23 წელია თბილისში, სასტუმრო “უშბაში” აფხაზეთიდან დევნილი 113 ოჯახი 20 კვ.მ. ფართობის მქონე ოთახებში ცხოვრობს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, შენობის მდგომარეობა შეუსაბამოა საცხოვრებელი სახლისთვის საჭირო პირობებთან. იმის გამო, რომ სასტუმროს კერძო მფლობელი ჰყავდა, სახელმწიფო დევნილთა პრობლემების მოგვარებაზე არ ზრუნავდა. 10 წლის მანძილზე კი კერძო მფლობელი ჯერ თავად კახა კალაძე იყო, შემდეგ კი მის მიერ დაფუძნებული კომპანია სს “უშბა დეველოპმენტი.”
თბილისის მერობის კანდიდატმა დევნილებით სავსე შენობა 2006 წელს შეიძინა. ერთი წლის შემდეგ კი საკუთარ კომპანიას, სს “კალა დეველოპმენტს” გადასცა. 2007 წლის ნოემბერში კვიპროსის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული Webion Investments Limited-სგან კალაძემ 6.2 მილიონი ევრო ისესხა. 2013 წლის სექტემბერში კალაძემ სს “კალა დეველოპმენტის” 100 პროცენტი და სასტუმროს შენობაც, რომელიც იმ დროს კომპანიის კაპიტალს წარმოადგენდა, კვიპროსულ კომპანიას სესხის დაბრუნების სანაცვლოდ გადასცა.
კალაძის მიერ დაფუძნებულ “კალა დეველოპმენტს” ახალმა მფლობელმა “უშბა დეველოპმენტი” უწოდა. 2013 წელს ოფშორულ კომპანიას კალაძის ძველი პარტნიორი, მაიკ ზოი აკონტროლებდა. 2007-2009 წლებში ზოი “კალა დეველოპმენტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. ახალმა მფლობელმა კომპანიას “უშბა დეველოპმენტი” კი უწოდა, მაგრამ მისი დირექტორი არ შეუცვლია. ამ თანამდებობას ილია კეჭაყმაძე დღემდე ინარჩუნებს. კეჭაყმაძე ამავდროულად კალაძის კომპანიას, შპს “კალა კაპიტალსაც” ხელმძღვანელობს.
დევნილების თქმით, 2007-2008 წლებში მათ კომპენსაციის მიცემას დაპირდნენ, მაგრამ ეს გარიგება არ შედგა და ოჯახები დღემდე სასტუმროს ძველ შენობაში ცხოვრობენ. კერძო მესაკუთრის არსებობის გამო, დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ამ წლების მანძილზე არც სახელმწიფო ზრუნავდა.
ვინაიდან კერძო მესაკუთრე დევნილებით სავსე სასტუმროს შენობისგან ფინანსურ სარგებელს ვერ იღებდა, ქონების მიღებიდან 9 წლის შემდეგ დახმარება სახელმწიფოს სთხოვა და გარიგებაც შედგა.
2016 წლის 1 დეკემბერს მთავრობამ კალაძის მიერ დაფუძნებულ კომპანიას, “უშბა დეველოპმენტს” დევნილებით სავსე შენობა და მასზე დამაგრებული 6,426 კვ.მ. ნაკვეთი საბურთალოზე მდებარე 10,688 კვ.მ. მიწაში გაუცვალა. გარიგებიდან 5 დღეში მიღებული ქონება “უშბა დეველოპმენტმა” შპს “არქი საბურთალოს” 4.6 მილიონ ლარად მიყიდა. ახლა “არქი ჯგუფი” ამ ადგილზე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებს.
2016 წლის ზაფხულში, როდესაც ქონების გაცვლაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 1 კვ.მ. მიწა საბურთალოზე 430 ლარად შეაფასა, კომპანიის დიღომში მდებარე საკუთრება კი 627 ლარად. სამხარაულის დაკვნების მიხედვით, სახელმწიფოს ქონება, კომპანიის მიწასა და შენობებთან შედარებით, 23,350 ლარით ძვირი ღირდა.
დიღომში, საქალაქო სასამართლოსთან მდებარე მიწის ორი ნაკვეთი კალაძემ 2006 წელს სს “სასტუმრო უშბას” დირექტორ გიორგი ჩლაიძისგან 195 ათას ლარად შეიძინა. ერთი წლის შემდეგ კი უსასყიდლოდ გადასცა სს “კალა დეველოპმენტს,” რომელმაც ქონებიდან 4.6 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო.
თბილისის მერობის კანდიდატისგან, კახა კალაძისგან გვაინტერესებდა, რატომ იყიდა შენობა, რომელსაც მისი სურვილისამებრ მანამ ვერ გამოიყენებდა, ვიდრე იქ დევნილები ცხოვრობდნენ და რა გეგმა ჰქონდა ამ ქონებასთან დაკავშირებით. ამ და სხვა კითხვებზე მისი ოფისისგან პასუხებს დღემდე ველით.
დაპირებული, მაგრამ მიუღებელი კომპენსაცია
დევნილები ამბობენ, რომ მათ 2007-2008 წლებში კომპენსაციას დაპირდნენ, თუკი შენობას დატოვებდნენ. “ლაპარაკი იყო კომპენსაციაზე 12 ათასი დოლარის ოდენობით, მაგრამ არ ვიცით, ვინ იდგა ამის უკან. იმ პერიოდში ამ თანხით ვიყიდდით რუსთავში ერთოთახიან ბინას. ბევრმა დაიწყო სახლის ძებნა და დაეკარგა ე.წ. “ბე” ანუ ბინის მფლობელისთვის წინასწარ მიცემული ფული, დაახლოებით 300-500 დოლარი. ეს ფული ზუსტად ვიცი, რომ ხალხს ნასესხები ჰქონდა,” – ამბობს ირმა გუგეშაშვილი, რომელიც ორ შვილთან ერთად 12 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახში ცხოვრობს.
ვალია ხარძიანი გვეუბნება, რომ დევნილები ამ შენობის დატოვებას პირველივე შემოთავაზებისთანავე დათანხმდნენ. თუმცა, არ ახსოვს ვის უნდა გადაეხადა მათთვის კომპენსაცია. “მითხარით, აბა, უნდა აქ ვინმეს ცხოვრება? ეს არის ავარიული კორპუსი. ჩემთან რომ შემოხვიდეთ, იტირებთ. ჯანმრთელობა დავკარგე აქ.”
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის აგვისტოს დასკვნით მიჩნეულია, რომ “შენობის დაგეგმარება და საყოფაცხოვრებო პირობები მართლაც შეუსაბამოა საცხოვრებელი სახლისთვის საჭირო პირობებთან.” სასტუმრო “უშბაში” მცხოვრებ დევნილებს განსაკუთრებით ზამთრის გადატანა უჭირთ, რადგან შენობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. დღეს შენობა სახელმწიფოს საკუთრებაა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ჩვენთვის მოწერილ წერილში ამბობს, რომ დევნილები რთულ პირობებში ცხოვრობენ და სახელმწიფოს მათი დახმარება იქამდე არ შეეძლო, ვიდრე ქონება კერძო მესაკუთრეს ეკუთვნოდა. მათ სახელზე არც ის 12 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახებია რეგისტრირებული, რომლებშიც ათეულობით წელია ცხოვრობენ.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაძეს დევნილთა საერთო საცხოვრებლის გამო გიგი უგულავაც დაუპირისპირდა. “უგულავა რეგულარულად მთხოვდა სააკაშვილის სახელით ხალხი იქიდან (სასტუმრო “უშბადან”) გამეყარა ძალისმიერი მეთოდით, ვინაიდან მიშას აღიზიანებდა უსახური და ლტოლვილებით გამოჭედილი შენობა. რასაკვირველია, მე უგულავას და სააკაშვილის ეს კაპრიზი არ შევასრულე,” – აცხადებდა კალაძე ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. ჩვენ კალაძეს ვკითხეთ, რის საფუძველზე სთხოვდა უგულავა მას დევნილების გაყრას ან რა ალტერნატივა უნდა შეეთავაზებინათ 113 ოჯახისთვის, თუმცა, კითხვაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
გარიგება სახელმწიფოსა და კომპანიას შორის
2016 წლის 16 სექტემბერს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართა, მოეძებნათ ალტერნატიული ქონება კომპანიისთვის, რათა სამინისტროს შეძლებოდა სასტუმროს ფართის დევნილებისთვის საკუთრებაში გადაცემა.
იმავე დღეს, 2016 წლის 16 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განკარგულება გამოსცა და მთავრობამ სს “უშბა დეველოპმენტს” დევნილთა საცხოვრებელი და მისი მიმდებარე ტერიტორია საბურთალოზე მდებარე მიწაში გაუცვალა.
თუმცა, ქონების გაცვლის იდეა გაცილებით ადრე, 2016 წლის მაისში გაჩნდა, როცა სახელმწიფომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საბურთალოზე მდებარე ქონების შეფასება თხოვა. იხილეთ მოვლენათა ქრონოლოგია:
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აზრით, გარიგება ხელს აძლევს კომპანიას, რომ ქონებით მოგება ნახოს. “პრობლემა ექმნებოდა სს „უშბა დეველოპმენტს,” რომელიც წლების განმავლობაში ვერ სარგებლობდა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რის გამოც კომპანიას ადგებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით მატერიალური ზიანი,“ – წერია სააგენტოდან მიღებულ წერილში.
გარიგების მოტივს თუ ყურადღებით დავაკვირდებით, იგი სასარგებლო უნდა ყოფილიყო ორივე მხარისთვის, კომპანიისთვისაც და დევნილებისთვისაც, რომლებსაც ამ შენობაში ფართები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ. სახელმწიფოსა და “უშბა დეველოპმენტს” შორის შეთანხმებიდან ერთი წელი გავიდა და ჯერ-ჯერობით სარგებელი მხოლოდ კომპანიამ ნახა, რომელმაც სამინისტროსგან მიღებული ქონება 5 დღეში 4.6 მილიონ ლარად გაყიდა. დევნილებისთვის კი ფართები საკუთრებაში დღემდე არ გადაუციათ. განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გვეუბნება, რომ სასტუმრო “უშბადან” დევნილების გაყვანა და მათი სხვა საცხოვრებლით დაკმაყოფილება იგეგმება. როდის დაიწყება ეს პროცესი ან რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან ამ მიზნით, ჯერ უცნობია.
პარალელურად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ, რომ შენობას ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება. არადა, დევნილები სხვას ამბობენ და მოწმეებად ფანჯრიდან გადმოკიდებული ე.წ. “გაზის ბალონები” და შეშის ღუმელის მილები მოჰყავთ.
სტატიაზე მუშაობდნენ: ნინო ბაქრაძე, ნანუკა ბრეგაძე და ნინო აბდალაძე