უაღრესად კონტრპროდუქტიულია ე.წ მოხალისეობრივი ინიციატივები ჩვენთან შეთანხმების გარეშეო – საყვედურით განაცხადა ოზურგეთის მერიამ გუშინ, 25 თებერვალს.
იგულისხმებოდა ჯგუფი “მოხალისეები გურიისთვის”, რომელიც 24 თებერვალს, ღამის 12 საათზე შეიქმნა, ასობით ადამიანი ერთ ღამეში დაორგანიზდა – მოიძიეს ტექნიკა, სპეციალური აღჭურვილობა, ტანსაცმელი, საკვები, მედიკამენტები, ფინანსური სახსრები და გამთენიისას უკვე გურიაში იყვნენ, თოვლში გამოკეტილი, შეშინებული ადამიანების საშველად.
უშველეს სასწრაფოსაც და ჯარის მაღალი გამავლობის მანქანასაც, რომელიც თოვლში გაიჭედა.

“ავედით შრომაში! მეორე ჯგუფი წინაა და ტრაქტორს მიყვება, ჩვენ გზადაგზა მაშველებს და სასწრაფოს წავეხმარეთ. მივიწევთ წინ, რომ საკვები, საწვავი და მედიკამენტები დავარიგოთ. ძალა ერთობაშია!”, – წერს მოხალისე და ჟურნალისტი გიორგი წეროძე ფეისბუქ გვერდზე.
შედეგად, ბოლო სამ დღეში ხშირად წააწყდებოდით ასეთ პოსტებს – “ღმერთო, ისევ ხალხის ძალით”. რატომ გახდა საჭირო ხალხის თვითმობილიზება და თბილისიდან რეგიონებში ჩასვლა? იმიტომ, რომ ვერ მობილიზდა მთავრობა – ვერც ადგილზე და ვერც დედაქალაქში.
მოქალაქეები იმასაც წერენ, დიდი თოვლი რა ხელისუფლების ბრალია? რა ქნას “ოცნებამ”? გაანძრიეთ ხელი, თქვენით გაწმინდეთ ეზოებიო…
სინამდვილეში, სტიქიამ რომ ნაკლებად დაგვაზარალოს, ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა – მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.
რა უნდა გააკეთოს დიდთოვლობისას ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ?
უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერმინისტრს დაქვემდებარებული უმაღლესი სათათბირო ორგანო, რომელიც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და კრიზისული სიტუაციების მართვაზეა პასუხისმგებელი. კრიზისული სიტუაციები კი ჩვენ რომ გვაქვს, იმდენი უნდა. კანონით, ისინი სამ თვეში ერთხელ უნდა იკრიბებოდნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობდნენ.
მათი ოფიციალურ ვებგვერდიდან ვიგებთ, რომ ბოლოს, 2023 წლის 28 თებერვალს შეიკრიბნენ. მაშინ განიხილეს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომი.
კონკრეტულად როგორ უნდა იმოქმედოს ამ საბჭომ დღევანდელ სიტუაციაში? რისი გაკეთება შეეძლოთ, რომ გურიის, აჭარის და იმერეთის მოსახლეობისთვის დიდთოვლობა სიცოცხლისთვის საშიშ სტიქიად არ გადაქცეულიყო.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აქვს კრიზისული ვითარების მართვის ცენტრი, რომელიც, თვითონ უწყების სახელიც გვკარნახობს, შეიქმნა “ეროვნული მასშტაბის კრიზისის ეფექტიანი მართვისთვის”.
დიდთოვლობა რომ კრიზისია და საფრთხეებში უნდა მივიჩნიოთ, ამას საბჭოს ოფიციალურ დოკუმენტებშიც ამოიკითხავთ. ქვეყანაში გვაქვს უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტი, რომელიც ატვირთულია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ვებგვერდზე.
კონცეფციის მიხედვით, პრიორიტეტული საკითხებიდან ერთ-ერთია ეკოლოგიური უსაფრთხოება:
“საქართველოს ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანია მოსახლეობისა და გარემოს უსაფრთხოების დაცვა ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი შემცირების, გარემოს დაბინძურების, ბუნებრივი მოვლენებისა და ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი კრიზისების პრევენციის გზით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ ბუნებრივ მოვლენებს, როგორებიცაა წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, მიწისძვრა, ასევე სამრეწველო ავარიების პრევენციას და სხვა”.
გამოდის, რომ ბოლო ერთ კვირაში დასავლეთ საქართველოში შექმნილი კრიზისის მართვა მათი პირდაპირი მოვალეობა იყო, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ. საბჭოს საიტზე და ფეისბუქ გვერდზე ვერ ნახავთ ვერც ერთ სიახლეს, რომელიც უხვთოვლობით გამოწვეულ კრიზისს თუნდაც ერთი სიტყვით ეხმიანება. მათ ფეისბუქზე უკანასკნელი პოსტი 7 თებერვალს დაიდო და კიბერსაფრთხეებს ეხებოდა.


[მოხალისეების, ზვიად გათიაშვილის და ლევან ვაშალომიძის ფოტოები]
ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტი დავით ბრაგვაძე გვიხსნის, რომ ასეთ საგანგაშო ვითარებაში საბჭო უნდა თანამშრომლობდეს სხვადასხვა უწყებასთან და ანაწილებდეს როლებს კრიზისის ეფექტიანად და სწრაფად მართვისთვის.
“კრიზისების მართვის ცენტრში შეიკრიბებოდა და იქიდან შესაძლებელი იქნებოდა განაწილებულიყო დავალებები. რა ევალება საგზაო დეპარტამენტს, ჯანდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვას… ცენტრიდან მიიღებოდა გადაწყვეტილებები, სად არის გასაგზავნი ვერტმფრენ, სად არის საკვები, სად არის მედიკამენტები, რა უნდა გააკეთოს გამგეობამ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ.”
ის, რასაც დავით ბრაგვაძე აღწერს, რეალურად, მოქალაქეებმა გააკეთეს. მათ მხოლოდ ორ დღეში შექმნეს სპეციალური ვებგვერდიც – moxalise.ge, სადაც მოქალაქეები ლაივ რეჟიმში ნიშნავენ, ვის, სად და რა სახის დახმარება სჭირდება.