება არ გვაქვს. ჩვენ კომპანიას მოვთხოვეთ გამოეკვლიათ ლაჯანურის ხეობა და ისე გაეკეთებინათ კვლევები ტვიშის შემთხვევაზე, მაგრამ არ დაგვთანხმდნენ,” – გვეუბნება ტვიშის მკვიდრი, მეღვინე ბექა ლაჭყეპიანი. “ლაჯანურის კასკადის (მდებარეობს ცაგერში) აშენებამდე თუ ორჯერ წამლავდნენ ყურძენს, ახლა წამლავენ ათჯერ, რადგან დროთა განმავლობაში ტენიანობამ მოიმატა. ტენიანობის მომატება კი, გარკვეული დროის შემდეგ, ყურძენს სხვადსახვა დაავადებებს უჩენს.“ 

ლაჯანურიჰესი ჩამონადენზე მომუშავე, მცირე ზომის ჰესია,  რომელიც 60-ან წლებში ლეჩხუმში აშენდა. სოფელი ლაილაში ლაჯანურის საგუბრებიდან, დაახლოებით, 3 კმ-ში მდებარეობს. გუგა კაჭკაჭიშვილი გვიყვება, რა შეცვალა ჰესმა მათ სოფელში. 

“მე ვარ მეფუტკრე, ვენახიც  მაქვს. 50 წლის ვარ და ამ ხნის განმვალობაში სოფელში ყველაფერს  ხავსი მოეკიდა, ნიგოზს, სხვა ხეხილს, ყველაფერი ხმება. ადრე რომ უნდა შეგვეწამლა ვენახი, მაგალითად სამჯერ, ახლა გვიწევს შევწამლოთ ხუთჯერ და ხარისხი მაინც დაბალია ყურძნის.  ლაილაში ჩვენი ვენახების ჰესის ზონიდან, დაახლოებით, 1 კმ-ში მდებარეობს და ვენახები სულ დამეწყრილია.“

“ჩემი უფროსი თაობის ხელში აშენდა ლაჯანურჰესი. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ეს ჰესი ახლა არაფერს არ იზამს, მაგრამ გავა 50-60 წელი და გამოაჩენს საკუთარ “შესაძლებლობებსო,” – გვეუბნება ლერი ერბელიძე სოფელ ლაილაშიდან. “ახლა 51 წლის ვარ, რომ წამოვიზარდე მას მერე ვენახს ვუვლი, 4 წამლობით მე მომყავდა მოსავალი, ახლა კი მე-9 და მე-10 წამლობა მჭირდება, ისიც წვალებით, რომ ყურძნის მოსავალი მოვიყავნო. აი, ზუსტად ეს ქნა ჰესმა. ვენახები წყალსაცავიდან 150 მეტრში რაც მქონდა, ყველა გავაუქმე, აზრი არ ქონდა. ჩვენი სოფლის განსაკუთრებული ვენახები რაც იყო, ისინი კიდევ წყალში მოყვა. ბუდუშური – ასეთი ვაზის ჯიში იყო ჩვენთან უნიკალური, ისიც გაქრა. დახავსებული ხეებითაა სავსე ჩვენი ხეობა. ლეჩხუმი კაკლით ირჩენდა თავს და მერამდენე წელია აქ კაკალი არ მოსულა, დახავსებულია, გახმა.”

ნამახვანჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში არსადაა საუბარი და განხილვა იმ შედეგებისა, რაც ლეჩხუმს ლაჯანურჰესმა მოუტანა.

ტენიანობის შემარბილებელი ღონისძიების რეალურობაში ეჭვი ეპარება “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელს, ირაკლი მაჭარაშვილსაც.

“რატომ წერენ იცით შემარბილებელ ღონისძიებებს? გარემოს დაცვითი კოდექსის 14-ე მუხლის მიხედვით, ნებართვა არ უნდა გაიცეს თუ შეუძლებელია შემარბილებელი ღინისძიების გატარება. ეს არის სიტყვებით თამაში, რომ მერე არ ითქვას, შემარბილებელი ღონისძიება შეუძლებელია და ამიტომ უარი ეთქვას პროექტის განხორციელებასო. ამიტომ, ვალდებულნი არიან ჩაწერონ ასე.”

“ენკას” მიერ წარდგენილი ეს ანგარიში გარემოს დაცვის სამინისტრომ თავის სსიპ-ს, “ღვინის ეროვნულ სააგენტოს” შესამოწმებლად 2019 წლის 12 დეკემბერს გაუგზავნა. ანგარიშში, აღწერილია  “ნამახვანჰესის” მშენებლობის შემთხვევაში მოსალოდნელია თუ არა კლიმატის ცვლილება და ეს თავის მხრივ, რა გავლენას მოახდენს ყურძნის ჯიშებზე. საკითხის განსახილველად სააგენტოს 6 დღე მისცეს. 6 დღეში ღვინის  ეროვნულ სააგენტოს უნდა შეესწავლა საკითხი და კომპეტენეტური დასკვნაც დაედო.

სააგენტომ პასუხი გარემოს დაცვის სამინისტროს 2020 წლის 14 იანვარს გაუგზავნა. დოკუმენტში სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით გრიგოლია წერს, რომ “ენკა რინიუებლზის” მიერ მომზადებული კვლევების საფუძველზე, ჰესის პროექტი წარმოებული ღვინის ხარისხზე ნეგატიურად არ იმოქმედებს. 

მიუხედავად ამისა, სააგენტო საჭიროდ მიიჩნევს უფრო სიღრმისეულ კვლევას. წერილში ასეთი ჩანაწერიცაა: “ნიშანდობლივია, რომ წერილში წამოჭრილი საკითხი – ჰესების მოწყობის შედეგად კლიმატის სავარაუდო გავლენა მოცემული მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხზე – მოითხოვს ღრმა ანალიზს, მიეკუთვნება სამეცნიერო სფეროს და გარკვეულწილად სცილდება სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს. მიგვაჩნია, რომ იგი უნდა გადაწყდეს მხოლოდ შესაბამისი კომპეტენტური კვლევითი დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, რომელიც დაფუძნებული იქნება, როგორც კლიმატის, ასევე ყურძნისა და წარმოებული ღვინის პარამეტრების კომპლექსურ შეფასებასა და ანალიზზე.”

ჩვენ სსიპ “ღვინის ეროვნულის სააგენტოსთვის” გვინდოდა, გვეკითხა, თუკი სააგენტო მიიჩნევს, რომ ჰესის გავლენა კლიმატზე უმნიშვენლო იქნება, მაშინ რატომ მისწერეს სამინისტროს, რომ ღვინის საკითხი სცდება სსიპ “ღვინის ეროვნული სააგნეტოს” კომპეტენციას? სააგენტოდან ჩვენთან საუბარი არავინ ისურვა. 

ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, მაგრამ ყურძნისა და ღვინის მახასიათბელებზე სრულმასშტაბიანი დაკვირვება, ჯერჯერობით, არა. ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ახალი კვლევები არსებობს და მალე გასაჯაროვდება. 

ამ კვლევებს ჩვენც დიდი ინტერესით ველით.  

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ათასი გეგმა ნულოვანი ბიუჯეტით
genderi 1

ათასი გეგმა ნულოვანი ბიუჯეტით

საბჭოების ძირითადი საზრუნავია ქალების დასაქმება, პოლიტიკაში ჩართვა, ძალადობის

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share