fbpx
lottery

მოიგო თუ წააგო სახელმწიფომ ლატარიაში?

შპს “საქართველოს ლატარიის კომპანია” “პანამის დოკუმენტებში”

შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიის” 70% დიმიტრი ჩიქოვანმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმამ, სახელმწიფოს 2011 წელს უსასყიდლოდ გადასცა. პანამის დოკუმენტებში ამ გარიგების ერთ-ერთი შესაძლო მიზეზის შესახებ ინფორმაცია ვიპოვეთ.

იმ დროისთვის კომპანია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ლატარიის გამართვის ექსკლუზიურ ლიცენზიას ფლობდა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე კი მისი დავალიანება ლიცენზიის გადასახადის სახით 30 მილიონ ლარს აჭარბებდა.

“საქართველოში ლატარიის კომპანია” ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების (BVI) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა შპს “ლექსორ კაპიტალმა” 2009 წელს დააარსა. “პანამის დოკუმენტების” თანახმად, ოფშორული კომპანია იმ დროისთვის ოფიციალურად დავით კეზერაშვილის ცოლისძმას, 23 წლის დიმიტრი ჩიქოვანს ეკუთვნოდა.

2011 წლის 5 აგვისტოს კომპანია “მოსაქ ფონსეკამ,” რომელიც დაინტერესებულ პირებს ოფშორულ ზონებში ბიზნესის საქმიანობის წარმართვაში ეხმარება, “ლექსორ კაპიტალის” ადმინისტრაციას წერილი მისწერა. წერილით “მოსაქ ფონსეკა” თავის თანამშრომლებს სთხოვდა, გადაემოწმებინათ ინფორმაცია “ლექსორ კაპიტალის” საქმიანობის შესახებ, რადგან BVI-ს მკაცრი კანონმდებლობის გამო მათ არ სურდათ თანამშრომლობა კომპანიასთან, რომელიც სათამაშო ბიზნესშია ჩართული.

“მოსაქ ფონსეკას” ოფისებს შორის მიმოწერა და თანდართული მასალები მსოფლიოში “პანამის დოკუმენტების” სახელითაა ცნობილი, რომელიც გერმანულ გაზეთს Süddeutsche Zeitung –ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. გაზეთმა ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს გაუზიარა, რომელმაც ის ხელმისაწვდომი გახადა 110-ზე მეტი მედიასაშუალებისთვის 80 ქვეყნიდან.

სამი დღის შემდეგ “მოსაქ ფონსეკას” ოფისს აცნობეს, რომ “ლექსორ კაპიტალი” მხოლოდ ისეთ მომსახურებას უწევს “საქართველოს ლატარიის კომპანიას,” როგორიცაა ბილეთების ბეჭდვა, კომპიუტერული სისტემების მეთვალყურეობა, ბუღალტერია. და მას არაფერი აქვს საერთო მოსახლეობისგან მიღებულ ფულთან და მოგებული თანხების გაცემასთან.” ეს მაშინ, როცა ლატარიის კომპანიის 100%-ის მფლობელი ჯერ კიდევ “ლექსორ კაპიტალი” იყო.

ამ წერილის მიწერიდან მომდევნო დღეს (2011 წლის 9 აგვისტოს) კი ლატარიის კომპანიის 70% სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა, დოკუმენტს ხელს დიმიტრი ჩიქოვანი, კეზერაშვილის ცოლისძმა და ზურაბ აზნაურაშვილი აწერენ. აზნაურაშვილი იმ დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” წარმოადგენდა. მასვე ვკითხეთ, რატომ მიიღო სახელმწიფომ სამართავად ფინანსური პრობლემების მქონე კიდევ ერთი კომპანია, როცა სააგენტო უკვე ფლობდა მსგავსი ტიპის ასობით ორგანიზაციას. აზნაურაშვილის თქმით, მან დავალება ეკონომიკის მინისტრის იმდროინდელი მოადგილისგან, დავით გიორგაძისგან მიიღო და ხელშეკრულებას უბრალოდ ხელი მოაწერა, შეთანხმების დანარჩენი დეტალები კი მისთვის უცნობია.

ჩიქოვანის დის ქმარი, დავით კეზერაშვილი ამ დროს მხოლოდ ბიზნესმენის სტატუსს ატარებდა. კეზერაშვილმა თვადაცვის მინისტრის თანამდებობა 2008 წლის ბოლოს დატოვა და ნავთობის ბიზნესს მიჰყო ხელი. 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ კეზერაშვილმა ქვეყანა დატოვა და ამჟამად ინგლისში ცხოვრობს. საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილს ბრალი რამდენიმე საქმის გამო წაუყენა, მათ შორის ქონების უკანონოდ მითვისების გამო. რამდენიმე სასამართლო პროცესი დღესაც მიმდინარეობს. ქართული პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად, ფრანგულმა და ბრიტანულმა სასამართლოებმა კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ მის წინაარმდეგ დაწყებული დევნა პოლიტიკურ მოტივებს შეიცავდა.

„გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ის მიზნად ისახავს საქართველოში გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვას. მისი ხელმძღვანელი, გიგლა მიქაუტაძე და ლატარიის კომპანიის დღევანდელი დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე იზიარებენ იმ აზრს, რომ კომპანია მაშინდელმა მფლობელმა თავიდან მას შემდეგ მოიშორა, რაც მიხვდა, რომ ლიცენზიის ფლობის სანაცვლოდ გადასახდელი მილიონების დაფარვა არ შეეძლო და ის სახელმწიფოს გადასცა.

ჩვენ გვინდოდა კომპანიის სახელმწიფოსთვის გადაცემის მიზეზებზე ეკონომიკის მინისტრის იმჟამინდელ მოადგილესთან, დავით გიორგაძესთან, კომპანიის მაშინდელ დირექტორ ლელი ჭელიძესთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან, ალექსანდრე გოგოხიასთან და კომპანიის ოფიციალურ მფლობელ დიმიტრი ჩიქოვანთანაც გვესაუბრა, თუმცა ზოგიერთი მათგანისგან პასუხი ვერ მივიღეთ, ზოგს კი რამდენიმე მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ დავუკავშირდით.

კომპანიის პრობლემური მემკვიდრეობა

2009 წელს, დაარსებიდან ერთ თვეში, კომპანიამ ლატარიის გამართვის ექსკლუზიური უფლება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამართულ აუქციონში მოიპოვა. სანაცვლოდ კი, 10 წლის მანძილზე 913 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ფინანსთა სამინისტრომ კონტრაქტის ის გვერდები გაგვიზიარა, სადაც კომპანიის მიერ ბიუჯეტში შესატან თანხებზეა ჩანაწერი. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სამინისტრომ კონტრაქტის პირობები 2010 წელს შეცვალა, ხანგრძლივობა 15 წლამდე გაზარდა, ბიუჯეტისთვის გადასახდელი თანხა კი 1,5 მილიარდს გაუტოლდა. თუმცა კომპანია ვერც მაშინ და ვერც დღეს ლიცენზიის საფასურს სრულად ვერ იხდის. ლევან ჩიკვაიძის თქმით, კომპანიამ ლიცენზიის გადასახადის სახით დღემდე მხოლოდ 19 მილიონი ლარი შეიტანა ბიუჯეტში. ჩვენ ვცადეთ ეს ციფრი ფინანსთა სამინისტროსთან გადაგვემოწმებინა, თუმცა ისინი ინფორმაციას კონფიდენციალურად მიიჩნევენ და მისი გასაჯაროებისკენ თავს იკავებენ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის 70% ქართველ ხალხს ეკუთვნის და მას სახელმწიფო მართავს.

ლევან ჩიკვაიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ლატარიის კომპანიას სახელმწიფოს დავალიანება სხვა გადასახადების სახით არ აქვს. “კომპანია მოქალაქეების მიერ ყოველწლიურად მოგებულ ათეულობით მილიონ ლარს შეფერხების გარეშე გასცემს, საკუთარ ხარჯებს ანაზღაურებს, ყველა სახის გადასახადი შეაქვს ბიუჯეტში, თუმცა სახელმწიფოს წინაშე ლიცენზიის ფლობისთვის აღებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. 2009 წელს სალიცენზიო პირობების დამუშავებისას დაბალი კომპეტენციისა და გამოუცდელობის გამო მოხდა კომპანიის მიერ გადასახდელი თანხის არასწორად დათვლა და ეს არ იყო შესაბამისი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის”, ამბობს ჩიკვაიძე.

იმისთვის, რომ კომპანიამ მხოლოდ სალიცენზიო გადასახადის დაფარვა შეძლოს, საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა, ასაკისა და მოთხოვნილების მიუხედავად, ლატარიის ბილეთების შესაძენად ყოველწლიურად 24 ლარი მაინც უნდა დახარჯოს.

გიგლა მიქაუტაძე, “გადასახადის გადამხდელთა კავშირის” ხელმძღვანელიც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ აუქციონის გამართვის დროს კომპანიის გათვლა ზედმეტად ოპტიმისტური იყო და უფრო მაღალი შემოსავლის მქონე კომპანიაც კი ვერ შეძლებდა გამკლავებოდა მსგავს ვალდებულებას, არათუ საქართველოს ლატარიის კომპანია, რომლის შემოსავლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010 წელს 52.3 მილიონი ლარი იყო.

ყოველწლიურად კომპანიის მიერ ლიცენზიისთვის გადასახდელი თანხა სულ მცირე 10 მილიონი ლარით იზრდება, სწორედ ამით აიხსნება წმინდა მოგების გრაფაში მითითებული ციფრების მატებაც.

ინფორმაცია გამოქვეყნდა Forbes Georgia-ს ვებ-გვერდზე, ფინანსთა სამინისტრომ კი ეს დოკუმენტი ჩვენ არ გამოგვიგზავნა იმ მოტივით, რომ გადამხდელის შესახებ საგადასახადო საიდუმლოებას შეიცავს.

რა ხდება დღეს?

2016 წლის იანვარში ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს ლატარიის კომპანიის” აუქციონზე გაყიდვა გადაწყვიტა და 70%-იანი წილი 1,000 ლარად შეაფასა. აუქციონის ვებ-გვერდზე მოცემულ ინფორმაციაში ეწერა, რომ კომპანიის ვალი სახელმწიფოს წინაშე 216,3 მილიონ ლარს უდრიდა. ლატარიის კომპანიის აუქციონზე გამოტანას საზოგადოებისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და ამის გამო მთავრობამ კომპანიის წილის გასხვისება გადაიფიქრა.

როგორც ნიკა ქამუშაძემ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გვითხრა, ამ ეტაპზე კომპანიის გასხვისების საკითხი ეკონომიკის სამინისტროში არ განიხილება. ქამუშაძემ არ უპასუხა კითხვას კომპანიის ფინანსური ვალდებულებისა და მისი განვითარების სტრატეგიის შესახებ. ჩვენ გვაინტერესებდა, ხომ არ მოხდება ამ ვალის ჩამოწერა, ან შემცირება, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ეკონომიკის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ. ისე როგორც ვერ მივიღეთ პასუხები სხვა კითხვებზე, რომლებიც კომპანიას ეხებოდა.

ლიცენზიის საფასურთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბარი არც ფინანსთა სამინისტროს სურს. მათი წერილის თანახმად, ინფორმაცია გადასახადების გადამხდელის შესახებ საგადასახადო საიდუმლოებას მიეკუთვნება, მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელის 70%-ს სახელმწიფო ფლობს.

დღევანდელი მონაცემებით, ლატარიის კომპანიის 30%-ს მესაკუთრე ისევ შპს “ლექსორ კაპიტალია,” რომელსაც ბიზნესმენი თეიმურაზ არონია ფლობს. “პანამის დოკუმენტების” მიხედვით, ოფშორული კომპანიის წილი არონიას ხელში 2013 წელს დიმიტრი ჩიქოვანისგან გადავიდა. დოკუმენტებში არ არის ინფორმაცია, თუ რა ფორმით ან რა ფასად გადასცა ჩიქოვანმა საკუთარი კომპანია არონიას.

არონია შპს მობიტელისა (ბილაინის) და კვაკსუს ონლაინის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საქართველოში რეგისტრირებული ცხრა კომპანიის მეწილეა.

ლატარიის კომპანიის დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის თქმით, არონიასა და “ლექსორ კაპიტალისგან” მას უკვე მეოთხე წელია არაფერი სმენია. “ჩემი წერილები, რომლებსაც “ლექსორ კაპიტალის” იურიდიულ მისამართზე ვგზავნიდი, უპასუხოდ რჩებოდა. მე მათთან ურთიერთობის არქონა ხელს არ მიშლის კომპანიის მართვაში, ვინაიდან სახელმწიფო 70%-ს ფლობს და გადაწყვეტილებასაც ერთპიროვნულად იღებს.”

“საქართველოს ლატარიის კომპანია” თბილისში, მელიქიშვილის ქუჩის 16 ნომერში მდებარეობს, “ლექსორ კაპიტალის” იურიდიული მისამართი კი ისევ თბილისია, ჭავჭავაძის გამზირი, 34. მანძილი ამ ორ კომპანიას შორის გუგლის რუკის მიხედვით 1 კმ-ია, რომლის ფეხით დაფარვას 12 წუთი სჭირდება, მანქანით კიდევ- უფრო ნაკლები.

თეიმურაზ არონიასგან ვერც ჩვენ მივიღეთ პასუხი კითხვებზე, თუ რატომ დაინტერესდა “ლექსორ კაპიტალითა” და ლატარიის კომპანიით და თუ იღებს მონაწილეობას დღეს კომპანიის მართვაში.

ლევან ჩიკვაიძე კომპანიის ფინანსურ პროგნოზზე დაყრდნობით ამბობს, რომ ლატარიის კომპანია ვერ შეასრულებს სალიცენზიო ვალდებულებას ვერც ახლო და ვერც შორეულ მომავალში. “ამ პირობების ცვლილებაზე ფინანსთა სამინისტროსთან, როგორც ლიცენზიის მფლობელთან, მოლაპარაკება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, ვინაიდან ეს არის სატენდერო პირობა, რომელიც სამინისტრომ გასცა 2009 წელს, მასში ცვლილების შეტანის უფლება არ აქვს არც ერთ მხარეს. არც მისი გაუქმების უფლება აქვს, სწორედ ესაა პრობლემა,” -აღნიშნავს ჩიკვაიძე.

თუმცა, ფაქტია, რომ ფინანსთა სამინისტრომ ხელშეკრულებაში ცვლილება ერთხელ უკვე შეიტანა, როცა ვადა და ლიცენზიით სარგებლობის საფასური გაზარდა.

“ჩემი აზრით, ამ ვალთან მიმართებაში მოვლენები ამგვარად უნდა განვითარდეს: ფინანსთა სამინისტრომ უნდა გამოსცეს ახალი ლიცენზია, შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიას” კი უნდა ჩამოერთვას მოქმედი ლიცენზია, რადგან სახელშეკრულებო პირობას ვერ ასრულებს და ვერც ვერასდროს შეასრულებს,” – გვეუბნება ჩიკვაიძე.

თუმცა, რას აპირებს ფინანსთა სამინისტრო, ჯერ კიდევ გამოცანაა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
“Frontera Resources”-ს გაკოტრების გეგმას აკრიტიკებენ
Frontera Resources 1024x577 1

“Frontera Resources”-ს გაკოტრების გეგმას აკრიტიკებენ

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share