fbpx

ვანდალიზმი სახელმწიფოს ხელით

გელათის თავგადასავალი გრძელდება. შარშან უხეირო გადახურვის გამო ტაძრის მხატვრობა რომ დაზიანდა, კარგად გვახსოვს. წვიმის წყალმა საღებავები ჩამორეცხა და ფრესკებს ფერი დაუკარგა. საქმე უკვე გაფუჭებული იყო, მაგრამ გელათის ბედი რომ უცხოელ ექსპერტებს ჩააბარეს, იმედი მოგვეცა. ვიფიქრეთ, მათი რჩევით, გადახურვასაც ეშველება და მხატვრობასაცო.

ორი კვირის წინ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს ბოქლომი დაადეს და დაკეტეს. გელათში ახლა კედლის მხატვრობისა და მოზაიკის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ამას ხმამაღლა არავინ ამბობს. იქნებ იმიტომ, რომ ეს ვანდალიზმია და ჯერ კიდევ ნესტიან კედლებზე კონსერვაციის დაწყება არ შეიძლებოდა.

იტალიური ასოციაცია “სუარდოს” ექსპერტებმა ივნისის ბოლოს, ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. სანდოა თუ არა მათი რჩევები, ამაზე ქვემოთ გეტყვით. იქამდე, საყურადღებოა ვინ და რატომ მუშაობს ახლა ტაძარში, დაკეტილ კარს მიღმა. 

კედლის მხატვრობის და მოზაიკის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ პირველ ნოემბერს ხუთი ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოები მერაბ ბუჩუკურს და მის გუნდს ანდეს. ამისთვის, ჯამში 26 ათასი ლარი გადაუხადეს და ერთთვიანი ვადა მისცეს. არადა, მათ ამ საქმის ბევრი არაფერი გაეგებათ. 

მერაბ ბუჩუკური თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ხატწერის და დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის ხელმძღვანელია. გელათის მხატვრობის აღდგენაზე მუშაობს მისი თანაშემწე ზაზა სუმბაძეც.

ხელოვნების ისტორიკოს მზია ჯანჯალიას თქმით, ჯგუფის შერჩევაცა და თავად სამუშაოც გასაიდუმლოებულია. ამ გადაწყვეტილებების შესახებ პროფესიულმა წრემ არაფერი იცის. 

„ჩვენი მოთხოვნა იმთავითვე საერთაშორისო კონსილიუმის მიერ მდგომარეობის დიაგნოსტიკა, შემდგომ კი სამუშაოების კვალიფიციური უცხოურ-ქართული ჯგუფის მიერ წარმართვა იყო. აღმოჩნდა, რომ მხატვრობასთან მიმართებით სახელმწიფო მიენდო ერთ, არცთუ კვალიფიციურ იტალიურ ჯგუფს და გაუგებარი პრინციპით შეარჩია ქართული ჯგუფი, რომლის კვალიფიკაციის მიმართაც უკვე წლებია, სერიოზული შეკითხვებია. ამის საილუსტრაციოდ ერთი მაგალითიც კმარა: ბოლო ხანს ამავე ჯგუფის განხორციელებული გრემის მოხატულობის პროექტის უხარისხობა ერთხმად დაადასტურა მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შიდა ექსპერტიზიმაც და მონუმენტური ფერწერის საბჭომაც,” – ამბობს მზია ჯანჯალია.

ბუჩუკური თვითონაც გვიდასტურებს, რომ მოზაიკასთან მუშაობა არ იცის და არც აპირებს შეეხოს. რომ ვკითხეთ, მაშინ მოზაიკის კონსერვაციაც რატომ გევალებათთქო, გვითხრა, არამგონია ხელშეკრულებაში დარღვევა იყოსო. 

“მოზაიკაზე კარლო ბაკურაძესთან ერთად ვმუშაობდი 40 წლის წინ და წარმოდგენა მაქვს რა გააკეთა. მაყურებელი ვიყავი, რასაც დამავალებდა ვაკეთებდი. პროფესიული გამოცდილება არ მაქვს. მოზაიკა თუ ჩამოვარდება, თქვენც დაინახავთ და მეც, ღმერთმა დაიფაროს. ვნახე, შევამოწმე, ხომ არ ცვივა, ამას დიდი სპეციალისტი არ სჭირდება. რომ ნახავ, მოფამფალებულია. ამ ეტაპზე კატასტროფული მდგომარეობა არ ჩანს მხატვარ-რესტავრატორის თვალით და არა მოზაიკის სპეციალისტის თვალით.”

გამოდის, კულტურის სამინისტრომ გელათის მხატვრობის ბედი მოზაიკასთან მუშაობაში გამოუცდელ და არაპროფესიონალ ხალხს ჩააბარა. არადა, მათ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის და მოზაიკის დაზიანებები უნდა შეისწავლონ და დაგეგმონ, როგორ გამოასწორებენ მდგომარეობას. ამ გუნდმა ზედაპირზე გამოსული მარილის კრისტალები უნდა მოაშოროს და გაამაგროს მოხატულობიანი ბათქაშის აქერცლილი ფენები. 

საეჭვოა, როგორ ასრულებს ჯგუფი ხელშეკრულების პირობებს მაშინ, როცა მოზაიკების მდგომარეობას არ აღწერს. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე მაკა ბულია გვეუბნება, რომ მისთვის ცნობილია მონიტორინგის მხოლოდ ერთი ანგარიში, ისიც, მხოლოდ მთავარი ტაძრის ერთ ნაწილზე.

ამ ანგარიშის მიხედვით, მხატვრობა არასტაბილურია ორივე ტაძრის ყველა მოხატულ სივრცეში. სცვივა ნალესობის ფრაგმენტები და ფერწერული ფენა. თუმცა, მოხატულობებზე და მოზაიკაზე მუდმივი მონიტორინგი მაინც არ ტარდება. “სუარდოს” ანგარიშში მოზაიკა ნახსენებიც კი არ არის. არადა, მისი დაზიანების რისკი ასევე მაღალია. მაკა ბულია სპეციალურად გელათისთვის შექმნილი კომისიის წევრიცაა. 

მერაბ ბუჩუკურმა გვითხრა, რომ გელათში ახლა მხოლოდ კვლევას ატარებენ და იმ ადგილების გადარჩენაზე მუშაობენ, რომელიც ჩამოვარდნის პირასაა.

“ვმუშაობთ კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფ ფრაგმენტებზე. მინისტრიც საქმის კურსშია, საპატრიარქოც, მეუფე შიოც, ხელოვნების ისტორიკოსებიც. გრძელვადიანი რესტავრაციის მეთოდოლოგია ხვალინდელი დღის საქმეა,”- ამბობს ბუჩუკური.

თუმცა, ხელოვნებათმცოდნეების აზრით, მათთან დადებული ხელშეკრულება კვლევას კიარა, უკვე მხატვრობის სრულფასოვან კონსერვაციას გულისხმობს. ეს კი დაუშვებელია მანამ, Სანამ კედლები სრულად არ გამოშრება.

ხელშეკრულების მეორე პუნქტში წერია, რომ მერაბ ბუჩუკურს და მის გუნდს ბათქაშის ინექტირება ევალებათ. ეს კედლის სიბრტყეში, გასამაგრებლად, სხვადასხვა მასალის შეყვანას ნიშნავს. სამხატვრო აკადემიის კონსერვაციის კვლევითი ცენტრის დირექტორი ნანა კუპრაშვილი გვიხსნის, რომ ეს გადაუდებელი სამუშაო აღარ არის. თანაც, რთული და სახიფათო პროცესია, მითუმეტეს, როცა არ ვართ დარწმუნებული, რომ იქ ნესტი არ გამომშრალა. 

Screenshot 2021 11 26 at 10.30.27
სამუშაოები გელათში (ფოტო გადაღებულია 14 ნოემბერს)

კულტურის სამინისტროს მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე გვეუბნება, რომ გელათში კედლები არც სველია და არც ნესტიანი. როგორც ჩანს, ტაძარში წვიმის წყალი რომ აღარ ჩადის, ამას გულისხმობდა.

“დროებითი გადახურვაა და იცავს ატმოსფერული ნალექებისაგან. როდესაც აღარ მიმდინარეობს დასველება, თანდათან ბუნებრივი შრობა მიმდინარეობს. ხელოვნური ჩარევები გაშრობაში სრულიად გამორიცხულია,”- ამბობს ტარიელ კიპაროიძე. 

გელათს თითქმის ერთი წელია ლითონის ფურცლები აფარია. იქამდე, ტაძარს ლურჯი ტენტი და თუნუქი ეხურა. რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ სანამ მხატვრობას შეეხებოდნენ, აუცილებელი იყო დროებითი გადახურვის გამოცვლა. ამას “იუნესკოც” ითხოვდა და სამინისტროს მოწვეული იტალიელი სპეციალისტი უგო ტონიეტიც.

“სახურავის ქვეშ დაგროვებულ ნესტს, თუნუქის დროებითი გადახურვის გამო, არ აქვს აორთქლების საშუალება.  ახლა ის მთლიანად ინტერიერისკენ არის მიმართული და  ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოხატულობებისთვის  დაზიანების მუდმივ წყაროს წარმოადგენს,”- ამბობს ხელოვნებათმცოდნე მაკა ბულია.

“გამომარილებულ და დასველებულ კედელზე ფრესკის მიმაგრება, უბრალოდ, შეუძლებელია. სველი ფრესკის გამაგრება მის დაღუპვას ნიშნავს. ეს ვანდალიზმია სახელმწიფოს სახელით,” – ამბობს არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი.

საეჭვო რეკომენდაციები 

რჩევების მისაღებად, თუ როგორ უნდა აღდგენილიყო გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წელს ოთხი ხელშეკრულება გაუფორმა იტალიურ ასოციაცია “ჯოვანი სეკო სუარდოს” და ჯამში, 288 ათასი ლარი გადაუხადა. მდგომარეობა ორმა ექსპერტმა, მარიო პულიერიმ და ვინჩენცო ჩენტანიმ შეისწავლა. ცალკე მოიწვიეს გადახურვის ექსპერტებიც. მათ 35 ათასი ლარი გადაუხადეს.

“სუარდოს” ექსპერტებს ევალებოდათ, გაეცათ რეკომენდაციები კედლის მხატვრობის უსაფრთხოებისთვის. ექსპერტებს უნდა დაედგინათ ღვთისმშობლის და წმ.გიორგის ტაძრების მხატვრობის ტექნოლოგიები. შემდეგ კი ერჩიათ გამაგრებების, მიკროკლიმატის მონიტორინგის და გაშრობის პროცესში ჩარევის მეთოდოლოგია. 

ასოციაციამ დასკვნა 2021 წლის ივნისის ბოლოს მოამზადა. დოკუმენტში აღწერილია სამუშაოები, რომელიც მათი აზრით, მხატვრობას გადაარჩენს და უარესი დაზიანებისგან დაიცავს. ამ რჩევებზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები უკვე დაიწყეს. 

იტალიელი ექსპერტების შემოთავაზებულ მეთოდოლოგიას ქართველი და უცხოელი სპეციალისტები თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდნენ. მათ შორის იყვნენ სამინისტროს მიერ მოწვეული სპეციალური კომისიის წევრებიც. 

ხელოვნების ისტორიკოს მზია ჯანჯალიას თქმით, ისინი თავიდან საერთაშორისო კონსილიუმის შეფასებას და სამუშაოებში კვალიფიციური უცხოურ-ქართული ჯგუფის ჩართვას ითხოვდნენ. თუმცა, ასე არ მოხდა.

“მხატვრობის ნაწილი სახელმწიფომ მიანდო ერთ, არცთუ კვალიფიციურ იტალიურ ჯგუფს. გასაგებია, რომ ჩინოვნიკებს კანონი აძლევს გადაწყვეტილების მიღების უფლებას, მაგრამ არ შეიძლება, ძეგლთა დაცვით თემებზე იურისტები იღებდნენ შინაარსობრივ გადაწყვეტილებებს,”- ამბობს ხელოვნების ისტორიკოსი მზია ჯანჯალია. 

ქართველი სპეციალისტები არც საბოლოო დასკვნას ენდნენ და დოკუმენტი რეცენზიისთვის ბრიტანელ ექსპერტებს გადაუგზავნეს. მათ თქვეს, თუ გელათში მუშაობას ამ მეთოდოლოგიით გააგრძელებთ, ძეგლს უფრო დააზიანებინებთო. 

Screenshot 2021 11 26 at 10.30.08
“Rickerby & Shekede”-ის დასკვნა

კულტურის სამინისტრომ ბრიტანელებისგან კრიტიკული რეცენზია კი მიიღო, მაგრამ არ ასაჯაროებს. “აი, ფაქტს” დოკუმენტიხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილმა მიაწოდა და გაცნობთ, რატომაა დამღუპველი გელათში ახლა მიმდინარე სამუშაოები. 

ბრიტანელი ექსპერტების კრიტიკა

ასოციაცია “სუარდოს” დასკვნა ბრიტანულმა ჯგუფმა “Rickerby & Shekede”-მ შეაფასა. მათ კედლის მხატვრობის კონსერვაციაში მაღალი რეპუტაცია აქვთ. ექსპერტები თანამშრომლობენ კურტოს ხელოვნების ინსტიტუტთან (ლონდონი) და გეტის კონსერვაციის ცენტრთან. (ლოს-ანჯელესი)

“ხელთ გვაქვს ძალიან კვალიფიციური უცხოელი ექსპერტების უსერიოზულესი, უმწვავესი დასკვნა. ამ დასკვნამ ფაქტებით გაამყარა ის დამოკიდებულება, რაც გვქონდა,”- ამბობს ხელოვნების ისტორიკოსი მზია ჯანჯალია. 

Screenshot 2021 11 26 at 10.39.09
“Rickerby & Shekede”-ის შენიშვნები (სქრინშოტი დოკუმენტიდან)

რეცენზიის მიხედვით, იტალიელებმა კვლევა ზედაპირულად ჩაატარეს. არ შეისწავლეს მხატვრობის ტექნოლოგია და საღებავი მასალები. ივარაუდეს, რომ ყველა მხატვრობა ფრესკის ტექნიკითაა შესრულებული, რაც ასე არ არის. ბრიტანელები არ ეთანხმებიან კონსერვაციის, გამაგრების და მარილის მოშორების რეკომენდაციას. ამ ეტაპზე, ეს სამუშაოები ნაადრევად და სარისკოდ მიაჩნიათ, კედლების ნესტიანობის გამო. 

როგორც აღმოჩნდა, “სუარდოს” არც ნესტის შეღწევის და გავრცელების არეალები უკვლევია. სინოტივის დასადგენად კი გამოიყენეს ხელსაწყო, რომელიც ხე-ტყის მასალისთვისაა. სისველე კედელთან მარილიანი ფურცლების მიმაგრებით გაზომეს. ტოვებდნენ და აკვირდებოდნენ, გადნებოდა თუ არა რამდენიმე დღეში. “მათ მიმართეს ელემენტარულ, ჩანასახოვან მეთოდს,”- წერია “Rickerby & Shekede”-ის რეცენზიაში.  

ბრიტანელები იმასაც წერენ, რომ “ჯოვანი სეკო სუარდომ” კონსერვაციის საერთაშორისო სტანდარტები დაარღვია. ისეთი ნივთიერებების გამოყენების რეკომენდაცია გასცეს, რომელიც წლების შემდეგ, მხატვრობას დააზიანებს და არც ლაბორატორიულადაა გატესტილი. 

ბრიტანელები ხაზგასმით წერენ, რომ თუ გელათის კედლები ისევ სველია, მხატვრობის გამაგრებამ და მარილის გამოდევნა უარესს პრობლემებს შექმნის, ვიდრე ახლაა.

ქართველ ხელოვნებათმცოდნეებს წარმოდგენა არ აქვთ, ვინ არიან იტალიელი ექსპერტები, ვინც გელათის მხატვრობის დაზიანებებს იკვლევდა. 

“​​ფერწერის სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. მათ სამუშაო გამოცდილებაზე მსჯელობა შეგვიძლია მხოლოდ CV-ით, რომელიც სამინისტრომ გადმოგვცა. გადახურვის სპეციალისტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ‘იუნესკოს’ ექსპერტია და ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა,” – გვითხრა მაკა ბულიამ.

“ბატონი ტონიეტი აღიარებული ექსპერტია. მხატვრობის ჯგუფთან კი სერიოზული შეკითხვები ჩნდება. მათი შემოთავაზებული მეთოდოლოგია საერთოდ არ ითვალისწინებს გელათის ვითარებას და მძიმე შეუქცევად ჩარევებს გულისხმობს. მათი გამოცდილების შესახებ ბევრს ვერაფერს იპოვით “გუგლის” საძიებო სისტემით. თანამედროვე დასავლურ სამყაროში ეს უკიდურესად უცნაურია,”- გვითხრა მზია ჯანჯალიამ. 

კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 12 ოქტომბერს იტალიელი ექსპერტების და მათთან მომუშავე ქართველების რეზიუმეები მოვთხოვეთ. თუმცა, ამ დრომდე არ უპასუხიათ. მოვიკითხეთ სამოქმედო გეგმაც, რომელიც უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე უნდა შეედგინათ. ჯერჯერობით, არც ეს დოკუმენტი მოგვაწოდეს.

გელათში მიმდინარე სამუშაოებზე უამრავი კითხვა ჩნდება. მაგალითად, როგორ შეარჩიეს “სუარდოს” კომპანია, რატომ ანდეს სამუშაოები მაინცდამაინც მერაბ ბუჩუკურს, Რატომ არ ჰკითხეს აზრი სპეციალისტებს, როცა კონსერვაციას სველ კედლებზე იწყებდნენ.

გვინდოდა პასუხები კულტურის სამინისტროს ან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან მიგვეღო. ბევრი მცდელობის მიუხედავად, მათი პრესსამსახურები ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Სტუმრად საკუთარ სახლში
stumrad

Სტუმრად საკუთარ სახლში

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share