fbpx
proto e1668767540170

პროტოპრესვიტერი მამის “ზარი ახლობელთან” 

ანუ მოკლე გზა ტენდერებში პრობლემების მოსაგვარებლად 

ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსიფი

სასულიერო აკადემიის რექტორი გიორგი ზვიადაძე საპატრიარქოში ერთ-ერთი გავლენიანი პირია. მის ავტორიტეტზე მეტყველებს სამთავრობო წრეებთან და დიპლომატიურ კორპუსთან მისი ურთიერთობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ დოკუმენტებში ზვიადაძის შესახებ ჩანაწერს ათასჯერ მაინც ნახავთ. მაგალითად, როგორ ხვდება ელჩებს, აგვარებს საქმეებს და ეხმარება ნაცნობებს სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებაში.

და ეხმარება თავის შვილსაც… შვილმა ინტერვიუსას გვითხრა, “მე არავის ვაინტერესებ, თქვენ თუ გაინტერესებთ, მამაჩემი გაინტერესებთ.”  

თორნიკე ზვიადაძე 34 წლისაა. სასულიერო ცხოვრებას არ გაჰყოლია, ბიზნესით დაკავდა. 11 წლის წინ მისმა კომპანიებმა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა დაიწყო. პირველად ბედი 2011 წელს სცადა, თუმცა ტენდერი შეუსრულებელია, შემდეგი ცდა სხვა კომპანიით 2014 წელს იყო და ის ტენდერიც შეუსრულებელია. აქტიურად კი სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან ჩაერთო

უმცროს ზვიადაძეს შვიდი კომპანია აქვს, რომელთაც ბოლო 11 წელში სახელმწიფო უწყებებმა 8.7 მილიონი ლარის 40-ზე მეტი ხელშეკრულება გაუფორმეს. აქედან 2.2 მილიონი ლარის სამუშაოები ზვიადაძის კომპანიებმა ვერ ან უხარისხოდ შეასრულა, მაგრამ ბიუჯეტიდან ამის ფული მაინც ჩაურიცხეს. ჯამში, თორნიკე ზვიადაძის კომპანიებმა არ შეასრულა 16 ტენდერის პირობები და 14-ჯერ მოხვდა შავ სიაში. შეუსრულებელი ტენდერების ძირითადი ნაწილი გზების მოასფალტებასა და მოხრეშვაზე იყო გამოცხადებული. 

მამის დახმარება იმ დროს სჭირდებოდა, როცა დამკვეთები უჩიოდნენ, ხან არასახარბიელოდ შესრულებული, ხან კი სულაც შეუსრულებელი სამუშაოების გამო. აი, რა სახის დახმარებაზე წერია სუს-ის დოკუმენტებში:

“გიორგი ზვიადაძეს შვილმა, თორნიკემ აცნობა, რომ კახეთის რეგიონში აღებულ ობიექტებზე შეექმნა პრობლემები და სთხოვა თავისი კავშირების გამოყენებით დახმარება. გიორგი ზვიადაძემ დახმარება კახეთის გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს სთხოვა.”

“გიორგი ზვიადაძე დაუკავშირდა სოზარ სუბარს, რომელსაც სთხოვა მისი შვილისთვის სატენდერო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაში დახმარება.”

“პროტოპრესვიტერმა თავის შვილს აცნობა, რომ მის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, რომელმაც განუცხადა, რომ შეწყვეტილ ტენდერზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების საშუალებას მისცემდნენ.”

“აი, ფაქტი” არ ეყრდნობა მხოლოდ სუს-ის ჩანაწერებს. ჩვენ აქ მოცემულ ინფორმაციას  ვაკავშირებთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ სატენდერო დოკუმენტაციასთან. ამ ამბის დეტალურ დადასტურებასა და გამოძიებაზე შვიდი თვე ვმუშაობდით და ახლა გიყვებით, როდის და როგორ გამოიყენა თორნიკე ზვიადაძემ მამის გავლენა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. 

ზარების ავთენტურობას თორნიკე ზვიადაძეც ადასტურებს და გულწრფელად გვეკითხება: 

“მამაჩემი რა შუაშია? მამაჩემმა რომ დარეკა, არ უნდა დაერეკა? თქვენ შვილის გამო არ დარეკავთ ვინმე ნაცნობთან, რომ სჭირდებოდეს? კანონიერების ფარგლებში თუ რამე შეგიძლიათ, რომ  მიეხმაროთ?” – გვეკითხება თორნიკე ზვიადაძე.  

ზვიადაძის კომპანიებისთვის მიცემული 16 ტენდერი სამუშაოების შეუსრულებლობის და დათქმულ ვადაზე ჩამორჩენის გამო შეწყდა. კანონის მიხედვით, ასეთ დროს მუნიციპალიტეტმა დაუყოვნებლივ უნდა გამოითხოვოს საგარანტიო თანხა, დააჯარიმოს კომპანია თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის (ხელშეკრულების თანხის 0.02%) და შესყიდვების სამსახურს მისი შავ სიაში შეყვანა მოსთხოვოს. ზვიადაძის შემთხვევაში მერიები ასე არ მოქცეულან, ვადის გადაცილების და სამუშაოების შეუსრულებლობის ფონზე, ახალ-ახალი ხელშეკრულებები გაუფორმეს.

დავიწყოთ ხარაგაულის მერიით. 

თორნიკე ზვიადაძის კომპანიამ ამხანაგობა “ნიუ გრუფმა” ხარაგაულის მერიასთან 2018-2019 წლებში 9 ხელშეკრულება გააფორმა. ზვიადაძეს ვკითხეთ, როგორ დაიწყო ხარაგაულში მისი საქმიანობა. 

“- ერთდროულად მოვიგე ყველა. რუსთავი ხომ პრობლემური იყო? თბილისშიც ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა, ვალები დამედო და გამოსავლის გზა უნდა მეპოვა. ხარაგაული ვნახე ჩემ საშველად. რაც ტენდერი იყო, მოვიგე ყველა მაგარ ფასებში. არნახული მარჟა მქონდა. მე რომ ხარაგაულში ჩავედი თავიდან, იქ იმდენად დატანჯული იყო ხარაგაულის მერია ამ ხალხით, ჩვენზე ჰქონდათ წარმოდგენა, რომ არიქა ჩამოდის კარგი კომპანია, რომელიც სასწაულებს გააკეთებს. 

– და თქვენ უარესი უქენით?  

– ეგრე იყო, მართლა ეგრე იყო.”

აღებული 9 ტენდერიდან პროტოპრესვიტერის შვილმა მხოლოდ ორი შეასრულა. ისიც, დარღვევებით და დროში გაჭიანურებით. მაგალითად, ვადის გადასაწევად ერთ ხელშეკრულებაში ცვლილება თოთხმეტჯერ შეიტანეს. მეორე შემთხვევაში კი საბოლოოდ კომპანიისთვის მისაცემი თანხა 50 პროცენტით, ანუ 181,000 ლარით გაიზარდა. ეს კანონდარღვევაა, რადგან მერიისა და კომპანიის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია: “დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.” 

ხარაგაულის მერიასთან ვცდილობდით გაგვერკვია, თუ რა მოხდა ამ შესყიდვისას. მათი მოწოდებული ინფორმაცია ლოგიკურად არ ხსნის ამ ჩარიცხვებს და არ ემთხვევა არც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტის მონაცემებს და არც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს

ინტერვიუსას ამ საკითხზე თორნიკე ზვიადაძესაც ვკითხეთ. ნათელი და არგუმენტირებული პასუხი ვერც მისგან მოვისმინეთ. ყველა ჩვენს კითხვაზე გვპასუხობდა, რომ რაც სისტემაში ატვირთული დოკუმენტებით ჩანს, ის სინამდვილე არაა. თავისი სიმართლის დასადასტურებლად, მტკიცებულებები ბევრჯერ ვთხოვეთ, თუმცა, უშედეგოდ. 

Tornike Zviadadze
თორნიკე ზვიადაძე. ფოტოს წყარო: “თავისუფლების მონიტორი”

ერთ-ერთი ასეთი გაურკვევლობა დეისის გზაზეა. ხარაგაულის მერიამ ამხანაგობა “ნიუ გრუფს” დეისში სოფლის გზის დასაგებად კონტრაქტი 2018 წლის მაისში გაუფორმა. კომპანიამ მუნიციპალიტეტს სამუშაოების დასაწყებად წინასწარ მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 30% ანუ 159 ათასი ლარი. შვიდი თვე ისე გავიდა, რომ არაფერი გაუკეთებიათ, თუმცა ზვიადაძემ ავანსი კიდევ ერთხელ მოითხოვა, ამჯერად სამუშაოების ღირებულების 50% ანუ 265,500 ლარი. მერიამ არც ახლა დააყოვნა და “ნიუ გრუფს” თანხა ჩაურიცხა. ჯამში, ამხანაგობამ 425 ათასი ლარი ისე აიღო, რომ ამ თანხის სამუშაოები არ შეუსრულებია. 

პარალელურად, სამუშაოების დასრულების ვადა ერთი წლით გაიზარდა. კომპანიამ გზა არც ამ დროში შეაკეთა, მაგრამ მერიას რეაგირება არ ჰქონია. ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ შეწყდა, ხარაგაულის მერიაში აუდიტის სამსახური რომ შევიდა. აუდიტის მიხედვით, “ნიუ გრუფს” აღებული 425 ათასიდან მხოლოდ 99 ათასი ლარის სამუშაოები ჰქონდა შესრულებული. აუდიტის ანგარიშში ისიც წერია, რომ, შესაძლოა, მერიამ ტენდერი თორნიკე ზვიადაძის კომპანიას მოარგო. 

“არსებობს რისკი, რომ სატენდერო კომისიამ პროცესი წარმართა ისე, რომ ტენდერზე უპირატესობა მიენიჭებინა კონკრეტული პრეტენდენტისათვის,” – წერია ანგარიშში

თორნიკე ზვიადაძეს ვკითხეთ, როგორ აიღო წინსწრებით შესრულებული სამუშაოების  დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე 425 ათასი ლარი (ტენდერის ღირებულების 80%) და დაეხმარა თუ არა მამის გავლენები ამაში. მან გვიპასუხა, რომ პროტოპრესვიტერი არაფერ შუაშია და რომ მერიისთვის ეს ისედაც ასათვისებელი თანხა იყო. 

“მსოფლიო ბანკი რომ თანხას აძლევს, უნდა მოხდეს ამისი ათვისება. ეს ათვისება იმ წელშივე უნდა ყოფილიყო. ეს რომ მე ავანსად მომცეს, ერთის მხრივ სახელმწიფოს ჩაეთვალა თანხის ათვისებად და მეორე, მე ვამტკიცებდი, რომ ვინაიდან შანსი გაჩნდა, მომეცით მეტი თანხა და შევასრულებთო. მე თანხის არქონა მაბრკოლებდა.” 

დეისში გვიდასტურებენ, რომ გზის გაკეთება ბევრჯერ დაიწყეს და მიატოვეს.

“რა გითხრათ, აბა, მგონი 2019 წელს გაჩერდა. ბევრჯერ დაიწყეს და გაანებეს თავი. თავიდან მღვდლის შვილმა დაიწყო მგონი, მერე მიატოვა. დააჯარიმეს თუ რა უქნეს იმას, არ ვიცი,” – გვიყვება თამაზ კიკნაძე დეისიდან.

ახლა დეისის გზის დასასრულებლად რეგიონული განვითარების ფონდი 361,755 ლარს ხარჯავს

თორნიკე ზვიადაძეს ვკითხეთ, რომ არა მამამისი და მისი გავლენები, მიიღებდა თუ არა მსგავს ლმობიერ დამოკიდებულებას სამთავრობო უწყებებისგან. მან გვიპასუხა, რომ მისი საქმიანობით სახელმწიფოს ზიანი არ მისდგომია, რადგან შემსყიდველებს ყველა საავანსო თანხა მისმა სადაზღვევო კომპანიამ დააბრუნა. ვთხოვეთ, დამადასტურებელი დოკუმენტები ეჩვენებინა, რადგან სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. ზვიადაძემ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გვაჩვენა. 

“მე ახლა საქმის მოგვარებას უნდა შევეცადო თუ თქვენთან თავის მართლებას? დავიღალე, არ მაინტერესებს, უბრალოდ მენდეთ,” – გვითხრა ზვიადაძემ. 

დოკუმენტაციის მიხედვით, ამხანაგობა “ნიუ გრუფის” მფლობელი და დირექტორი ზვიადაძის ყოფილი ცოლი, ქეთევან ბეჟიტაშვილია. რეალურად კი კომპანიას მინდობილობის საფუძველზე თორნიკე ზვიადაძე მართავს. ამას არც საუბარში უარყოფს და იმასაც ამატებს, რომ დოკუმენტებს ხელს ქეთევანის ნაცვლად აწერდა. 

ხარაგაულის მერიასთან შვილის პრობლემები რომ პროტოპრესვიტერმა მოაგვარა, სუს-ის ჩანაწერებიდანაც ჩანს: “გიორგი ზვიადაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერ ნიკოლოზ თოფურიძეს აცნობა, რომ მისი შვილი თორნიკე ზვიადაძე, ხსენებულ მუნიციპალიტეტში, სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ასრულებს გზის მოასფალტების სამუშაოებს და სთხოვა აღნიშნულ საკითხში დახმარება, რაზეც თანხმობა მიიღო.”

ეს ამბავი თავად ნიკოლოზ თოფურიძეს ვკითხეთ, მან გვითხრა რომ პროტოპრესვიტერი ურეკავდა, მაგრამ ვერ უპასუხა და მასთან კომუნიკაცია ამ თემაზე არ ჰქონია. 

შემდეგ იგივე თორნიკე ზვიადაძესაც ვკითხეთ. თორნიკემ დაგვიდასტურა, რომ კი, ნიკოლოზ თოფურიძეს პროტოპრესვიტერი ესაუბრა და გადაუწიეს სამუშაოების ვადა, მაგრამ თან დაამატა, რომ როდესაც მამამისი ჩაერია, მაშინ უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო. 

Giorgi Zviadadze
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

ხარაგაულის მერიამ თორნიკე ზვიადაძის “ნიუ გრუფს” საეჭვო პირობებში გაამარჯვებინა სოფელ ბორითში გზების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ შესყიდვაშიც. მერიამ 448 ათას-ლარიანი ტენდერი 2018 წელს გამოაცხადა. მონაწილეობას სამი კომპანია იღებდა და მათ შორის ყველაზე მეტი თანხა, ზვიადაძის კომპანია “ნიუ გრუფმა” მოითხოვა. ერთ-ერთი პრეტენდენტი ტენდერს დოკუმენტაციის დაგვიანებისთვის გამოეთიშა. დარჩა შპს ორბიტა და ზვიადაძის ამხანაგობა “ნიუ გრუფი.” 

შესყიდვების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ორივეს ერთნაირი ხარვეზი ჰქონდათ, არ განუფასებიათ კონკრეტული სამუშაოები. სატენდერო კომისიამ ზვიადაძის კომპანიას ამ ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა მისცა, შპს ორბიტას კი არა. ისე გამოვიდა, რომ ერთნაირი ხარვეზის მიუხედავად, სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მხოლოდ “ორბიტას” მიანიჭა და გამარჯვებულად “ნიუ გრუფი” გამოაცხადა. 

შპს “ორბიტა” იმავე სამუშაოებისთვის 56 ათას ლარით ნაკლებს ითხოვდა. მისთვისაც რომ მიეცათ ხარვეზის გამოსწორების შანსი და განსაკუთრებულ პირობებში ზვიადაძის კომპანია არ ჩაეყენებინათ, ამ თანხას ბიუჯეტიდან დავზოგავდით. 

ტენდერის მოგების შემდეგ, “ნიუ გრუფმა” ხელშეკრულება 14-ჯერ შეცვალა და სამუშაოების ვადა, ჯამში, 12 თვით გაზარდა. საბოლოოდ კი შეთანხმებულ თანხაზე 50 ათასი ლარით მეტი მიიღო. 

ხარაგაულის მერი მაშინ ნიკოლოზ თოფურიძე იყო. მას ვკითხეთ, რატომ გაუზარდა ამ კომპანიას ამდენჯერ ვადა, როცა თავდაპირველად სამუშაოს შესასრულებლად 4 თვე იყო გათვალისწინებული. გვიპასუხა, რომ მას დახმარება სთხოვეს. 

ჟურნალისტი: ბატონო ნიკოლოზ, ვინ გთხოვათ დახმარება? 

ნიკოლოზ თოფურიძე: აღარ მახსოვს, სამინისტროდან მთხოვეს, რომ იქნებ ამ კაცს შეღავათი გაუკეთო და ერთი თვით გადაუვადო, თუ ორი თვითო.”

ინტერვიუს გაგრძელებისას დაამატა, რომ ცდილობდა ყველანაირად დასრულებულიყო ეს პროექტები, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ეს კომპანია ამ სამუშაოების შემსრულებელი არ იყო, დაიწყო ხელშეკრულებების შეწყვეტა.

ბოლოს დაუდასტურებელ სამუშაოების ანაზღაურებაზეც ვკითხეთ, თავიდან უარყოფდა და ხელახლა გადამოწმებას გვირჩევდა, შემდეგ დეტალების დაზუსტებისას გვითხრა, რომ გაახსენდა. “შესაძლებელია, რომ იყოს მასე [სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ფულის ჩარიცხვა]. მე მახსოვს, წლის შუა პერიოდი იყო და გუბერნიაში განიხილეს ეგ საკითხი. მაგას მე უნებართვოდ არ ვიზამდი, ხომ ხვდებით? და იქ იყო მითითებები ასეთი, რახან ხარაგაულში 6-თვიანი ზამთარია და სოფელში 6 თვე ვერ მუშაობ, იყო საუბარი, რომ ჩვენ ეფექტურები რომ ვიყოთ, მოდით ამ ხალხს დავეხმაროთ ავანსებით,” – გვიყვება თოფურიძე.

თორნიკე ზვიადაძის კომპანიას რომ სასათბურე პირობებში ამყოფებენ, კიდევ ერთი ფაქტით დასტურდება. 2019 წლის 4 ივნისს ხარაგაულის მერიამ “ნიუ გრუფს” პირობების შეუსრულებლობის გამო ერთი ხელშეკრულება შეუწყვიტა. იმავე დღეს კი ახალი ხელშეკრულება გაუფორმა სხვა სოფლის გზის მოასფალტებისთვის. 

ხარაგაულის სოფლებში სმენიათ, ვის უნდა დაეგო მათი გზები და ვინ შეიძლება მფარველობდეს მას. 

“თავიდან ვინც დაიწყო, უნდა დაესხა გზა ქვესადგურამდე. შუა პროცესში გაიქცა. მამაო ჰყოლია ვიღაცა გავლენიანი პიროვნება. არაფერი გაკეთდა, მოვიდნენ და დაანგრიეს ყველაფერი,” – ამბობს სოფელ დეისის მკვიდრი.  

სოფელ ნუნისში გვითხრეს, გზის მოასფალტება ჯერ ერთმა კომპანიამ დაიწყო და მერე ადგილობრივმა მიმწოდებელმა დაასრულაო: “დაწყებული სხვას ჰქონდა, მაგრამ იმან მიატოვა და მერე სხვამ განაგრძო. ვიღაცა თბილისელი იყო.”

“ზვიადაძის კომპანიას ბევრგან თურმე არც ისე კარგად ჰქონია საქმე, მიუტოვებია სამუშაოები, მათ შორის ჩვენც მიგვიტოვა. ზედა უბნიდან დაიწყო გზის მოხრეშვა და მიატოვა. მერე ბევრი სამუშაოები ჩატარდა, რომ ახალ კომპანიას გადაბარებოდა,” – ამბობს სოფელ ხიდარის მცხოვრები. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლებში გზების შეკეთება “გაცოცხლებული პროექტების“ სახელით 2021 წელს დაიწყო. “კობა ლურსმანაშვილის აქტიური მუშაობის და ძალისხმევის შედეგად 2018 -2019 წლებში შეჩერებული ათი ინფრასტრუქტურული პროექტი განახლდა,” – წერია ხარაგაულის მერიის ფეისბუქ გვერდზე. პროექტების უმეტესობა ზვიადაძის მიტოვებულია.

ზარი ვანის მერიაში  

თორნიკე ზვიადაძის ამხანაგობა “ნიუ გრუფი” გზის მოასფალტების სამუშაოებს ასრულებდა ვანშიც, სოფელ ფერეთაში, თუმცა სამუშაოები არც აქ დაუსრულებია. მუშაობა დაიწყო, ავანსად 175 ათასი ლარი აიღო, შემდეგ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა და დასრულების ვადა შვიდჯერ გადაწია. 

კანონის მიხედვით, როდესაც შემსრულებელი კომპანია თვიურ, კვირეულ ან წლიურ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩება, მას ყოველდღიურად ეკისრება ჯარიმა, დღეზე ხელშეკრულების 0.02%. ზვიადაძის შემთხვევაში გეგმა-გრაფიკი ნორმას 241 დღით ჩამორჩებოდა. ამის საფუძველზე უნდა შეწყდეს ტენდერი და შემსყიდველმა კომპანიას საგარანტიო თანხა დააბრუნებინოს. 

ვანის მერიამ “ნიუ გრუფს” 42.5 ათასი ლარის ჯარიმა გამოუწერა და ტენდერიც შეუწყვიტა. სწორედ ამ დროს ჩაერთო საქმეში მამის მობილური.  

“სუსის ფაილებში” 2019 წლის 16 სექტემბრის ჩანაწერში ვკითხულობთ: “გიორგი ზვიადაძემ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას აცნობა, რომ მის შვილს, თორნიკე ზვიადაძეს დღეს გაუვიდა გზის საფარის მოსაწესრიგებელი სამუშაოების კონტრაქტის ვადა, თუმცა შესასრულებელი დარჩა მცირე სამუშაოები. პროტოპრესვიტერმა მიტროპოლიტს სთხოვა, დაუკავშირდეს ვანის მერ ალექსანდრე გოგორიშვილს, რათა სამუშაოების დასასრულებლად ვადა კვირის ბოლომდე გაუხანგრძლივოს.” 

ეს ჩანაწერი რომ მართალია, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით დასტურდება. ვანის მერიამ “ნიუ გრუფს” ხელშეკრულება ზუსტად ამ დღეს შეუწყვიტა

“სუსის ფაილების” მიხედვით, მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ ზვიადაძის თხოვნა გაითვალისწინა და მერთან საქმის მოგვარებაში დაეხმარა: “ანტონ ბულუხია დაუკავშირდა ვანის მერს, რომელმაც განაცხადა, რომ თორნიკე ზვიადაძე არის უპასუხისმგებლო ადამიანი და მას მრავალჯერ მისცეს დამატებითი ვადა, ამ შემთხვევაში კი შეუძლებელია დროის გახანგრძლივება. აღნიშნული ინფორმაცია მიტროპოლიტმა მოახსენა გ. ზვიადაძეს და განუმარტა, რომ შეახვედრებს ერთ პიროვნებას, რომელიც თორნიკე ზვიადაძეს დაეხმარება შესრულებული სამუშაოების შესაბამისი თანხის მიღებაში.”

თორნიკე ზვიადაძემ ანტონ ბულუხიას ჩართულობა არ უარყო ვანის ამბის მოგვარებაში, თუმცა დაამატა რომ მეუფემ ვერაფერი გაიგო და არც არავინ დახმარებია. 

“[მამამ] შვილო შენს ტენდერებზე აღარასოდეს დამირეკოო, მითხრა. მე ავუხსენი, რომ დარეკვა სამართლის დასადგენად მინდა და არა ფულის საშოვნელად. ვუთხარი, მოდი მეუფე ანტონს დაურეკე, დიდ პატივს სცემენ და იქნებ, აუხსნა აქ რა რეალური ვითარებაა, მერიასთან და ზოგადად. კაი დავურეკავო – მეუფე ანტონ თუ შეიძლება ჩემი შვილი მოვა და მოუსმინეო. მივედი იქ და ავუხსენი მეუფე ანტონს სიტუაცია. მეუფემ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვერაფერი გაიგო და უბრალოდ სთხოვა, ჩვენი მამაოს შვილიაო და დაეხმარეთ შეძლებისდაგვარადო. იმათმა როგორ უნდა დავეხმაროთ, ვადები უკვე გადაწეულიაო. ეს არის მთელი უბედურება, რომ არავინ შინაარსში არ შედიოდა,“ – გვიყვება თორნიკე ზვიადაძე.

 “აი, ფაქტი” ანტონ ბულუხიასაც ესაუბრა, რომელმაც არც დაადასტურა და არც უარყო ვანის ტენდერის ამბავში მისი ჩართულობა. მიტროპოლიტი დაჟინებით გვთხოვდა, გვეთქვა, დააშავა თუ არა რაიმე თუ ვინმეს დაეხმარა. 

“ამ აღდგომის დღეებში, ამ ლამაზ დღეებში, რა 2019 წელი? მე ლამაზი დღე მაქვს, აგერ ვემზადებით გიორგობისთვის. ამ დროს მირეკავს ვიღაცა და აინტერესებს რა? მე ყოველდღე მიკავშირდებიან ადამიანები რაღაცა საკითხებზე თუ შემიძლია დავეხმარო. მეც, თუ რამე შემიძლია, ვეხმარები. გაჭირვების ტალკვესი ვარ, გაიგე? თუ ვინმემ რამე დააშავა პასუხისმგებელმა ორგანომ იკითხოს. იმან თუ დააშავა, დაიჭიროს იმ ორგანომ ვისთანაც დააშავა. თუ მე დავაშავე, მეც მომაგნებენ. რატომ უნდა გავცე ყველას კითხვებს პასუხი?” 

ზარებისა და ამ საუბრების შემდეგ, 2019 წლის დეკემბერში მერიაში გამოჩნდა ახალი ინსპექტირების ანგარიში, რომელიც ამბობდა, რომ კომპანიას უნდა აუნაზღაურონ 2019 წლის 1 ივლისიდან 22 სექტემბრამდე ჩატარებული სამუშაოების თანხა – 60,364 ლარი. შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულება 16 სექტემბერს შეწყდა. თანხა კომპანიის ანგარიშზე დეკემბრის ბოლოს ჩაირიცხა. 

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მერიამ კომპანიას იმაზე მეტი თანხა ჩაურიცხა, ვიდრე მას ნამუშევარი ჰქონდა. საექსპერტო კომპანიამ დაადგინა, რომ “ნიუ გრუფს” ტენდერის შეწყვეტის დროს, სულ 317 ათასი ლარის სამუშაო ჰქონდა შესრულებული. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, კომპანიას საბოლოოდ 425 ათასი ლარი ჩაერიცხა.

იმის გასარკვევად, თუ რატომ ჩაურიცხა მერიამ ზვიადაძეს მეტი თანხა, ადგილობრივ მთავრობას  მივმართეთ. მერმა ინტერვიუზე უარი გვითხრა. შესყიდვის შესახებ ინფორმაცია მერიიდან გამოვითხოვეთ, თან ვთხოვეთ, აეხსნათ, რას ნიშნავდა ეს გადარიცხვები და რატომ არ ჯდებოდა ბალანსი?

მერიიდან მოსულ წერილში მითითებული რიცხვები და ფაქტობრივი გარემოებები არ ემთხვევა სააგენტოს მიერ საიტზე გამოქვეყნებულ მონაცემებს და საბოლოოდ, ვერც ბალანსი დგება. მაინც გაურკვეველი დარჩა, როგორ დაითვალა მერიამ ასანაზღაურებელი თანხა და შემდეგ როგორ ჩაურიცხა კომპანიას საბოლოო თანხა. 

ზარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტენდერებისთვის

თორნიკე ზვიადაძის კომპანია “ნიუ გრუფს” კეთილსინდისიერად არც გურჯაანის მუნიციპალიტეტში უმუშავია. მამამისმა ამჯერად საქმის მოგვარება პრემიერმინისტრის მაშინდელ მრჩეველს, სოზარ სუბარს სთხოვა. 

“სუსის ფაილებში” ვკითხულობთ: “გიორგი ზვიადაძეს სუბარმა აცნობა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მისი შვილის სატენდერო ვალდებულებების დარღვევის შესახებ ესაუბრა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილს, რომელმაც განუცხადა, რომ ზვიადაძეს ხელშეკრულების ვადას ვეღარ გაუგრძელებენ, თუმცა ამ ეტაპისთვის შესრულებული სამუშაოების ხარჯებს ჩაურიცხავენ”.

ჩანაწერებში საუბარია გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანში შიდა გზების რეაბილიტაციისა და მოასფალტებისთვის გამოცხადებულ ტენდერზე, რომელიც 2019 წლის 6 ივნისს შეწყდა. სუს-ის ჩანაწერებში კი ჩანს, რომ მამა-შვილმა ზვიადაძეებმა, შემდეგ კი გიორგი ზვიადაძემ და სოზარ სუბარმა ერთი დღის შემდეგ, 7 ივნისს ისაუბრეს.

ამ სამუშაოებზე და თორნიკე ზვიადაძის კომპანიისთვის გადახდილ თანხებზე გურჯაანის მერიას ვკითხეთ. გვიპასუხეს, რომ მისმა კომპანიამ ამ პერიოდში 2 ტენდერი არ შეასრულა და მერია მუდმივად აფრთხილებდა სამუშაოების ტემპის დაჩქარებაზე.

ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც გურჯაანის მერიის დაკვეთით შესრულდა, წერია, რომ კომპანიას 269 ათასი ლარის ნაცვლად 13 ათასის სამუშაო ჰქონდა შესრულებული, ხარისხი კი გაურკვეველი და არადამაკმაყოფილებელი იყო. მსგავსი ჩანაწერია მეორე ტენდერზეც. მხოლოდ ციფრებია შეცვლილი და წერია, რომ კომპანიამ 10 ათასი ლარის სამუშაოები შეასრულა, 153 ათასის ნაცვლად.

მერიამ დაგვიდასტურა, რომ თორნიკე ზვიადაძის კომპანიისთვის ამ ორი ხელშეკრულების თანხა არ ჩაურიცხავთ, ტენდერი შეწყდა და 2019 წლის 6 ივნისს კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციაც მოითხოვეს. ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების გამოცემამდე ორი დღით ადრე კი “ნიუ გრუფს” 603 ათას-ლარიანი ახალი ხელშეკრულება მაინც გაუფორმეს

ეს ამბავი თორნიკე ზვიადაძეს ვკითხეთ. დაგვაინტერესა, ამდენი შეუსრულებელი ტენდერის პარალელურად კიდევ რატომ აიღო ახალი ვალდებულება. “ზუსტად მახსოვს, მინისტრთა კაბინეტში ვიჯექი მაგ დროს. დღესაც ზუსტად მახსოვს, მთელი გურჯაანის მერია იქ იყო. დოკუმენტურად ასე მოხდა, მაგრამ რეალურად ისე არ მომხდარა. ტენდერში კი იმიტომ შევედი, რომ ნაკლები ვალი დამრჩენოდა და გადამერჩინა თავი. საბოლოო მიზანი იყო, რომ მე თანხები მიმეღო, რომ არავის ვალი არ დამრჩენოდა, ყველა ჩემი ვალდებულება შემესრულებინა პირნათლად, ვყოფილიყავი ღირსეული ადამიანი,“ – გვითხრა ზვიადაძემ 

გურჯაანის მერიამ ისიც გვითხრა, კომპანიამ ჩვენი დაკისრებული ჯარიმები არ გადაიხადა და ამაზე სასამართლოში ვდავობთო

“აი, ფაქტი” გურჯაანის მაშინდელ მერს, არჩილ ხანდამაშვილის დაუკავშირდა. ვკითხეთ, ვინმემ ხომ არ სთხოვა დახმარებოდა ზვიადაძის კომპანიას. მერმა გვითხრა, რომ მსგავსი არ ახსენდება. შემდეგ ვკითხეთ, იყო თუ არა მინისტრის კაბინეტში “ნიუ გრუფის” თემაზე. 

“არა, ზვიადაძესთან დაკავშირებით რომ რამეზე ვყოფილიყავი, ეს ნამდვილად არ მახსოვს.  შეიძლება, ბევრჯერ არ ვყოფილვარ მინისტრის მოადგილის კაბინეტში, მაგრამ როცა ვიყავი, ეს ეხებოდა ტენდერებს და მიმდინარე პროცესებს,” – გვიპასუხა ხანდამაშვილმა. 

საბოლოოდ, თორნიკე ზვიადაძემ გვითხრა, რომ ყველა ეს გადაცდომა მისი გამოუცდელობის გამო მოხდა: არ იცოდა, ახალგაზრდა ბიჭი იყო და ამიტომაც შეეშალა. რაღაცები სწორად ვერ გათვალა და ერთი ტენდერის პრობლემების გადაფარვას მეორე ტენდერით ცდილობდა, მეორისას მესამით და ასე შევიდა ათეულობით პროექტში, რომელიც ან დაგვიანებით შეასრულა ან სულაც ვერა. ბოლოს დაამატა, რომ ჭკუა ისწავლა და შესყიდვების სისტემაც უფრო დაიხვეწა. “მე ვარ დამნაშავე ყველაზე პირველი, მაგის მერე ტენდერებში გინახივარ?” – გვითხრა თორნიკე ზვიადაძემ. ჩვენ შევახსენეთ, რომ მის კომპანიას 2021 წელს კიდევ ახალი ტენდერები ჰქონდა მოგებული. მაშინ ზვიადაძემ დაგვიზუსტა, რომ გზების ტენდერებს შეეშვა, თუმცა არც ეს აღმოჩნდა სიმართლე.  

2021 წელს ზვიადაძის ორ კომპანიას 14 ახალი ტენდერი აქვს, რომლიდანაც 2 შეუსრულებელია. ამ ორიდან ერთი გზის მოხრეშვას და გამაგრებით სამუშაოებს ეხებოდა ქუთაისში. მეორე კი მილის შეძენასა და მიწოდებას. დასრულებული სამუშაოების დამკვეთებიდან კი ზოგი ვადაგადაცილების გამო უჩიოდა და აჯარიმებდა, ზოგი კი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო. 

შვილთან საუბრის შემდეგ მამასაც დავურეკეთ:

თორნიკე ზვიადაძესთან ვრცელ ინტერვიუმდე სატელეფონო ინტერვიუ გვქონდა, მაშინ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა გვითხრა: “ბევრი რაღაცა იყო ჩვენგან თაღლითობა, რომ არ მოგატყუოთ, იმ კუთხით, რომ სხვა გზა არ იყო, ჩვენ უნდა გადავრჩენილიყავით, ბევრი დარღვევა იყო ჩვენგან.”

ეს ფრაზა შეხვედრისას შევახსენეთ, ზვიადაძე დაიბნა და გვიპასუხა, რომ ყველანაირად ცდილობდა შეენარჩუნებინა კომპანია: “ფულის შოვნის გზები იყო ცოტა თაღლითური, ბანკს მოვატყუე რამდენჯერმე, სახელმწიფოს კუთხით არ მითაღლითია.” 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
გელათი სანდო ხელში ისევ არ არის
Screenshot 2022 05 11 at 00.20.14 1

გელათი სანდო ხელში ისევ არ არის

გელათის ბედი ანდეს კომპანიას, რომლის ხელმძღვანელმაც ჯერ არ იცის, რა სამუშაოები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share