ავტორი: თამუნა ქიმაძე
“ ‘დენი’ გვაქვს რავარც იქნა, ეს ორი დღეა. ისე, სულ პრობლემაა, ქარი ამოვარდება მიდის, გაწვიმდება მიდის… დატანჯულები ვართ. ძაან ცუდადაა ამ დენის საქმე, მთავარი ძაბვის “სტოლბები” ბოსტნებში გადის და ვერ უდგებიან გასაკეთებლად. [საყრდენი ბოძებიდაან] ზოგი სულ წაქცეულია, ძველი, კომუნისტების დროინდელია…,” – შემოგვჩივლა მერაბ ყიფშიძემ, ჭიათურის სოფელ ნავარძეთიდან.
მის ბედს იზიარებენ ტყიბულისა და ხარაგაულის 10-მდე სოფელში. მათთვის ზამთარი უშუქობასთან ასოცირდება – როგორც გვიყვებიან, სიბნელეში ყოფნა უწევთ როგორც დიდთოვლობისას, ისე ძლიერი წვიმის და ქარის დროს. საქმე ისაა, რომ ხეები ნალექის სიმძიმეს ვერ იტევს, იქცევა და სადენებს წყვეტს. ძირს ეცემა ხოლმე ელექტროენერგიის ბოძებიც, რის გამოც შუქი დღეების განმავლობაში არ არის. ეს პრობლემა წლებია არსებობს, მაგრამ მისი მომგვარებელი არავინ გამოჩნდა.

ფოტო: მერიის ფეისბუქი
ჭიათურის მერია “ქართული ოცნების” მთავრობისთვის ტრადიციულ ხერხს მიმართავს და 21-ე საუკუნეში ინფრასტრუქტურის გაუმართაობას უამინდობას აბრალებს.
“მოსულმა უხვმა ნალექმა მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა მუნიციპალიტეტს. ქალაქისა და 60- ვე სოფლის მოსახლეობას დილიდან არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია,” – ვკითხულობთ ჭიათურის მერიის 2024 წლის 28 ნოემბერის პოსტში.
“უხვმა ნალექმა სირთულე შექმნა ელექტრო მომარაგებასთან დაკავშირებითაც. დილის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 3000-მდე აბონენტს, “ – წერდნენ 2023 წლის თებერვალშიც.
იმერეთის მთიან რეგიონებში რომ მკაცრი ზამთარი იცის და ხშირად მოთოვს, ამაში გასაკვირი არაფერია. საქმე ისაა, როგორ ემზადება ამისთვის მთავრობა, რომ სტიქიით გამოწვეული რისკები შეამციროს და ზარალი დროულად აღმოფხვრას. ფაქტია, ჭიათურაში ეს ვერ მოახერხეს და ყველა ქარი, წვიმა თუ თოვლი “თავის ტკივილს” უჩენთ.
ასეა ჭიათურის თითქმის ყველა მთიან სოფელში – ჯოლხეეთში, სალიეთში, ქვაციხეში, საკურწეში, ღვითორსა და ქვაციხეში.
“მეოთხე დღეა დენი არ ყოფილა, ახლახანს ჩაირთო. რას ვაბრალებ და არ არის ნორმალურად გაკეთებული. კაბელები კი გაგვიყვანეს, მარა მთავარი ძაბვა ძველისძველი ხაზებია…”; “დენი წეღან მოვიდა ერთი წუთის წინ და ისევ უცებ წავიდა. ერთი სამი დღე მაინცაა, რომ არ არის. ადრეც არ იყო, მაგრამ ახლა მაინც… ძაან დიდი თოვლი იყო. როგორც კი მოთოვა, მას უკან არ არის”, – მოგვიყვნენ სოფელ ჯოლხეეთში მცხოვრებმა ელდარ გამეზარდაშვილმა და გიორგი აბესაძემ.
“სამი დღე არ იყო დენი, დაზიანდაო, თოვა რო დაიწყო, გამოირთო, რთავდნენ მერე 10-15 წუთი და არ იკავებდა რა… დაზიანება იყო და სად, ვერ ნახეს…”, – გვითხრა ომარ კაპანაძემ, ჭიათურის სოფელ სალიეთიდან. მსგავს დღეშია ხარაგაულის და ტყიბულის სოფლებიც. ღორეშას, მუხურას და ქვების ადგილობრივებმა უშუქობაზე კი მოგვიყვნენ, მაგრამ ვინაობის გამხელა არც ერთმა ისურვა.

წყარო: ტყიბულის მერიის ფეისბუქი
“თუ მოთოვა, ერთი ან ორი კვირა დენი არ გვაქვს. შარშანწინ ზამთარში რომ მოთოვა, ერთი კვირაც არ იყო. 21-ე საუკუნეში რომ დენი არ იქნება, სამწუხაროა… მაგალითად, ხორცი რომ ვიყიდო და მაცივარში შევინახო, გაფუჭდება. რამდენი ხანი უნდა გვქონდეს მაცივარში, რამდენი ხანი შეინახავს?”, – გვითხრეს ხარაგაულის სოფელ ღორეშაში.
“ახალ წლამდე რომ დიდი თოვლი იყო, მაგ პერიოდში, 5-6 დღე არ იყო დენი. მესმის, ძალიან რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა, მაგრამ “ენერგო პროს” ოპერატორთან რომ ვრეკავდი, გვეუბნებოდნენ, აი, დღეს ჩაირთვება, დღეს ჩაირთვება, დღის ბოლოს ჩაირთვება… თითქოს, იმედს გვაძლევდნენ. გააკეთებენ, მაგრამ უშედეგოდ. ერთი ცუდი ამინდი და მაშინვე ფუჭდება, ბოძები და რაღაცები სულ ლპება, რომ გააკეთებენ, ერთ ზამთარსაც ვერ უძლებს. მოკლედ, ძალიან გაწვალებულები ვიყავით. მე პატარა ბავშვი მყავს და რთულია”, – გვიყვებიან ასევე ხარაგაულის სოფელ ქვებში.
გამონაკლისი არც ტყიბულის სოფელი მუხურაა. ავდარში უწყვეტი ელექტრომომარაგება აქაც დიდი ფუფუნებაა. ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც დროებით თბილისში ცხობრობს, გვიყვება, რომ სოფელში დედა და და ჰყავს, რომლებსაც არც გაზი აწუხებთ, არც წყალი და გათბობა. თუმცა, როცა “დენი მიდის”, ფაქტობრივად, კომუნიკაციას წყდებიან:
“მშვენივრად არიან, მაგრამ დაგვტანჯეს კაცო, ყოველი ქარი იქნება თუ თოვლი, დენი ეთიშებათ. მერე ვერც წყალს რთავენ და ვერც ცენტრალურ გათბობას, ვერ ტენიან ტელეფონს, წყდება კომუნიკაცია და ასე გრძელდება კვირობით… რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ‘დენი’ არ უნდა იყოს? ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიყოთ ამინდის პროგნოზზე დამოკიდებული”.
ვისი ვალია იმერეთში ელექტროსისტემის გამართულად მუშაობა?
საქართველოს მოსახლეობას რომ ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებოდეს, პასუხისმგებელია სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” და სს “ენერგო-პრო ჯორჯია”. პირველი ქსელის მფლობელი, მეორე – გამანაწილებელი.
ანუ, სოფლებში ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდება და გადამცემი ხაზების მოვლა-პატრონობა “ენერგო-პროს” ვალდებულებაა.
როცა შუქი გამოირთვება, ან ბოძი დაზიანდება, ადგილობრივები სწორედ “ენერგო-პროს” ოპერატორებს ატყობინებენ, ისინიც ვალდებულნი არიან მალევე მივიდნენ ადგილზე და ქსელის დაზიანება აღადგინონ. ჭიათურის, ტყიბულის და ხარაგაულის სოფლებში გვითხრეს, რომ ზამთარში “ენერგო-პროს” ხშირად ურეკავენ, მაგრამ საშველი მაინც არ არის – ხან დაზიანების წყაროს ვერ აგნებებ, ხან – აგნებენ, აკეთებენ და რამდენიმე წუთში ხელახლა ფუჭდება.

“ენერგო-პრო”-ს ვკითხეთ, როგორ ხსნიან იმერეთის მთიან სოფლებში ხშირ უშუქობას, რას უპირებენ მოძველებულ ხაზებს და როდის გეგმავენ მათ განახლებას. კომპანიამ წერილზე ჯერ ზოგადი, ზედაპირული პასუხი გამოგვიგზავნა. არც იმერეთი უხსენებია, არც კონკრეტული მუნიციპალიტეტი:
“… წინასწარ გაწერილია განსახორციელებელი სამუშაოების შესრულების გეგმა, მათ შორის, ქსელის რეაბილიტაციის, რომელსაც განუხრელად ვიცავთ და ვასრულებთ. რაც შეეხება, ელ ენერგიის გათიშვის მიზეზებს, როგორც თავად ბრძანეთ, ეს შეიძლება იყოს რთული მეტეოროლოგიური პირობები, პროფილაქტიკური სამუშაოები, სისტემური გათიშვები და სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია. გათიშვების ყველა ზემოთ აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევას გააჩნია ნორმატიული აქტით განსაზღვრული პროცედურები (სმს შეტყობინება აღნიშნული სამუშაოების დროს). ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ თქვენს კვლევაში….”
რას გულისხმობენ გეგმაში, თუ აპირებენ ჭიათურის, ხარაგაულის და ტყიბულის სოფლებში ქსელის განახლებას, ამის დასაზუსტებლად დასავლეთის ცენტრალური ფილიალის მთავარ ინჟინერს, მირზა წაქაძეს ვესაუბრეთ. თვითონაც დაგვიდასტურა, რომ ქსელის ინფრასტრუქტურა მოძველებულია და ხელის შევლება სჭირდება, თუმცა როდის შეძლებენ ამას, ზუსტად ვერ გვეუბნება. რაც შეეხება ხშირი უშუქობის მიზეზებს, არ გამორიცხა, რომ ეს სუსტი ბოძების გამოა, მაგრამ დიდწილად მაინც ამინდს დააბრალა:

“ [ბოძის და სადენების სიძველეს] ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ისეთ კატასტროფულ მდგომარეობაში რომ იყოს, ეს იწვევდეს… მასე არ არის… მაგალითად, ხარაგაულში, დეისში ხეების დაცემის გამო ბოძებიც წაიქცა, მოტყდა და აღვადინეთ, მათ შორის, ახალი საყრდენებიც. ეს იმიტომ, რომ ხე იმხელა ძალით ეცემა, ძველსაც ტეხავს და ახალსაც. თუმცა, რაც ძველია ის რომ უნდა შეიცვალოს, ეს ცალსახად ასეა და მივყვებით, ვცვლით… როცა ამხელა თოვლი მოდის, ხეები ვერ იცავს წონასწორობას თოვლის გამო… მოდის მეწყერი, მოდის ისა და… ეს წყვიტავს სადენებს. შეიძლება საყრდენი საერთოდ არ მოტყდეს, მაგრამ [წაქცეული ხე] გაწყვიტავს სადენს, რაც იწვევს ‘დენის’ წასვლას. ჩვენ ახლა ტყეს ვერ გავაჩანაგებთ, სულ ვერ გავჩეხავთ. ამიტომ, ამ სადენების განაპირა 2-3 მეტრს ვჩეხავთ, ოფიციალურად ვათანხმებთ სატყეო დეპარტამენტთან და ვასუფთავებთ. მაგრამ წარმოიდგინე ახლა, 30-მეტრიანი ხე რომ წაიქცევა, 30 მეტრ სიგანეზე ხომ ვერ გავჩეხავ ტყეს?”
მირზა წაქაძემ აგვიხსნა, რომ სოფლებში უშუქობა და უგზობა ერთმანეთზე გადაჯაჭვული პრობლემებია. მაგალითად, ორი წლის წინ, მუხურაში, დაზიანებული ქსელის შესაკეთებლად ვერ ავიდნენ, რადგან მერიამ გზა ვერ გაუწმინდათ.

“იმხელა თოვლი მოვიდა მუნიციპალიტეტს ტრაქტორი დაეკარგა და ვერ იპოვეს, სანამ არ დადნა ეს თოვლი. ასეთ პირობებში, წარმოიდგინე, როგორ შეიძლება მიხვიდე [ელექტროენერგიის] საყრდენამდე, რომ დაზიანება აღადგინო. ჩვენ მუნიციპალიტეტს ვთხოვთ, თუ არის შესაძლებელი, შეგვიყვანეთ გზა და შევალ ჩემი ხალხით. ვერ შეგვიყვანეს გზა და ჩემი ხალხი თოვლზე ზემოდან ხოხიალით შევიდა, 15 კილომეტრი…”, – იხსენებს მირზა წაქაძე. მისი მონაყოლი იმერეთის გაუთოვლავ სოფლებზე არ გაგვკვირვებია. ეს პრობლემა მუხურას მაგალითზე უკვე გიამბეთ.
საბოლოოდ, როგორც გაირკვა, იმერეთში მოძველებული ქსელის განახლება ჩანაფიქრში კი არის, მაგრამ როდის და კონკრეტულად რომელ სოფლებში, უცნობია. მირზა წაქაძემ გვითხრა, წელს ტყიბულში, დაახლოებით, 20 კილომეტრი სადენის, 1000 საყრდენის და ტრანსფორმატორების შეცვლა სურთ, თუმცა ეს გეგმა “სემეკმა” უნდა განიხილოს და დაადასტუროს. სამუშაოებსაც ამის შემდეგ დაიწყებენ.
მისი ინფორმაციით, “სემეკის” სხდომა დღეს, 29 იანვარს უნდა გამართულიყო. გადაწყდება თუ არა რაიმე ტყიბულის, ხარაგაულის და ზესტაფონის სოფლების სასიკეთოდ, ამას აუცილებლად მოვიკითხავთ.