fbpx
imereti 16

ვინ რას აშენებს “გუბერნსკის ციხის” ნაცვლად

ავტორი: შორენა ლაღაძე

ქუთაისის ცენტრში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ძველი ციხე აქ მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან დგას. ისტორიულ შენობას ახლა დანგრევას უპირებენ, მის ნაცვლად კი 6- სართულიანი კორპუსი უნდა აიგოს. არადა, ე.წ გუბერნსკის ციხეს აქვს პოტენციალი, რომ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმად იქცეს, ქალაქს მეტი ტურისტი და შესაბამისად, მეტი შემოსავალიც მოუტანოს. 

9,100 კვ.მ ფართობის ძველი ციხის შენობა 2022 წელს, ქუთაისის მერიის აუქციონზე, 1,7 მილიონ ლარად გაიყიდა. უძრავი ქონება შეიძინა შპს “იბერია სტარ გრუპმა”, რომელიც ქუთაისელ ბიზნესმენებს, მამა-შვილ დავით და ოთარ კოსტავას ეკუთვნით. დავით კოსტავა ქუთაისის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატის, მაგდა კოსტავას მამაა.

არტ ჯგუფი ბულიონი 1
ფოტო: არტ ჯგუფი “ბულიონი”, 2014 წელი

ჯერჯერობით, არც მშენებლობა დაწყებულა, არც ძველი ნაგებობის დემონტაჟი. თუმცა, კომპანიას მშენებლობის ნებართვა 2023 წლის დეკემბრიდან აქვს.

ადგილზე რომ დავათვალიერეთ, ციხის გარე კედლები უცვლელ მდგომარეობაშია, მაგრამ გალავანს იქეთ რა ხდება ვერ ვიგებთ, მთავარი რკინის კარი დაკეტილია.

“გუბერნსკის ციხეს” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს და არც არასდროს ჰქონია. პრობლემაც ესაა, რომ სახელმწიფომ მისთვის ფუნქციის მისანიჭებლად ვერ მოიცალა. სამაგიეროდ, საინვესტიციო ქონებათა ნუსხაში გაიყვანა და ისე გაასხვისა, რომ ისტორიულ ღირებულებაზე არ უფიქრია. 

ეს ციხე 2000-ანი წლების ჩათვლით მოქმედი იყო, 2005 წელს კი საბოლოოდ დაიხურა. შენობა 2014 წელს, მხოლოდ ერთი დღით გახსნეს, როცა იქ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართა, შემდეგ ისევ დაკეტეს, 2019 წელს კი აუქციონზე გაიტანეს. 

ისტორიული ციხის შენობა, რომლის ნაცვლადაც საცხოვრებელი კორპუსი უნდა აიგოს, საბჭოთა ოკუპაციის და ტოტალიტარული რეჟიმის საპატიმრო იყო. აქ 20-ანი, 30-ანი და 40-ანი წლების მასობრივი რეპრესიების მსხვერპლებს ატუსაღებდნენ. 1903 წლიდან აქ, მე-7 საკანში იჯდა საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი. მეფის რუსეთის დროს, 1894 წელს, აქ იხდიდა სასჯელს მწერალი თედო სახოკიაც. 

არტ ჯგუფი ბულიონი
ციხის ინტერიერი, ფოტო: არტ ჯგუფი “ბულიონი”, 2014 წელი

იმის გამო, რომ საპყრობილის შენობა კულტურული მემკვიდრეობა არ არის, მისი დანგრევა ან იერსახის შეცვლა – მარტივია. 

“ეს არის კულტურის სფეროს პრობლემა. ათწლეულების მანძილზე , იმის ნაცვლად, რომ კულტურის სამინისტროს და სააგენტოს განახლება გაეკეთებინათ [კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების] სიის და ახალი ობიექტები შეეყვანათ, არც თბილისში გაკეთებულა და არც სხვაგან. ეს არის ის შენობა, რომელიც მიუხედავად სტატუსის არქონისა, არის კულტურული მემკიდრეობის ძეგლი. დალაგებულ ქვეყანაში, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი? შეიძლება რაღაც სტატუსი არ ჰქონდეს ძეგლს და იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ინტერესი არსებობს, მაშინ მაინც დაიწყოს მოქმედება [მოკვლევა, რამდენად შეიძლება მისი დემონტაჟი] იმ კონკრეტულმა ინსტიტუციებმა, რომელსაც ეხება ძეგლის დაცვა- სამინიტრომ, მუნიციპალიტეტმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ” , – გვეუბნება ხელოვნებათმცოდნე და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი. 

შენობის გაყიდვას ქუთაისელებში დიდი პროტესტი არ გამოუწვევია. ეს გასაგებიცაა, იმ ფონზე, რომ რაც ამ ქალაქში “გუბერსკის ციხეზე” იციან, მხოლოდ ისაა, რომ აქ სტალინი იხდიდა სასჯელს. არადა, “გუბერსკის ციხე” გაცილებით უფრო დიდ ისტორიას იტევს.

[ციხის ინტერიერი, ფოტო გადაღებულია 2014 წელს ]

“განვითარებულ და ნორმალურ სახელმწიფოში შესაბამისი პოლიტიკაც არსებობს და აღქმაც, თუ რა ღირებულება აქვს ამ ტიპის ადგილებს. ეს ერთგვარი მორალური ვალდებულებაა საზოგადოების და სახელმწიფოსი, რომ მსხვერპლთა ნათესავებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც შეუძლიათ გაიხსენონ და პატივი მიაგონ უგზოუკვლოდ გამქრალ მათ წინაპრებს, რომ ყველამ დაინახოს, რა გამოიარა ოკუპაციის პირობებში ჩვენმა საზოგადოებამ. შენობა წლების განმავლობაში იყო გამოკეტილი, ყოველგვარი რეაბილიტაციის და გააზრების გარეშე – თუ რა პოლიტიკა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ასეთი ისტორიის მქონე ადგილების მიმართ. როგორც მიწის ნაგლეჯს, საინვესტიციოს, ასე უყურებენ და არანაირი ღირებულების აღქმა არ აქვთ. არა პოზიტიური კუთხით, არამედ ხსოვნის კუთხით”, – გვეუბნება ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი. 

მშენებლობის ნებართვა და პროექტის მონახაზი უკვე არსებობს. ვიცით, რომ აქ 6 სართულიანი კორპუსი აიგება, რომელიც ასე გამოიყურება. 

Screenshot 2025 02 04 at 12.57.21 edited
ფოტო: დოკუმენტიდან “ქუთაისის განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირება”. (პროექტი ასე გამოიყურება 2025 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით, შესაძლოა, ის შეიცვალოს)

“რაც არ უნდა გაკეთდეს იმ ტერიტორიაზე, იმის ჩამნაცვლებელი ვერ იქნება, რაც არი ‘გუბერსკის ციხე’. ზოგადად, არ გვაქვს შესწავლილი ჩვენი ისტორია. ჩვენ ვამბობთ, რომ ოკუპაციის მუზეუმი არის მნიშვნელოვანი ახლა, რუსეთთან ჭიდილის პროცესში, ისტორიის შესწავლაა მნიშვნელოვანი. ‘გუბერსკის ციხე’ შეიძლება გახდეს ახალი ისტორიული ატრაქცია, რომელიც მოყვება მეფის რუსეთის ისტორიასაც, საბჭოთა პერიოდის ისტორიასაც, წინააღმდეგობის ისტორიასაც”, – ამბობს ცირა ელისაშვილი.

ქუთაისის მერიისთვის გვინდოდა გვეკითხა, შეისწავლეს თუ არა გასხვისებამდე, ციხის შენობის ისტორიული კონტექსტი, ან იფიქრეს თუ არა აქ მუზეუმის კონცეფციაზე. რთული გამოსაცნობი არ არის, რა მოხდა. ქალაქის თვითმმართველობა ჩვენს კითხვებზე, ტრადიციულად, დუმს და კვლავ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას გვირჩევს. ქუთაისის მერია არის ერთადერთი უწყება იმერეთის მუნიციპალიტეტებს შორის, რომლისგანაც სიტყვიერი პასუხის მიღება, უბრალოდ, შეუძლებელია.

რაც შეეხება კომპანიას, “იბერია სტარ გრუპში” გვიპასუხეს, საბოლოო პროექტის დამტკიცებას ველოდებით და დემონტაჟს მერე დავიწყებთო. ზუსტი ვადები არ იციან. 

მასალის გამოყენების პირობები  

კომენტარები
Total
0
Shares
Next
გელათს გრუნტის წყალიც ერჩის – რას უპირებენ პრობლემას? ნაწილი 2 
imereti 08

გელათს გრუნტის წყალიც ერჩის – რას უპირებენ პრობლემას? ნაწილი 2 

რა წერია კვლევებში გრუნტისგან გამოწვეულ საფრთხეზე

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share